Facebook Twitter

საქმე №ას-1258-2019 30 მარტი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „A.“ (მოპასუხე)

II კასატორი - შპს „A.“

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდგომ - მოსარჩელე, მერია, შემკვეთი, აპელანტი, პირველი კასატორი) და შპს „A.“-ს (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, მენარდე, მეორე კასატორი) შორის, 2016 წლის 19 აპრილს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ქ. თბილისში, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ზოლიდან გაზსადენის განლაგების სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა. გაწეული სამუშაოების ღირებულება 1 314 139.42 ლარით განისაზღვრა, რომელიც ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით უნდა დაფარულიყო.

2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა, ხოლო სამუშაოების მიწოდების - ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღე.

3. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში დაეწყო, ხოლო გეგმა-გრაფიკი უნდა წარედგინდა და შემსყიდველთან შეეთანხმებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადის დაცვით.

4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე მეთვალყურეობა შემსყიდველის მხრიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს ევალებოდათ, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობა - ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას. შესრულებული სამუშაოების კალენდარულ გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველი პერიოდულად მართავდა ინსპექტირებას, რაზედაც წინასწარ ატყობინებდა მიმწოდებელს. ამავე ხელშეკრულებით დეტალურად განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, ასევე - პირგასამტეხლოს არსებობა და მისი დარიცხვის წესი.

5. 2016 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებით, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და სამუშაოების მიწოდების ვადა 13 დღით გაიზარდა, კერძოდ, 2016 წლის 6 ოქტომბრიდან იმავე წლის 19 ოქტომბრამდე.

6. 2016 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმებით, კვლავ ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და სამუშაოების მიწოდების ვადა 12 დღით გაიზარდა, კერძოდ, 2016 წლის 30 ოქტომბრიდან იმავე წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.

7. 2016 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და მხარეთა შორის 2016 წლის 25 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების ფასი 38127.84 ლარით შემცირდა და 1276022.58 ლარით განისაზღვრა.

8. 2016 წლის 16 დეკემბრის მიღება-ჩაბარების №3 აქტის თანახმად, სამუშაოები შესრულებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ფორმა №2-ით დადასტურებული სამუშაოების შესრულების თარიღი 2016 წლის 14 დეკემბერია. 2016 წლის 16 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით კი, სამუშაოები შესრულებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ფორმა №2-ით დადასტურებული სამუშაოების შესრულების თარიღი 2016 წლის 14 დეკემბერია. ამასთან, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება ყველა დანარიცხის ჩათვლით შეადგენს 1276011.58 ლარს, ხოლო შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება ყველა დანარიცხის ჩათვლით - 1246171.55 ლარს.

9. 2016 წლის 17 აგვისტოს №1 ინსპექტირების აქტის თანახმად, მითითებული დროისთვის მოპასუხის მიერ შესრულებულია გრუნტის სამუშაოების მთლიანი მოცულობის დაახლოებით 25%, რომელიც უნდა დასრულებულიყო ივლისის მე-3 დეკადაში; არ არის შესრულებული შეწყვილებული საყრდენების მოწყობა, რომლის სამუშაოებიც უნდა დაწყებულიყო ივნისში; არ იყო დაწყებული დ-530მმ მილების მონტაჟი, რომელიც უნდა დაწყებულიყო ივნისის მე-2 დეკადაში, ასევე - გაზსადენის გამოცდა ჰერმეტულობაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო აგვისტოს მე-2 დეკადაში. ამასთან, 2016 წლის 17 აგვისტოს მონაცემებით სამუშაოები არ მიმდინარეობდა. აღნიშნულ აქტს მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა ხელი არ მოაწერა.

10. მოსარჩელემ 2016 წლის 28 სექტემბრის წერილით მოპასუხეს შეატყობინა მის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაზე, კერძოდ, რომ მოპასუხის მიერ დადგენილი ვადის დაცვით არ შესრულდა და ფიქსირდებოდა ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოებზე, რის გამოც ეკისრებოდათ ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების, 1314139.42 ლარის, 0.05%-ის 657.07 ლარის გადახდა, რაც დადგენილი ვადის მიხედვით ხაზინაში უნდა ჩარიცხულიყო.

11. მენარდემ სამუშაოები 2016 წლის 14 დეკემბერს, 34-დღის დაგვიანებით დაასრულა.

სარჩელის საფუძვლები:

12. მოსარჩელემ (შემკვეთმა) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის (მენარდის) მიმართ, პირგასამტეხლოს - 22349.27 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

13. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და განმარტა, რომ მოპასუხეს სამუშაოთა შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენისა და საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლო - 22349.27 ლარი ეკისრება, რომელსაც, მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე არ იხდის.

მოპასუხის პოზიცია:

14. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულების ვადა გაზსადენი ქსელის ექსპოლატაციაში მიმღები ორგანიზაციის - ,,ყ-თ–ის“ ქმედებების გამო გაგრძელდა, რამაც სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადაზეც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.

15. მოპასუხის განმარტებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ამასთან, ვადაგადაცილებულ 34 დღეს უნდა გამოაკლდეს 15 დღე, ვინაიდან მხარეთა 2016 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებით, ვალდებულების შესრულების თარიღად სწორედ ეს უკანასკნელი განისაზღვრა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს პირგასამტეხლოს - 2234.92 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

17. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს პირგასამტეხლოს - 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

19. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე, 418-ე და 419-ე მუხლზე, მიუთითა პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანსა და ფუნქციაზე და განმარტა, რომ გასაზიარებელი იყო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესებზე. სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულების შეუსრულებლობა საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაკავშირებულია იმგვარ სანქციებთან, რომელიც მცირედით მაინც აკომპენსირებს განუხორციელებლობით მიყენებულ ზიანს.

20. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ გრძელვადიან პროექტთან დაკავშირებით ვალდებულების შეუსრულებლობა სულ რამდენიმე დღე გრძელდებოდა, არსებობდა ხელშემშლელი გარემოებები და მოპასუხე ხელშეკრულების შესრულების მიმართ პასუხისმგებლობასა და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას იჩენდა და მიუთითა, რომ სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს გონივრულ ფარგლებში, მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსების საფუძველზე და ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის პროპორციულად.

21. სააპელაციო სასამართლომ, გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 22 349.27 ლარის 5000 ლარამდე შემცირება, რომელიც, მისი შეფასებით, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობაა.

კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მხარეებმა საკასაციო საჩივრები შეიტანეს. შემკვეთმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მენარდემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

23. შემკვეთის (პირველი კასატორის) საკასაციო პრეტენზიების თანახმად, სახელშეკრულებო ურთიერთობის დროს მხარეები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ თავიანთ უფლება-მოვალეობებს. ამასთან, სსკ-ის 420-ე მუხლი არ ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას, უპირობოდ შეამციროს პირგასამტეხლო, რომელიც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე უნდა შემცირდეს.

24. პირველი კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერი შესაძლებლობა სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას ემსახურება, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ შედეგებს. განსახილველ შემთხვევეში, მენარდე იურიდიული პირია, რაც გულისხმობს, რომ მხარეს სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ვალდებულების დარღვევის მოსალონდელი შედეგები.

25. პირველი კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესებზე. თითოეული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით საჯარო ინტერესებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით განსაზღვრული ოდენობა. ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, ის პერიოდი, რაც შეუსრულებლობით იქნა მოცდენილი, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე შედეგობრივი თვალსაზრისით საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესების წინაპირობა იქნებოდა.

26. პირველი კასატორის მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე №ას-1031-992-2016, 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება) და განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია გონივრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.05%.

27. პირველი კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ მიიჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და რა დაუდო საფუძვლად მის შემცირებას. სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ ინტერესების სამართლიანი დაბალანსებზე მითითებით განსაზღვრა პირგასამტეხლო 5000 ლარით.

28. მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, გადაწყვეტილება მხოლოდ თავდაპირველი სახელშეკრულებო ვადის გადაცილების ფაქტს ეფუძნება, ისე, რომ სასამართლოს ამ ვადაგადაცილების გამომწვევი ობიექტური მიზეზები არ განუხილავს.

29. მეორე კასატორის განმარტებით, შესასრულებელ პროექტს არაერთი ხარვეზი ჰქონდა და შეუძლებელი იყო მისი უნაკლოდ განხორციელება. შემსყიდველი პროექტისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ნაწილში არანაირ რეაგირებას არ ახდენდა, მაშინ, როდესაც შემსყიდველი საკუთარ ვალდებულებას არ ასრულებდა მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების თანაფარდობას - საჯარიმო სანქციასთან მიმართებით არ შეესაბამება.

30. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სწორედ შემსყიდველის უმოქმედობამ, არასწორად შედგენილმა პროექტმა, მისმა დაგვიანებულმა რეაგირებამ გამოიწვია სამშენებლო სამუშაოების ვადაგადაცილებით დასრულება. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა 2016 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებაც, სადაც თავდაპირველი სახელშეკრულებო ვადის გასვლიდან 15 დღის შემდეგ აღიარებს შემკვეთი, რომ ყველა ცვლილება არსებითი და აუცილებელი იყო სახელშეკრულებო მიზნებისათვის.

31. მეორე კასატორის განმარტებით, მხარეთა მიერ შეთანხმებული სახელშეკრულებო ვადის დასრულებიდან 15 დღის შემდეგ, მხარეებმა ახალი შეთანხმება გააფორმეს, რომლითაც შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ შესრულებული ყველა სამუშაო აღიარა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულყოფილად დასრულებისათვის მისი აუცილებლობა. ამით მოსარჩელემ დაადასტურა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავდაპირველი სამუშაოს მოცულობა, ფაქტობრივ საჭიროებებს არ შეესაბამებოდა და კორექტირებას საჭიროებდა.

32. ვინაიდან შეთანხმება ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან 15 დღის შემდეგ გაფორმდა, ივარაუდება, რომ შემსყიდველმა გააცნობიერა, რომ სამუშაოთა კორექტირებული მოცულობები თავდაპირველად დადგენილ დროს ვერ დასრულდებოდა და კონკლუდენტურად დაეთანხმა სახელშეკრულებო ვადის გადაწევას.

33. მეორე კასატორის მტკიცებით, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან დაკისრება უკანონოა. ამასთან, მეწარმე სუბიექტს სახელმწიფო ორგანოს მიერ შემოთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებში ცვლილების შეტანის არავითარი საშუალება არ ჰქონდა.

34. მეორე კასატორი პირგასამტეხლოს შემცირებისთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზეც მიუთითებს (საქმე №ას-1060-980-2017, 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინება, №ას-914-864-2015, 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინება, №ას-251-239-2017 და ა.შ).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

35. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

36. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

38. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

39. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

40. საკასაციო პალატის განმარტებით, უდავოა მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა (სსკ-ის 629-ე მუხლი). მენარდემ ხელშეკრულებით დადგენილი შესრულების ვადა დაარღვია და გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას ჩამორჩა, ამასთან, სამუშაოების დასრულების ვადას 34 დღით გადააცილა, რის გამოც შემკვეთმა მენარდეს 22 349.27 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა მოსთხოვა.

41. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

42. საკასაციო საჩივრებით სადავოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ 10-ჯერ შეამცირა და 2234.92 ლარით განსაზღვრა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიცვალა და პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერებისა და გონივრულობის ფარგლებში - 5000 ლარით განისაზღვრა.

43. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება.

44. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.

46. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას (იხ. სუსგ საქმე №ას-816-767-2015, 2015 წლის 19 ნოემბერის განჩინება). პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

47. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პალატა ასევე მიუთითებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

48. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ხელშეკრულების კონტრაჰენტებმა პირგასამტეხლო თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეათანხმეს, ამიტომ იგი არ უნდა შემცირდეს. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.“ (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 2017 წლის 27 იანვრის განჩინება; №ას-1199-1127-2015, 2016 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-222-209-2015, 2015 წელი 6 მაისის განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, მაგრამ სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

49. პირველი კასატორის საკასაციო პრეტენზიით, მენარდე, როგორც მეწარმე სუბიექტი ვალდებულების დარღვევის მოსალოდნელი შედეგებს აცნობიერებდა, ამასთან, გასათვალისწინებელია ხელშეკრულების ვადის დარღვევის გავლენა საჯარო ინტერესებზე, რის გამოც, მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 22349.27 ლარი მენარდეს სრულად უნდა დაეკისროს.

50. საკასაციო პალატა არ იზიარებს მენარდისათვის პირგასამტეხლოს ზემოაღნიშნული თანხის დაკისრების თაობაზე პირველი კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მართებულად მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ გრძელვანიად პროექტზე ვადაგადაცილება 34 დღე იყო და მოპასუხე პასუხისმგებლობასა და კეთილსინდისიერებას იჩენდა ვალდებულების შესრულების მიმართ. პალატა დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ გარდა პირგასამტეხლოს დარიცხვის ზემოაღნიშნული საფუძვლისა, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ სხვა პრეტენზია, მაგალითად, შესრულების ხარისხთან დაკავშირებით არ ჰქონია. ამასთან, გამოკვეთილი არ ყოფილა ვალდებულების 34 დღით დაგვიანების შედეგად ზიანის დადგომის ფაქტი.

51. საგულისხმოა ისიც, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა შეუსრულებელი (დაგვიანებული) ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს, მით უფრო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, დროში განგრძობადობისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით.

52. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, ვინაიდან სამუშაოთა ნაწილის ვადის დარღვევით შეუსრულებლობა ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. საქმე №ას-164-160-2016, 2016 წლის 28 ივლისის განჩინება, №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება).

53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა დაიცვას ის ბალანსი, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა, ხოლო, მეორე მხრივ, შენარჩუნებულ უნდა იქნეს მოვალის ინტერესებიც, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უკანასკნელი მეწარმე სუბიექტია.

54. პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ბალანსი სააპელაციო სასამართლომ დაიცვა და მართებულად იმსჯელა სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

55. პირველი კასატორის მიერ წინამდებარე განჩინების 26-ე პუნქტში მითითებულ პრეტენზიაზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი პრაქტიკა და პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის განსაზღვრისას უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ., შესაბამისად, პირველი კასატორის პრეტენზია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით განსაზღვრულია კონკრეტული პირგასამტეხლოს ოდენობა, დაუსაბუთებელია და მისი გაზიარების საფუძველი არ არსებობს.

56. რაც შეეხება მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზიებს, რომლის თანახმად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ვადაგადაცილების გამომწვევ ობიექტურ მიზეზებზე არ უმსჯელია და, აქედან გამომდინარე, დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულობაზე და იმ გარემოებაზე, რომ მხარეებმა ხელშეკრულების საბოლოო თარიღად 2016 წლის 25 ნოემბერი განსაზღვრეს, პალატა ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს არ იზიარებს და მიუთითებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადგინდა, ამ უკანასკნელს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, სამართლებრივ შეფასების საგანი ვერ გახდება ვადაგადაცილების გამომწვევი ობიექტური მიზეზების კვლევა, ამასთან, კასატორის 2016 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებაზე მითითება, მეორე კასატორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის, მით უფრო, როდესაც აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც არ ყოფილა.

57. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ 2016 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შემცირდა. ამავე შეთანხმებით, ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა უცვლელად დარჩებოდა, შესაბამისად, მეორე კასატორის მითითება, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა 2016 წლის 25 ნოემბრამდე გაგრძელდა, დაუსაბუთებელია და რაიმე მტკიცებულებას არ ემაყრება.

58. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორთა პრეტენზიებს არ გააჩნიათ სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, მათ სასამართლოს ვერ წარუდგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.

59. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

60. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება; №ას-1926-2018, 2019 წლის 24 მაისის განჩინება; №ას-1930-2018, 2019 წლის 17 მაისის განჩინება; №ას-252-2019, 2019 წლის 8 მაისის განჩინება; №ას-123-2019, 2019 წლის 10 ივნისის განჩინება).

61. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

62. პირველი კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

63. მეორე კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის თანხა 300 ლარი, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მისი საკასაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად, მეორე კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივრისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის - 90 ლარის გადახდა (300 ლარის 30%).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „A.“-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. შპს „A.“-ს (ს/კ .....) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-1258-2019) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 30% - 90 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე