საქმე №ა-420-შ-11-2020 23 აპრილი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – „S.T. I.”
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ი“
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღიარებას მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 28.11.2018წ. განჩინება №520098/2018
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. „S.T. I.”-ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 28.11.2018წ. №520098/2018 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.02.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში "კანონი") 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
4. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
5. კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.
6. საკსაციო სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების დამოწმებული თარგმანით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს გადაწყვეტილების დედანთან.
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 28.11.2018წ. №520098/2018 განჩინების საქმეში წარმოდგენილ თარგმანზე და მიუთითებს, რომ მასში არ არის მოცემული სარეზოლუციო ნაწილი, რომელშიც ასახული იქნება სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (დადგენილებითი ნაწილი), რაც შეიძლება გახდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მისი ცნობის და აღსრულების საფუძველი.
8. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ 28.11.2018წ. №520098/2018 განჩინებას, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ფორმით, მივიჩნევთ ცნობასა და აღსრულებას დაქვემდებარებულ სასამართლოს აქტად, არ დასტურდება მისი კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი. საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობაზე თანდართული მემორანდუმი ვერ შეფასდება განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. კერძოდ, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მემორანდუმი შედგენილია არა სასამართლოს, არამედ ადვოკატ რ.ბ–ის მიერ. ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა ვერც კომპანიის მმართველი პარტნიორის, დ.კ–ის დასკვნა. ამდენად, წარმოდგენილი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
10. სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად. საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის ავტორს განუმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, შუამდგომლობის ავტორს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს.
12. შუამდგომლობას ერთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 38-ე მუხლითა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით ამომწურავადაა განსაზღვრული საქმეთა კატეგორია, რომელზეც სავალდებულოა მხარემ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. ზემოაღნიშნული ნორმები არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას (შდრ. სუსგ Nას-1847-შ-49-2017, 05.01.2018წ.). ამდენად, შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი, როგორც შეცდომით გადახდილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 186-ე, 187-ე, 275-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. „S.T. I.”-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 28.11.2018წ. №520098/2018 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. S.T. I.”-ს უკან დაუბრუნდეს ა.ა–ის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 30.01.2020წ.), შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ზურაბ ძლიერიშვილი