საქმე №ას-846-2020 3 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ჩ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, პირგასამტეხლოს გაუქმება/შემცირება, ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ჩ–ძის (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის, უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღრიცხვის, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს გაუქმების, დავალიანების ოდენობის შემცირებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელისთვის თანხის დაკისრებისა და დავალიანების დაფარვის მიზნით ქონების რეალიზაციის თაობაზე.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. 2020 წლის 21 მაისს მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივრად მიიჩნია და 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინა ხარვეზი. კერძოდ, მას 5 დღის ვადაში სასამართლოსთვის უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და დასაბუთებული კერძო საჩივარი.
5. ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კერძო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში მოსარჩელემ, მართალია, სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სააპელაციო ფორმის ნიმუშის სახით, თუმცა მასში მითითებული მოთხოვნა ბუნდოვანია, გაურკვეველია, რომელი გადაწყვეტილება აქვს მხარეს გასაჩივრებული, ასევე, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარობს გადაწყვეტილების უსწორობა, მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. ამავე დროს, არ არის მითითებული, თუ რას შეადგენს სააპელაციო საჩივრის ფასი და არ არის გადახდილი შესაბამისი ბაჟი.
7. ამდენად, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ არსებობდა ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შეავსო სრულად - კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი, სადაც მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ უსწორობებზე. შესაბამისად, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბაჟი შედაგენდა 5000 ლარს, რომლის გადახდის შესაძლებლობაც მას არ გააჩნდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მისი გადახდის გადავადების თაობაზე.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
14. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არსებობდა წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. მისი მოსაზრებით, საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს და იგი წარმოებაში იყო მისაღები.
15. საჩივრის ავტორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სააპელაციო საჩივრის ფორმალური დასაშვებობის წინაპირობები. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
16. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას იმ საპროცესო მოქმედებებისათვის, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადება, რომელიც მოსარჩელემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია ამავე სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განჩინებაზე (გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ) შეტანილ კერძო საჩივრად და საჩივრის ავტორს დაავალა კერძო საჩივრისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სსსკ 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივრის სასამართლოსთვის წარდგენა. საპროცესო მოქმედების შესასრულებლად კი საჩივრის ავტორს განუსაზღვრა 5-დღიანი ვადა (იხ. ტ. 3. ს.ფ 4-7).
18. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მიუთითა წინამდებარე დავის ფარგლებში მის მიერ წარდგენილი სარჩელის საფუძვლიანობასა (ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილობის, ასევე მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე) და საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობაზე. ამასთან, განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ფასი სარჩელით მოთხოვნილი შესამცირებელი თანხის, მიუღებელი შემოსავლისა და მიყენებული ზიანის დაანგარიშებით (იხ. ტ. 3. ს.ფ 14-43).
19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ არსებობდა სსსკ 368-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით წარდგენის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
20. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას, რომ წარდგენილ სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების თარიღთან მიმართებით ბუნდოვანია - აპელანტი მიუთითებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებაზე (იხ. ტ. 3. ს.ფ 15), თუმცა, აღნიშნული რიცხვით დათარიღებული გადაწყვეტილება საქმის მასალებში არ მოიპოვება. მიუხედავად ამისა, იმ პირობებში, როდესაც აპელანტი მიუთითებს მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის გვარსა და საქმის ნომერზე (როგორც საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მიერ, ასევე სასამართლოს კანცელარიის მიერ მინიჭებულ საქმის ნომრებზე (#010210118002602319, #2/3531/18), რომლებიც წინამდებარე საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებაში ასახული საქმის რეკვიზიტების იდენტურია (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება, ტ. 2. ს.ფ 401-425), ასევე მიუთითებს წინამდებარე დავის ფაქტობრივ-სამართლებრივ უსწორობაზე, საქმის არსებით გარემოებებზე, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ ნორმებზე, სააპელაციო საჩივრის ფასზე მის მიერ წარდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ამასთან, გადახდილი აქვს ხარვეზის განჩინებით მისთვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟიც, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ფორმალურია საპელაციო პალატის მიდგომა ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
21. ყოველივე აღნიშნული კი საპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ჩ–ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპის შესამოწმებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე