Facebook Twitter

საქმე №ა-1994-გან-9-2021 23 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა– ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – სს „ს.ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე– შპს ,,ს.ც–ი ,“ შპს „რ.ა–ი,“ შპს ,,ფ.ნ–ი,“ “ M. L.” (მ.ლ–ი),“ სს „რ.ა–ი,“ სს ,,ე.ი–ი“

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინების განმარტება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკისა და გირავნობის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ს.ბ–მა“ სარჩელი აღძრა მოპასუხეების – შპს ,,ს.ც–ი “, შპს ,,რ.ა–ის,“ შპს ,,ფ.ნ–ის,“ სს ,,ე.ი–ის,“ “ M. L.” (მ.ლ–ი) - ის და სს ,,რ.ა–ის“ მიმართ თანხის დაკისრების, იპოთეკისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით: სს „ს.ბ–ის“ სარჩელი შპს ,,ფ.ნ–ის,“ შპს ,,რ.ა–ის,“ სს ,,რ.ა–ისა“ და სს ,,ე.ი–სის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს „ს.ბ–ის სარჩელი M. L.-ს (მათადე ლმიტედი) და შპს ,,ს.ც–ი 2-ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა; შპს ,,ფ.ნ–ს,“ შპს ,,რ.ა–ს,“ სს ,,ე.ი–სა“ და სს ,,რ.ა–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2015 წლის 24 ივნისის N000102-000434-2891202 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 19 717 897,41 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 17 500 000 აშშ დოლარი, პროცენტი 2 180 977,96 აშშ დოლარი, ჯარიმა 36 919,45აშშ დოლარი; შპს ,,ფ.ნ–ს,“ შპს ,,რ.ა–ს,“ სს ,,ე.ი–სა“ და სს ,,რ.ა–ს“ სს ,,ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელის შემტანიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან, 2015 წლის 24 ივნისის N000102-000434-2891202 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 17 500 000 აშშ დოლარზე, 2018 წლის 19 თებერვლამდე, წლიური 12,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 5 993,15 აშშ დოლარს; შპს ,,ფ.ნ–ს,“ შპს ,,რ.ა–ს,“ სს ,,ე.ი–სა“ და სს ,,რ.ა–ს“ სს „ს.ბ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელის შეტანიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან, 2015 წლის 24 ივნისის N000102-000434-2891202 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 17 500 000 აშშ დოლარზე, 2018 წლის 19 თებერვლამდე, წლიური 25% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 11986,30 აშშ დოლარს; შპს ,,რ.ა–ის“ პასუხისმგებლობა თანხის დაკისრების ნაწილში, განისაზღვრა 2 500 000 აშშ დოლარით; თანხის დაკისრების ნაწილში დადგინდა, გადაწყვეტილების მიქცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „ს.ბ–მა,“ შპს „რ.ა–მა“ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სს „ს.ბ–მა,“ შპს „რ.ა–მა“ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სს „ს.ბ–ისა“ და შპს „რ.ა–ის“ საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

2021 წლის 19 აპრილს სს „ს.„ბ–მა“ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინების განმარტება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს.ბ–ის“ განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას ადგენს სსსკ-ის 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, საქმეში მონაწილე მხარეებს ან აღმასრულებელს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ 2019 წლის 04 დეკემბრის განჩინებით მართალია შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების მოტივაცია, თუმცა ძალაში დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო და არა საქართველოს უზენაესი სასმართლო. „გადაწყვეტილების განმარტებას კი ახდენს ის სასამართლო, რომელმაც იგი გამოიტანა“ ( იხ: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ.375).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არაა უფლებამოსილი, იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების შინაარსობრივ მხარეზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასაამრთლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 275-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.ბ–ის“ განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. განმცხადებელს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი განცხადებაზე დართული დოკუმენტები 432 ფურცლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე