საქმე №ას-1449-2020 23 აპრილი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ს.გ.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ჯ.მ–ს“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ჯ.მ–სსა“ (შემდგომ - მოსარჩელე, გამყიდველი, მოწინააღმდეგე მხარე) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს (შემდგომ - მოპასუხე, მყიდველი, აპელანტი, კასატორი) შორის, 2017 წლის 27 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №369), რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს მოპასუხისათვის 12 წყვილი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა მიეწოდებინა. მიწოდებული საქონლის სანაცვლოდ მოპასუხეს მოსარჩელისათვის 23 484 ლარი უნდა გადაეხადა.
2. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოებისათვის ანგარიში გასწორდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ, სასაქონლო ზედნადების, ანგარიშფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
3. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება ჰქონდა, გაეკონტროლებინა და ზედამხედველობა გაეწია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე, ასევე - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეეჩერებინა ან შეეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება.
4. ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება წყდებოდა ორმხრივი შეთანხმებით, მაგრამ შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მხარეებს უფლება ჰქონდათ, ხელშეკრულება შეეწყვიტათ ცალმხრივად (წერილობითი ფორმით).
5. ხელშეკრულების 6.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ მყიდველი უფლებამოსილი იყო, ვადამდე ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება, თუ: გამყიდველი დაარღვევდა ამ ხელშეკრულების პირობებს (არ შეასრულებდა ან არაჯეროვნად შეასრულებდა ვალდებულებას).
6. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, მყიდველი კისრულობდა ვალდებულებას, ანგარიშსწორების ვადების დარღვევისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7. ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების გარანტია არ მოითხოვებოდა.
8. 2017 წლის 2 დეკემბერს ზ.ჩ–ძესა (შემდგომ - გამსესხებელი) და მოსარჩელეს შორის გაფორმდა №2017/1202 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა მოსარჩელეს ასესხა 12 000 ლარი. მოსარჩელის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი გამსესხებელია.
9. მოსარჩელეს მოპასუხისათვის ნასყიდობის საგანი უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების დადებიდან 20 კალენდარულ დღეში. მოსარჩელემ ამ ვადის დაცვით, 2017 წლის 9 დეკემბერს მიაწოდა ნასყიდობის საგანი მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილას, კერძოდ, ქ. ბათუმში, ......
10. მოპასუხემ რამდენჯერმე მიმართა მოსარჩელეს განცხადებით, რომ მიწოდებული საქონელი სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ საქონელს არ შეესაბამებოდა. მან ამ მიზეზით არ ჩაიბარა ნასყიდობის საგანი და 2018 წლის 8 იანვარს გავიდა ხელშეკრულებიდან ისე, რომ ნასყიდობის ფასი - 23 484 ლარი არ აუნაზღაურებია, რომლის გადახდის ბოლო ვადა 2017 წლის 22 დეკემბერი (მიწოდებიდან 10 სამუშაო დღე) იყო.
11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 თებერვლის №5001112518 დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი საბურავის ჯაჭვები სრულად შეესაბამება სატენდერო მოთხოვნებს.
12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 18 აპრილის №5 დადგენილების შესაბამისად, მოპასუხემ შეიცვალა სახელწოდება და გახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ს.გ.დ–ი.
სარჩელის საფუძვლები:
13. მოსარჩელემ (გამყიდველმა) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის (მყიდველის) მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის ნასყიდობის საფასურის - 23 484 ლარის, პირგასამტეხლოს - 79.85 ლარისა და ზიანის - 408.37 ლარის დაკისრება.
14. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და დამატებით განმარტა, რომ სესხი აიღო ტენდერით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. იმის გამო, რომ მოპასუხემ ნასყიდობის საფასური არ გადაიხადა, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი 408.37 ლარია, რომელიც სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პროცენტი და საშემოსავლო გადასახადია.
მოპასუხის პოზიცია:
15. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნასყიდობის საგანს არ შეესაბამებოდა. მოთხოვნილი ესკიზით ჯაჭვი იყო ტყისთვის განკუთვნილი, ხოლო მოსარჩელის მიერ მიწოდებული - თოვლისთვის.
16. მოპასუხის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა უსაფუძვლო, ზედაპირული და დაუსაბუთებელია. რაც შეეხება ზიანის მიყენების ფაქტს, სესხის ხელშეკრულება დადებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, მოსარჩელემ თანხა მისი დამფუძნებლისა და 100%-იანი წილის მფლობელისაგან ისესხა, რაც მოპასუხისათვის ზიანის დაკისრებას გამორიცხავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
17. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 23 484 ლარისა და პირგასამტეხლოს - 79.85 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; სარჩელი ზიანის - 408.73 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
18. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან ხელშეკრულებაში მითითებული იყო მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის (CPV კოდი 44500000) მიწოდებისა და არა ტყისთვის განკუთვნილი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის შესახებ, ამასთან, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის (CPV კოდი 44500000) იგივეობა სახელშეკრულებო მოთხოვნებთან დაადასტურა კომპეტენტურმა პირმა - ექსპერტმა, მოპასუხეს კი, ამის გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია (მან მხოლოდ საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე მიუთითა), მოსარჩელისაგან განსხვავებით, მან ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის გადანაწილებით მისთვის დაკისრებული მოვალეობის იმგვარად განხორციელება, რომ სასამართლოს მოპასუხის პოზიცია მართებულად მიეჩნია.
21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სხდომაზე დაკითხულმა დასკვნის გამცემმა ექსპერტმა კიდევ უფრო გაამყარა მოსარჩელის პოზიცია და დამატებით განმარტა, რომ თოვლის ჯაჭვი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტყისთვისაც.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, მოპასუხეს არ წარმოეშობოდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება.
23. რაც შეეხება ნასყიდობის საგნის მოსარჩელის მფლობელობაში ყოფნის თაობაზე აპელანტის პრეტენზიას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მას უფლება აქვს, მოითხოვოს შეძენილი ნივთების მისთვის გადაცემა კანონით დადგენილი წესით, რომლის ჩაბარებაზეც მან უარი უსაფუძვლოდ განაცხადა.
24. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს. უდავოა, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, ხოლო მოპასუხე უსაფუძვლოდ აცხადებდა უარს ნასყიდობის საფასურის გადახდაზე, რის გამოც 17 დღის (ნასყიდობის საგნის მიწოდებიდან ხელშეკრულებიდან გასვლამდე) პირგასამტეხლოს - 79.85 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება საფუძვლიანია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
25. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა ან ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაეკისრება მოპასუხისათვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გადაცემის ვალდებულება.
26. კასატორი საკასაციო პრეტენზიას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტის დასკვნა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელია, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა აღიარა, რომ ექსპერტიზის დროს თოვლის ჯაჭვები წარედგინა, ხოლო ხელშეკრულებით ტყის ჯაჭვები იყო მოთხოვნილი, მაგრამ ექსპერტმა ჯაჭვების განსხვავებულობის მიუხედავად, მათი შესაბამისობა დაასკვნა.
27. კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ისე მიიღეს მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელიათ შემხვედრ ღონისძიებაზე, კერძოდ, მოსარჩელისათვის ნასყიდობის საგნის მოპასუხისათვის გადაცემის დავალდებულებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
31. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება გამოიკვლია.
33. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა, რომელიც გარკვეული საქონლის შეძენასა და სანაცვლო ანაზღაურებას გულისხმობდა, ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას ეფუძნება, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძვლიანობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417-718-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს.
34. უდავოა, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს, მოსარჩელემ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში უზრუნველყო მოპასუხისათვის ნასყიდობის საგნის - 12 წყვილი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მიწოდება, თუმცა, მოპასუხემ მიწოდებული ნასყიდობის საგანი იმ მიზეზით არ ჩაიბარა, რომ წარდგენილი ჯაჭვები სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებს არ შეესაბამებოდა, ვინაიდან, წარმოდგენილი ჯაჭვები იყო თოვლის, ხოლო მათ ტყის ჯაჭვების შეძენა სურდათ.
35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპასუხო შესრულებისგან მოვალეს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს თუ ის დაამტკიცებს, რომ მან ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო, ან მიიღო შეთანხმებული ხარისხისგან განსხვებული ხარისხის ან რაოდენობის ნივთი. ამგვარ გარემოებათა არსებობა მოვალეს კრედიტორის მიმართ, ფასის შემცირების, წუნდებული ნივთის ახლით შეცვლის ან ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების მეორად სახელშეკრულებო მოთხოვნებს წარმოუშობს, თუმცა მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოვალის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს საპასუხო შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლიანობის დადასტურება.
36. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ მოპასუხეს ნასყიდობის საგანი მიაწოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა მის მიღებასა და თანხის ანაზღაურებაზე, რაც ნასყიდობის საგნის ნივთობრივ ნაკლს დაუკავშირა. ასეთ პირობებში, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სწორედ შემსყიდველს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) (102-ე მუხლი), რომელმაც სსკ-ის 488-ე მუხლის (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე) წინაპირობების არსებობა ვერ დაადასტურა, კერძოდ, მოპასუხეს მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოსათვის არ წარუდგენია ის უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების ნაკლიან შესრულებაზე, ნიშანდობლივია, რომ წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში მითითებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საბურავის ჯაჭვები სატენდერო მოთხოვნებს სრულად შეესაბამება, რაც სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმაც დაადასტურა და დამატებით განმარტა, რომ თოვლის ჯაჭვი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტყისთვისაც.
37. საკასაციო სასამართლო, კასატორის მიერ მითითებულ ესკიზს მოცემულ სადავო ფაქტის დასადგენად ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული სსსკ-ის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, არ გამოდგება იმ ექსპერტიზის დასკვნის გასაბათილებლად, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადგინა წარმოდგენილი საბურავის ჯაჭვების სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობა.
38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელემ, თავისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითა და ამ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში, ხოლო მოპასუხე მხოლოდ მათი ნეგატიური შეფასებით შემოიფარგლა, მას შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს გააქარწყლებდა, არ წარუდგენია სასამართლოში.
39. საბოლოოდ საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა გამყიდველის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რისი გათვალისწინებითაც შემძენი ვალდებული იყო, სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 23 484 ლარი, რაც, თავის მხრივ, გაუმართლებელს ხდის შემსყიდველის მხრიდან მეორადი მოთხოვნების, მათ შორის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას (სსკ-ის 490-ე და შემდგომი ნორმები).
40. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ხელშეკრულებიდან და თავად სსკ-ის 417-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, მისი გადახდის წინაპირობა მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევაა.
41. პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.
43. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
44. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, ხოლო მოპასუხე უსაფუძვლოდ უარს აცხადებდა ნასყიდობის საფასურის გადახდაზე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საფუძვლიანია.
45. რაც შეეხება კასატორის მითითებას შესყიდული საქონლის გადაცემასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამყიდველის მოთხოვნას ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება წარმოადგენდა, რაც დაკმაყოფილდა და მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ ნასყიდობის თანხის გადახდა დაეკისრა, რაც მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სსკ-ის 477-ე მუხლის საფუძველზე, ამ უკანასკნელს ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის საგანი გადასცეს. პალატა დამატებით მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ თავის დროზე უარი განაცხადა შესყიდული ნივთების მიღებაზე, მას არ დაუკარგავს უფლება, მოითხოვოს ნასყიდობის საგნის მფლობელობაში გადაცემა (იხ. სუსგ. №ას-1076-996-2017, 2019 წლის 19 აპრილის განჩინება).
46. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
47. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
49. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-257-2019, 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება; №ას-1291-2018, 2019 წლის 6 ივლისის განჩინება; №ას-954-2018, 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება).
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე
51. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - ს.გ.დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე