№ას-479-2019 24 დეკემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ი/მ ზ.კ–ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „დ.მ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2014 წლის 17 ივნისს შპს ,,დ.მ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მეიჯარე) და ინდმეწარმე ზ.კ–ას (შემდეგში: მოპასუხე, მოიჯარე, კასატორი) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მეიჯარემ დროებით სარგებლობაში გადასცა მოიჯარეს ქ.თბილისში, ..... მდებარე 123 კვ.მ კომერციული ფართი (შემდეგში - იჯარის საგანი).
2. იჯარის ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის თანახმად, 2014 წლის 17 ივნისიდან 2014 წლის 1 აგვისტომდე საიჯარო ქირა 1700 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენდა. 2014 წლის 1 აგვისტოდან იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, 2015 წლის 17 ივნისამდე, ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა 1500 აშშ დოლარით განისაზღვრა.
3. 2014 წლის 26 დეკემბერს, მხარეთა შეთანხმებით, იჯარის ხელშეკრულება შეწყდა. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოიჯარე არაუგვიანეს 2015 წლის 31 იანვრისა, გადაიხდიდა დაგროვილ დავალიანებას - 2 769.74 ლარს. ეს დავალიანება შემდეგნაირად წარმოიშვა: 488.94 ლარი - 2014 წლის 1 დეკემბრისათვის, დარჩენილი თანხა კი - 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 25 დეკემბრამდე.
4. 2015 წლის 6 თებერვალს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოიჯარე განაწილვადებით გადაიხდიდა მეიჯარის მიმართ არსებულ დაგროვილ დავალიანებას (2 769.74 ლარს), შემდეგი გრაფიკით: 2015 წლის 2 მარტამდე - 553.95 ლარს, 2015 წლის 2 აპრილამდე 553.95 - ლარს, 2015 წლის 2 მაისამდე - 553.95 ლარს, 2015 წლის 2 ივნისამდე - 553.94 ლარს და 2015 წლის 2 ივლისამდე - 553.94 ლარს.
5. მეიჯარემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოიჯარის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის მის სასარგებლოდ 2 769.74 ლარის დაკისრება მოითხოვა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდა დაეკისრა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოიჯარემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ 2016 წლის 6 თებერვლის ზემოხსენებული შეთანხმება, თავისი შინაარსით, ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება იყო. შესაბამისად, ეს შეთანხმება, უკვე არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში, შესასრულებელ ვალდებულებას ადასტურებდა.
8.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოიჯარის განმარტება იმის შესახებ, რომ შეთანხმება მისი ნების საწინააღმდეგოდ დაიდო, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა: სამოქალაქო სამართალში მოქმედი კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 3.2 მუხლი) თითოეული მხარე მიიჩნევა კანონის მცოდნედ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულია დადგინდეს ჩარჩო, რომელშიც კანონის არცოდნა საპატიოდ მიიჩნევა. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე სამოქალაქო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი რისკის მატარებელია, რომელიც მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რაც გულისხმობს, როგორც კონტრაჰენტის შერჩევის თავისუფლებას, ასევე, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრასაც. შესაბამისად, როდესაც მხარეები ერთმანეთთან სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობას ამყარებენ, ივარაუდება, რომ მათ იციან ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოიჯარემ თავისი ხელმოწერით დაადასტურა მის მიერ გამოხატული ნება. აქედან გამომდინარე, პრეზუმირებულია, რომ ხელშეკრულების შინაარსი მის ნებას შეესაბამებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ისეთი ობიექტური ან სუბიექტური საფუძვლის არსებობა, რაც მას ხელს შეუშლიდა წერილობითი დოკუმენტის გაცნობასა და აღქმაში (ქმედუუნარობა, მოპასუხის მხრიდან ზეწოლა და ა.შ.).
8.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 429-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოვალეს შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი. სასამართლოს შეფასებით, ამ ნორმის შესაბამისად, მოიჯარეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 102-ე მუხლის თანახმად, უნდა წარმოედგინა უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსკ-ის 429-ე, 386-ე მუხლები), რაც მას არ წარმოუდგენია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოიჯარეს მართებულად დააკისრა 2 769.74 ლარის გადახდა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საკასაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარება:
9.1. მოიჯარეს 2014 წლის 26 დეკემბრისა და 2015 წლის 6 თებერვლის შეთანხმებების გაფორმებაზე ნება არ გამოუხატავს. მან ხსენებულ გარიგებებზე ხელი იძულებით მოაწერა, ამასთან, მათი გაფორმებისას იურისტი არ ჰყოლია და მოსარჩელეს ენდო. მოსარჩელემ კი, მოპასუხე მოატყუა.
9.2. მოიჯარემ 2014 წლის ნოემბრის თვეში გააფრთხილა მეიჯარე, რომ მისი ბიზნესი ვერ განვითარდა, საიჯარო ქირას ვეღარ იხდიდა და, ამიტომ, იჯარის ხელშეკრულებას წყვეტდა. მიუხედავად ამისა, მეიჯარემ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის აქტს ხელი მხოლოდ 2014 წლის 26 დეკემბერს მოაწერა. ამდენად, არასწორია, რომ მხარეთა შორის იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2014 წლის 26 დეკემბერს შეწყდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
12.1. მოსარჩელის (მეიჯარის) მოთხოვნაა მოიჯარისათვის ორი თვის ქირის გადახდის დაკისრება. ამ მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 581.1 მუხლი (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც).
12.2. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები შესრულებულია, კერძოდ, დადგენილია, რომ: მხარეებმა 2014 წლის 17 ივნისს ერთი წლის ვადით - 2015 წლის 17 ივნისამდე, დადეს იჯარის ხელშეკრულება; მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა კომერციული ფართი; მხარეთა შეთანხმებით ამ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 2014 წლის 26 დეკემბერს; მოიჯარეს არ გადაუხდია 2014 წლის ნოემბრის საიჯარო ქირის ნაწილი და დეკემბრის საიჯარო ქირა, სულ 2 769.74 ლარი.
12.3. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)).
12.4. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ მან იჯარის ხელშეკრულება ცალმხრივად 2014 წლის 26 ნოემბერს შეწყვიტა, რის გამოც 2014 წლის დეკემბრის საიჯარო ქირის გადახდა არ ევალება. საკასაციო პალატა კასატორის ამ პრეტენზიას არ იზიარებს და, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მოიჯარეს მეიჯარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა არ დაუსახელებია. მოიჯარის მოსაზრებით, რაკი მის ბიზნესს პრობლემები შეექმნა და საიჯარო ქირას ვეღარ იხდიდა, შეეძლო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და საიჯარო ქირა აღარ გადაეხადა. მოიჯარის ამ განმარტებიდან გამომდინარე, შესაძლოა გვეფიქრა, ხომ არ გააჩნდა მას სსკ-ის 398-ე (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი) ან 399-ე (უარი გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე) მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის უფლება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოიჯარემ ვერ დაასაბუთა ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის წინაპირობის არსებობა. ამასთან, მოიჯარემ ვერც ის დაასაბუთა, რომ მან ხელშეკრულება 2014 წლის 26 ნოემბერს შეწყვიტა.
13. კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია ისაა, რომ 2014 წლის 26 დეკემბრისა და 2015 წლის 6 თებერვლის შეთანხმებები იძულებით დადო, რის გამოც ისინი ბათილია. საკასაციო სასამართლო მითითებულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, ჯერ ერთი, სადავო შეთანხმებების იძულებით დადების ფაქტს კასატორი ვერ ასაბუთებს და, მეორეც, აღნიშნული შეთანხმებები საერთოდაც რომ არ არსებობდეს, სადავო საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება მოიჯარეს მაინც ექნებოდა. კერძოდ, რაკი მოიჯარე ვერ ასაბუთებს ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობას, იგი ვალდებულია გადაიხადოს სადავო თანხა.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-19-2020, 16.12.2020წ.; №ას-628-2019, 4.10.2019წ.; №ას-117-109-2017, 2.06.2017წ.; №ას-101-97-2012, 5.04.2012წ.).
15. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოიჯარის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, შესაბამისად, კასატორს უნდა უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ ზ.კ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი/მ ზ.კ–ას (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.გ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი - 21.04.2019) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი