Facebook Twitter

საქმე №ას-372-2019 26 თებერვალი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - სს „დ.ს.კ. ი–ო“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სადაზღვევო თანხის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „დ.ს.კ. ი–ოს“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია ან II აპელანტი) და სსიპ შემოსავლების სამსახურს (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი, დაზღვეული, I აპელანტი ან კასატორი) შორის, 2017 წლის 5 იანვარს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, ხელშეკრულების #1 დანართით განსაზღვრული მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალებები იქნა დაზღვეული (იხ. ს.ფ. 20-35).

2. ხელშეკრულების 5.2 მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ვალდებულია: შეატყობინოს მიმწოდებელს (მზღვეველს) უტყუარი ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სადაზღვევო რისკის სახისა და ხარისხის განსაზღვრისათვის, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის (მზღვეველის) წარმომადგენლის (აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოს წარმომადგენლის) შემთხვევის ადგილზე გამოცხადებამდე არ მოახდინოს ზიანის დადგომის მომენტში არსებული ვითარების შეცვლა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ზარალის ოდენობის შემცირების ან ზიანის შემდგომი განვითარების თავიდან აცილების მიზნით) (ს.ფ. 22-23).

3. ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.14 პუნქტის მე-3, მე-4 და მე-8 ქვეპუნქტების მიხედვით, მზღვეველი არ აანაზღაურებს ზარალს, თუ უფლებამოსილი მძღოლი მართავდა ავტომობილს ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების სიმთვრალის მდგომარეობაში, თუ შემსყიდველი (დაზღვეული) განზრახ მოახდენს ინფორმაციის გაყალბებას, რაიმე სარგებლის მიღების მიზნით, ამასთან, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი (მზღვეველი) უფლებამოსილია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი თქვას (ს.ფ. 24-25).

4. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2017 წლის 20 იანვარს, დაზღვეულის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, MITSUBISHI L200 სახელმწიფო ნომრით ...., დაზიანდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #აბ 000299767 ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ ნინოწმინდა-წალკის გზის პირველ კილომეტრზე, დაახლოებით 20:00 საათზე, ზ.კ–ძემ ავტომანქანით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა და მოახდინა შეჯახება, რის შემდეგაც გადააადგილა ავტომანქანა და შემთხვევის ადგილი მიატოვა.

5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდეგში: ასკ) 123-ე მუხლის პირველი ნაწილის და 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე მძღოლი 250 ლარით დაჯარიმდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ შემოწმებისას მძღოლის ალკოჰოლური თრობა არ გამოვლენილა (იხ. ს.ფ. 36-37, 38-39).

6. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, მზღვეველმა განაცხადა უარი, ვინაიდან ადგილი ჰქონდა დაზღვევის პირობების დარღვევას, კერძოდ, მძღოლის მიერ მიტოვებული იქნა შემთხვევის ადგილი (იხ. ს.ფ. 51).

7. სარჩელის საფუძვლები

7.1 დაზღვეულმა, 2017 წლის 18 დეკემბერს, სარჩელით მიმართა სასამართლოს და, მოსარჩელის სასარგებლოდ, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების - 13 230 ლარის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს -3638.25 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

7.2 სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს ეფუძნება.

8. მოპასუხის პოზიცია

8.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტომანქანის მძღოლმა დაარღვია დაზღვევის პირობა და შემთხვევის ადგილი მიატოვა. შესაბამისად, არ არსებობს დამდგარი ზიანის ანაზღაურების საფუძველი. მოპასუხემ მოთხოვნა არ ცნო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადაზღვეწვო კომპანიას, დაზღვეულის სასარგებლოდ, 13 330 ლარის გადახდა დაეკისრა (საიდანაც 100 ლარი პირგასამტეხლოს სახით არის დაკისრებული, დანარჩენ ნაწილში მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 3538.25 ლარი არ დაკმაყოფილდა).

9.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 799-ე, 827-ე, 417-ე, 420-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით.

9.3 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად გამოსარკვევი იყო ავტომობილის მძღოლის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა შემთხვევის ადგილის მიტოვებას და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიიჩნეოდა თუ არა ეს სადაზღვევო შემთხვევის პირობების დარღვევად.

9.4. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მძღოლმა ავტოავარიის შემდგომ შემთხვევის ადგილი მიატოვა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებულია ფსიქოემოციურ სტრესთან, და ასეთ ვითარებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს ვერ მოეთხოვება უშუალოდ ავტომობილის გვერდით ხანგრძლივი ვადით დარჩენა, რადგან სათანადო დახმარების მიღების გარეშე ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილის ჯანმრთელობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდეს კიდეც.

9.5. სასამართლოს შეფასებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად განვითარებული ან სხვა ყოფითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით, შემთხვევის ადგილის გარკვეული დროით დატოვება არ ეწინააღმდეგება ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების პირობებს და მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებად ვერ განიხილება.

9.6. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ შემთხვევა მოხდა ნინოწმინდა-წალკის გზაზე იანვრის თვეში (შემთხვევის დროს გზა თოვლიანი და მოყინული იყო), რაც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებზე მიანიშნებს. სასამართლოს დასკვნით, ასეთ ვითარებაში დაზიანებული ავტომობილის მძღოლს უშუალოდ ავტომობილის მჭიდრო სიახლოვეს ყოფნა ვერ მოეთხოვება.

9.7. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ შემოწმებისას მძღოლის ალკოჰოლური თრობა არ გამოვლენილა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მიუთითებს.

10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 მოსარჩელემ (შემსყიდველმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2. მოპასუხემ (მიმწოდებელმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით II აპელანტის (მიმწოდებლის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის (შემსყიდველის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

11.1.1 გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება და დაზღვეულის (შემსყიდველის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11.2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და დაასკვნა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მზღვეველს სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულება არ უნდა დაეკისროს.

11.3 სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“ .

11.4 სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების 5.2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტსა და 7.14 პუნქტზე (დეფინიცია იხ. განჩინების მეორე და მესამე ქვეპუნქტებში) მითითებით ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის Nაბ 000299767 ოქმზე, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 20 იანვრის ნინოწმინდა- წალკის გზის პირველ მონაკვეთზე 20:00 საათზე მომხდარ ავტოავარიაზე პასუხისმგებელ პირად ავტოსატრანსპორტო საშუალების, სახელმწიფო ნომრით ...., ავტომანქანის მძღოლი ზ.კ–ძე იქნა მიჩნეული. აღნიშნულ ოქმს ხელს თავად აწერს და განმარტავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი მიატოვა. 2017 წლის 20 იანვარს 21:19 წუთზე მას ალკოტესტიც ჩაუტარდა. საქმის მასალებში არსებობს მისი ახსნა-განმარტებაც, სადაც დეტალურად აღწერს მომხდარ შემთხვევას და მიუთითებს, რომ ავტომობილს თავად მართავდა.

11.5. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2018 წლის 12 ნოემბერს, სადაზღვევო კომპანიის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მოსარჩელეს გ.ჩ–ას სამსახურიდან გათავისუფლების და მისი განმაპირობებელი მიზეზების შესახებ დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება დააკისრა. გამოთხოვილი მასალებიდან ირკვევა, რომ ავტომანქანა „MITSUBISHI L200“-ის, სახელმწიფო ნომრით ..., მართვის უფლება საბაჟო გამშვები პუნქტი „ნ–ას“ უფროსს გ.ჩ–ას აქვს მინიჭებული. ამავე დოკუმენტში ასახულია მისი ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, 2017 წლის 20 იანვარს სამსახურის დასრულების შემდგომ, დაახლოებით 18:15 საათზე სამსახურებრივი ავტომანქანით გავიდა სამსახურიდან პირად საქმეზე (სურსათის საყიდლად) თანამშრომლის ოჯახში და შემდეგ კვლავ გააგრძელა გზა თბილისის მიმართულებით. გზა სრულად დაფარული იყო თოვლით და ყინულით. მან შენიშნა საპირისპირო გზიდან მომავალი ავტომობილი და ნელ-ნელა დაიწყო ჭრილიდან გადასვლა, რა დროსაც მოუცურდა მანქანა და ამოტრიალდა. დაახლოებით 19:20 საათზე დაურეკა საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს და მომხდარის შესახებ აცნობა. ამის შემდეგ დაუკავშირდა სატრანსპორტო და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომელს და მასაც მიაწოდა ინფორმაცია მომხდარის შესახებ. შემდეგ საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა, კერძოდ, დარეკა ნაცნობთან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს და მან შეატყობინა ადგილობრივ საპატრულო პოლიციას. ვინაიდან დაბნეული და ანერვიულებული იყო, გ.ჩ–ამ გადაწყვიტა თბილისში წაჰყოლოდა ერთ-ერთ გამვლელს. წასვლამდე მან თავის თანამშრომლებს, (რომლებიც შემთხვევის ადგილზე მისი თხოვნით გამოცხადდნენ) მათ შორის - ზ.კ–ძეს სთხოვა, რომ დარჩენილიყვნენ ადგილზე და საპატრულო პოლიციას დახვედროდნენ. გ.ჩ–ამ ზ.კ–ძეს სთხოვა, საპატრულო პოლიციისთვის განეცხადებინა, რომ საჭესთან იგი იჯდა.

11.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მოკვლევის მასალებში, ასევე არსებობს ზ.კ–ძის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, 2017 წლის 20 იანვარს სამსახურში იმყოფებოდა, მისმა უფროსმა გ.ჩ–ამ ცვლის უფროსს დაურეკა და უთხრა, რომ ავარია მოუხდა, მისი სამსახურებრივი ავტომანქანა ამობრუნებული იყო და დახმარება სჭირდებოდა. ზ.კ–ძე ორ თანამშრომელთან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილისკენ, ავტომანქანა გადმობრუნებული და სავალი ნაწილიდან გადაყვანილი დახვდათ, ამ დროს საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე მისული არ იყო. გ.ჩ–ამ თანამშრომლებს უთხრა, რომ წინა დღეს მიიღო ალკოჰოლური სასმელი, იყო ნაბახუსევი, ეშინოდა ალკოტესტს არ დაეფიქსირებინა სიმთვრალე, ამ მიზნით მან ზ.კ–ძეს სთხოვა, საპატრულო პოლიციისთვის ეთქვა, რომ იგი იჯდა საჭესთან. ამის შემდგომ გ.ჩ–ა თბილისისკენ მიმავალ მანქანას გაჰყვა. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციას ზ.კ–ძემ განუმარტა, რომ მანქანას თვითონ მართავდა, ხოლო ავტომანქანა შემოსავლების სამსახურს ეკუთვნოდა, რომლითაც ამჟამად ს.გ.პ. „ნ–ას“ უფროსი გ.ჩ–ა სარგებლობდა. იდენტურ ინფორმაციას იძლევა ადგილზე მყოფი მესამე თანამშრომლის ახსნა-განმარტებაც.

11.7. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გ.ჩ–ას მიერ ადგილი ჰქონდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით „სამსახურის შინაგანაწესის უხეში ან სისტემური დარღვევა, დაწესებულებისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა და ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან თანამშრომლისა და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი იგი თუ მის გარეთ“ გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომებს, რის შედეგადაც იგი სამსახურიდან გათავისუფლდა.

11.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებში არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო წერილობითი მტკიცებულება: 1. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის აქტი და 2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მოკვლევის მასალები.

11.9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს აღნიშნული მტკიცებულებების შეფასება და იმის გამოკვლევა წარმოადგენს, საქმეში წარმოდგენილ რომელ მტკიცებულებას უნდა დაეფუძნოს გადაწყვეტილება.

11.10. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 105-ე, 134-139-ე მუხლებზე მიუთითა და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მოკვლევის მასალებს უნდა დაეფუძნოს და საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი დოკუმენტაცია მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული.

11.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიციის უმნიშვნელოვანესი როლის მიუხედავად, რომელიც მათ მიერ შედგენილ დოკუმენტაციას განსაკუთრებით მყარ/სარწმუნო მტკიცებულებად აქცევს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომანქანის მძღოლის მიერ განხორციელდა იმგვარი ქმედებები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტში საპატრულო პოლიციისთვის ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა ნამდვილი სამართალდამრღვევის დადგენას, კერძოდ, გ.ჩ–ა, რომელიც ავარიის დროს ავტომანქანას მართავდა, შემთხვევის ადგილიდან წავიდა, სადაც თავისი თანამშრომელი ზ.კ–ძე დატოვა და მასვე სთხოვა მომხდარი შემთხვევის საკუთარ თავზე აღება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მის მიერ მოხდა მტკიცებულებათა ფაბრიკაცია, რაც საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ დოკუმენტებს მტკიცებულებით ძალას უკარგავს და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.

11.12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მოკვლევის მასალები, რომელთა მიხედვითაც გამოიკითხა შემთხვევის ადგილზე მყოფი თითოეული პირი, მათ შორის - გ.ჩ–ა და ზ.კ–ძე. სასამართლოს შეფასებით, მათ მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები თანმიმდევრულია და სრულიად ემთხვევა ერთმანეთს. გამოკითხული პირები ადასტურებენ, რომ დოკუმენტი მათი თანდასწრებითა და მათი კარნახის შედეგად შედგა, ასევე, ხსენებულ დოკუმენტზე არსებობს გამოკითხული პირების ხელმოწერაც. მანქანა, რომელსაც ავარიის დროს გ.ჩ–ა მართავდა, სწორედ მის სახელზე იყო განპიროვნებული. რაც შეეხება მონიტორინგის თანმდევ შედეგს, გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მან სსიპ შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის არაერთი მუხლით დადგენილი წესების გადაცდომა ჩაიდინა, რაც სამსახურიდან მის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად.

11.13. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების 5.2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გ.ჩ–ა შემთხვევის ადგილიდან წავიდა და თავის თანამშრომელს, რომელიც ავარიის დროს მასთან ერთად არ იმყოფებოდა, შემთხვევის თავის თავზე აღება სთხოვა. გარდა ამისა, ავარიის შედეგად ამოტრიალებული ავტომანქანის გზის სავალი ნაწილიდან გადატანა და მისი მდგომარეობის შეცვლა მოხდა. ხსენებული გარემოებები, გამორიცხავს დაზღვეული პირის მიერ ზიანის დადგომის მომენტში არსებული ვითარების შენარჩუნების შესახებ მსჯელობის გაგრძელების შესაძლებლობას.

11.14. სასამართლოს შეფასებით, ავტომანქანის მძღოლის ქმედებით ხელშეკრულების 7.14 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტიც დაირღვა. მოცემულ შემთხვევაში, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ინფორმაციის ფაბრიკაციასა და იმგვარი ფაქტობრივი გარემოებების შექმნას, რომელსაც საპატრულო პოლიციის მიერ არასწორი ადმინისტრაციული აქტების შედგენა მოჰყვა.

11.15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომას, ვინაიდან არსებობდა მხარეთა მიერ შეთანხმებული იმგვარი გარემოებები, რომლებიც მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულების წარმოშობას გამორიცხავდა.

11.16. მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და წარდგენილი მტკიცებულებებით. ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, II აპელანტის (სადაზღვევო კომპანიის) სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია, ხოლო მოწინააღმდგე მხარის - მოსარჩელის მტკიცების ნაკლის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მზღვეველის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.

11.17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის (მზღვეველის) სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულად მიიჩნია და დაადგინა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის (დაზღვეულის) მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობებიც. ამასთან, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების გამორიცხვით, ასევე არ არსებობს საურავის, ანუ მეორადი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებიც.

12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

12.1 მოსარჩელემ (დაზღვეულმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

12.2 კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე განაცხადა პრეტენზია და აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი ორი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებიდან (შსს-ს მოკვლევის მასალები და შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მოკვლევის მასალები) გაზიარებული უნდა იქნეს შსს-ს მიერ გამოძიების ფარგლებში შედგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, სამართალდარღვევის ოქმი და მძღოლის ჩვენება). ასკ-ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევების გამოძიებას და შესაბამისი დასკვნის (ოქმის) შედგენის უფლებამოსილება და კომპეტენცია შსს-ს გააჩნია.

12.3. კასატორი პრეტენზიას აცხადებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზეც, რომლითაც მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით სრულიად დაუსაბუთებლად დაეკისრა მხოლოდ 100 ლარის გადახდა. კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს ინსტიტუტის მიზნებს.

12.4. კასატორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მე-10 პარაგრაფში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, ეს დადგენილი ფაქტი კი არ არის, არამედ სასამართლოს სამართლებრივი შეფასებაა დადგენილ ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნევა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დაზღვეულის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები, ხოლო პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლი.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).

21. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ საქმე №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).

22. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, სსკ-ის 799-ე მუხლის საფუძველზე, დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი). მოცემულ სამართალურთიერთობაში მხარეთა ორმხრივი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრა ხელშეკრულებით, რომელთა შორისაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეთანხმება საგამონაკლისო დათქმების გათვალისწინებით.

24. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობას (იხ. ამ განჩინების 11.2-11.17 ქვეპუნქტები) და კასატორის პრეტენზიების პასუხად განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით, რაც დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით, გამოვლენილია ხელშეკრულების პირობების (5.2 „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 7.14 პუნქტის მე-3, მე-4 და მე-8 ქვეპუნქტების) დარღვევის ფაქტი, რაც მზღვეველს ანიჭებს უფლებამოსილებას ზიანის ანაზღაურებაზე განაცხადოს უარი. საქმეში მტკიცებულებათა სახით მოპასუხის მიერ წარდგენილი მასალების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკისრა მოსარჩელეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი), რასაც ამ უკანასკნელმა თავი ვერ გაართვა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, არ ვლინდება სსკ-ის 799-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის (სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების) განმაპირობებელი საფუძვლები. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რის გამოც საქმეში მოთავსებული მტკიცებულებებიდან სწორედ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის სამსახურის მოკვლევის მასალებში ასახულ და დადგენილ გარემოებებს მიენიჭა უპირატესობა შსს-ს მიერ შედგენილი დარღვევის ოქმთან შედარებით. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელე კომპანიის თანამშრომლის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებები, რათა გ.ჩ–ას თავიდან აერიდებინა შესაძლო პასუხისმგებლობა სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე და საამისოდ გამოიყენა დაქვემდებარებული თანამშრომელი, რომელსაც არამართლზომიერი მითითებები მისცა, მათ შორის - ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს წარმომადგენლებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების და დამრღვევი პირის ვინაობის შესახებ, სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის შესახებ, რაც გამოიხატა საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენასა და დასაბუთებულ იურიდიულ კვალიფიკაციაში.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

27. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური