№ას-263-2021 26 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ნ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოპასუხეები - ზ.ნ–ძე, მ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი ზ.ნ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და მ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:
- N2243005 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 74 484.33 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 43 750 ლარი, პროცენტი 19 849.31 ლარი და პირგასამტეხლო 10 885.02 ლარი;
- მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინების განხორციელება პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე თელავი, სოფელი ..., მიწის (უძრავი ქონების) ს/კ ....., რეალიზაციის გზით;
- თუ აღნიშნული ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არასაკმარისი იქნება ვალდებულების დასაფარად, აღსრულების მიქცევა პირველი და მეორე მოპასუხის სხვა ქონებაზე.
მოგვიანებით მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომელშიც მოპასუხედ მიუთითა ასევე ზ.ნ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“) და დავალინების დაფარვის მიზნით დამატებით მოითხოვა მისი კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის, მდებარე: თელავი, სოფელი ...., ს/კ ....., რეალიზაცია (იხ.: დაზუსტებული სარჩელი, იპოთეკის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ.1, ს.ფ.95-116).
2. თელავის რაიონული სასამართლოს 30.05.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.157-171). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს პირველმა და მეორე მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ.84-93). განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც პირველმა და მეორე მოპასუხემ, ისე მესამე მოპასუხემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მესამე მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
5. სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. სსსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. შესაბამისად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, იგი უნდა გაასაჩივროს სააპელაციო წესით და თუ სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მის სააპელაციო საჩივარს, უფლებამოსილია წარადგინოს საკასაციო საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არა აქვს საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლება.
6. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მესამე მოპასუხე დასახელებულ იქნა მოსარჩელის დაზუსტებულ სარჩელში (ტ.1, ს.ფ.95-108). დაზუსტებული სარჩელი მესამე მოპასუხეზე გადასაცემად ჩაიბარა მისმა სრულწლოვანმა ოჯახის წევრმა - პირველმა მოპასუხემ (ძმამ) (ტ.1, ს.ფ.123), რის შემდგომაც მესამე მოპასუხის სახელით შესაგებელი წარადგინა მისმა წარმომადგენელმა (იხ.: შესაგებელი და მასზე თანდართული მინდობილობა, ტ.1, ს.ფ.125-136). მესამე მოპასუხის წარმომადგენელი ესწრებოდა 15.05.2019წ. სხდომას, რომელზეც მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში, განხილულ იქნა წარმოდგენილი სარჩელი და განისაზღვრა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დრო (ტ.1, ს.ფ.146-151). საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რის საფუძველზეც სასამართლოს ექნებოდა გადაწყვეტილების ასლის მესამე მოპასუხისათვის გაგზავნის ვალდებულება.
7. თელავის რაიონულმა სასამართლომ 30.05.2019წ. გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- პირველ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ N2243005 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 64 599.31 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 43 750 ლარი, პროცენტი - 19 849.31 ლარი და პირგასამტეხლო - 1000 ლარი;
- დავალიანების დასაფარად სარეალიზაციოდ მიექცა პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, სოფელი ....., მიწის (უძრავი ქონების) ს/კ .... და უძრავი ქონება, მდებარე თელავი, სოფელი ....., ს/კ ......;
- დადგინდა, რომ თუ ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაციის გზით ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეთა სხვა ქონება (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.157-171).
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს პირველმა და მეორე მოპასუხემ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია მესამე მოპასუხეს.
9. გასაჩივრების უფლების რეალიზაციის საკითხის სამართლებრივ შეფასებას არ ცვლის გარემოება მასზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მესამე მოპასუხის კუთვნილი აქტივის მესაკუთრედ პირველი მოპასუხეა მითითებული. სასამართლო მტკიცებულების სახით უთითებს სწორედ იმ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, სადაც მესაკუთრედ მესამე მოპასუხეა აღნიშნული (იხ.: გადაწყვეტილება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ.1, ს.ფ.160, 116). სასამართლომ დააკმაყოფილა დაზუტებული სარჩელი და სარეალიზაციოდ მიაქცია როგორც პირველი მოპასუხის, ისე მესამე მოპასუხის კუთვნილი აქტივები. სააპელაციო პალატამ თავის 24.12.2020წ. განჩინებაში განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სასამართლოს მიერ დაშვებულ უზუსტობას, რომლის გასწორება სსსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებელია გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ (ტ.2, ს.ფ.92). უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულზე პრეტენზია არ არის დაფიქსირებული წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში.
10. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მესამე მოპასუხე, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია, არ არის უფლებამოსილი სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივროს საკასაციო წესით (იხ.: სუსგ №ას-652-614-2012, 18 მაისი, 2012წ.; საქმე №ას-614-584-2013, 22 ივლისი, 2013წ.), რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მესამე მოპასუხის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 3519-ე, 264-ე, 265-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.2020წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე