საქმე №ას-389-2021 14 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ნ.ზ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.დ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.დ–ამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ზ–ისა და თ.ჩ–ძის (შემდგომ – მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა: თ.ჩ–ძის და ნ.ზ–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა; 2015 წლის 21 აგვისტოს გაფორმებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის ოქტომბერში ბინა ქირით გადასცა ს.ფ–ს. 2015 წლის 18 თებერვალს, ელექტრონული კომუნიკაციის საშულებით ნოტარიუსმა გასცა ყალბი მინდობილობა თ.ჩ–ძის სახელზე, რომლითაც ამ უკანასკნელს მიენიჭა უფლება, სადავო უძრავი ნივთი ნ.ზ–ის სასარგებლოდ დაეტვირთა იპოთეკით.
3. მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულება გაფორმებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი და ქონება გამოთხოვილ იქნეს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. 2020 წლის 2 სექტემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
6. განმცხადებელმა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტები და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას სასამართლოსთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობდა გამოძიება ს.ფ–ის, ი.ბ–ძის, ს.უ–ძისა და დ.ქ–ას მიმართ ყალბი მინდობილობების (მათ შორის, მ.დ–ას სახელით 2015 წლის 18 თებერვალს თ.ჩ–ძეზე გაცემული №150156759 მინდობილობის) დამზადებისა და გამოყენების საშუალებით მ.დ–ას კუთვნილ ბინაზე ქონებრივი უფლებების მოტყუებით მიღების ფაქტზე, სადაც მ.დ–ა დაზარალებულად იქნა ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დადგინდა ისეთი გარემოებები, რომელთა არსებობაც გამოიწვევდა მ.დ–ას სარჩელის დაკმაყოფილებას. კერძოდ, დადგინდა მ.დ–ას სახელით თ.ჩ–ძის სახელზე 2015 წლის 18 თებერვალს გაცემული №150156759 მინდობილობის სიყალბე. განაჩენის შეცვლის მოთხოვნით შეტანილი საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით არ იქნა დაშვებული განსახილველად.
7. მ.დ–ას სარჩელს საფუძვლად ედო ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელის სახელით თ.ჩ–ძეზე 2015 წლის 18 თებერვალს გაცემული №150156759 მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს მიენიჭა სადავო ბინის ნ.ზ–ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის უფლება, არის სადავოდ გამხდარი. მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 21 აგვისტოს სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება გაფორმდა არაუფლებამოსილი პირის მიერ. შესაბამისად, მითითებული გარიგება არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს და არც ნ.ზ–ს ჰქონდა უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.
8. განმცხადებლის განმარტებით, ნ.ზ–ის მიერ სადავო ბინის ფლობის მართლზომიერების განმსაზღვრელია თ.ჩ–ძის სახელზე 2015 წლის 18 თებერვალს გაცემული №150156759 მინდობილობა. სწორედ, ამ მინდობილობის საფუძველზე გაფორმდა 2015 წლის 21 აგვისტოს სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ნ.ზ–ის (იპოთეკარი) მიერ თ.ჩ–ძისთვის (მსესხებელი) მიცემული სესხის – 35 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა მ.დ–ას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი დადგა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამდენად, საქმის განხილვისას სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა სადავო ბინასთან მიმართებით კეთილსინდისიერი მფლობელისა (ნ.ზ–ის) და მესაკუთრის (მ.დ–ას) უფლებებს შორის უპირატეს უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით დადგენილი 2015 წლის 18 თებერვალს თ.ჩ–ძეზე გაცემული №150156759 მინდობილობის სიყალბის ფაქტი რელევანტურია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებულ იურიდიულ და ფაქტობრივ დასაბუთებასთან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მ.დ–ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა, რაზეც მხარემ შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში.
10. დადგინდა, რომ ნოტარიუს ი.ხ–ის მიერ 2018 წლის 19 დეკემბერს წელს გაცემული №181532710 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულია №A18182945 სააღსრულებო წარმოება, სადაც კრედიტორია ნ.ზ–ლი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 129.67 ლარი და 35 000 აშშ დოლარი. ვალდებულების ნებაყოფილობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანხის ამოღების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცევა იპოთეკის საგანი, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ.დ–ს სახელზე.
განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. 2021 წლის 16 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ.დ–ამ, რომლითაც მოითხოვა ნოტარიუს ი.ხ–ის მიერ 2018 წლის 19 დეკემბერს გაცემული №181532710 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A18182945 სააღსრულებო წარმოების შეჩერება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა, შეჩერდა ნოტარიუს ი.ხ–ის მიერ 2018 წლის 19 დეკემბერს გაცემული №181532710 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A18182945 მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მი.ნია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და ასევე მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მი.ნშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის – მოსარჩელისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.
14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზემოხსენებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველია ამ სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გართულება ან ასეთი აღსრულების შეუძლებლობა, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გატარების აუცილებლობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ინსტიტუტი თავისი არსით ემსახურება მოსარჩელის უფლებების დაცვას და მისი გამოყენების მი.ნია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. გარდა ამისა, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის დანიშნულებაა სასამართლოს მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალური და სრული შესრულების უზრუნველყოფა. პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე - მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას.
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას, მაგალითად, საქმეში - შპს „ი.“ და მ–ძე საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლო შეახსენებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ილუზორული იქნებოდა, თუკი კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა იმას, რომ სასამართლოს საბოლოო, სავალდებულო გადაწყვეტილება დარჩებოდა აღუსრულებელი ერთი მხარის საზიანოდ (იხ. ზემოაღნიშნული Hornsby, §40) სასამართლო იმეორებს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40).
16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე №ა-3811-ბ-9-2018 (31.01.2019წ), „საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვისას პირის უფლებადამცავ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 432-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო ტ.ე–ძის სახელზე, შესაბამისად, ხსენებული ნორმა, თეორიული თვალსაზრისით, ვერ მოახდენდა მ.გ–ძის უფლების დაცვას. ამ საფუძვლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის შეფასება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის ფარგლებში.“
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა გულისხმობს იმგვარ ღონისძიებათა მიღებას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გარანტირებულს გახდის სასარჩელო მოთხოვნათა რეალიზაციას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა უნდა შეეხებოდეს თავად დავის საგანს და უნდა ემსახურებოდეს მოსარჩელის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხს სასამართლო წყვეტს სწორედ სასარჩელო მოთხოვნის ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით, ასევე იმ იურიდიული ინტერესის მხედველობაში მიღებით, რაც გააჩნია მოსარჩელეს სარჩელის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განცხადების დაუკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება მ.დ–ას საკუთრების უფლების რეალიზაცია და ფაქტობრივად აზრს დაკარგავს დავა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობისა და ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.
18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, სარჩელის უზრუნველყოფის არარსებობის პირობებში, განცხადების (გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ), ხოლო შემდგომ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებას არ მოყვება რეალური შედეგი, ვინაიდან უძრავი ნივთი რეალიზებულ იქნება აუქციონზე. აღნიშნულით კი გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება დადგეს მესაკუთრისათვის. შესაბამისად, ერთადერთი გზა განმცხადებლის უფლებების დასაცავად სწორედ სადავო ქონებაზე საპროცესო სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენებაა.
19. მოსარჩელის მოთხოვნების აღსრულების მიზნებისათვის პროცედურული ღონისძიებების, მათ შორის, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სახელმწიფოს ვალდებულებადაც აცხადებს. საქმეში JGK STATYBA LTD AND GUSELNIKOVAS v. LITHUANIA, 2013 სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ ყადაღის ბრძანება, რომელიც იყო დროებითი და პრევენციული ხასიათის, მიმართული იყო, რათა უზრუნველეყო მოსარჩელის სარჩელის აღსრულება. მისი მიზანი იყო აღმოეფხვრა ის რისკები, რომლებიც აფერხებდა ან ხელს უშლიდა კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ სამართალწარმოების სათანადოდ განხორციელება. სახელმწიფოს ვალდებულება უზრუნველყოს სასამართლო სამართალწარმოების სათანადოდ განხორციელება, მათ შორის, მოსარჩელის მოთხოვნების აღსრულება, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. სასამართლო მიუთითებს, რომ ქონების დროებითი დაყადაღება, შეესაბამება საზოგადოების ინტერესს, თუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს კრედიტორის დაკმაყოფილება.
20. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა, როდესაც სახეზეა მისი გამოყენებისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, უზღუდავს მხარეს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას და ქმნის უფლების მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე აღიარების საფრთხეს, რითაც საბოლოოდ ხელყოფს მართლმსაჯულების განხორციელების მიზნებს და არღვევს სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებულ სამართალწარმოების ეფექტურობის ვალდებულებას. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღუსრულებლობისგან დაცვა წარმოადგენს ლეგიტიმურ საჯარო მიზანს და გამომდინარეობს ეფექტური მართლმსაჯულების კონსტიტუციური უფლებიდან. მართლმსაჯულება ჯეროვნად ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა სასამართლო დავაში წარმატებულ მხარეს პრაქტიკულად და ხელშესახებად ეძლევა სასამართლო გადაწყვეტილების ფურცლებზე დეკლარირებული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა.
21. სააპელაციო პალატამ უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობის შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები საკმარისი საფუძველია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემსახურება არა მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ იმ მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებასაც, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობით მხარეს (მოსარჩელეს) შეიძლება მიადგეს.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ.ზ–მა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
23. საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ შუამდგომლობა განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, რის თაობაზეც შუამდგომლობის ავტორს ეცნობა წინა დღით ისე, რომ არ მიეწოდათ საქმის მასალები. ამდენად, საჩივრის ავტორს არ მიეცა შესაძლებლობა, წინასწარ გაცნობოდა მასალებს, რაც იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ზეპირი განხილვა ფორმალურად იქნა ჩანიშნული. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება №2/239071-2016 საქმეზე არ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მინდობილობა იყო გაყალბებული. მეტიც, საჩივრის ავტორის მკაფიო პოზიცია ყოველთვის ეფუძნება იმას, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, იყო მინდობილობა გაყალბებული თუ არა, რაც გაიზიარა კიდეც სასამართლომ და ასახა გადაწყვეტილებაში. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენი, არ შეიძლება განხილულ იქნეს ახლად აღმოჩენილ გარემოებად და მტკიცებულებად, რომელიც აკმაყოფილებს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იმისათვის რომ გაუქმდეს გადაწყვეტილება და განახლდეს საქმის წარმოება, რაც მნიშვნელოვანია იმაზე მსჯელობისას, უნდა გამოეყენებინა თუ არა სააპელაციო სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიება.
24. სააპლაციო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენა განცხადებაზე და არა სარჩელზე, იხელმძღვანელა სსკ-ის 191-199-ე მუხლებით და გვერდი აუარა ამავე კოდექსის 432-ე მუხლის დანაწესს, რითაც კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა.
25. საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა რიგი გარემოებები, რამაც გამოიწვია უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინების მიღება, კერძოდ: 1. შუამდგომლობის ავტორი ითხოვდა სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერებას, ხოლო სასამართლომ თავისი ინიციატივით მიიღო განჩინება სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ. სააღსრულებო წარმოება მოიცავს აღსრულების ყველა ეტაპს, მათ შორის, ქონების აუქციონზე რეალიზაციის შემდეგ პროცედურებსაც, მაგ: განკარგულების გაცემა, თანხის ჩარიცხვა და ა. შ. მაშინ, როდესაც სააღსრულებო ფურცელი ასრულებს მოქმედებას იძულებითი აუქციონის წარმატებით დასრულების შემდეგ. ამ შემთხვევაში, იძულებითი აუქციონი დასრულდა წარმატებით, ანუ აუქციონზე დაფიქსირდა ბიჯი და ქონება გაიყიდა. ამ ფაქტის შემდეგ იქნა წარდგენილი სასამართლოს განჩინება აღსრულების ეროვნულ ბიუროში და აღსრულების პროცესის გაჩერება გამოიწვია სწორედ იმან, რომ სასამართლომ თავისი ინიციატივით მოახდინა შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნის ტრანსფორმაცია სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერებიდან სააღსრულებო წარმოების შეჩერებაზე, რითაც უხეშად დაარღვია საპროცესო კანონდებლობა, შეჯიბრებითობის პრინციპი, პროცესში მხარეთა თანასწორობა და ა. შ; 2. შუამდგომლობის ავტორის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედება ან/და აღმასრულებლის რაიმე მოქმედება, არც აუქციონის დანიშვნის გადაწყვეტილება. ამდენად, გასაჩივრებული არ ყოფილა ის დოკუმენტი, რომელის საფუძველზეც მიმდინარეობდა აღსრულება; 3. გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის არც ერთი წინადადება, რომელიც ასახავდა საჩივრის ავტორის პოზიციას და სამართლებრივ არგუმენტს; 4. განჩინებაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა სამწუხაროა, რომ სასამართლო ამ დასკვნამდე მივიდა შეჯიბრებითობის და პროცესში მხარეთა თანასწორობის პრონციპის უხეში დარღვევით.
26. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიმართ პრეზუმირებულად უნდა ჩაითვალოს, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს, სანამ გაუქმების მსურველი მხარე ამას სარწმუნოდ არ დაასაბუთებს. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული „პრეზუმფცია“ შეაბრუნა, როდესაც დააკმაყოფილა უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან ასეთი ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო ასევე აფასებს იმასაც, თუ რამდენად სავარაუდოა წარმოების განახლების შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღების მიღმა დატოვა და არ იმსჯელა იმაზე, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს განჩინებით კეთილსინდისიერ იპოთეკარ ნ.ზ–ს.
27. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სსსკ-ის 432-ე მუხლის შინაარსზე. განმცხადებელს არ წარმოუდგენია არანაირი გარანტია და, მხარის მითითების მიუხედავად, სასამართლოს აღნიშნულზე არ უმსჯელია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლომ რამდენჯერმე სცადა განმცხადებლისაგან მიეღო დაზუსტებული პოზიცია, რა სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, იყო საუბარი სარჩელის უზრუნველყოფაზე და აპელირებდა სსსკ-ის 191-199 მუხლების გამოყენებაზე, თუ ითხოვდა ამავე კოდექსის 432-ე მუხლის გამოყენებას, რაზეც დაზუსტებული პასუხი ვერ მიიღო, თუმცა საბოლოოდ, განმცხადებლის მიერ დაშვებული შეცდომები განჩინებით გასწორდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღების მიღმა დატოვა ფაქტი, რომ საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელზეც უთითებს განმცხადებელი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი და, შესაბამისად, დაუშვებელია ამ ნორმის საფუძველზე გადაწყვეტლების გაუქმება და საქმის განახლება. სასამართლომ არ გაითვალისწინა და არც დასაბუთებულ განჩინებაში წარადგინა პოზიცია, თუ რატომ არ გაითვალისწინა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. იმის თაობაზე, რომ იძულებითი აუქციონი უკვე მიმდინარეობდა, უტყუარად იყო ცნობილი სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
28. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით ნ.ზ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე №ა-3811-ბ-9-2018 (31.01.2019წ) და კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ.დ–ას სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კი საქმე სასამართლოს წარმოებაშია. ამდენად, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 432-ე მუხლი ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის (განმცხადებლის, კერძო საჩივრის ავტორის) უფლების დაცვას, შესაბამისად, მ.დ–ას შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 191-199-ე მუხლებით და დააკმაყოფილა შუამდგომლობა, ვინაიდან მიიჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენდა კრედიტორის ინტერესის დაცვის ეფექტურ საშუალებას.
30. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასება, რამდენად იყო სავარაუდო საქმის წარმოების განახლება. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების შესახებ ემყარება კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დაემყარა ვარაუდს, რომ შესაძლოა განახლდეს საქმის წარმოება და სარჩელი დაკმაყოფილდეს. მოცემული ნორმის (სსსკ-ის 191-ე მუხლი) დანაწესიდან არ გამომდინარეობს დასკვნა იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფის ეტაპზე შემოწმდეს სარჩელის (განცხადების) საფუძვლიანობა. სასამართლო შუამდგომლობის განხილვისას მოქმედებს ვარაუდის ფარგლებში. სასამართლოს ვარაუდი, სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შესახებ, უნდა ემყარებოდეს არა მტკიცებულებათა კვლევას, არამედ შემოწმებას, რამდენად აქვს მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 05 თებერვლის განჩინება, საქმე №ას-16-354-09). ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების შესახებ ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაშიც, სააპელაციო პალატამ მიუთითა უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგია ის, რომ იგი სავალდებულოა, მას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას, მათ შორისაა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის კონსტიტუციურობა არ დამდგარა ეჭვქვეშ, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა თუ მტკიცებულების არსებობისა და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში „a priori“ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა, მიუხედავად იმისა შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება უნდა დაეფუძნოს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ სხვაგვარად მოაწესრიგებს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით მიზნად ისახავს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებით არ დაზიანდეს და საფრთხე არ შეექმნას სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში არსებულ მაღალ ნდობას (სუსგ №ა-5539-ა-7-2020. 21/10/2020).
31. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70.1 მუხლით, რომლის თანახმად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა (არც საჩივარს ერთვის შესაბამისი მტკიცებულება).
32. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობის ავტორმა დაასაბუთა უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოთხოვნის წარმატებულობა, რის საფუძველზეც პალატამ გაიზიარა შუამდგომლობის ავტორის მტკიცება უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე და დააკმაყოფილა იგი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სათანადო საფუძველი, რათა მიჩნეულ იქნეს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არ შეესაბამება სარჩელის მიზნებს და სხვაგვარად შეიძლება კრედიტორის ინტერესების დაცვა.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნოს ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
35. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის მიერ შეტანილი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო წარმოების შეჩერების კანონიერება.
36. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ.დ–ას სარჩელი ნ.ზ–ისა და თ.ჩ–ძის მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, ასევე, სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
37. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
38. განცხადება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დადგინდა ისეთი გარემოებები, რომელთა არსებობაც გამოიწვევდა მ.დ–ას სარჩელის დაკმაყოფილებას. კერძოდ, დადგინდა მ.დ–ას სახელით თ.ჩ–ძის სახელზე 2015 წლის 18 თებერვალს გაცემული №150156759 მინდობილობის სიყალბე.
39. მითითებული განცხადება პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა და ამჟამად დასახლებული განჩინების კანონიერების საკითხი მოსარჩელის კერძო საჩივრის საფუძველზე იხილება სააპელაციო პალატის მიერ.
40. საჩივრის ავტორის პრეტენზია ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო პალატამ გვერდი აუარა სსსკ-ის 432-ე მუხლის დანაწესს (საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს), მოსარჩელის მოთხოვნა შეაფასა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების უზრუნველყოფის მოთხოვნად და იხელმძრვანელა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მარეგულირებელი ნორმებით.
41. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 432-ე მუხლი ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვას, შესაბამისად, ასეთ პირობებში მართებულია სსსკ-ის 425-ე მუხლის გამოყენება, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
42. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
43. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
44. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მი.ნს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
45. სარჩელისა თუ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
46. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას. (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.
47. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
48. „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე: №1/2/466.). „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე: №3/1/512.).
49. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე (შდრ. Beck’sche Kurz-Kommentare Band1, Zivilprozessordnung mit Gerichtsverfassungsgesetz und anderen Nebengesetzen. Begründet von Dr. Adolf Baumbach, Professor Dr. Wolfgang Lauterbach, Dr. Jan Albers, Dr. Dr. Peter Hartmann. Verlag C.H. Beck ,München 2003, 2375.).
50. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო არსებითად არ განიხილავს დავის დასრულების პერსპექტივას და საუბარია მხოლოდ სავარაუდო შედეგის განსაზღვრაზე. ასეთ დროს მნიშვნელოვანია იმ ზიანის თავიდან აცილება, რაც ამა თუ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით შეიძლება დადგეს.
51. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილი უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი თავის თავში მოაიზრებს არა მხარის ფორმალურ უფლებას, მიმართოს სასამართლოს, არამედ წარმოადგენს მართლმსაჯულების აქტით, დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის იმგვარ რეალურ გარანტიას, რასაც შესაბამისი შედეგი უნდა მოჰყვეს. სასამართლო გადაწყვეტილების უმთავრესი ფუნქცია ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის სისრულეში მოყვანა და ამ გზით მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლმსაჯულების როლი ფორმალური გახდება. თავის მხრივ, სასამართლო ვალდებულია, გადაწყვეტილების გამოტანისას შეფასება მისცეს იმ საკითხსაც, ობიექტურად რამდენად შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარმართვა.
52. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმით, სამომავლოდ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებას არ მოჰყვება რეალური შედეგი, ვინაიდან უძრავი ნივთი რეალიზებულ იქნება აუქციონზე, რამაც გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიაყენოს მესაკუთრეს. შესაბამისად, ერთადერთი გზა განმცხადებლის უფლებების დასაცავად სწორედ სადავო ქონებაზე საპროცესო სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენებაა.
53. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივ წინაპირობებს. ასეთად ვერ შეფასდება საჩივრის ავტორის მითითება ვერც საქმის განხილვის შესახებ მისთვის დროულად შეუტყობინებლობის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის თაობაზე. შესაბამისად, საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ზ–ი საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე