Facebook Twitter

საქმე №ა-1255-შ-27-2021 23 აპრილი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ც.ს–ი

მოწინააღმდეგე მხარე – შ.ხ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ესპანეთის, ქ. ბარსელონის ქალთა მიმართ ძალადობის N5 სასამართლოს 21.01.2020წ. გადაწყვეტილება N6/20 (საქმე N51/2019) განქორწინების ნაწილში

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ესპანეთის, ქ. ბარსელონის ქალთა მიმართ ძალადობის N5 სასამართლოს 21.01.2020წ. N6/20 გადაწყვეტილებით (შემდეგში "გადაწყვეტილება") ც.ს–სა (შემდეგში მოხსენიებული, როგორც შუამდგომლობის ავტორი) და შ.ხ–ს შორის საქართველოში, ქ. თბილისში 18.07.2013წ. რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. 17.03.2021წ. ც.ს–ის სახელით ნ.ც–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობას ერთვის 18.07.2013წ. გაცემული ქორწინების მოწმობის (აქტის ჩანაწერი N80133001158) ასლი, რომლითაც დგინდება, რომ მხარეები საქართველოს მოქალაქეები არიან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2021წ. განჩინებით შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა წარმოადგინოს: გადაწყვეტილების აპოსტილით დამოწმებული ასლი და მისი დამოწმებული ქართული თარგმანი; თუ მასში არ იქნება კონკრეტული მითითება განქორწინების ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ, ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს სათანადო წესით დამოწმებული ცნობა ამ განქორწინების ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი; უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობით განცხადების/შუამდგომლობის წარმოდგენის უფლება მიანიჭოს ისეთ პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით.

5. 13.04.2021წ. სასამართლოს განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორმა, განმარტა, რომ იხმობს წარმოდგენილ შუამდგომლობას და მოითხოვა შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ განცხადება გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. შესაბამისად, მასვე შეუძლია განიხილოს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის შესახებ განცხადების გამოხმობის შუამდგომლობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

7. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

8. სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სსსკ პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს.

9. სსსკ-ის 831 მუხლის თანახმად მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისთვის დაბრუნების თაობაზე. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსათვის წარდგენილ მოთხოვნაზე (იხ.: სუსგ-ები №ა-5745-შ-141-2018, 26.02.2019წ.; №ა-1187-შ-23-2021, 16.04.2021წ.).

10. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას (იხმობს შუამდგომლობას). საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ გამოხმობის განცხადება წარმოდგენილია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ შუამდგომლობის წარმოებაში მიღებამდე. ანუ შუამდგომლობის ავტორს არ სურს დაწესებული ხარვეზის შევსება და მისი შუამდგომლობის განხილვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 17.03.2021წ. წარმოდგენილი შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც.ს–ის შუამდგომლობა ესპანეთის, ქ. ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის N5 სასამართლოს 21.01.2020წ. გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე