№ას-1199-2018 27 მარტი, 2020 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ს.ს.გ.დ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული ქონების კომპენსაციის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ს.გ.დ–ი (შემდეგში -მოპასუხე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ი.ბ–ძის (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 1078 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2.1. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნას ჩამორთმეული ქონების საექსპროპრიაციო თანხის არასწორად განსაზღვრის თაობაზე, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობის მიზნით, 2014 წელს მომზადდა სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერა მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების აღწერა დასრულდა 2015 წლის 4 მარტს. კასატორის მტკიცებით, ქონების საექპროპრიაციო ღირებულების თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც მიმდინარეობდა შესაბამის ტერიტორიულ მონაკვეთში ექპროპრიაციას დაქვემდებარებულ ქონებათა აღწერა/ინვენტარიზაცია. მითითებულ პერიოდში მოსარჩელის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი მიეკუთვნებოდა სასოფილო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მოსარჩელემ კომპენსაცია მიიღო განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სტატუსის შესაბამისად და არა საჯარო რეესტრში ნაკვეთის რეგისტრირებული სტატუსის მიხედვით. შესაბამისად, ექსპროპრიაციის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხაც, სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით მართებულად განისაზღვრა და მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილება გავლენას ვერ მოახდენდა მოსარჩელისათვის ჩამორთმეული ქონების საექსპროპრიაციო თანხის განსაზღვრაზე.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. 2016 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ, მოსარჩელის 2016 წლის 12 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, ამ უკანასკნელის უძრავ ქონებას შეეცვალა დანიშნულება და უძრავი ნივთი დარეგისტრირდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად.
5.2.2. 2016 წლის 22 სექტემბერს, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი განეკუთვნებოდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და ექსპროპრიაციის კომპენსაციის გამოთვლის მიზნით, ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის ინვენტარიზაცია და შეფასება უნდა მომხდარიყო მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო სტატუსის გათვალისწინებით. ანალოგიური შინაარსის წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს 2016 წლის 1 ნოემბერსაც მიმართა.
5.2.3. 2016 წლის 15 ნოემბრის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ქონების სანაცვლოდ, სათანადო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, შესთავაზა მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული მიწის შესყიდვებისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული ანაზღაურება - 3 372 ლარი.
5.2.4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის მახასიათებლებია: მისამართი - ქ. გურჯაანი, „ვ–ი“, დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 467 კვ.მ., საკადასტრო კოდი - .....).
5.2.5. მოპასუხემ მოსარჩელეს 2017 წლის 27 ივნისს ექსპროპრიაციის კომპენსაციის ანგარიშში გადაურიცხა 3270 ლარი, რომელიც დაანგარიშებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლო კომპენსაციის ნიხრის ფარგლებში. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ კომპენსაციის სახით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ღირებულების გადახდის შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისაგან მიიღებდა 1078 ლარით მეტ თანხას.
6. მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელი სამართალურთიერთობა სპეციფიკურია და საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ამავე პუნქტის საფუძველზე მიღებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „სპეციალური კანონი“) მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება. ამ ნორმატიული აქტების თანახმად, საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. კომპენსაციის განსაზღვრისას აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე (შდრ: იხ. სუსგ №ას-727-695-2014; 2016 წლის 15 ივლისი).
7. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1. მუხლის მეორე წინადადების თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით. ამასთან, კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელია ის ფაქტი, რომ მოხმობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხემ ექსპროპრიაციის უფლება მოიპოვა მოსარჩელის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. კანონიერ ძალაში შესული ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი ეს ფაქტობრივი გარემოება მოცემული დავის ფარგლებში სადავო ვეღარ გახდება (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, მოსარჩელისათვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხის გამოანგარიშებისას სააპელაციო სასამართლო სწორად დაეყრდნო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის დადგენილ ფასებს.
9. სპეციალური კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველი დავაც სწორედ ამ ნორმის დისპოზიციაში დეკლარირებულ შემთხვევას წარმოადგენს, რამდენადაც, ჩამორთმეული ქონების ყოფილი მესაკუთრე არ ეთანხმება ექსპროპრიატორის მიერ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის ოდენობას.
10. როგორც უკვე აღინიშნა, ექსპროპრიაცია გამართლებულია მხოლოდ სამართლიანი და გონივრული კომპენსაციის სანაცვლოდ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხეს არ წარმოუდგენია დასაშვები მტკიცებულებები, რომლებიც გადასწონიდა და გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებისა და არგუმენტაციის სამართლებრივ მნიშვნელობას, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განსაზღვრეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის გადაცემული კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის მოცულობა.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ, სუსგ. საქმე №ას-856-2019 ; 26 ივლისი, 2019 წელი).
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს.გ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი