საქმე №ას-35-2020 27 აპრილი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - შპს ,,კ...“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ხ–ი (მოსარჩელე)
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - განცხადების განუხილველად დატოვება
აღწერილობითი ნაწილი.
მ.ხ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,კ..-ის" მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ხ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ხ–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ხ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ხ–მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით მ.ხ–ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით მ.ხ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მ.ხ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ხ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მ.ხ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შპს „კ...“-ის 2018 წლის 25 იანვრის ბრძანება; შპს „კ..“-ს (ს/კ: ....) მ.ხ–ის (პ/ნ: .....) სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი მოცდენის პერიოდში მიუღებელი ხელფასის – თვეში 2500 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) გადახდა 2018 წლის 25 იანვრიდან 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მთლიანობაში 47500 ლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწრობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებში მ.ხ–ის პირად ნომრად მიეთითა პ/ნ: ....., ნაცვლად პ/ნ: ......
2021 წლის 4 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს ,კ...-ის“ წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინების/გადაწყვეტილების განმარტება ან/და უსწორობის გასწორება.
2021 წლის 21 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს ,,კ...-ის“ წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოპასუხემ გაიხმო 2021 წლის 4 მარტს წარმოდგენილი განცხადება განჩინების/გადაწყვეტილების განმარტებისა ან/და უსწორობის გასწორების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს ,,კ...-ის“ განცხადება გადაწყვეტილების/განჩინების განმარტების ან/და უსწორობის გასწორობის თაობაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრინციპის კერძო გამოხატულებაა მოსარჩელის/განმცხადებლის უფლება, გამოიხმოს სარჩელი/განცხადება. სსსკ-ის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისთვის დაბრუნების თაობაზე. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,კ...-ის“ მოთხოვნა განცხადების გამოხმობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად განუხილველად უნდა დარჩეს შპს ,,კ...-ის“ განცხადება, რომლითაც მოპასუხემ მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინების განმარტება ან/და უსწორობის გასწორება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 831, 284-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს ,,კ...-ის“ შუამდგომლობა განცხადების გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,კ...-ის“ 2021 წლის 4 მარტის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინების განმარტება ან/და უსწორობის გასწორება, განუხილველად იქნეს დატოვებული.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე