Facebook Twitter

საქმე №ას-375-2020 3 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ს.მ–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.შ–ძე, ე.ჩ–ძე, გ.ლ–ძე, ე.ბ–ი, ნ.ჯ–ი, კ.შ–ა, ნ.ლ–ი, დ.ხ–ი, ლ.მ–ი, დ.ქ–ი, მ.ა–ა, თ.ჩ–ძე, თ.გ–ა, თ.ქ–ძე, ი.ხ–ი, გ.დ–ი, გ.ჟ–ძე, გ.ხ–ძე, ლ.კ–ძე, ნ.ვ–ძე, ა.ქ–ი, ბ.ბ–ძე, დ.ჯ–ა, ე.კ–ი, ს.ჭ–ი, ე.გ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, ხელფასის გადახდა, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბ.შ–ძე, ე.ჩ–ძე, გ.ლ–ძე, ე.ბ–ი, ნ.ჯ–ი, კ.შ–ა, ნ.ლ–ი, დ.ხ–ი, ლ.მ–ი, დ.ქ–ი, მ.ა–ა, თ.ჩ–ძე, თ.გ–ა, თ.ქ–ძე, ი.ხ–ი, გ.დ–ი, გ.ჟ–ძე, გ.ხ–ძე, ლ.კ–ძე, ნ.ვ–ძე, ა.ქ–ი, ბ.ბ–ძე, დ.ჯ–ა, ე.კ–ი, ს.ჭ–ი და ე.გ–ი (შემდგომში „დასაქმებულები“ ან „მოსარჩელეები“) სხვადასხვა პოზიციებზე იყვნენ დასაქმებული (გადაცემებში „ს.დ–ა“ და „ბ.კ–ი“) შპს „ს.მ–ოში“ (შემდგომში „დამსაქმებელი“, „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“).

2. 2014 წელს მხარეთა შორის გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომელთა ვადის გასვლის შემდეგ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა უვადოდ.

3. დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრა შემდეგნაირად: ბ.შ–ძის - 950 ლარი, ე.ჩ–ძის - 1000 ლარი, გ.ლ–ძის - 2000 ლარი, ე.ბ–ის - 4 000 ლარი, ნ.ჯ–ის - 300 ლარი, კ.შ–ას - 1200 ლარი, ნ.ლ–ის - 1000 ლარი, დ.ხ–ის - 1100 ლარი, ლ.მ–ის - 800 ლარი, დ.ქ–ის - 4000 ლარი, მ.ა–ას - 500 ლარი, თ.ჩ–ძის - 1000 ლარი, თ.გ–ას - 1600 ლარი, თ.ქ–ძის - 2000 ლარი, ი.ხ–ის - 1100 ლარი, გ.დ–ის - 1100 ლარი, გ.ჟ–ძის - 1100 ლარი, გ.ხ–ძის - 1100 ლარს, ლ.კ–ძის - 1700 ლარი, ნ.ვ–ძის - 2000 ლარი, ა.ქ–ის - 1000 ლარი, ბ.ბ–ძის - 2000 ლარი, დ.ჯ–ას - 1000 ლარი, ე.კ–ის - 2000 ლარი, ს.ჭ–ის - 1200 ლარი, ე.გ–ის - 1000 ლარი.

4. 2016 წლის 2 ივნისს დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანება დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ.

5. 2016 წლის 3 ივნისს დასაქმებულებმა შეჩერებული შრომითი ურთიერთობის აღდგენისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს დამსაქმებელს, ასევე მოითხოვეს შრომითი ხელშეკრულების 30 კალენდარული დღის შემდგომ შეწყვეტა.

6. 2016 წლის 6 ივნისის ბრძანებით დამსაქმებელმა დასაქმებულებთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა და ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძვლად მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმება დაასახელა.

7. დასაქმებულებს, დ.ქ–ის გარდა, არ მიუღიათ 2016 წლის მაისის თვის ხელფასი.

8. მოპასუხე კომპანიაში გადაცემები „ს.დ–ა“ და „ბ.კ–ი“ აღარ არსებობს, შესაბამისად, გაუქმებულია მოსარჩელეთა მიერ დაკავებული თანამდებობები.

9. მოსარჩელეთა მოთხოვნა

9.1. სამუშაოდან გათავისუფლებულმა დასაქმებულებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში დამსაქმებლის მიმართ და მოითხოვეს გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, ასევე ხელფასის გადახდა, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება.

9.2. მოსარჩელეთა განცხადებით, ისინი სხვადასხვა პოზიციებზე უვადოდ იყვნენ დასაქმებული მოპასუხე კომპანიაში გადაცემებში „ს.დ–ა“ და „ბ.კ–ი“.

9.3. 2016 წლის 31 მაისს მოპასუხემ სამსახურიდან გაათავისუფლა გადაცემა „ს.დ–ის“ ავტორი გ.ი–ძე, რამაც მოსარჩელეთა განაწყენება გამოიწვია, თუმცა, ისინი კვლავ აგრძელებდნენ მუშაობას. მათ შეიტყვეს, რომ კომპანიის დირექტორის ბრძანებით შეუჩერდათ შრომითი ხელშეკრულება და შეჩერების საფუძვლად მიეთითა თანამშრომელთა გაფიცვა. მოსარჩელეებმა მიმართეს დამსაქმებელს და 2016 წლის 3 ივნისიდან მოითხოვეს შეჩერებული შრომითი ურთიერთობის აღდგენა, ვინაიდან არ იყვნენ გაფიცულები. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ნებართვა. აღნიშნულ წერილზე მოპასუხეს რეაგირება არ მოუხდენია და მან თავისი ინიციატივით, 30 კალენდარული დღის გასვლამდე, 2016 წლის 6 ივნისის ბრძანებების საფუძველზე, მოსარჩელეებთან შეწყვიტა შრომითი კონტრაქტები.

9.4. მოსარჩელეთა აზრით, ისინი სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლდნენ, რაც გაცემული ბრძანებების ბათილად ცნობისა და წარდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.

10. მოპასუხის პოზიცია

10.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 1 ივნისს მაესტროს ეთერში გაჟღერდა მოსარჩელეთა განცხადება გ.ი–ძის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნისა და წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურის დატოვების შესახებ. ვინაიდან, კომპანია არ აპირებდა გ.ი–ძის სამსახურში აღდგენას, მან კანონიერად შეწყვიტა შრომითი კონტრაქტები მოსარჩელეთა სურვილის (ურთიერთშეთანხმების)შესაბამისად.

13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

12. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ კომპენსაციის, სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდა დაევალა შემდეგი სახით: ბ.შ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის - 11 400 ლარის, სახელფასო დავალიანების - 950 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 950 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ე.ჩ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის - 12 000 ლარის, სახელფასო დავალიანების - 1000 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1000 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გ.ლ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის - 24 000 ლარის, სახელფასო დავალიანების - 2000 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2000 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ე.ბ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის - 24 000 ლარის, სახელფასო დავალიანების - 2000 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2000 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ნ.ჯ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის - 3 600 ლარის, სახელფასო დავალიანების - 300 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 300 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; კ.შ–ას სასარგებლოდ კომპენსაციის - 14 400 ლარის, სახელფასო დავალიანების - 1 200 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 200 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ნ.ლ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის - 12 000 ლარის, სახელფასო დავალიანების - 1000 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1000 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დ.ხ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის - 13 200 ლარის, სახელფასო დავალიანების - 1 100 ლარის, პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1100 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ლ.მ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის - 9 600 ლარის, სახელფასო დავალიანების - 800 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 800 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დ.ქ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის - 48 000 ლარის; მ.ა–ას სასარგებლოდ კომპენსაციის - 6000 ლარის, სახელფასო დავალიანების - 500 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; თ.ჩ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის - 12 000 ლარის, სახელფასო დავალიანების - 1000 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1000 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; თ.გ–ას სასარგებლოდ კომპენსაციის - 19 200 ლარის, სახელფასო დავალიანების - 1 600 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 600 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; თ.ქ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის - 24 000 ლარის, სახელფასო დავალიანების - 2000 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2000 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ი.ხ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის - 13 200 ლარის, სახელფასო დავალიანების - 1 100 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 100 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გ.დ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის - 13 200 ლარის, სახელფასო დავალიანების 1 100 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 100 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გ.ჟ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის - 13 200 ლარის, სახელფასო დავალიანების 1 100 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 100 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გ.ხ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის - 13 200 ლარის, სახელფასო დავალიანების - 1 100 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 100 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ლ.კ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის - 20 400 ლარის, სახელფასო დავალიანების - 1 700 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 700 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ნ.ვ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის - 24 000 ლარის, სახელფასო დავალიანების - 2000 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2000 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ა.ქ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის - 12 000 ლარის, სახელფასო დავალიანების -1000 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1000 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ბ.ბ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის - 24 000 ლარის, სახელფასო დავალიანების 2000 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2000 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დ.ჯ–ას სასარგებლოდ კომპენსაციის - 12 000 ლარის, სახელფასო დავალიანების - 1000 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1000 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ე.კ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის - 24 000 ლარის, სახელფასო დავალიანების 2000 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1200 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ს.ჭ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის - 14 400 ლარის, სახელფასო დავალიანების 1200 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1200 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ე.გ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის - 12 000 ლარის, სახელფასო დავალიანების 1000 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1000 ლარის 0,07% 2016 წლის 20 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

14. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

14.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

15. მოსარჩელეთა შეგებებული სააპელაციო საჩივარი

15.1. გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ასევე მოსარჩელეთა შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

16.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე სამუშაოს დატოვება. მოსარჩელეთა მიერ მოპასუხისთვის წაყენებული პირობა, რომ გ.ი–ძის სამუშაოზე დაუბრუნებლობის შემთხვევაში დატოვებდნენ სამსახურს, დამსაქმებელმა აღიქვა, როგორც მოსარჩელეთა მიმართვა მოპასუხისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

16.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის მე-2 მუხლით, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ასევე სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით, შეაფასა მოსარჩელეთა 2016 წლის 3 ივნისის წერილის შინაარსი და აღნიშნა, რომ როგორც მითითებული წერილით დგინდება, მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენდა შეჩერებული შრომითი ურთიერთობის აღდგენა და მოპასუხის მიერ მათთვის შეჩერებული საქმიანობის განხორციელების უფლების მიცემა. რაც შეეხება მოპასუხის მიმართ მოსარჩელეთა მოთხოვნას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთი მოთხოვნა წერილში ნამდვილად არის და მოსარჩელეები ითხოვდნენ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას მხოლოდ 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ და არა დაუყოვნებლივ. მითითებული 30 დღიანი ვადის გასვლამდე მოსარჩელეები, შექმნილი სიტუაციიდან და მოპასუხესთან გამართული მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, იტოვებდნენ უფლებას უარი ეთქვათ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნაზე. აქედან გამომდინარე, მითითებული 30 დღიანი ვადის გასვლამდე მოპასუხის მიერ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილებად, მათი ნების საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გათვალისწინებით, მოსარჩელეებს წაერთვათ უფლება, თუნდაც მოლაპარაკებების შედეგებიდან გამომდინარე, მითითებული 30 დღიანი ვადის განმავლობაში უკან წაეღოთ მათი მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

16.4. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის მოთხოვნებს და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო იგი ბათილად.

16.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელეებს, გარდა დ.ქ–ისა, არ მიუღიათ 2016 წლის მაისის თვის ანაზღაურება, საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ხელფასის ანაზღაურების შესახებ მათი მოთხოვნა.

16.6. რაც შეეხება სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხე კომპანიაში აღარ არსებობს და გაუქმებულია მოსარჩელეთა მიერ დაკავებული თანამდებობები და შეუძლებელია მათი სამუშაოზე აღდგენა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მათთვის კომპენსაციის მიკუთვნების საკითხი ერთი წლის ხელფასის ოდენობით.

16.7. გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელეებს მართებულად ეთქვათ უარი, ვინაიდან ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებების გათვალისწინებით დამსაქმებლისთვის იძულებითი მოცდენის პერიოდის შრომის ანაზღაურების სრულად დაკისრება გამორიცხავს დამატებით გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას, რამდენადაც დაკისრებული თანხა მოიცავს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრულ ანაზღაურებას და დამატებით მე-13 თვის ანაზღაურებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებს

16.8. სააპელაციო სასამართლომ შრომის კოდექსის 31-ე მუხლზე დაყრდნობით, ასევე, მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს, ასანაზღაურებელი თანხის 0.07%-ის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ.

17. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

17.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი და არასწორად მიიჩნია უკანონოდ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. სასამართლოს არ დაუდგენია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას რაში გამოიხატა მოპასუხის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება. დამსაქმებლის კეთილსინდისიერების კვლევისას, არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეებს შესთავაზა შრომითი ურთიერთობის ურთიერთშეთანხმებით შეწყვეტა, მხარეთა შორის გამართული მოლაპარაკებების დროს კი დასაქმებულებს არ უარუყვიათ ხელშეკრულების შეწყვეტის ნება. ამრიგად, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ დასაქმებულებს სამუშაოს დატოვება არ მოუთხოვიათ წერილობითი განცხადებით და მოპასუხემ მათთან შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთა ნების საწინააღმდეგოდ შეწყვიტა.

17.3. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტა არის ცალმხრივი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა და მისი ბათილად ცნობა შესაძლოა მხოლოდ მოტყუების, შეცდომის, იძულების, ამორალურობის, თვალთმაქცურობის ან არასერიოზულობის საფუძვლით, რასაც მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა სამუშაოდან წასვლის ნების გამოხატვისას შეცდომა დაუშვეს და შემდეგ უარი თქვეს ამ ნების გამოხატვაზე. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მათ მიერ გამოხატული ნება იყო უპირობო და მოპასუხემ, დამსაქმებლისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულების დაცვით, დააკმაყოფილა იგი. მას არც ჰქონდა უფლება უარეყო აღნიშნული მოთხოვნა , მოსარჩელეებმა კი უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს ხელშეკრულების უკანონოდ, ცალმხრივად შეწყვეტაში.

18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება.

19. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე). შესაბამისად, არასწორად დაადგინა შრომითი ურთიერთობის მოსარჩელეთა ნების საწინააღმდეგოდ შეწყვეტისა და მოპასუხის ქმედების არაკეთილსინდისიერების ფაქტი.

20. კასატორის მითითებული პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია განმარტებული, „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (იხ. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; სუსგ №ას-368-2019, 31 ივლისი, 2019წ. პ.16). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.

21. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

22. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე და 38-ე მუხლები), რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო, მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ კანონიერი გზებით, ხოლო, ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე; ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. სუსგ Nას-1391-1312-2012, 10.01.2014წ.).

23. შესაბამისად, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვა, მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას, რათა მხედველობის მიღმა არ დარჩეს დამსაქმებლის მხრიდან უფლების გამოყენების მართლზომიერება.

24. მითითებული დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულების სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-1350-2019, 27 ნოემბერი, 2019 წ.).

25. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო დასაქმებულების 2016 წლის 3 ივნისის განცხადება, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივი შეჯერებით, შესაფასებელია სწორედ მითითებული განცხადების შინაარსი და მასზე დაყრდნობით კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობა. კასატორი კი ამტკიცებს, რომ დასაქმებულთა მიერ წარდგენილი განცხადებიდან ნათლად და არაორაზროვნად იკვეთება მოსარჩელეთა ნება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, შესაბამისად, მოპასუხეს არ ჰქონდა მისი უარყოფის უფლება.

26. მოსარჩელეთა მიერ განცხადებაში გამოვლენილი ნების შინაარსზე მსჯელობამდე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ცალმხრივი გარიგებაა, რომლის ნამდვილობაც, ამავე კოდექსის 51-ე მუხლის წინაპირობის არსებობაზეა დამოკიდებული (იხ. სუსგ საქმე №ას-1221-2018, 8 თებერვალი, 2019 წელი). იგივე შეიძლება ითქვას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დასაქმებულის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებაზეც.

27. ამასთან, როგორც ორმხრივი, ასევე ცალმხრვი გარიგების შემთხვევაში, მხარის მიერ ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან (სსკ 52-ე მუხლი). ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს (კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით) და ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ. სუსგ საქმე №ას-282-270-2015,13 მაისი, 2015 წელი). მაგალითად, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის წარდგენილი განცხადებით გამოვლენილი ნების განმარტებისას, უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან, განცხადებაში მითითებული გამონათქვამები უნდა შეფასდეს განცხადების მთლიანი ტექსტის შინაარსის გათვალისწინებით, ამასთან, შესაფასებელია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება თუ დოკუმენტი, რომელიც წინ უსწრებს აღნიშნული სახის განცხადების დამსაქმებლისთვის წარდგენას.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური სტანდარტი, კერძოდ, „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).

29. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის მიერ გამოცემულ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება. მოსარჩელეები უარყოფენ საკუთარი ნებით სამსახურის დატოვების ფაქტს, ამ შემთხვევაში კი, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ამტკიცოს, რომ დასაქმებულებმა სამსახურიდან გათავისუფლების ნება გამოავლინეს, რაც კანონმდებლობის სრული დაცვით სამსახურიდან მათი გათავისუფლების საფუძველს ქმნიდა.

30. მითითებული საკითხის შეფასებისას, საკასაციო სასამართლო თანმიმდევრობით აღწერს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს:

ა) მოსარჩელეები მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულნი იყვნენ სხვადასხვა პოზიციებზე გადაცემებში „ს.დ–ა“ და „ბ.კ–ი“;

ბ) 2016 წლის 31 მაისს მოპასუხემ სამსახურიდან გაათავისუფლა გადაცემა „ს.დ–ას“ ავტორი გ.ი–ძე, რამაც მოსარჩელეთა უკმაყოფილება გამოიწვია;

გ) 2016 წლის 1 ივნისს შპს „ს.მ–ოს“ ღია ეთერში გაკეთდა განცხადება, გადაცემების „ბ.კ–ისა“ და „ს.დ–ას“ წამყვანებმა შემოქმედებითი ჯგუფის სახელით მიმართეს მაესტროს დირექციას და მოითხოვეს კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გ.ი–ძის სამსახურში აღდგენა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, იტოვებდნენ უფლებას ტელევიზიის დატოვებისა;

დ) 2016 წლის 2 ივნისს შპს „ს.მ–ოს“ დირექტორმა გააკეთა განცხადება, რომლითაც უარყო მოსარჩელეთა შეთავაზება;

ე) იმავე დღეს, მოპასუხემ გამოსცა #1/შ-02.06.2016 ბრძანება მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების დროებით შეჩერების შესახებ. ბრძანებაში მიეთითა შემდეგი: ვინაიდან დასაქმებულები მოითხოვდნენ გ.ი–ძის სამუშაოზე აღდგენას და წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებდნენ ტელევიზიის დატოვებას, ხოლო მოპასუხემ უარი უთხრა მათ ამ მოთხოვნაზე, ამ დრომდე გაურკვეველი იყო გუნდის თითოეული წევრის პოზიცია შპს „ს.მ–ოსთან“ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე. შესაბამისად, საქმის ვითარების სრულ გარკვევამდე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება მითითებული გუნდის წევრებისთვის შრომითი ხელშეკრულებების დროებით შეჩერების თაობაზე;

ვ) 2016 წლის 3 ივნისს მოსარჩელეებმა წერილით მიმართეს მოპასუხეს და განმარტეს, რომ ისინი არ სარგებლობდნენ გაფიცვის უფლებით (და ამ უფლებით სარგებლობის განაცხადი არასდროს წარუდგენიათ). შესაბამისად, მოითხოვეს სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო შეჩერებული შრომითი ურთიერთობის აღდგენა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლება. ასევე, 30 კალენდარული დღის შემდგომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;

ზ) მითითებული წერილი მოპასუხეს ჩაბარდა 2016 წლის 6 ივნისს;

თ) მოპასუხის 2016 წლის 14 ივნისის ბრძანებით, 2016 წლის 6 ივნისიდან მოსარჩელეებს შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები და განემარტათ, რომ გათავისუფლების საფუძველია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება.

31. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ 2016 წლის 3 ივნისის წერილში ნათლად და არაორაზროვნად იყო გამოხატული მოსარჩელეთა ნება სამუშაოს დატოვების თაობაზე. აღნიშნული პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო ჩამოთვლის ყველა იმ მოთხოვნას, რომლებზეც მოსარჩელეები მიუთითებენ წერილში. კერძოდ, დასაქმებულები მოითხოვენ: 1) შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლის განმარტებას; 2) შეჩერებული შრომითი ურთიერთობის აღდგენას (რადგან მათივე განცხადებით, არ არსებობს შეჩერების სამართლებრივი საფუძველი); ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებას და 3) 30 კალენდარული დღის შემდგომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას (იხ. ტ. 1. ს.ფ 30-33).

32. ამდენად, მართალია, ერთ-ერთ ბოლო მოთხოვნად მოსარჩელეები მოპასუხეს წარუდგენენ სამუშაოს დატოვების შესახებ მოთხოვნას, თუმცა, წერილის შინაარსიდანვე ჩანს, რომ ისინი ითხოვენ სამუშაოდან გათავისუფლებას არა დაუყოვნებლივ, არამედ განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ, ხოლო, მანამდე (30 დღის გასვლამდე) არათუ სამუშაოს დატოვების სურვილს გამოთქვამენ, არამედ, პირიქით, მზადყოფნას აცხადებენ გააგრძელონ დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. შესაბამისად, იბადება კითხვა, თუ გავიზიარებთ კასატორის მოსაზრებას, რომ დასაქმებულები ითხოვდნენ სამუშაოდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მაშინ როგორ უნდა განიმარტოს ამავე წერილში გამოხატული მოსარჩელეთა ნება შრომითი ურთიერთობის აღდგენისთვის მზადყოფნის გამოხატვისა და საქმიანობის განხორციელების უფლების აღდგენის თაობაზე, ან/და მათივე პროტესტი შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველთან მიმართებით. როგორც წერილის ძირითადი ნაწილის შინაარსით ირკვევა, იგი ასახავს მოსარჩელეთა უკმაყოფილებას შრომითი ურთიერთობის შეჩერებასთან დაკავშირებით, რის გამოც, დასაქმებულები შეჩერების საფუძვლის დეტალურ განმარტებას მოითხოვენ დამსაქმებლისგან და აქვე, შესაბამის ნორმებზე (შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედ 36.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტსა და 49-ე მუხლზე) მითითებით, თავადვე განმარტავენ, თუ რატომ არ აქვს მოპასუხეს მათთვის შრომითი ურთიერთობის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი და რატომ უნდა მიეცეთ დასაქმებულებს სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობა.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გარდა 2016 წლის 3 ივნისის წერილისა, საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე დოკუმენტი (არც 2016 წლის 3 ივნისამდე და არც მას შემდეგ გაცემული), რომელიც სამუშაოდან წასვლის შესახებ მოსარჩელეთა მიერ გამოხატულ ნებაზე მიუთითებდა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხოლოდ მითითებული წერილის შინაარსზე დაყრდნობით, დამსაქმებელს არ ჰქონდა უფლება შრომითი ურთიერთობა შეეწყვიტა დასაქმებულებთან.

34. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნამდვილად მივიჩნევთ მოსარჩელეთა მიერ გამოხატულ ნებას სამუშაოდან წასვლის შესახებ, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მაინც არ ქმნიდა მათთან შრომითი ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის საფუძველს (სადავო არ არის, რომ 2016 წლის 3 ივნისის განცხადება დამსაქმებელს ჩაბარდა 2016 წლის 6 ივნისს და იმავე დღიდან მან სამსახურიდან გაათავისუფლა მოსარჩელეები (იხ. ტ. 1. ს.ფ 309-311)), ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დასაქმებულები წარდგენილი განცხადებით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მიუთითებდნენ 30 კალენდარული დღის შემდგომ სამუშაოდან გათავისუფლების მოთხოვნაზე, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, მიუთითებს არა მათ სურვილზე დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ სამსახური, არამედ, გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელეთა მხრიდან დაცულია შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა სამუშაოდან წასვლის შესახებ დამსაქმებლისთვის ერთი თვით ადრე შეტყობინების ვალდებულების თაობაზე (შრომის კოდექსის ამჟამად მოქმედი 48.3 და სადავო პერიოდში მოქმედი 38.3 მუხლები).

35. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის იმ მოსაზრებასაც, რომ განცხადებაში მითითებული 30 დღიანი ვადის გასვლამდე მოსარჩელეები შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იტოვებდნენ უფლებას, უარი ეთქვათ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნაზე, ამ ვადის გასვლამდე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით კი, მათ წაერთვათ გამოხატულ ნებაზე უარის თქმის შესაძლებლობა.

36. ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ამყარებს მოსარჩელეთა პრეტენზიას მათი ნების საწინააღმდეგოდ სამუშაოდან დათხოვნის შესახებ და საფუძველს აცლის კასატორის მითითებას სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის სასამართლოების მიერ არასწორად განმარტების თაობაზე.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორმა სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ გარემოების დამტკიცება, რომ მოსარჩელეები სამუშაოდან მათ მიერვე გამოხატული ნების საფუძველზე გაათავისუფლა. შესაბამისად, არ დგინდება სადავო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: (ა) კანონის მითითებული დარღვევას არა აქვს ადგილი; (ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; (გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ,,ს.მ–ოს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქემეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე