საქმე №ას-213-2021
23 აპრილი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი ლ.ი–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები ნ.კ–ი, კ.თ–ძე, (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება, მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
ლ.ი–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.კ–ის, კ.თ–ძისა, თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის საოქმო განჩინებით ლ.ი–ის სარჩელი მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ, სარჩელის გამოხმობის გამო, დარჩა განუხილველად.
მოპასუხე კ.თ–ძემ სარჩელი ცნო, ხოლო მოპასუხე ნ.კ–მა სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ლ.ი–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ლ.ი–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართოლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ.ი–მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინებით ლ.ი–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით - 267,5 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ი–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინებით ლ.ი–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით - 267,5 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინება კასატორის წარმომადგენელს, ზ.ბ–ძეს, გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა რწმუნებულის ოჯახის წევრს, თ.ჩ–ას (მეუღლეს), 2021 წლის 31 მარტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 1 აპრილიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2021 წლის 10 აპრილს, მაგრამ, ვინაიდან 10 აპრილი იყო არასამუშაო - შაბათი დღე და მომდევნო დღეც გახლდათ არასამუშაო - კვირა დღე, ამიტომ, სსსკ 61-მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ათ დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება 2021 წლის 12 აპრილს, მომდევნო პირველი სამუშაო დღეს, ორშაბათს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ლ.ი–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე