საქმე №ას-1475-2020 17 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე,
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი – დ.ჯ–ძე (მოპასუხე);
თავდაპირველი მოპასუხე - ნ.ქ–ძე;
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ი.ს–ო’’ (მოსარჩელე);
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება;
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2018 წლის 26 თებერვალს სს „ი.ს–ო“-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ნ.ქ–ძისა და დ.ჯ–ძის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით დადგინდა:
1. სს ,,ი.ს–ოს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს - ი/მ ნ.ქ–ძეს და დ.ჯ–ძეს მოსარჩელე სს ,,ი.ს–ოს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის - 32090,33 აშშ დოლარის, დარიცხული პროცენტის/სარგებელის - 1382,82 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს ნაწილის - 658,46 აშშ დოლარის, ჯამში 34051,61 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 1361,01 აშშ დოლარის დაკისრებაზე ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. მოპასუხეებს - ი/მ ნ.ქ–ძეს და დ.ჯ–ძეს მოსარჩელის სს ,,ი.ს–ოს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2018 წლის 26 იანვრიდან (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე (არაუგვიანეს 2019 წლის 26 დეკემბრისა) გადაუხდელი ძირი თანხის - 32090,33 აშშ დოლარის 10,5 %-ის გადახდა ყოველწლიურად.
4. მოპასუხეებზე - ი/მ ნ.ქ–ძესა და დ.ჯ–ძეზე დაკისრებული თანხების გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების (მდებარე ქ. ბათუმი, ...., ს/კ #....) რეალიზაციის გზით. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკარის (ბანკის) მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისათვის, აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა კუთვნილ სხვა ქონებაზე.
5. მოსარჩელე სს ,,ი.ს–ოს’’ სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდა მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (გადამხდელი - სს ,,ი.ს–ო, ს/ნ ....., საგადახდო დავალება #4900, 23/02/2018წ., მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი - 300693150, მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22) 2406,77
ლარი.
6. მოპასუხეებს - ი/მ ნ.ქ–ძეს და დ.ჯ–ძეს მოსარჩელის სს ,,ი.ს–ოს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 229,41 ლარის ანაზღაურება.
7. მოსარჩელე სს ,,ი.ს–ოს’’ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან, 458,82 ლარი ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. გადაწყვეტილება მიექცა დაუყონებლივ აღსრულებლად.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ჯ–ძემ და და გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ პირგასამტეხლოს თანხის - 658,48 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში - გაუქმება მოითხოვა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილ ვადაში(2020 წლის 29 ივლისიდან 08 აგვისტოს ჩათვლით) დ.ჯ–ძეს არ მოუთხოვია, ასევე იგი არ წარმოადგენს სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ სუბიექტს, რომელსაც სასამართლოს ინიციატივით უნდა გაგზავნოდა გადაწყვეტილების ასლი.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული დ.ჯ–ძის მიერ, რაც როგორც დიელის საფოსტო გზავნილით დგინდება, 2020 წლის 14 ოქტომბერს, ხოლო დიელის ფოსტის მიერ კი ასეთი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჩაბარდა 2020 წლის 15 ოქტომბერს. უფრო მეტიც სააპელაციო საჩივარს ბოლო გვერდზე შედგენის თარიღად დასმული აქვს 2020 წლის 10 ოქტომბერი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის დანაწესზე და განმარტა, რომ აპელანტი არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც სასამართლოს ინიციატივით ეგზავნება გადაწყვეტილების ასლი, მას გადაწყვეტილების ასლი არც კანონით დადგენილ ვადაში მოუთხოვია. შესაბამისად, აპელანტს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აეთვალოს, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მეორე დღიდან.
5.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაში მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 63-ე, მუხლებზე და მიიჩნია, რომ დ.ჯ–ძის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან, დარღვეულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა და შესაბამისად იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვარის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 401-ე, 420-ე, 408-ე, 419-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების
მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ჯ–ძემ. ფოსტის უკუგზავნილის დოკუმენტით დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტაში წარდგენილია 2020 წლის 14 ოქტომბერს, ხოლო გზავნილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჩაბარდა 2020 წლის 15 ოქტომბერს. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტი არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც სასამართლოს ინიციატივით ეგზავნება გადაწყვეტილების ასლი, მას გადაწყვეტილების ასლი არც კანონით დადგენილ ვადაში მოუთხოვია. ამდენად, აპელანტს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აეთვალოს, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მეორე დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მეორე დღიდან-2020 წლის 9 აგვისტოდან და ამოიწურა 2020 წლის 24 აგვისტოს 24:00 საათზე (ვინაიდან 2020 წლის 22-23 აგვისტო იყო უქმე დღეები შაბათი და კვირა), საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ მოპასუხე/აპელანტის დ.ჯ–ძის მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით სასამართლოში წარდგენილ იქნა 2020 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო თავის მხრივ კი ასეთი აპელანტმა ფოსტას ჩააბარა 2020 წლის 14 ოქტომბერს, ანუ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის (2 თვის გადაცილებით) დარღვევით. გარდა ამისა, სააპელაციო საჩივარს ბოლო გვერდზე შედგენის თარიღად დასმული აქვს 2020 წლის 10 ოქტომბერი.
11. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ საქმეში ს.ფ. 236-ზე წარდგენილ დ.ჯ–ძის განცხადებას გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ ვერ იქნება განხილული რაიმე მნიშვნელობის მქონე დოკუმენტად, რათა მისი სააპელაციო საჩივარი ვადაში წარდგენილად ჩაითვალოს, ვინაიდან ეს განცხადება დათარიღებულია 2020 წლის 10 სექტემბრით. მაშასადამე თუკი მხარეს სურდა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება კანონით განსაზღვრულ ვადაში, მას სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა 2020 წლის 10 სექტემბერს, არამედ 2020 წლის 29 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით. რაც არ განხორცილებულა, შესაბამისად მის მიერ ვადის დარღვევით განხორცილებული საპროცესო მოქმედება (გადაწყვეტილების ასლი მოთხოვნა) ვერ განიხილება სასამართლოს მიერ დასაშვებ მტკიცებულებად სააპელაციო საჩივრის ვადიანობის სამტკიცებლად იმ თვალსაზრისით, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან აეთვალოს მხარეს. რადგან ეს რომ ასე იქნეს მხარეს კანონით დადგენილ ვადაში უნდა ჰქონდეს მოთხოვნილი გადაწყვეტილების ასლი, ანუ მას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა უნდა ჰქონდეს მიმართული სასამართლოსათვის.
12. ამასთანავე, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ საქმეში მონაწილე ნ.ქ–ძის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის შედეგად სასამართლო იმსჯელებდა დ.ჯ–ძის სამართლებრივი პოზიციის ნაწილშიც. პალატა განმარტავს, რომ საქმის მონაწილე პირის მიერ განსხორციელებული საპროცესო მოქმედებების ფარგლებში, სასამართლო ვერ შეაფასებს სხვა მონაწილე პირის სამართლებრივ პოზიციას. მით უფრო, აღნიშნული გარემოება ვერ შეცვლის პირისათვის კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გამოანგარიშების წესს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ამდენად, ზემოხსენებული ნორმების იმპერატიული დანათქმები ცხადჰყოფს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (1) მუხლით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, პალატის განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.
16. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დ.ჯ–ძის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანა არ განხორციელებულა კანონით დადგენილი წესის დაცვით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ჯ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე