№ას-82-2019 24 დეკემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – შპს „ი–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – მ.კ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ი–ი“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი, კრედიტორი, მოგირავნე) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით მ.კ–ისათვის (შემდეგში - მოპასუხე, მოვალე, დამგირავებელი) სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების თაობაზე მოგირავნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა, საქმეზე მის მიერ წარდგენილი გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების ანგარიში. კასატორის მტკიცებით, გირავნობის საგანი შეფასდა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2.2. კასატორის განმარტებით, მასა და მოვალეს შორის გაფორმებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით, უზრუნველყოფილი მოთხოვნა განისაზღვრა 9000 აშშ დოლარით, თუმცა 2016 წლის 8 დეკემბერს, ავტომობილის მოგირავნისათვის გადაცემის შემდეგ დადგინდა, რომ გირავნობის საგანი გაუფასურებული იყო 2700 აშშ დოლარამდე, რამდენადაც დაზიანებული ჰქონდა ძრავი, სალონი და არ ჰქონდა უკანა ბამპერი. კასატორმა მის მიერ მითითებული გარემოების (დაზიანებული ავტომანქანის მიღების) დასადასტურებლად საკასაციო სასამართლოში, შპს „ქ.ე–ის“ მიერ გაცემული დოკუმენტაცია წარმოადგინა.
2.3. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერ მოვალისათვის გაგზავნილი 2016 წლის 17 მარტის წერილი, რომლითაც ის მოვალეს ატყობინებდა, დაეფარა დავალიანება ან მისთვის საკუთრებაში გადაეცა გირავნობის საგანი. კასატორის მტკიცებით, წერილის გაგზავნის დროს კრედიტორისათვის უცნობი იყო ავტომობილის დაზიანებისა და მისი გაუფასურების თაობაზე.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. 2015 წლის 20 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 3000 აშშ დოლარის სესხისა და გირავნობის N370-07/15 ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებელი სესხით სარგებლობისათვის შემდეგი მოცულობით განისაზღვრა: სესხით სარგებლობის პირველი თვისათვის სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) 3.5%, მეორე თვისათვის - სესხის (სეხის დარჩენილი ნაწილის) 4.5%, მესამე და მომდევნო თვეებისათვის კი, სესხის (სეხის დარჩენილი ნაწილის) 5.5 %.
5.2.2. ხელშეკრულებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში და ვადაში მსესხებელი სრულად ან/და ნაწილობრივ არ/ვერ დააბრუნებდა სესხს/სესხის დარჩენილ ნაწილს და, თუ გამსესხებელი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, სესხის დარჩენილ (დაუბრუნებელ) ნაწილზე გაგრძელდებოდა სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურად სესხის 5.5%-ის ანგარიშით სესხის ან/და სარგებლის იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ხელშეკრულების თანახმად, სესხი და მასზე რიცხული სარგებელი უნდა გადახდილიყო ექვსი თვის განმავლობაში ეტაპობრივად და იმგვარად, რომ მსესხებელს ყოველთვიურად არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის - 20 რიცხვისა, გადაეხადა სესხის სარგებელი, ხოლო ექვსი თვის გასვლისთანავე, არაუგვიანეს 2016 წლის 20 იანვრისა, დაებრუნებინა ნასესხები თანხა.
5.2.3. ხელშეკრულებით მხარეებმა პირგასამტეხლოც გაითვალისწინეს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.25%.
5.2.4. სესხის უზრუნველსაყოფად მოვალემ კრედიტორის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (მარკა, მოდელი - ინფინიტი FX35, გამოშვების წელი - 2003, ფერი რუხი - 1/8, ტიპი - მაღალი გამავლობის, ძრავის მოცულობა - 3498, სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის თარიღი - 20.07.2015 წელი).
5.2.5. ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის (20.07.2015წ.) გირავნობის საგნის ღირებულება შეადგენდა - 9000 აშშ დოლარს.
5.2.6. მსესხებელმა ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მოვალემ სესხის სარგებლის სახით გადაიხადა 908.32 აშშ დოლარი.
5.2.7. 2016 წლის 17 მარტს კრედიტორმა მოვალეს გაუგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც განუმარტა, რომ გამსესხებელი ცალხრივად წყვეტდა ხელშეკრულებას და მსესხებელს სთხოვდა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო გამსესხებლის მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვა ან მფლობელობაში გადაეცა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობის საგანი.
5.2.8. შპს ''ქ.ე–ს'' და მოსარჩელეს შორის 08.12.2016 წელს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, შპს ''ქ.ე–მა'' შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყო მოვალის საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნის კრედიტორისათვის გადაცემა.
5.2.9. 21.06.2017 წელს კრედიტორმა 2700 აშშ დოლარად გაასხვისა მის საკუთრებაში გადასული გირავნობის საგანი. ხელშეკრულებით დგინდება, რომ ნასყიდობის საგნის ხარისხი შემძენმა შეამოწმა და მოიწონა.
6. მოსარჩელის მოთხოვნაა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების იმ ნაწილის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება, რომელიც წარმოადგენს სხვაობას მსესხებლის სრულ დავალიანებასა და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებულ თანხას შორის. ამ მოთხოვნის საფუძველს სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი) მუხლები წარმოადგენს.
7. საკასაციო პალატა საქმის გარემოებების გაანალიზებისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ კრედიტორის სარჩელი უსაფუძვლოა და მას წარმატების პერსპექტივა არ აქვს. საკასაციო პალატის ეს დასკვნა გამომდინარეობს სსკ-ის 283.1 მუხლით (მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის) გათვალისწინებული მოწესრიგებიდან, რომელიც გირავნობის საგნის რეალიზატორ კრედიტორს მის სამართლიან და გონივრულ ფასად გასხვისების ვალდებულებას აკისრებს.
8. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების გაფორმების დროს გირავნობის საგანი შეფასებული იყო 9000 აშშ დოლარად. კასატორის მტკიცებით, გირავნობის საგანი, სესხისა და გარავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, დაზიანებული სახით გადაეცა, რის გამოც ეს ნივთი 2700 აშშ დოლარად შეფასდა. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე მიაპყრობს და განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ კრედიტორი იყო ვალდებული, წარმოედგინა უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა დაგირავებული ნივთის მისთვის გადაცემის მომენტში გაუფასურების ფაქტს. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 8 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი ასახავს მხოლოდ საგნის გადაცემის ფაქტს და არ შეიცავს მითითებას ავტომანქანის დაზიანებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემის თაობაზე. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ავტომანქანის შეფასების აქტს, მთითებული დოკუმენტი არ აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, ვინაიდან, როგორც თავად შეფასების აქტშია აღნიშნული, ავტომანქანის შეფასებისას შემფასებელი დაეყრდნო დამკვეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საქმეში წარმოდგენილი ავტომანქანის ღირებულების დამდგენი (რეალიზაციის დროისთვის) აქტის შეფასების კონტექსტში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას და ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით აღარ იმსჯელებს.
9. საკასაციო პალატა ვერ შეაფასებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407.1 მუხლით (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.) რეგლამენტირებული დანაწესის ფარგლებში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს მხოლოდ ის მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც წარდგენილია და დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას. როგორც მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, კრედიტორს არც შესაგებელში და არც საქმის მომზადების დასრულებამდე, სასამართლოსთვის არ მიუთითებია შესაბამის მტკიცებულებებზე. სსსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით, საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა დაცვითი პოზიციები სარჩელსა და შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე მითითებული გარემოებებით უნდა შემოიფარგლოს. გამონაკლისს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმგვარი ფაქტის მიღება, რომლის მითითებაც საქმის მომზადების ეტაპზე მხარეს ობიექტურად არ შეეძლო. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორმა სადავო მტკიცებულებები მხოლოდ სააპელაციო სასამართალწარმოების ეტაპზე წარადგინა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 380-ე მუხლის დანაწესის შესატყვისად, სწორად არ მიიღო და არ შეაფასა ეს მტკიცებულებები.
10. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 342 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 342 ლარის (გადახდის თარიღი - 06.02.2019) 70% – 239.4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ი–ს“ (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 342 ლარის (გადახდის თარიღი - 06.02.2019) 70% – 239.4 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი