საქმე №ას-60-2021 24 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ზამბახიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ნ.ქ–ძე, მ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ი.ბ.ს–ო“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ნ.ქ–ძის და მ.კ–ძის განცხადება საჩივრის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. განჩინებაზე საჩივარი შეიტანეს ნ.ქ–ძემ და მ.კ–ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
3. სააპელაციო სასამართლომ იხელძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე , 35612-ე, 372-ე , 374-ე, 390-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად მისი წარდგენის ვადის დარღვევის მოტივით, ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ნ.ქ–ძის და მ.კ–ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო წარდგენილი საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ საქმე №ას-470-438-2017, 2 ივნისი, 2017 წელი, საქმე №ას-299-284-206, 22 აპრილი, 2016 წელი).
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
7. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
8. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნათ ნ.ქ–ძეს და მ.კ–ძეს და ჩაბარდათ 2020 წლის 29 ოქტომბერს. კერძოდ, მ.კ–ძისათვის გაგზავნილი განჩინება ჩაბარდა ოჯახის წევრს - ვ.ა–ძეს, ხოლო ნ.ქ–ძისათვის გაგზავნილი განჩინება - შპს „ტ.ბ–ის“ თანამშრომელს - გ.შ–ძეს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრების 5 დღიანი ვადის ათვლა მხარეებისთვის დაიწყო 2020 წლის 30 ოქტომბრიდან, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული საპროცესო ვადა ამოიწურა 2020 წლის 3 ნოემბერს. შესაბამისად, ნ.ქ–ძეს და მ.კ–ძეს საჩივარი უნდა წარმოედგინათ 2020 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებას, რომ საჩივარი ფოსტის მეშვეობით შემოტანილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 6 ნოემბერს. საფოსტო კონვერტზე არსებული ბეჭდით კი ირკვევა, რომ საჩივარი ბათუმის ფოსტას ჩაბარდა 2020 წლის 5 ნოემბერს. ყურადსაღებია ასევე ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ასლიდან ირკვევა, რომ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2020 წლის 4 ნოემბერს, განჩინების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
11. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრის განხილვისას, საჩივარზე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც მხარე ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საჩივარი დაუშვებლად მართებულად ცნო იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ქ–ძისა და მ.კ–ძის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ზამბახიძე
ვ. კაკაბაძე