საქმე №ა-4492-შ-108-2020 28 აპრილი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – რი–უ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის სახელმწიფოს, თესალონიკის ერთი წევრისაგან შემდგარი პირველი ინსტანციის სასამართლოს, ოჯახური დავების სპეციალური პროცესის, 2016 წლის 15 თებერვლის №1461/2016 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საბერძნეთის სახელმწიფოს, თესალონიკის ერთი წევრისაგან შემდგარი პირველი ინსტანციის სასამართლოს, ოჯახური დავების სპეციალური პროცესის, 2016 წლის 15 თებერვლის №1461/2016 გადაწყვეტილებით რ.გ. ასული ი–უს სარჩელი, ი.მ–ის (შუამდგომლობის ავტორი) წინააღმდეგ, განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2020 წლის 13 ნოემბერს შუამდგომლობით მომართა ი.მ–მა, მოითხოვა საბერძნეთის სახელმწიფოს, თესალონიკის ერთი წევრისაგან შემდგარი პირველი ინსტანციის სასამართლოს, ოჯახური დავების სპეციალური პროცესის, 2016 წლის 15 თებერვლის №1461/2016 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, აგრეთვე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ წარმოდგენილია, მოპასუხის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
5. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.მ–ის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის სახელმწიფოს, თესალონიკის ერთი წევრისაგან შემდგარი პირველი ინსტანციის სასამართლოს, ოჯახური დავების სპეციალური პროცესის, 2016 წლის 15 თებერვლის №1461/2016 გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეთა შორის, საქართველოში, 1988 წლის 1 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე