საქმე №ა-3940-შ-91-2020 27 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს "პ.შ."
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "პ-შ. ს–ო"
გადაწყვეტილებები, რომლის ს–ოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე #910/15025/18) და ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება (საქმე #910/15025/18)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე #910/15025/18) შპს "პ.შ.ს" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს "პ-შ. ს–ოს" (მისამართი: ს–ო, თბილისი, ვაკე-საბურთალო, დიდი დიღომი, ...... საიდენტიფიკაციო კოდი .....) შპს "პ.შ.ს" სასარგებლოდ (მისამართი: ქალაქი კიევი, ....., სახლი4, ბინა 264, საიდენტიფიკაციო კოდი .....) დაეკისრა ძირითადი ვალი 21 306,60 აშშ დოლარი, წლიური 3% 2 069,95 აშშ დოლარი, ჯარიმა 718,61 აშშ დოლარი, სასამართლოს ხარჯები 10 021,42 გრივნა (რაც შესაბამისია სასამართლო გადაწყვეტილების დღეს უკრაინის ნაციონალურ ბანკში არსებული ოფიციალური კურსის 417,90 აშშ დოლარის); შპს "პ-შ. ს–ოს" დაევალა შპს "პ-შ–სათვის" იჯარით გადაცემული ქონების გადაცემა 2015 წლის 24 დეკემბრის მოწყობილობის მიღება-ჩაბარების აქტისა და 2014 წლის 15 დეკემბრის #0-12/14 მოწყობილობის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. სარჩელი დანარჩენ ნაწილში უარყოფილ იქნა.
2. ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით (საქმე #910/15025/18) შპს "პ-შ.ს" განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს "პ-შ. ს–ოს" დაეკისრა შპს "პ-შ.ს" სასარგებლოდ პროცესუალური დოკუმენტების, სასარჩელო განცხადებებისა და მასზე მიმაგრებული დოკუმენტების მოპასუხისათვის თარგმნასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდა 5 655,62 გრივნას ოდენობით (რაც შესაბამისია სასამართლო გადაწყვეტილების დღეს უკრაინის ნაციონალურ ბანკში არსებული ოფიციალური კურსის - 241,58 აშშ დოლარის) და პროფესიული იურიდიული დახმარების ხარჯები 15 399, 10 გრივნა (რაც შესაბამისია სასამართლო გადაწყვეტილების დღეს უკრაინის ნაციონალურ ბანკში არსებული ოფიციალური კურსის - 655,24 აშშ დოლარის). დანარჩენ ნაწილში განცხადება უარყოფილ იქნა.
3. 3. შპს "პ.შ.მ" შუამდგომლობით მომართა ს–ოს უზენაეს სასამართლოს ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებისა (საქმე #910/15025/18) და ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილების (საქმე #910/15025/18) ს–ოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.
4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და ცნობების შესწავლით ირკვევა შემდეგი:
5. ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე შპს "პ-შ.ს" სარჩელზე შპს" პ-შ. ს–ოს" მიმართ 26 705,44 აშშ დოლარის დაკისრების თობაზე კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 03 იანვარს და ექვემდებარება აღსრულებას. ზემოაღნიშული გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება საქმეზე შპს "პ-შ.ს" სარჩელზე შპს" პ-შ. ს–ოს" მიმართ 26 705,44 აშშ დოლარის დაკისრების თობაზე კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 16 იანვარს და ექვემდებარება აღსრულებას. ზემოაღნიშული გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
6. საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული. შუამდგომლობა და თანდართული მასალები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც განესაზღვრა 5 დღის ვადა შუამდგომლობაზე თავისი წერილობითი მოსაზრების წარმოსადგენად. მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2020 წლის 18 დეკემბერს(იხ. ს.ფ. 61).
7. მოწინააღმდეგე მხარის შპს „პ-შ. ს–ოს ( ს/კ ....., მისამართი: ს–ო, თბილისი, ვაკე-საბურთალო, დიდი დიღომი, ......, ბინა 140) წარმომადგენელმა ნ.გ–ამ (დირექტორი) 2020 წლის 21 თებერვალს საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა წერილობითი მოსაზრება ( იხ. ს.ფ. 62-64) და მოითხოვა წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, „გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები.“
8. მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნა, რომ ქ. კიევის ეკონომიკურმა სასამართლომ საქმეზე ჩაატარა რამდენიმე სხდომა, რომელთა შესახებაც მხარე არ ყოფილა სათანადოდ ინფორმირებული - უწყება ჩაბარდა მას შემდეგ, რაც სხდომა უკვე ჩატარებული იყო. ასევე 2019 წლის 03 სექტემბრის განჩინებით სასამართლომ უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც მოპასუხე მხარე მოსარჩელისაგან ითხოვდა დოკუმენტების ორიგინალების წარმოდგენას ექსპერტიზის ჩასატარებლად, რაც არის გაუგონარი გადაწყვეტილება, ვინაიდან მოსარჩელე უთითებდა ამ დოკუმენტებზე და შესაბამისად, ორიგინალების წარმოდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
9. მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნავს, რომ ქ.კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებული იქნა მოპასუხის დაუსწრებლად, ისე, რომ მას არ მიეცა სხდომაზე დასწრების საშუალება, ასევე მოხდა სხვა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევები, კერძოდ, მხარეს არ მიეცა საშუალება სრულყოფილი მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში. რაც შეეხება დამატებით გადაწყვეტილებას, მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნავს, რომ იგი გამომდინარეობს ძირითადი გადაწყვეტილებიან, ამიტომაც მის შესახებ დეტალურად არ საუბრობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და საქმის მასალებს, მიიჩნევს, რომ შპა „პ.შ.ს“ -ს შუამდგომლობა ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილების ს–ოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით, ასევე, გასათვალისწინებელია „ნორმატიული აქტების შესახებ“ ს–ოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ (ძალაშია 1996 წლის 06 დეკემბრიდან), ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას საკასაციო პალატა დაეყრდნობა როგორც აღნიშნულ ხელშეკრულებას, აგრეთვე „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) მოწესრიგებას.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების მეორე განყოფილება, მე-40-45-ე მუხლები აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეთა შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების საკითხს. აღნიშნული ხელშეკრულების 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებათა აღსრულების ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება, ხოლო 42-ე მუხლის თანახმად კი, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს „მინსკის კონვენციის“ მე-3 თავზე, რომელიც აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში ეხება საიჯარო ქირის დავალიანების გადახდას და იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული ქონების დაბრუნებას.
18. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.
19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. (იხ. დამატებით: ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009.).
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს.
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბმისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ამის საპირისპდ, შესაბამისი უცხოური აქტის აღსასრულებლად გამოცხადება წარმოადგენს მისთვის მოქმედების უფლების მინიჭებას. ეს იმასთანაც არის დაკავშირებული, რომ თავისთავად ცნობას ნაკლებად მოაქვს მოვალისათვის უშუალო სამართლებრივი შედეგები. პირიქითაა აღსრულებადად გამოცხადების შემთხვევაში, რომელსაც ესაჭიროება ე.წ. სააღსრულებო -ექსეკუტორული (exequatur) პროცესი.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რომელიმე ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოქმედებდეს სხვა ქვეყანაში, თუ ამ უკანასკნელმა ის სცნო. მოახდინოს თუ არა სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ამასთან გადაწყვეტილების ცნობის დროს, ის არ უნდა შეიჭრას უცხო ქვეყნის სასამართლო კომპეტენციაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
23. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა, პირველ რიგში ემსახურება სამოქალაქო ბრუნვისა და მართლმსაჯულების საქმიანობის გამარტივებას. მოდავე მხარისათვის მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ ერთი ქვეყნის სასამართლოში შეტანილი სარჩელით ამოწუროს ყველა ის სადავო საკითხი, რომლითაც ის მოპასუხეს ედავება. თანამედროვე სამოქალაქო ბრუნვა იმდენად რთულია, რომ ხშირად სცილდება არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე ქვეყნის ფარგლებს. ამიტომ, ხშირად სასამართლო გადაწყვეტილებაც აღსრულებას რამდენიმე ქვეყანაში მოითხოვს. შესაბამისად, თუ რომელიმე უცხო ქვეყანა უარს იტყვის ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულებაზე, მოდავე მხარე იძულებული იქნება, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეიტანოს სარჩელი ამ ქვეყნის სასამართლოში, რაც დამატების დროსა და ხარჯებს მოითხოვს.
24. ევროპული დოქტრინის მიხედვით, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება წყვეტს კერძო სამართლებრივ დავას. ამასთან, აღნიშნული დავა გადაწყვეტილი უნდა იყოს ისეთ სასამართლო პროცესზე, რომელზედაც პროცესის მხარეებს თანაბრად ჰქონდათ მინიჭებული უფლებები, დაეცვათ, თავიანთი ინტერესები.
25. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი, სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპბების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, ს–ოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცერლდეს საქართველოში.
27. რადგან ორმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე „ მინსკის კონვენციას“ უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნიათ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით, ამიტომაც საკასციო პალატა იმსჯელებს „მინსკის კონვენციის“ და „ორმხრივი ხელშეკრულების“ საფუძველზე.
28. საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების 21-ე მუხლის თანახმად, „თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხელშეკრულების მონაწილე მხართა სასამართლოები კომპეტენტური არიან, განიხილონ სამოქალაქო საქმეები, თუ მოპასუხეს მათ ტერიტორიაზე გააჩნია საცხოვრებელი ადგილი. იურიდიულ პირთა მიმართ წარდგენილ სარჩელებზე ისინი კომპეტენტურნი არიან, თუ მოცემული მხარის ტერიტორიაზე არის იურიდიულ პირთა მმართველობის ორგანო, წარმომადგენლობა ან ფილიალი.
29. ამავე ხელშეკრულების 40-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე, ხოლო 42-ე მუხლის თანახმად კი, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება.
30. ამავე ხელშეკრულების 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება.
31. „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად და ჯეროვნი წესით არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება.
32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოთა მიერ სხვა ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე უარის თქმის საუკეთესო საშუალებად აღაირებულია დათქმა “საჯარო წესრიგის შესახებ”. კერძოდ, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა (აღიარება) არ უნდა ეწინააღმდეგეებოდეს ამღიარებელი სახელმწიფოს საჯარაო წესრიგს ანუ მის ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ( იხ. დამატებით: ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, თბილისი, 2021, გვ.115).
33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესის თაობაზე მოპასუხის ინფორმირებულობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი წინაპბაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით და, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).
34. სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპსაც (იხილეთ, რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no. 262). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხილეთ „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხილეთ „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხილეთ „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015).
35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო წესრიგი შეიძლება მოიცავდეს დავის როგორც მატერიალურ ( შინაარსობრივ) ასევე პროცესუალურ ნაწილს. პროცესუალური საჯარო წესრიგი ეხება სასამართლოში საქმის განხილვის პროცესს, ხოლო მატერიალური საჯარო წესრიგი კი დაკავშირებულია სასამართლო გადაწყვეტილების არსთან. პროცესულაური საჯაროო წესრიგის გამოხატულებას წარმოადგენს, სასამართლო დავაში მონაწილე მხარის უფლება, ინფორმირებული იყოს სასამართლო განხილვის შესახებ და მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.
36. პროცესულურ საჯარო წესრიგის დარღვევად, რაც შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი, მიიჩნევა ისეთი შემთხვევა, თუკი არსებობს მიზეზობრივი კავშირი ასეთ დარღვევასა და სასამართლო გადაწყვეტილების შინაარს შორის, ანუ თუკი მხარის საპროცესო უფლების დარღვევამ ზეგავლენა იქონია წაგებული მხარის ინტერესზე. „საჯარო წესრიგი“ (ordre public) გაიგივებულია „საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებთან.“ (იხ. ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება ს–ოში, თბ., 2009, გვ.57).
37. მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიის ფარგლებში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს განსახილველ შუამდგომლობაზე დართულ საქმეის მასალებზე, კერძოდ, საქმეში ( ს.ფ.25-29) განთავსებული ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2029 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მოპასუხე ( შპს „პ-შ. საქართველო“) საქმის განხილვის თაობაზე, ჯეროვნად იყო ინფორმირებული საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების მიხედვით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. მოპასუხემ წარადგინა წერილობითი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან ჯეროვნად იქნა შესრულებული მხარეთა შორის 2014 წლის 15 დეკემბრის # ო-12/14 იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოპასუხემ აგრეთვე მოითხოვა, რომ მოსარჩელისაგან გამოთხოვილი ყოფილიყო დოკუმენტების ორიგინალები და დანიშნულიყო ექსპერტიზა მოპასუხის ხელმოწერის ნამდვილობის დადგენის მიზნით. სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის განჩინებით, საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2019 წლის 01 ოქტომბერს და მოპასუხეს დაევალა წარმოედგინა წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ წერილობით შესაგებელსა და შუამდგომლობებში მითითებულ გარემოებებს. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე კომპანიის დირექტორის გამოცხადება, რათა მისგან მომხდარიყო ხელმოწერის ნიმუშის აღება ექსპერტიზის დასანიშნავად. სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით მოსამზადებელი სხდომა გადაინიშნა 2019 წლის 05 ნოემბერს იგივე მოქმედებების შესასრულებლად. მოსარჩელეს დაევალა წარედგინა სასამართლოსათვის დადგენილი წესით (სანოტარო ფორმით) ქართულ ენაზე თარგმნილი სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის განჩინება ორ ეგზემპლარად. მოსარჩელემ აღნიშნული ნათარგმი წარადგინა 2019 წლის 11 ოქტომბერს. 2019 წლის 05 ნოემბერს მოპასუხის წარმომადგენელი, რომელიც ჯეროვნად იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა დ ადგილის შესახებ, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც არაფერი აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. 2019 წლის 05 ნოემბრის განჩინებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. იმავე განჩიონებით საქმის მომზადება დამთავრებულად იქნა მიჩნეული და დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა 2019 წლის 28 ნოემბერს. მოპასუხის წარმომადგენელი, რომელიც დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, 2019 წლის 28 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. 2019 წლის 28 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე უკრაინის სამეურნეო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები, ხოლო იმავე კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, მოხდა სასამართლო სხდომების ტექნიკური საშუალებებით ფიქსაცია ( ჩაწერა). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს ნათლად განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. გადაწყვეტილების სრული ტექსტი შედგენილი იქნა 2019 წლის 11 დეკემბერს (იხ. ს.ფ.29).
38. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ ს–ოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ პასუხზე დართულ მასალებზე. მოპასუხეს არ წარმოუდგენია ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოების - მოპასუხე კანონით დადგენილი წესით ჯეროვნად იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ- საწინაარმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მისთვის 2019 წლის 05 ნოემბრის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ან 2019 წლის 28 ნოემბრის სასამართლოს მთავრი სხდომის - საქმის არსებითი განხილვის შესახებ, არ იყო ცნობილი კანონით დადგენილი წესით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მასალებით აგრეთვე დასტურდება, რომ მას 2019 წლის 18 დეკემბერს ჩაბარდა ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბერის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეს მიაჩნდა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, მას შეეძლო ეს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა გადაწყვეტილებაში აღნიშნული წესის შესაბამისად, რაც არ განუხორციელებია.
39. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
40. „მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პბები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პბები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების თაობაზე.
41. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს „მინსკის კონვენციის“ 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. ასევე დაცულია საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი წინაპბები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „მინსკის კონვენციის“ 51-ე, 53-ე და 54-ე მუხლებით, საქარველოსა და უკრაინას შორის „სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების“ 21-ე, მე-40-44-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "პ-შ–ს" შუამდგომლობა ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე #910/15025/18) და ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილების (საქმე #910/15025/18) ს–ოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ს–ოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე #910/15025/18, რომლითაც შპს "პ-შ. ს–ოს" (მისამართი: ს–ო, თბილისი, ვაკე-საბურთალო, დიდი დიღომი, ..... ქუჩა 6, ბინა 140, საიდენტიფიკაციო კოდი .....) შპს "პ.შ–ს" სასარგებლოდ (მისამართი: ქალაქი კიევი, ....., ბინა 264, საიდენტიფიკაციო კოდი 38473423) დაეკისრა ძირითადი ვალი 21 306,60 აშშ დოლარი, წლიური 3% 2 069,95 აშშ დოლარი, ჯარიმა 718,61 აშშ დოლარი, სასამართლოს ხარჯები 10 021,42 გრივნა (რაც შესაბამისია სასამართლო გადაწყვეტილების დღეს უკრაინის ნაციონალურ ბანკში არსებული ოფიციალური კურსის- 417,90 აშშ დოლარი); შპს "პ-შ. ს–ოს" დაევალა შპს "პ-შ.სათვის" იჯარით გადაცემული ქონების გადაცემა 2015 წლის 24 დეკემბრის მოწყობილობის მიღება-ჩაბარების აქტისა და 2014 წლის 15 დეკემბრის #0-12/14 მოწყობილობის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ს–ოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ქალაქ კიევის ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება (საქმე #910/15025/18), რომლითაც შპს "პ-შ. საქართველოს" დაეკისრა შპს "პ-შ.ს" სასარგებლოდ პროცესუალური დოკუმენტების, სასარჩელო განცხადებებისა და მასზე მიმაგრებული დოკუმენტების მოპასუხისათვის თარგმნასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდა 5 655,62 გრივნას ოდენობით (რაც შესაბამისია სასამართლო გადაწყვეტილების დღეს უკრაინის ნაციონალურ ბანკში არსებული ოფიციალური კურსის - 241,58 აშშ დოლარი) და პროფესიული იურიდიული დახმარების ხარჯები 15 399, 10 გრივნა (რაც შესაბამისია სასამართლო გადაწყვეტილების დღეს უკრაინის ნაციონალურ ბანკში არსებული ოფიციალური კურსის - 655,24 აშშ დოლარი).
4 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი