Facebook Twitter

საქმე №ას-711-2020 3 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „S. G.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2017 წლის 22 დეკემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის NAT170013478 ფარგლებში შპს „S. G.“-სა (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „მიმწოდებელი“) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (შემდგომში „მოპასუხე“, „შემსყიდველი“, „ადმინისტრაცია“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N264 ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“ ან „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება“), რომლის საგანს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესყიდვა წარმოადგენდა, ხოლო ხელშეკრულების საერთო ღირებულება 154 421.72 ლარით განისაზღვრა.

ხელშეკრულების 2.2.2 პუნქტის თანახმად, მომსახურების საერთო ღირებულების დეტალური ჩაშლა ხელშეკრულების დანართ N2-ში იყო მითითებული. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად კი, გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარება ეტაპობრივად, ყოველი თვის ბოლოს, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვისა და დეფექტური აქტების შემდეგ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო.

1.ამავე ხელშეკრულების 7.4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულების დანართის (შეთანხმება) სახით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად ჩაითვლებოდა.

2.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველმყოფი მომსახურების ხარჯთაღრიცხვით მუშის რაოდენობა ოთხი ერთეულით განისაზღვრა, ერთეულის ღირებულება კი 650 ლარით.

3.2018 წლის 6 ნოემბერს ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში და მომსახურების ღირებულებათა ჯამი 16 7921.72 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების დანართი N2 ცვლილების შეტანის შეთანხმებაზე დართული დანართი N2-ით შეიცვალა, სადაც მუშათა საჭირო რაოდენობად ოთხი ერთეული განისაზღვრა, ერთეულის ღირებულება კი, 617.83 ლარით შეთანხმდა.

4.2017 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით მიმართა და სატენდერო მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასა და გარე პერიმეტრზე შემსრულებლის ტექნიკური პერსონალისა და ავტომანქანების დაშვება სთხოვა, მოსარჩელის მიერ მიწოდებულ სიაში ოთხი მუშა იყო მითითებული, რომლებზეც ყოველდღიური დაშვების ნებართვა გაიცა.

5. მოსარჩელის მოთხოვნა

5.1. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსყიდველის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე აუნაზღაურებელი თანხის, 14 827.92 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

5.2. მოსარჩელის განცხადებით, მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირდა შეცდომა და ოთხი ერთეული მუშის ყოველთვიური ანაზღაურების ნაცვლად შემსყიდველი მიმწოდებელს სხვა ხარჯების ანაზღაურებასთან ერთად ყოველთვიურად ურიცხავდა მხოლოდ ერთი მუშის სახელფასო თანხას 617.83 ლარს. შეცდომის აღმოჩენის შემდეგ მოსარჩელემ წერილობით აცნობა მოპასუხეს, თუმცა უშედეგოდ. შემსყიდველის დავალიანება მიმწოდებლის მიმართ 2018 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საერთო ჯამში შეადგენს 14 827.92 ლარს. სექტემბრიდან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად კი, მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადარიცხული აქვს ოთხი ერთეული მუშის ხელფასი. 2018 წლის 6 ნოემბრის N264/3 შეთანხმებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ჩაიწერა ოთხი ერთეული მუშა, თუმცა შემსყიდველს ძველი დავალიანება არ დაუფარავს.

6. მოპასუხის პოზიცია

5.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შემსყიდველის მიერ ანაზღაურება ხდებოდა მხოლოდ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით კი, 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებსა და ანგარიშსწორების დოკუმენტებში მითითებული იყო საანგარიშო პერიოდში გაწეული მომსახურების სრული ხარჯი, რომელიც მოიცავდა ერთი მუშის ხელფასს 617.83 ლარს. ხოლო ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და ანგარიშსწორების დოკუმენტების მიხედვით, მითითებული საანგარიშო პერიოდების გათვალისწინებით, გაწეული მომსახურების საფასური მოიცავდა ოთხი ერთეული მუშის ხელფასს. მიღება-ჩაბარების აქტებსა და ანგარიშსწორების დოკუმენტებს წარადგენდა თავად მოსარჩელე და მათ მიმართ მოპასუხეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. რაც შეეხება, მოგვიანებით ოთხი ერთეული მუშის ხელფასის გადახდის ფაქტს, აღნიშნული განხორციელდა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე და რადგანაც ოქტომბრიდან თავად მოსარჩელის მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში მიეთითებოდა ოთხი მუშის ხელფასი, სწორედ მოთხოვნილი თანხა ანაზღაურდებოდა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 827.92 ლარის გადახდა.

8. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

9.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

9.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 648-ე-649-ე მუხლებით, ასევე მიუთითა მხარეთა შორის საპროცესო სამართლით განსაზღვრულ მტკიცების ტვირთზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოს შესრულებისა და აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად ხელშეკრულებაში მითითებული რაოდენობით მოხელეების მუშაობის ფაქტი მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა. კერძოდ, მას უნდა ემტკიცებინა, რომ სამი მუშა, რომლის ხელფასის ანაზღაურებასაც ითხოვდა მოსარჩელე, არ მუშაობდა ადმინისტრაციის შენობაში და შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოთხი ერთეული მუშის ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება მას არ გააჩნდა.

9.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მიმართებით, მოსარჩელემ არაერთი მტკიცებულება წარადგინა, კერძოდ, სარჩელზე დართული ხელშეკრულების დანართიდან, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ნათლად იკვეთება, რომ სამუშაოს შესასრულებლად ოთხი ერთეული მუშის დაქირავება იყო შეთანხმებული. აღნიშნულის მიუხედავად, მოდავე მხარეთა მიერ ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულ ველში „პერსონალის საჭირო რაოდენობა“ მუშის გასწვრივ უჯრა ცარიელია, ხოლო ერთეულის ღირებულებაში მხოლოდ ერთი მუშის გასამრჯელოა მითითებული.

9.5. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში ოთხი ერთეული მუშის ნაცვლად შეცდომით აისახა ერთი, დასტურდება ხელშეკრულების მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებებითაც, კერძოდ, სატენდერო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, 2017 წლის 28 დეკემბერს, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხის უფლებამოსილ წარმომადგენელს წერილობით მიმართა ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის შემსყიდველის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე პერსონალისა და ავტომანქანების დაშვების მოთხოვნით. წერილს ახლავს დანართებიც, რომლებშიც მითითებულია როგორც იმ პერსონალთა მონაცემები, რომელთა ყოველდღიური დაშვება ხდებოდა მოპასუხის ტერიტორიაზე, ასევე იმ პირთა მონაცემები, რომელთა დაშვება შემსყიდველს საჭიროებისამებრ უნდა განეხორციელებინა. საპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხის ტერიტორიაზე ყოველდღიურად შესაშვებ პირთა სიაში მითითებული იყო ოთხი მუშის სახელი და გვარი, აღნიშნული ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში ტექნიკური შეცდომაა დაშვებული და ოთხი ერთეულის ნაცვლად ერთი ერთეული მუშის ხელფასია მითითებული.

9.6. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ 2018 წლის 15 ოქტომბრის წერილით შემსყიდველმა მიმწოდებელს შეატყობინა მიღება-ჩაბარების აქტებში არსებული შეცდომის შესახებ და მიუთითა ერთი ერთეულის ნაცვლად ოთხი ერთეული მუშის ხელფასის გამოანგარიშებაზე. აღნიშნული წერილის გაგზავნიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი, მოპასუხემ შეასწორა ჩანაწერი და მუშათა რაოდენობა კვლავ 4 ერთეულით განსაზღვრა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თუ გაზიარებული იქნებოდა მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ ნაკისრი სამუშაოს შესრულებას არ სჭირდებოდა 4 ერთეული მუშის დაქირავება, მაშინ ალოგიკურია ის ფაქტი, რომ წერილის მიღებიდან მალევე მოპასუხემ თავისივე კონკლუდენტური მოქმედებით (შეთანხმების აქტზე ხელის მოწერით, საშვების დაშვებით) დაადასტურა ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად ოთხი მუშის მიერ სამუშაოს განხორციელების ფაქტი.

9.7. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეს მის მიერ მითითებული ფაქტის (ერთი ერთეული მუშის მიერ სამუშაოს შესრულების შესახებ) დადასტურება მარტივად შეეძლო ადმინისტრაციის საშვთა ბიუროდან მოპოვებული ცნობით (რომელიც ყოველდღიურად შენობაში მხოლოდ ერთი მუშის შესვლას ასახავდა), რაც მან ვერ შეძლო. მხარის მხოლოდ ზეპირი მითითება კი, რომ საქმის მასალებში არ არსებობს მოსარჩელის მხრიდან ოთხი მუშისთვის გადახდილი ხელფასის დამgდასტურებელი მტკიცებულება, სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდებოდა.

10. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, უარყო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი და მოსარჩელე არასწორად გაათავისუფლა იმ გარემოების მტკიცების ვალდებულებისგან, რომ იგი სადავო პერიოდში იხდიდა 3 ერთეული მუშის ხელფასს. საქმეში არსებული არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება აღნიშნული. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოებს ოთხი მუშა ასრულებდა.

10.3. მოპასუხე თავად მოსარჩელის მიერ ყოველი თვის ბოლოს წარდგენილი ანგარიშფაქტურებისა და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ახდენდა მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას. ამდენად, გაუგებარია რომელი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაზე მიუთითებს მიმწოდებელი, როდესაც შემსყიდველი არასდროს ჩარეულა აღნიშნული აქტების მომზადებასა და შედგენაში. მთელი რვა თვის განმავლობაში გაწეულ მომსახურებაში მიეთითებოდა მხოლოდ ერთი ერთეული მუშის ხელფასი, ხოლო მეცხრე თვიდან ოთხი მუშის, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომსახურება თავდაპირველად ხორციელდებოდა სწორედ აღნიშნული პრინციპით ერთი, ხოლო შემდეგ 4 მუშის მეშვეობით.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ერთის ნაცვლად ოთხი მუშის მიერ სამუშაოების შესრულების ფაქტს და აცხადებს, რომ სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად განსაზღვრით, არასწორად დააკისრა მას ოთხი მუშისთვის გათვალისწინებული ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება.

16. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.

17. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

18. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

19. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

20. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).

22. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მოხმობილი ნორმის დოსპოზიციისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მენარდეს ეკისრება შემდეგი ფაქტების მითითების/მტკიცების ვალდებულება: მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა; მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულება; სანაცვლო ანაზღაურების ვალდებულებულების დარღვევა შემკვეთის მიერ.

23. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. სადავოა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და მოპასუხის მხრიდან სანაცვლო ანაზღაურების ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში რვა თვის განმავლობაში მიეთითებოდა ერთი ერთეული მუშის ღირებულება, აღნიშნული გამორიცხავდა მუშათა სხვა რაოდენობით მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს.

25. მითითებული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო პალატის მიერ დადგენელ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ა) მოპასუხე ორგანიზაციის ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 22 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართით (რომელიც ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილია) განისაზღვრა მომსახურე პერსონალისა და გასაწევი მომსახურების დასახელება, პერსონალის საჭირო რაოდენობა და ერთეულის ღირებულება. მითითებულ დანართში მომსახურე პერსონალის - მუშის გრაფის გასწვრივ რაოდენობის გრაფაში აღნიშნულია 4 მუშა, ხოლო ერთი ერთეულის ღირებულებად - თვიურად 650 ლარი (იხ. ს.ფ 23); ბ) 2017 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გაგზავნილი წერილით მოპასუხეს ეთხოვა ადმინისტრაციაში ყოველდღიურად შემსვლელ პირთა სიაში 4 მუშის დამატება და აღნიშნულ პირთა სატრანსპორტო საშუალებებზე საშვების გაცემა (იხ. ს.ფ 91-92); გ) 2018 წლის 15 ოქტომბერს მოსარჩელემ აცნობა მოპასუხეს მუშათა რაოდენობასთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტებში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის თაობაზე და ითხოვა სათანადო დოკუმენტებში ცვლილების შეტანა (ერთი მუშის ნაცვლად 4 ერთეული მუშის მითითება) (იხ. ს.ფ 61); დ) 2018 წლის 6 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ და მომსახურე პერსონალის გრაფაში „მუშის“ გრაფის გასწვრივ მიეთითა 4 ერთეული მუშის რაოდენობა (იხ. ს.ფ 62-63).

26. მითითებული მტკიცებულებების შინაარსის ერთობლივად შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ 2018 წლის თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში მუშათა რაოდენობასთან მიმართებით დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა. აღნიშნული დასკვნის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება კი მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. უფრო მეტიც, მან სათანადოდ ვერ გასცა პასუხი იმ შეკითხვასაც, თუ რატომ გამოასწორა თავადვე მოსარჩელის მიერ მითითებული ხარვეზი და პრეტენზიის გაცხადებიდან უმოკლეს დროში ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანით რატომ ჩაანაცვლა ერთი მუშის ღირებულება ოთხი ერთეული მუშის ღირებულებით. ამასთან, მოპასუხეს სათანადო და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენით (მაგ. საშვთა ბიუროდან შესაბამისი ცნობის წარდგენით) არ უარუყვია ადმინისტრაციის შენობის ტერიტორიაზე ყოველდღიურად ერთის ნაცვლად 4 მუშის გადაადგილების ფაქტიც. კასატორის მხოლოდ მითითება კი, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ სამი მუშის ხელფასის გაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო შედავებად, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოებებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. ვინაიდან, მოპასუხე მოსარჩელეს ედავება მუშათა რაოდენობას ვალდებულების შესრულებისას, სწორედ მას ეკისრება მოთხოვნის გამომრიცხავი ხსენებული გარემოების დადასტურების მოვალეობა, რაც შემსყიდველმა სათანადოდ ვერ შეასრულა.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე