№ას-73-2019 24 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ე.ყ–ი, მ.რ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ე.ყ–ისა და მ.რ–ძის (შემდეგში მოსარჩელეები) სარჩელი დაკმაყოფილდა. ყადაღისგან გათავისუფლდა კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 11 ივლისის აქტით დაყადაღებული ქონება: ,,ჰაისენსის“ შავი ტელევიზორი, ,,სამსუნგის“ შავი ტელევიზორი და ,,სამსუნგის“ თეთრი სარეცხი მანქანა.
2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორის განმარტებით, აღმასრულებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოება მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მითითებული არიან სააღსრულებო ფურცელში. კასატორისვე მითითებით, მოხმობილი კანონის 44-ე მუხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი. კასატორის განმარტებით, აღმასრულებელმა იმოქმედა სააღსრულებო წარმოების სფეროში მოქმედი სპეციალური კანონის ფარგლებში, გამოცხადდა მოვალის იურიდიულ მისამართზე და დააყადაღა მისი კუთვნილი ნივთები. ამ გარემოების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 8 თებერვლის განაჩენით მ.რ–ძე (შემდეგში - აღსრულების მოვალე, მსჯავრდებული) დამნაშავედ ცნო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. მსჯავრდებულს სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 9 თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა 4000 ლარის ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლომ 2008 წლის 3 დეკემბერს სააღსრულებო ფურცელი გასცა განაჩენით დაკისრებული ჯარიმის იძულების წესით გადასახდელად.
5.2.2. 2008 წლის 3 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2017 წლის 11 ივლისს აღმასრულებელმა მოვალის რეგისტრაციის მისამართზე - გურჯაანის რაიონის სოფელ ..... მდებარე საცხოვრებელ სახლში დააყადაღა ,,ჰაისენსის“ შავი ტელევიზორი, ,,სამსუნგის“ შავი ტელევიზორი, ,,სამსუნგის“ თეთრი სარეცხი მანქანა და ჟურნალების პატარა ხის მაგიდა. მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ მოსარჩელეები.
5.2.3. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები - ,,ჰაისენსის“ შავი ტელევიზორი, ,,სამსუნგის“ შავი ტელევიზორი, ,,სამსუნგის“ თეთრი სარეცხი მანქანა მოსარჩელეთა საკუთრებაა.
6. მოსარჩელეთა მოთხოვნაა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს) და სსკ-ის 158.1 მუხლი (ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე).
7. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაპყრობს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკისკენ. კერძოდ, ამ კატეგორიის დავებზე სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში - მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ-ები №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო ნივთებზე მოსარჩელეთა მფლობელობის და, აქედან გამომდინარე, საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ეს დასკვნა გამოიტანა საქმეში წარმოდგენილი, „სამსუნგისა“ და „ჰაისენსის“ ტელევიზორების მოსარჩელის მიერ შეძენის დამადასტურებელი საკრედიტო ხელშეკრულებების, სადავო მისამართზე მოსარჩელეთა ცხოვრებისა და მათ მიერ დაყადაღებული ნივთებით სარგებლობის ფაქტის გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების წინააღმდეგ, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, კასატორი შემოიფარგლა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღმასრულებელმა, სპეციალური კანონის შესაბამისად, დააყადაღა მოვალის ნივთები. ეს შედავება არსებით შესაგებელს არ წარმოადგენს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოვალეს მითითებულ მისამართზე არ უცხოვრია, მაშინ როდესაც მოსარჩელეები ამ მისამართზე ცხოვრობენ და სარგებლობენ კიდეც სადავო ნივთებით, ამასთან, წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელეთა მიერ სადავო ნივთების ნაწილის შეძენის ფაქტს. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, დაყადაღებულ ნივთებზე მოვალის საკუთრების უფლება, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა მან ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ნივთები, რომელსაც მოვალესთან პოულობენ (იმის გათვალისწინებით, რომ მოვალე ამ მისამართზე არ ცხოვრობს), მას ეკუთვნის, არ არის საკმარისი მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის.
9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები №ას-914-954-2011, 27.10.2011; №ას-658-625-2014, 5.12.2014; №ას-1189-1119-2015, 23.03.2016; №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ე. გასიტაშვილი