Facebook Twitter

საქმე №ას-237-2021 27 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – დ.ს. (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი – იპოთეკის გაუქმება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „პ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი“-ს, დ.მ–ის, ვ.ჩ–ასა და დ.ს–ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.

2. შპს „ი“-ს შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო მოპასუხეებმა - დ.მ–მა, ვ.ჩ–ამ და დ.ს–მა სარჩელი არ ცნეს.

3. დ.ს–მა სს „პ.ბ–ის“ მიმართ წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა ვალდებულების შესრულების გამო, 2015 წლის 21 სექტემბრის №670337349-021 იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...., სადარბაზო №1, სხვენსართული, ბინა №8ა (ს/კ: .....), რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება.

4. სს „პ.ბ–მა“ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „პ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს - შპს „ის“, დ.მ–სა და ვ.ჩ–ას სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ - 57 311.19 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 50 836 აშშ დოლარი, პროცენტი - 5 975.19 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 500 აშშ დოლარი. მოპასუხეებს - შპს „ის“, დ.მ–სა და ვ.ჩ–ას სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დავალიანების ძირითად თანხაზე - 50 836 აშშ დოლარზე წლიური 7 %-ის გადახდა 2018 წლის 2 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა - 2024 წლის 26 აგვისტოსი. დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა დ.ს–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ....., სადარბაზო 1, სხვენსართული, ბინა №8ა (ს/კ: ......), სარეალიზაციოდ მიქცევა. ასევე განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა სს „პ.ბ–ის“ მიმართ არსებულ დავალიანებას, სარეალიზაციოდ მიქცეულიყო შპს „ი–ს“, დ.მ–ისა და ვ.ჩ–ას საკუთრებაში არსებული სხვა ქონება. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. დ.ს–ის შეგებებული სარჩელი სს „პ.ბ–ის“ მიმართ იპოთეკის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ.ს–მა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ს–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

10. 2021 წლის 22 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა კასატორ დ.ს–ის წარმომადგენელმა, გ.ჭ–ძემ და მოითხოვა კერძო აღმასრულებელ ზ.ფ–ის წარმოებაში არსებული №A19204335 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

11. განმცხადებლის მითითებით, 2021 წლის 19 აპრილს კერძო აღმასრულებელმა ზ.ფ–მა სააუქციონო მომსახურების თაობაზე განაცხადით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა სააუქციონო მომსახურების გაწევა დ.ს–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, გამზირი ......, სადარბაზო 1, სხვენსართული, ბინა №8ა (ს/კ: ......). შესაბამისად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნებისმიერ მომენტში შეუძლია დააკმაყოფილოს განაცხადი და დანიშნოს აუქციონი. აუქციონის დანიშვნისა და ჩატარების შემდეგ დ.ს–ის საკასაციო საჩივრის განხილვა ყოველგვარ აზრს იქნება მოკლებული და საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით დ.ს–ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) განცხადება დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, 2021 წლის 26 აპრილს დ.ს–ის წარმომადგენელმა, გ.ჭ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება დედნის სახით და სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით დ.ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

18. განმცხადებელი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს კერძო აღმასრულებელ ზ.ფ–ის წარმოებაში არსებული №A19204335 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერებას საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

19. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „პ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო დ.ს–ის შეგებებული სარჩელი სს „პ.ბ–ის“ მიმართ იპოთეკის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დ.ს–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით დ.ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

21. საკასაციო პალატა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „პ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო დ.ს–ის შეგებებული სარჩელი იპოთეკის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მიუთითებს, რომ მოცემულ დავაზე საქმის წარმოება დასრულებულია, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დ.ს–ის განცხადების განუხილველველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, რამდენადაც მოცემულ დავაზე საქმის წარმოება დასრულებულია, არ არსებობს უზენაეს სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დ.ს–ის განცხადების განხილვის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 191-ე, 193-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.ს–ის განცხადება კერძო აღმასრულებელ ზ.ფ–ის წარმოებაში არსებული №A19204335 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დარჩეს განუხილველი;

2. დ.ს–ს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს გ.ჭ–ძის (პ/ნ: .....) მიერ 2021 წლის 26 აპრილს №10798983160 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი