Facebook Twitter

საქმე №ას-1626-2018 12 თებერვალი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ე–სი“

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ც–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და,

ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ც–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე), 2015 წლის 25 აგვისტოს, ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ მარცხენა აქილევსის ქუსლის ტრავმული გაგლეჯა მიიღო, რის შედეგადაც, აქილევსის მყესის პლასტიკის ოპერაცია გაუკეთდა. პოსტოპერაციულ პერიოდში გაიარა ანტიბიოტიკო ჰეპარინო თერაპიის კურსი; ასეპტიური შეხვევა, სიმპტომური თერაპია. პაციენტს მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: წოლითი რეჟიმი; მედიკამენტოზური მკურნალობა (იხ. ს.ფ 30).

2. მოსარჩელემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო სამშენებლო მოედანზე, რომელიც მოწყობილი იყო შპს „ა.კ“-ს (შემდეგში: თავდაპირველი მოპასუხე) საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ტერიტორიაზე, მდებარე თბილისი, ...... (იხ. ს.ფ 22-25; 226-240).

3. მოსარჩელეს მიღებული ტრავმის შემდეგ შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი მოძრაობა. ესაჭიროებოდა სარეაბილიტაციო მკურნალობა (იხ. ს.ფ 31-32).

4. თავდაპირველი მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა შპს „ა“-ის (შემდეგში: მეორე თავდაპირველი მოპასუხე) მიერ მოპოვებული სამშენებლო ნებართვის საფუძველზე.

5. თავდაპირველ მოპასუხესა და შპს „ე–სი“-ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კომპანია, შემსრულებელი ან კასატორი) შორის 2015 წლის 3 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თავდაპირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სამშენებლო სამუშაოებს მოპასუხე ახორციელებდა (იხ. ს.ფ 25-28; 86-95).

6. სარჩელის საფუძვლები

6.1 მოსარჩელემ 2016 წლის 20 აპრილს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, გაწეული სამედიცინო ხარჯების 4477 ლარის, სამომავლოდ გასაწევი სამედიცინო ხარჯების 2750 ევროს და მორალური ზიანის - 20 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

6.2 მოსარჩელემ განმარტა, რომ 2015 წლის 25 აგვისტოს თავდაპირველი მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ტერიტორიის ნაწილზე III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობდა. აღნიშნული ტიპის მშენებლობა ითვალისწინებს უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვას, რათა გამოირიცხოს უცხო პირთა უნებლიე მოხვედრა. ამის საწინააღმდეგოდ, სამშენებლო მოედანი არ იყო სათანადოდ დაცული, არ იყო განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშნები, ტერიტორია არ იყო შემოღობილი დამცავი სამშენებლო ღობით, რის შედეგადაც, მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

7. მოპასუხის პოზიცია

7.1 თავდაპირველმა მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამშენებლო მოედანი სათანადოდ დაცული იყო. მოსარჩელემ, დაზიანება მიიღო საკუთარი წინდაუხედავი მოქმედების შედეგად. მას დამდგარ ზიანში ბრალი არ მიუძღვის, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7.2. მეორე თავდაპირველმა მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ განსახილველ დავაში არასათანადო მოპასუხეა.

7.3. მოპასუხემ (შემსრულებელმა) წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ იქ მომუშავე პერსონალის გაფრთხილების მიუხედავად, მოსარჩელე შევიდა შემოსაზღვრულ სამშენებლო მოედანზე. მან მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რაც თავისთავად არ გულისხმობს, რომ მის დადგომაში ბრალი მოპასუხეს მიუძღვის.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

8.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 408-ე, 413-ე, 992-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით.

8.3 საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე დადგენილების 941-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე, თავდაპირველ მოპასუხესა და მოპასუხეს (შემსრულებელს) შორის, 2015 წლის 3 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების პირობებზე (5.1 პუნქტი) და მიუთითა, რომ სამუშაოების შესრულების განმავლობაში შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება მოპასუხეს (შემსრულებელს) ეკისრება.

8.4. საქალაქო სასამართლომ ხელშეკრულების 5.1.4. „შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი წესების დაცვა. ამასთან, სამუშაოთა წარმოებისათვის ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული წესით იზოლირება/გამოყოფა, პირთა ობიექტზე დაშვების შეზღუდვა, ხოლო აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია აანაზღაუროს დამკვეთისათვის, მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი სრულად“ და 7.4 პუნქტებზე „შემსრულებელი პასუხისმგებელია მის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე. შემსრულებელი ასევე პასუხისმგებელია სამუშაოების მსვლელობის მთელი დროის განმავლობაში მისი თანამშრომლების, ობიექტის საინჟინრო კომუნიკაციებისა და კონსტრუქციების უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში დამკვეთისათვის ან მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება შემსრულებელს“ მითითებით განსახილველ დავაში პასუხისმგებელ პირად მოპასუხე (შემსრულებელი) მიიჩნია.

8.5. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია.

8.6. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ამ განჩინების 8.3 პუნქტში მითითებული დადგენილების 84-ე მუხლსა და „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების მეორე მუხლზე და მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მოპასუხის, როგორც სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის, მიერ სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული სამშენებლო საქმიანობის წარმოების უსაფრთხოების წესების დაცვა.

8.7. სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებზეც მიუთითა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კლინიკის ეზოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაობის გამო, ტერიტორია ამოსაცნობი ღვედით იყო დაცული, მას ყოველდიურად უამრავი ადამიანი კვეთდა, კლინიკის შენობამდე მისასვლელად.

8.8. საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების, კერძოდ, ადგილზე დათვალიერების ოქმის, თანდართულ ფოტომასალისა და მოწმეთა ჩვენებების შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ მოპასუხე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევით. საწინააღმდეგოს დადასტურება მოპასუხემ ვერ შესძლო.

8.9. საქალაქო სასამართლომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მკურნალობისთვის გაწეული ხარჯი შეადგენს 947 ლარს. 2015 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში ძიძის მომსახურებისთვის გადაიხადა 1500 ლარი, ხოლო ამავე პერიოდში მანქანის მომსახურებისთვის 2000 ლარი.

8.10. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საზღვარგარეთ, კერძოდ. ქ. პრაღაში, მოსარჩელისთვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსის ღირებულებაა 2700 ევრო.

8.11. სასამართლომ სსკ-ის 408-ე და 992-ე მუხლების საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნა გაწეული და სამომავლოდ გასაწვევი სამედიცინო ხარჯების (სარეაბილიტაციო კურსის) ნაწილში, დასაბუთებულად მიიჩნია და სრულად დააკმაყოფილა.

8.12. საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სსკ-ის 413-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის ჯამრთელობის დაზიანებას მოჰყვა ცხოვრების რეჟიმის გაუარესება, რაც გულისხმობს ხანგრძლივ შრომისუუნარობას, ტკივილებით გამოწვეულ ტანჯვას, წოლითი რეჟიმით გამოწვეულ დისკომფორტს, ოჯახის წევრებთან თბილ და მყუდრო ურთიერთობისაგან მოწყვეტას.

8.13. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, სახეზე იყო მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების კანონით დადგენილი საფუძველი. ზიანის მიყენებისა და მისი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოპასუხისთვის 5000 ლარის დაკისრება.

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1 მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

10.1.1 გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მკურნალობის ხარჯის 2700 ევროს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი.

10.1.2. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 3528 ლარის გადახდა დაეკისრა;

10.2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამ განჩინების 1-5, 8-3-8.13 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეს სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად სჭირდება 2700 ევრო.

10.3 სააპელაციო სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ესაჭიროება სარეაბილიტაციო კურსი და ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა კლინიკა ,,1. P.P. Clinic –T. C”- ში 27 დღიანი სარეაბილიტაციო კურსის მკურნალობის/გამოკვლევების გეგმა და ღირებულება, რაც 2750 ევროს შეადგენს. საქმეში, ასევე, წარდგენილია შპს ,,ა.კ–ს“ 2016 წლის 27 სექტემბრის N178 ანგარიშ-ფაქტურა, რომლის შესაბამისად, იდენტური მკურნალობის კურსის გავლის ღირებულება 3528 ლარს შეადგენს. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურით დგინდება, რომ მკურნალობის კურსი შპს ,,ა.კ–ში“ მოიცავს შემდეგ პროცედურებს: ტრავმატოლოგია/იმობილიზაციის შემდეგ (ინდივიდუალური), 30-35 წუთის ხანგრძლივობის, ორივე ქვედა კიდურის მასაჟი (წელის ჩათვლით), მაგნიტოთერაპია, ერთჯერადი სარეაბილიტაციო ვარჯიში აუზში, წყალქვეშა მასაჟი, პარაფინოთერაპიის ერთი კურსი, აპარატული ელექტროთერაპიის (მუდმივი და ცვალებადი დენები) ერთი კურსი, ,,უმს ელ.ველით“ მკურნალობა და წყალქვეშა მასაჟი. შესაბამისად, ანგარიშ-ფაქტურითა და კლინიკა ,,1.P.P. Clinic – T. C”- ის მკურნალობის/გამოკვლევის გეგმის მიხედვით დგინდება, რომ ჯანმრთელობის დაზიანების სამკურნალოდ, რაც მოსარჩელემ მიიღო, გათვალისწინებულია მსგავსი, ერთიდაიგივე პროცედურები და მკურნალობის მეთოდები.

10.4. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შპს ,,ა.კ–ში“ ჩატარებული პროცედურები მოსარჩელის ჯამრთელობისა და მკურნალობისათვის ადეკვატური და თანაზომიერი იქნება, შესაბამისად, კლინიკა ,,1.P. P.Clinic – T.C”- ში 27 დღიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა წარმოადგენს მოსარჩელის სურვილისამებრ მკურნალობის კურსის გავლას და არა - სავალდებულო რეაბილიტაციის პროცედურას, რადგან მკურნალობის კურსის შპს ,,ა.კ–ში“ გავლის შემთხვევაში დადგება იდენტური შედეგი, რაც კლინიკა ,,1.P. P.Clinic – T. C.”- ში გავლის შედეგად.

10.5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ შპს ,,ა.კ–ში“ გასაწევი ხარჯის ანაზღაურება 3528 ლარის ოდენობით.

10.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, მორალური ზიანის სახით, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისთვის 5000 ლარის დაკისრების ნაწილშიც.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1 მოპასუხემ (სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11.2 კასატორის მტკიცებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა არა თუ ზიანის მიყენების ფაქტი, არამედ მოპასუხის მიერ განხორციელებული ისეთი ქმედება, რომელიც შესაძლოა გახდეს პასუხისმგებლობის საფუძველი. კომპანია მშენებლობის წარმოების წესებს სრულად იცავდა.

11.3. მოსარჩელე არაერთგზის იქნა გაფრთხილებული არ შესულიყო სამშენებლო ტერიტორიაზე, მან ზიანის დადგომას ხელი თავად შეუწყო. მოსარჩელემ ფეხი დაიზიანა მიწაზე არსებულ თუნუქის ფირფიტაზე. მას სამშენებლო მოედანაზე, რაიმე ნივთი არ მოხვედრია. ამგვარი შემთხვევა შესაძლოა მოხდეს იმ ტერიტორიაზეც, სადაც საერთოდ არ მიმდინარეობს მშენებლობა. მას შეეძლო გონივრული წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც შენიშნა მიმდინარე მშენებლობა, მიიღო იქ მყოფი პირების გაფრთხილება, არ შესულიყო ტერიტორიაზე.

11.4. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მორალური ზიანის ნაწილში უცვლელად დატოვებული ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა - 5000 ლარი შეუსაბამო და გადაჭარბებულია.

11.5. საქმის მასალებში წარდგენილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ ეზო შემოსაზღვრულია ლითონის ღეროების შემდგარი ღობის საშუალებით. შესასვლელში დამაგრებულია აბრა „შესვლა აკრძალულია“. ამასთან, არსებობს მოწმეთა დაკითხვის ოქმები, სადაც აღნიშნულია, რომ როდესაც მოსარჩელე შედიოდა სამშენებლო ტერიტორიაზე, მას მოუწოდეს, რომ არ შესულიყო, თუმცა მას ეჩქარებოდა და არ დაემორჩილა მათ მითითებას. მოწმეებმა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები დაადასტურეს სასამართლოში საქმის განხილვისას. არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ სამშენებლო მოედანს ყოველდღე უამრავი ადამიანი კვეთდა.

11.6. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის მიერ მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების, ჯამში 4477 ლარის დაკისრების თაობაზე, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურება, რომ ხარჯების გაწევა მიღებული ტრავმის გამო მოუწია.

11.7. კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარეაბილიტაციო კურსის ღირებულების დაკისრების თაობაზე, ვინაიდან არ დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

11.8. კასატორი სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის იმ განჩინების გაუქმებასაც მოითხოვს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის გამოთხოვის შესახებ. სასამართლომ უარის საფუძვლად მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება არ ადგენს განსახილველი სამოქალაქო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივ გარემოებას. ამასთან, მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საქმისგან დამოუკიდებლად, საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მოპოვებისა და წარდგენის შესაძლებლობა მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში გააჩნდა, რაც არ განახორციელა.

11.9. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ სარჩელს ვერ დაურთო დელიქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილი იქნა სისხლის საამართლის მასალები, რომელსაც საქალაქო სასამართლო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას. ამავე მასალებს დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლო. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობა დადგენილების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საფუძვლად მიეთითა წინამდებარე განჩინების 11.8 პუნქტში დასახელებული გარემოება.

11.10. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, ვინაიდან სწორედ მოსარჩელეს უნდა მოეპოვებინა საინჟინრო დასკვნა მოთხოვნის დასადასტურებლად. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ორივე დოკუმენტი შედგენილია იმ დროისათვის, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა დასრულებული იყო და საქმე სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კომპანიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების 1-5, 8-3-8.13, 10.2-10.5 ქვეპუნქტები) და კასატორის პრეტენზიების პასუხად განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით, რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით, მოსარჩელემ ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, მარცხენა აქილევსის ქუსლის ტრავმული გაგლეჯა მოპასუხის მიერ სამშენებლო სამუშაოების პროცესში უსაფთხოების ზომების დაუცველობის შედეგად მიიღო, რის გამოც აქილევსის მყესის პლასტიკის ოპერაცია გაუკეთდა. პოსტოპერაციულ პერიოდში გაიარა ანტიბიოტიკო ჰეპარინო თერაპიის კურსი. მას ასევე დასჭირდა ასეპტიური შეხვევა, სიმპტომური თერაპია. პაციენტს მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: წოლითი რეჟიმი; მედიკამენტოზური მკურნალობა.

18.საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია განამარტებული: „ზიანის დაკისრების მატერიალურ საფუძველს ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლი (დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების მარეგულირებელი ნორმა), რომელიც იმავდროულად განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს და შედგება შემდეგი კომპონენტების ერთობლიობისაგან: ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. იმისათვის, რომ პირს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე პირობა, კერძოდ, ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი, ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ამ პირობათა ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის, ანუ დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის“ (იხ.სუსგ-ები: N ას-521-494-2015წ, N ას-593-568-2016წ, N ას-1114-1034-2017წ, N ას-1185-1105-2017წ, N ას-72-72-2018წ; N ას- 1158-1078-2017წ; Nას -150-150-2018წ).

19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საქმის განხილვისას დაარღვია მხარეთა მტკიცების ტვირთის სტანდარტი და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის გადაანაწილა სწორედ იმ ზოგადი წესების გათვალისწინებით, რომელიც ახასიათებს საპროცესო სამართალწარმოებას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს.

20. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის განხილვისას მტკიცების ტვირთის ზოგადი წესიდან გამონაკლისის დადგენას არც პროცესუალური კანონმდებლობა და არც სამოსამართლო სამართალი (პრაქტიკა) არ იცნობს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დელიქტური ვალდებულების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, მტკიცებულებათა წარდგენა უფრო ლოგიკური და ბუნებრივია, რომ დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ მოპასუხე მხარის არამართლზომიერი ქმედების შედეგად ზიანი მიადგა, ხოლო მოპასუხეს საკუთარი მტკიცების ფარგლებში ევალება, რომ წარადგინოს შედავება, რომელიც სრულად (ან ნაწილობრივ) გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის სავალდებულებელო წინაპირობებს (ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა ერთობლიობას) (იხ. სუსგ№ას-80-80-2018, 20 აპრილი, 2018 წელი).

21. საკასაციო სასამართლომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სამართალწარმოებებში მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკაშირებით ერთ-ერთ საქმეში განმარტა: „დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების მიზნებისათვის მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრეს განეკუთვნება თავად ზიანის არსებობის ფაქტი, მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ამ ქმედებასა და ზიანს შორის“ (იხ. სუსგ ას-N521-494-2015, 23.10.2015წელი). მაშასადამე, მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაამტკიცოს, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი წინაპირობები, ხოლო საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხეს ევალება, რისი დამაჯერებლად განხორციელებაც მოსარჩელისათვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგს განაპირობებს.

22. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მატერიალური კანონმდებლობა ითვალისწინებს ხელყოფილი სამართლებრივი სიკეთის დაცვას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რა დროსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია იმის გამორკვევას, თუ რა შემთხვევაშია მოთხოვნა განხორციელებადი. ამ მიზნის მისაღწევად მოსარჩელემ რამდენიმე სამართლებრივი კომპონენტის (ფაქტობრივი გარემოებების) ერთობლიობა უნდა დაადასტუროს.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები, ხოლო საპირისპიროდ მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულებები, რომელიც ამყარებდა მის სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია.

24. კასატორის პრეტენზია მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობასაც შეეხება.

25. კანონმდებელი არ ადგენს ცალკეულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობის და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

26. არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრის დროს ეროვნული სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით. ამ საკითხში უზენაეს სასამართლოს დამკვიდრებული აქვს პრაქტიკა: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული“ (იხ. სუსგ-ები: №ას-866-816-2015, 12.02.2016წელი. №ას-95-90-2013, 14.06.13წ. Nას-594- 562-2015, 6.11.2015წელი, Nას-797-940-2015, 10.09.2015წელი).

27. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია (იხ. სუსგ №ას-645-2019, 26 ივლისი, 2019 წელი).

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი თანხის ოდენობა (5 000 ლარი) მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის საკმარის ოდენობად, ვინაიდან დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და სულიერი ტანჯვა, ტკივილები და დისკომფორტი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

31. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

32. მოცემულ შემთხვევაში კასატორის შუამდგომლობა წარდგენილი დადგენილების საქმეზე დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი არ ადგენს საქმისთვის მნიშნველოვან რაიმე ფაქტობრივ გარემოებას, ხოლო საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა არ იქნა გამოთხოვილი სსსკ-ის 380-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, თუ რა საპატიო მიზეზით ვერ შეძლო აღნიშნული დასკვნის წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.

33. სსსკ-ის 104.1 მუხლიდან გამომდინარე, დაუშვებელია მტკიცებულებათა შეგროვება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მნიშვნელობა არ აქვს საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისათვის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სავსებით სწორად და დასაბუთებულად ეთქვა უარი მის მიერ წარდგენილი დადგენილების მიღებაზე, რამდენადაც დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, არ არის არსებითი ხასიათის განსახილველი დავის გადასაწყვეტად.

34. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას და მიუთითებს, რომ სააპელაციო სამართალწარმოებაც კი იბოჭება სსსკ-ის 380-ე მუხლის დანაწესით, რადგან, მართალია, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები, თუმცა, სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მიიღოს ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, რომელთა წარდგენა მხარეს შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, პუნქტები 34-53) განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ვერ ასაბუთებს საკუთარი ძალებით დასკვნის მოპოვების ანდა თავისი ინიციატივით ექსპერტიზის დასკვნის ჩატარების შეუძლებლობას, ასეთ პირობებში კი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, მტკიცებულების გამოთხოვაზე მართებულად ეთქვა უარი.

35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ე–სის“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 651 ლარის (საგადახდო დავალება N1534157723, გადახდის თარიღი 2018 წლის 13 აგვისტო), 70% – 455,7 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური