Facebook Twitter

№ას-1967-2018 30 სექტემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ა(ა)იპ „სამტრედიის წმინდა მოწამე ქეთევანის სახელობის სათნოების სახლი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ მუნიციპალიტეტის განკარგულებების ბათილად ცნობა, მოძრავი ნივთების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა(ა)იპ „სამტრედიის წმინდა მოწამე ქეთევანის სახელობის სათნოების სახლი“(შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, იურიდიული პირი) რეგისტრირებულია 2004 წლის 27 სექტემბერს. მისი საქმიანობის მიზანია მიუსაფარ და დავრდომილ თანამემამულეებზე ზრუნვა. იურიდიული პირის სოციალური პროგრამის 80%-ზე მეტი ფინანსდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

2. იურიდიული პირის მმართველობის ორგანოებია: საერთო კრება და გამგეობა. საერთო კრებას იწვევს გამგეობა. საერთო კრებებს შორის პერიოდში ხელმძღვანელი ორგანოა გამგეობა. გამგეობა განაგებს არასამეწარმეო იურიდიული პირის ქონებას. საერთო კრებაზე და გამგეობის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. მესამე პირებთან ურთიერთობაში იურიდიულ პირს წარმოადგენს თავმჯდომარე, რომელიც განკარგავს ფულად სახსრებს და მატერიალურ საშუალებებს, ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას.

3. 2010 წლის 16 აგვისტოს შედგა იურიდიული პირის გამგეობის სხდომა, რომელსაც გამგეობის 11 წევრიდან ესწრებოდა 6 წევრი. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი - მოსარჩელის ყველა მოძრავი ნივთის (მათ შორის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც: მოძრავი ნივთები ან სადავო ნივთები) სამტრედიის მუნიციპალიტეტის (შემდეგში - მუნიციპალიტეტი) საკუთრებაში გადაცემის შესახებ. დღის წესრიგით განსაზღვრული ეს საკითხი დადებითად გადაწყდა და დადგინდა ხსენებული მოძრავი ნივთების მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შეადგინეს №1 ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს დამსწრე პირებმა, ხოლო მათი ხელმოწერა და ნების ნამდვილობა დაადასტურა ნოტარიუსმა. ამ უკანასკნელმა შეამოწმა ხელმომწერი პირების ქმედუნარიანობა, რის შემდეგაც დარწმუნდა მათი ნების გამოვლენის ნამდვილობაში. ხელმომწერებმა განაცხადეს, რომ წინამდებარე ტექსტი ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას.

4. 2010 წლის 17 აგვისტოს იურიდიული პირის თავმჯდომარემ წერილობით აცნობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, საკრებულო) კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების - იურიდიული პირის მოძრავი ნივთების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

5. საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს N56 განკარგულების პირველი პუნქტით დაფუძნდა ა(ა)იპ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე), რომელიც ამავე განკარგულების მე-3 პუნქტით ჩაითვალა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ.

6. საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს N57 განკარგულებით გადაწყდა, რომ 1 თვის ვადაში მომხდარიყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემისა და მათი მეორე მოპასუხისათვის სარგებლობაში გადაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

7. 2010 წლის 26 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელის მოძრავი ნივთები გადაეცა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

8. საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის N90 განკარგულებით გადაწყდა, რომ 1 თვით გაგრძელებულიყო 2010 წლის 17 აგვისტოს N57 განკარგულებით მოძრავი ქონების გადაცემისათვის განსაზღვრული ვადა.

9. საკრებულომ 2010 წლის 4 ნოემბერს მიიღო N91 განკარგულება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მოსარჩელეს შორის 2010 წლის 26 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მოძრავი ნივთების მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღირიცხვის, ხოლო ამავე აქტში მითითებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემებში მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვისა და მათი ბალანსზე აყვანის თაობაზე.

10. საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის N95 განკარგულებით ცვლილება შევიდა საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს №56 განკარგულების მე-3 პუნქტში და იგი იმგვარად ჩამოყალიბდა, რომ იურიდიული პირის წევრთა კრების 2010 წლის 16 აგვისტოს №1 ოქმის მიხედვით, მეორე მოპასუხე ჩაითვალა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ.

11. საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის განკარგულებით გაუქმდა 2010 წლის 17 აგვისტოს N56 განკარგულების მე-3 პუნქტი.

12. საკრებულოს 2010 წლის 3 დეკემბრის №97 განკარგულების მე-4 პუნქტით დადგინდა, რომ იურიდიული პირის წევრთა კრების 2010 წლის 16 აგვისტოს №1 ოქმის მიხედვით, მეორე მოპასუხე ჩაითვალა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ.

13. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს N56, N57, 2010 წლის 4 ნოემბრის N90, N91, 2010 წლის 17 ნოემბრის N95, 2010 წლის 22 ნოემბრის N96 და 2010 წლის 3 დეკემბრის N97 განკარგულებების ბათილად ცნობა.

14. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,

- ბათილად იქნა ცნობილი საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს N57, 2010 წლის 4 ნოემბრის N90 და N91 განკარგულებები,

- მოპასუხეებს დაევალათ საკრებულოსა და მოსარჩელეს შორის 2010 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მოძრავი ნივთების დაბრუნება,

- სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილებში, რომლებითაც მოსარჩელემ მოითხოვა: საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს N56, 2010 წლის 17 ნოემბრის N95, 2010 წლის 22 ნოემბრის N96 და 2010 წლის 3 დეკემბრის N97 განკარგულებების ბათილად ცნობა.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით: სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მოსარჩელისათვის მოძრავი ნივთების დაბრუნებისა და საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დასახელებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

16.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. პირველ რიგში, სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ მოსარჩელეს სარჩელით არ მოუთხოვია მოძრავი ნივთების გადაცემა, თუმცა რადგან მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარში აღნიშნული სადავოდ არ გაუხდიათ, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო მოთხოვნის ფარგლებს არ გასცდა და მხოლოდ სააპელაციო საჩივარში მითითებული სადავო გარემოებები შეაფასა.

16.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არც იურიდიული პირის 2010 წლის 16 აგვისტოს №1 ოქმის და არც მისი საფუძვლების - 2010 წლის 17 აგვისტოს განცხადებისა და 2010 წლის 26 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის (როგორც მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მოძრავი ნივთების გადაცემის ცალმხრივი ნების გამოვლენის) ბათილობა არ მოუთხოვია. მიუხედავად ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაუბრუნდა სწორედ ზემომითითებული დოკუმენტების საფუძველზე მოპასუხისათვის გადაცემული მოძრავი ნივთები. ამდენად, მოსარჩელეს მოძრავი ნივთები ისე დაუბრუნდა, რომ ამ ნივთების გადაცემის სამართლებრივი საფუძვლები (ოქმი, განცხადება, მიღება-ჩაბარების აქტი) ძალაში იყო და არ გაბათილებულა.

16.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იურიდიული პირის წესდებაზე, რომლითაც დადგინდა, რომ გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება დასწრეთა უმრავლესობით. ამასთან, გამგეობა განაგებს კავშირის ქონებას. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ყველა მოძრავი ნივთის სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს გამგეობა 11 წევრისგან შედგებოდა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას სხდომას ესწრებოდა 6 წევრი, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება მოძრავი ნივთების სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას კრებამ დაიცვა წესდებით დადგენილი ყველა წესი, რადგან კრება იყო უფლებამოსილი, მას ესწრებოდა 11 წევრიდან 6, ანუ წევრების ნახევარზე მეტი. წესდების თანახმად, სწორედ გამგეობა განაგებდა კავშირის ქონებას, ხოლო გადაწყვეტილება ქონების განკარგვის შესახებ მიიღეს 11 წევრიდან 6 წევრის თანხმობით. ამდენად, კრებამ გადაწყვეტილება დამსწრეთა უმრავლესობით მიიღო, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ლეგიტიმურად ჩათვალა.

16.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მოძრავი ნივთები სამართლებრივ საფუძველზე გადაეცა სამტრედიის მუნიციპალიტეტს. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი იყო ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. კონკრეტულ შემთხვევაში ასეთს ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან საზოგადოების მიზნებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოძრავი ნივთები უსასყიდლოდ გადაეცა, უსაფუძვლო გამდიდრებით სამართლურთიერთობის შეფასებისთვის კი აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე და პირი ქონებას იღებს (იძენს) შესაბამისი საფუძვლის გარეშე.

16.5. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საკრებულოს №57, №90 და №91 განკარგულებების კანონიერების საკითხზეც. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა აღიარებითი სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში, სსკ-ის) 180-ე მუხლის მიხედვით კი, აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს ის სამართლებრივი სიკეთე (უფლება), რაც მოსარჩელეს კანონით ჰქონდა მინიჭებული. მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ მხოლოდ ასეთი სარჩელით მიაღწევს დასახულ მიზანს. იურიდიული ინტერესის არსებობა გულისხმობს იმ შედეგებზე მითითებას, რომლის მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს აღიარებითი სარჩელით. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დღემდე კერძო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტადაა რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. ეს იმას ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს, განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა და საკრებულოს სადავო განკარგულებები ამ სურათს ვერ შეცვლის, რადგან ახალი სუბიექტის წარმოშობას ძველი სუბიექტის ფუნქციონირების შეწყვეტა არ გამოუწვევია. ორივე მათგანი, სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ნომრით, დღესაც მოქმედ სუბიექტებადაა რეგისტრირებული. ამდენად, ხსენებული განკარგულებები (თავიანთი შინაარსიდან გამომდინარე) მოსარჩელისათვის რაიმე იურიდიულ შედეგს არ იწვევდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ შეძლო აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების ძირითადი წინაპირობის - იურიდიული ინტერესის არსებობის დასაბუთება, რის გამოც სადავო აქტების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი ასევე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისთვის მოძრავი ნივთების დაბრუნება მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:

17.1. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 36-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ იურიდიული პირის (მოსარჩელე) მიერ ქონების გასხვისება ამ უკანასკნელის მიზანს ემსახურებოდა. სადავო ნივთების უკანონოდ გასხვისების შედეგად მოსარჩელემ ფუნქციონირება შეწყვიტა, რაც მის ინტერესში არ შედიოდა და არც მის განვითარებას არ ემსახურებოდა.

17.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის ქონების გადაცემის დამდგენი ოქმი არ გაუსაჩივრებია. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა იურიდიული პირის გამგეობის სხდომის 2018 წლის 25 აპრილის ოქმი, რომლითაც გაუქმდა ამავე გამგეობის 2010 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება სათანადოდ არ შეაფასა. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით გააუქმა მოსარჩელესთან კავშირში მყოფი ყველა განკარგულება და არასამეწარმო იურიდიულ პირს კუთვნილი ქონება დაუბრუნა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ოქმის გასაჩივრების არც ინტერესი და არც ვალდებულება არ გააჩნდა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

20.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20.2. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (იხ. პ. 1-12).

20.3. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის გადაცემული ქონების უკან დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ ეს ქონება ბათილი გარიგების საფუძველზე განიკარგა. ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 მუხლი (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით).

20.4. სსკ-ის 976-ე მუხლი ეხება შესრულების კონდიქციის გამოყენების მთავარ შემთხვევას, კერძოდ, შესრულების უკუმოთხოვნას, რომელიც განხორციელდა ვალდებულების შესასრულებლად. ეს ნორმა მოიცავს შემთხვევებს, რომელშიც შემსრულებელი (ძირითადად შეცდომით) ახდენს ფაქტობრივად არარსებული ვალდებულების შესრულებას, ასევე ბათილი ან არშემდგარი ხელშეკრულებების უკუქცევის შემთხვევებს. ზემოხსენებული ნორმის პირველი ნაწილი ადგენს მოთხოვნის უფლების წინაპირობებს. მოთხოვნის უფლების მოცულობა კი გამომდინარეობს სსკ-ის 979-ე-981-ე მუხლებიდან. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლების წინაპირობებია: ა) მიმღებისათვის რაღაცის გადაცემა (გადაცემა წარმოადგენს მოქმედებას, როდესაც მიმღებს გადაეცემა ან მის მიმართ განხორციელდება გარკვეული სახის შესრულება შეგნებულად და ნებაყოფლობით); ბ) შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა; გ) მიმღების გამდიდრება.

20.5. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ კუთვნილი ქონება საკუთრებაში გადასცა მოპასუხეს (მიმღებს) ამ უკანასკნელის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის. კასატორს მიაჩნია, რომ სადავო ქონების მიმღებისათვის გადაცემის სამართლებრივი საფუძველი თავიდანვე არარსებობდა, რადგან ქონების გადაცემის ხელშეკრულება ბათილია უკანონობის გამო (სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც აღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს). კასატორის მოსაზრებით, ქონების განკარგვა ბათილია, რადგან იგი ეწინააღმდეგება სსკ-ის 36-ე მუხლის (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს) დანაწესს, კერძოდ, განკარგვა არ განხორციელებულა ამ მუხლში მითითებული არცერთი საფუძვლით.

20.6. სსკ-ის 36-ე მუხლი ა(ა)იპ-ის ქონების გასხვისების ორ წინაპირობას განასხვავებს. პირველი გულისხმობს ქონების არსებობას, ანუ ა(ა)იპ-ის ბალანსზე განსაზღვრული ოდენობის ქონების აღრიცხვას. მეორე წინაპირობა კი არის ქონების გასხვისების კანონით დადგენილი ის ალტერნატივები, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში ა(ა)იპ-ის უფლებამოსილი პირი (ორგანო) ქონების გასხვისების კანონისმიერი უფლებით აღიჭურვება.

20.7. მოცემულ შემთხვევაში, ა(ა)იპ-ის წესდების მიხედვით, ქონების გასხვისებაზე უფლებამოსილ ორგანოს ა(ა)იპ-ის გამგეობა წარმოადგენდა. სწორედ ამ ორგანოს გადაწყვეტილებით დადგინდა ა(ა)იპ-ის ქონების მოპასუხის საკუთრებაში გადაცემა ამ უკანასკნელის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა (თავმჯდომარესა) და მოპასუხეს შორის დაიდო ქონების გადაცემის ხელშეკრულება და სადავო ქონება მოპასუხეს გადაეცა. ამდენად, ა(ა)იპ-ის ქონება განიკარგა გასხვისებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, ამასთან, გასხვისება განხორციელდა საქველმოქმედო მიზნით. ასეთი მიზნის არსებობაზე მითითებულია ქონების გადაცემის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებში. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ-ის ქონების განკარგვა არ ეწინააღმდეგება სსკ-ის 36-ე მუხლის დანაწესს. შესაბამისად, სადავო ქონების გადაცემის თაობაზე დადებული გარიგება არ არის ბათილი გარიგება, რაც გამორიცხავს შესრულების უკუმოთხოვნის თაობაზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებას.

20.8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, ასევე, საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს №57, 2010 წლის 4 ნოემბრის №90 და №91 განკარგულებების ბათილად ცნობის მოთხოვნათა კანონიერება, თუმცა მათ მოსარჩელის ნამდვილ მოთხოვნასთან კავშირი არ აქვთ. კერძოდ, განსახილველი სარჩელის მიზანი ისაა, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირს სადავო ნივთები დაუბრუნდეს. დასახელებული აქტების ბათილად ცნობის ან მათი ძალაში დატოვების საკითხის გადაწყვეტა კი, სარჩელის მიზნის მისაღწევად ვერ გამოდგება, რადგან სადავო ქონება მოპასუხეს გადაეცა არა ამ აქტების საფუძველზე, არამედ 2010 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებით, რომელიც, როგორც უკვე ითქვა, ბათილი არაა და შესაბამის სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხარეებისათვის.

20.9. დაუსაბუთებელია კასატორის აპელირება ა(ა)იპ-ის გამგეობის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ამავე გამგეობის 2010 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება. პალატის მოსაზრებით, რაკი დადგინდა ა(ა)იპ-ის ქონების განკარვის მართლზომიერება, მასზე რაიმე სამართლებრივ გავლენას ვერ მოახდენს კასატორის მიერ მითითებული ა(ა)იპ-ის გამგეობის გადაწყვეტილება.

20.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1633 ლარიდან 70% – 1143.10 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ „სამტრედიის წმინდა მოწამე ქეთევანის სახელობის სათნოების სახლის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ა(ა)იპ „სამტრედიის წმინდა მოწამე ქეთევანის სახელობის სათნოების სახლს“ (2387..) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1633 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი - 01.04..2019) 70% – 1143.10 ლარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი