Facebook Twitter

№ას-110-2021 1 აპრილი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ დ.ტ.ს–ო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.09.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – დისციპლინური სახდელის დადების შესახებ 30.10.2018წ. Nს-23 ბრძანების ბათილად ცნობა; 06.07.2018წ. კომისიის სხდომის ოქმის, 11.07.2018წ. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების და 20.07.2018წ. თავმჯდომარის ბრძანების ბათილად ცნობა; დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ 07.05.2018წ. N5/ა424 ბრძანების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ.ბ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) 14.12.2018წ. წარადგინა სარჩელი სსიპ დ.ტ.ს–ოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, "სააგენტო") მიმართ და მოითხოვა სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ მოპასუხის თავმჯდომარის 30.10.2018წ. Nს-23 ბრძანების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.05.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. მოსარჩელემ 13.08.2018წ. სარჩელი აღძრა სააგენტოს მიმართ და მოითხოვა 06.07.2018წ. კომისიის სხდომის ოქმის, 11.07.2018წ. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებისა და 20.07.2018წ. თავმჯდომარის ბრძანების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.06.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. მოსარჩელემ 06.06.2018წ. სარჩელი აღძრა სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოსარჩელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის გამოცხადების შესახებ 07.05.2018წ. N5/ა424 ბრძანების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.10.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.06.2020წ. განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივრები ერთ წარმოებად გაერთიანდა. ამავე პალატის 22.09.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილებები. განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.02.2021წ. განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამივე სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის - ჯამურად 900 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.02.2021წ. განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენლს - გ.ჟ–ს საკასაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე (სამუშაო ადგილის მიხედვით) და ჩაბარდა თანამშრომელს 10.03.2021წ. (იხ.: მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 30,31; ტ.3, ს.ფ.27,28; ტ.4, ს.ფ.40,41; საკასაციო საჩივარი, ტ.4, ს.ფ.419; უკუგზავნილი, ტ.4, ს.ფ.440). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია გზავნილის მიმღები პირის პირადი ნომერი და ხელმოწერა. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩათვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 11 მარტს და ამოიწურა 2021 წლის 22 მარტს (ხარვეზის შევსების ვადის ბოლო დღე იყო შაბათი). ამდენად, კასატორს ხარვეზი 2021 წლის 22 მარტის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1266-2020, 17 მარტი, 2021 წელი; №ას-337-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-388-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-178-2021, 19 მარტი, 2021 წელი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე