საქმე №ას-468-468-2018 12 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ დეპოზიტში მიღებული თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.რ–ამ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნოტარიუს მ.გ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „ნოტარიუსი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ:
1.1. სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული და კრედიტორის მიერ მიუღებელი თანხის - 662 704,12 ლარის გადახდის დაკისრება;
1.2. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 2014 წლის 6 ივლისიდან წინამდებარე სარჩელის თარიღამდე 24 585,42 ლარის და წინამდებარე სარჩელის თარიღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში წლიური 5%-ის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 90,78 ლარს, დაკისრება.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. 2011 წლის განმავლობაში მოსარჩელემ განახორციელა 3 008 833,91 ლარის დეპონირება ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების, მათ შორის, შპს „ბ–ი“ (შემდგომში - „კრედიტორი“) კომპენსაციის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით. მოსარჩელემ შპს „ბ–ოს“ უძრავი ქონების საკომპენსაციო თანხა - 662 704,12 ლარი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „პ.ბ–ი“, ანგარიშის ნომერი: GE62PC01336…..) 2011 წლის 6 ივლისს გადარიცხა;
2.2. კრედიტორს დღემდე არ მიუღია საკომპენსაციო თანხა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 441-ე მუხლით გათვალისწინებული, დეპონირებული საგნის შენახვის 3-წლიანი ვადა გავიდა 2014 წლის 6 ივლისს;
2.3. სსკ-ის 441-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებული იყო დეპონირების ვადის გასვლის შემდეგ მოვალისათვის (მოსარჩელისთვის) ეცნობებინა კრედიტორების მიერ მიუღებელი თანხების შესახებ და მოეთხოვა მოვალის მიერ თანხის უკან დაბრუნება;
2.4. ნოტარიუსმა შეტყობინების ვალდებულება არ შეასრულა, ამიტომ მოსარჩელემ არაერთგზის ზეპირსიტყვიერად და წერილობით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა დეპონირებული თანხის უკან დაბრუნება. თუმცა, ნოტარიუსს აღნიშნული ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია. ნოტარიუსს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მისაღები თანხიდან უნდა გამოიქვითოს ნოტარიუსის საზღაური და დეპონირებული თანხების საბანკო ანგარიშიდან გატანის საკომისიო;
2.5. მოსარჩელე არ იზიარებს ნოტარიუსის მოსაზრებას მოსარჩელის მიერ საბანკო ანგარიშიდან თანხების გატანის საკომისიოს დაფარვის ვალდებულების თაობაზე, თუმცა, 2015 წლის 6 იანვრის წერილით მზადყოფნა გამოთქვა დეპონირებული თანხის მიღების შესახებ ასეთი საკომისიოს გამოკლებით, იმ პირობით, რომ საკომისიოს ოდენობა და მისი ანაზღაურების ვალდებულება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სადავო დარჩებოდა;
2.6. მიუხედავად აღნიშნულისა, ნოტარიუსს დეპონირებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია;
2.7. მოპასუხეს ვალდებულება რომ შეესრულებინა და კანონით დადგენილ ვადაში - 2014 წლის 6 ივლისს მოსარჩელისთვის დაებრუნებინა 662 704,12 ლარი, მოსარჩელე, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დეპოზიტებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის თარიღამდე მიიღებდა შემოსავალს აღნიშნული თანხის კომერციულ ბანკში დეპოზიტზე განთავსებით 24 585,42 ლარის ოდენობით, ხოლო, სანამ ძირითადი თანხა სრულად არ იქნება მოსარჩელისთვის გადმორიცხული, ყოველდღიურად ადგება ზიანი 90,78 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ:
3.1. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 97-ე მუხლით, თუ კრედიტორი უარს აცხადებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების მიღებაზე, ნოტარიუსი ამის შესახებ აცნობებს მოვალეს და მოითხოვს შენატანის უკან დაბრუნებას. კრედიტორის უარი შენატანის მიღებაზე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. უარის თქმად ჩაითვლება, თუ კრედიტორი არ მიიღებს დეპოზიტის საგანს მისი შეტანიდან სამი წლის განმავლობაში. მოვალეს შენატანის დაბრუნებისათვის ნოტარიუსის მიერ განესაზღვრება ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს სამ თვეზე ნაკლები. თუ მიცემული ვადის განმავლობაში მოვალე არ დაიბრუნებს შენატანს ან თუ იგი უარს აცხადებს შენატანის დაბრუნებაზე, მაშინ ვალდებულების საგანი ჩაითვლება სახელმწიფო საკუთრებად. მოუკითხავი სადეპოზიტო თანხები ნოტარიუსის მიერ ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის დაქვითული თანხისა;
3.2. განსახილველ შემთხვევაში მითითებული სამთვიანი ვადა მოვალის მიმართ გამოითვლება 2014 წლის 6 ივლისი - 6 ოქტომბრის პერიოდით. სწორედ ამ პერიოდში ნოტარიუსმა მოსარჩელეს აცნობა დეპოზიტზე განთავსებული თანხიდან სანოტარო მომსახურების სახით თანხის დაფარვისა და დეპოზიტში მიღებული თანხის უკან დაბრუნებისათვის კანონით სავალდებულო სანოტარო აქტების გასაფორმებლად წარმომადგენლის დანიშვნის საჭიროების შესახებ, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ოქმის შედგენამდე დირექტორთა საბჭოს 2011 წლის 9 მარტის №27/8 დადგენილებით თავადვე ჰქონდა განსაზღვრული დეპოზიტზე განთავსებული თანხის სამი თვის სანოტარო საზღაურის გადახდა. კრედიტორის მიერ თანხის მიუღებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრება სანოტარო მომსახურების საზღაურის გადახდა, ვინაიდან ნოტარიუსი თავის საქმიანობას ახორციელებს კანონის საფუძველზე. ნოტარიუსს კანონი იმპერატიულად უდგენს მომსახურების საზღაურს, მისი შემცირება ან მასზე უარი არ დაიშვება სახელმწიფო ბიუჯეტში მოუკითხავი სადეპოზიტო თანხების გადარიცხვის შემთხვევაშიც;
3.3. მოსარჩელე დეპოზიტში მიღებული თანხის კრედიტორის მიერ მიუღებლობაზე ინფორმირებული იყო და მას არ სურდა ნოტარიუსისთვის სანოტარო მომსახურების საზღაურის გადახდა, რაც დასტურდება მოსარჩელის 2014 წლის 26 დეკემბრის №7844, 2015 წლის 12 იანვრის №174 და 2015 წლის 9 თებერვლის №775 წერილებით;
3.4. ნოტარიუსის საზღაური გამოიანგარიშება საზღაურის მაქსიმალური - 10 000 ლარის ოდენობით შემდეგი სახით: (1) 662 704,12- 500 000=162 704,12x0,1%=162,71 ლარი; (2) 1162,5 ლარი + 162,71 ლარი =1325,21:4=331,30 ლარი; (3) 331,30 ლარი - ნოტარიუსის დეპოზიტზე თანხის შენახვის ყოველთვიური საზღაური; (4) 331,30 ლარიx36 თვეზე = 11 926,83 ლარი (მაგრამ, ვინაიდან საზღაურის მაქსიმალური ოდენობა არის 10 000 ლარი, მას ემატება დღგ 18% და 2 ლარი ელ.რეესტრის სარეგისტრაციო საფასური). რაც შეეხება ბანკის საკომისიოს, ბანკის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, თანხის მოსარჩელისათვის გადარიცხვის ტრანზაქციის განხორციელებისას დეპოზიტზე განთავსებულ თანხას გამოაკლდება 6116,35 ლარი.
4. მოსარჩელემ პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას განმარტა, რომ მოპასუხემ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, 2015 წლის 5 ივნისს ნოტარიუსმა დაამოწმა სანოტარო აქტი დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდების გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაერიცხა 2011 წლის 5 ივლისის ოქმით შპს „ბ–ოს“ სასარგებლოდ დეპონირებული 662 704,12 ლარი. 2015 წლის 5 ივნისს მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე გადარიცხა 644 785,77 ლარი. შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელისთვის გადასახდელი თანხიდან გამოქვითა 17 918,35 ლარი, რაც მოსარჩელემ უსაფუძვლოდ მიიჩნია. გამომდინარე აქედან, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ:
4.1. სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული და კრედიტორის მიერ მიუღებელი თანხის 17 585,05 ლარის გადახდის დაკისრება;
4.2. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 2015 წლის 5 ივნისამდე 35 932,92 ლარის და 2015 წლის 5 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში დანაკლისი თანხის 17 585,05 ლარის წლიური 5%-ის გადახდის დაკისრება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,40 ლარს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები ნოტარიუსის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7461,46 ლარი; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხისთვის 46 056,51 ლარის დაკისრებისა და 2015 წლის 5 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 2,4 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული და კრედიტორის მიერ მიუღებელი თანხა 10 123,59 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 2015 წლის 5 ივნისამდე პერიოდის განმავლობაში 35 932,92 ლარისა და 2015 წლის 5 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 17 585,05 ლარის წლიური 5%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,40 ლარს.
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე [თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან], 440.2 [მოვალეს შეუძლია ჩაბარებული საგანი უკან დაიბრუნოს, თუ კრედიტორი უარს ამბობს მასზე, ან თუ გავიდა 441-ე მუხლით განსაზღვრული ვადა] და 441-ე მუხლებით [სასამართლო ან ნოტარიუსი შესრულების საგანს ინახავს სამ წლამდე ვადით. თუ ამ ვადის განმავლობაში კრედიტორი არ მიიღებს საგანს, ამის შესახებ ეცნობება მოვალეს და მოეთხოვება ჩაბარებული საგნის უკან დაბრუნება. თუ დაბრუნებისათვის საჭირო ვადის განმავლობაში მოვალე არ მიიღებს საგანს, მაშინ იგი ჩაითვლება სახელმწიფო ქონებად].
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9.1. 2011 წლის 5 ივლისს შპს ,,ს.რ–ამ“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,ბ–ოს“ სასარგებლოდ 662 704.12 ლარის დეპონირების მიზნით მიმართა ნოტარიუს მ.გ–ძეს, რომელმაც დაამოწმა ფულადი სახსრების დეპოზიტში მიღების ოქმი;
9.2. 2011 წლის 6 ივლისს შპს ,,ს.რ–ამ“ ნოტარიუს მ.გ–ძის ანგარიშზე გადარიცხა დეპონირებისათვის შეთანხმებული თანხა (იხ. ტ.1., ს.ფ. 20-28);
9.3. ნოტარიუს მ.გ–ძისათვის მის ანგარიშზე არსებული თანხის მისაღებად მოსარჩელის კრედიტორს, შპს ,,ბ–ოს“ არ მიუმართავს;
9.4. 2014 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 440-441-ე მუხლების შესაბამისად, ნოტარიუს მ.გ–ძისაგან მოითხოვა კრედიტორის მიერ მიუღებელი, დეპონირებული თანხის უკან დაბრუნება (იხ. ტ.1., ს.ფ. 29);
9.5. 2014 წლის 31 დეკემბერს ნოტარიუსმა დეპონირებული თანხის დაბრუნებაზე მოსარჩელეს უარი განუცხადა. ნოტარიუსმა მიუთითა იმ ნორმატიულ აქტებზე, რომლითაც რეგულირდება დეპოზიტზე თანხის მიღებისთვის ნოტარიუსის საზღაური და თანხის გაცემის საბანკო ოპერაციისათვის საკომისიო და აღნიშნა, რომ წერილში მითითებულ ანგარიშზე ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელი იყო სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის სანოტარო ბიუროში მივლინება, რათა დეპონირებული ფულის გადაცემასთან დაკავშირებით ხელმოწერილი ყოფილიყო სანოტარო აქტი, რის შემდეგაც განხორციელდებოდა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხიდან დანაშთი თანხის უკან დაბრუნება მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის მეშვეობით, ნოტარიუსის საზღაურისა და საბანკო ოპერაციების შედეგად მომსახურებისათვის დარიცხული საკომისიოს გამოკლებით (იხ. ტ.1., ს.ფ. 30);
9.6. სს ,,პ.ბ–ის” ცნობის თანახმად, შპს ”ს.რ–ისგან“ 2010 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ჩარიცხულმა თანხამ მ.გ–ძის სს ,,პ.ბ–ი“ გახსნილ ანგარიშზე შეადგინა ჯამურად 3 058 173,59 ლარი და გატანის საკომისიო თანხაზე შედგენს 6 116 ,35 ლარს (იხ. ტ. 1., ს.ფ. 31);
9.7. 2015 წლის 6 იანვარს მოსარჩელემ წერილით მიმართა ნოტარიუსს და კვლავ მოითხოვა, ნოტარიუსს გადაერიცხა მოსარჩელის ანგარიშზე დეპონირებული თანხის ის ნაწილი, რომელიც ნოტარიუსის გაანგარიშების თანახმად გადარიცხვას ექვემდებარებოდა; ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დეპონირებული თანხების სადეპოზიტო ანგარიშიდან გატანის საკომისიოს ანაზღაურების საკითხი მხარეებს შორის რჩებოდა სადავო, აღნიშნულის ასახვა მომხდარიყო დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდების გადაცემასთან დაკავშირებით შესადგენ სანოტარო აქტში. დეპონირებული თანხების სადეპოზიტო ანგარიშიდან გატანის საკომისიოს მოსარჩელის მიერ ანაზღაურების საფუძვლიანობის საკითხი მოსარჩელის შესაბამისი სარჩელის საფუძველზე გადაწყდებოდა სასამართლოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. იქვე მიეთითა, რომ მოსარჩელის მხრიდან სანოტარო აქტზე ხელმოწერისათვის უფლებამოსილება ენიჭება იურიდიული სამსახურის უფროსის მრჩეველ გ.თ–ს, რომელიც მივლინებულ იქნება სანოტარო ბიუროში 2015 წლის 6 იანვარს წინამდებარე წერილის ჩაბარების, ზემოაღნიშნული დოკუმენტების მიღებისა და სანოტარო აქტზე ხელმოწერის მიზნით (იხ. ტ.1., ს.ფ. 33-35);
9.8. 2015 წლის 12 იანვარს მოსარჩელემ ნოტარიუსი წერილით გააფრთხილა, რომ მან დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 441-ე მუხლის მოთხოვნა და არ შეასრულა ვალდებულება (იხ. ტ.1., ს.ფ. 77), ხოლო 2015 წლის 3 თებერვალს მის წინააღმდეგ აღძრა წინამდებარე სარჩელი დეპოზიტზე განთავსებული თანხის უკან დაბრუნებისა და სანოტარო მოქმედების განუხორციელებლობისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ (იხ. ტ.1., ს.ფ.1-48);
9.9. 2015 წლის 9 თებერვალს მოსარჩელემ წერილით მიმართა ნოტარიუსს, სადაც აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა გ.თ–მა ჩაიბარა სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებული და კრედიტორების მიერ მიუღებელი თანხების დაბრუნების მიზნით გასაფორმებელი სანოტარო აქტის პროექტი დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდების გადაცემის შესახებ, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება და ნოტარიუსს მოუწოდა პროექტის კორექტირებისათვის. ამასთან, მოითხოვა ნოტარიუსს სანოტარო აქტის გაფორმების გარეშე გადაერიცხა თანხის ის ნაწილი, რომელიც ნოტარიუსის მოსაზრებისა და გაანგარიშების თანახმად ექვემდებარებოდა გადარიცხვას ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშიდან (იხ. ტ.1., ს.ფ. 79-82);
9.10. 2015 წლის 5 ივნისს ნოტარიუსსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდების გადაცემის სანოტარო აქტი, რითაც მოსარჩელის მიმართ უნდა განხორციელებულიყო დეპონირებული თანხის დაბრუნება უნაღდო ანგარიშსწორების გზით. იქვე მიეთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 440.3 მუხლი და ის, რომ გადახდილია სანოტარო მომსახურების საზღაური 10 000 ლარი, დღგ 1800 ლარი და 2 ლარი რეგისტრაციის საზღაური, სულ 11 802 ლარი, თანახმად სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასურის ოდენობის, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების შესახებ დადგენილებისა, 29 დეკემბერი, 2011წ. N507, 29 მუხლი (2ა პუნქტი) 39 და საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლებისა (იხ. ტ.1., ს.ფ.142-144);
9.11. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 5 ივნისის N1 საგადახდო დავალების თანახმად, ირკვევა, რომ ნოტარიუსმა სს ,,პ.ბ–ი“ საქართველოდან მოსარჩელის ანგარიშზე სს ,,ვ.ბ.ჯ–აში“ გადარიცხა 644 785,77 ლარი. გადახდის დანიშნულებად მითითებულია დეპონირებული თანხის მოვალისათვის გადარიცხვა უკან (იხ. ტ.1., ს.ფ.141).
10. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, დადგენილად მიიჩნია ორი ფაქტი:
10.1. ნოტარიუსმა მოსარჩელეს 2011 წლის 5 ივლისის სანოტარო აქტის საფუძველზე მოსარჩელის კრედიტორისათვის დეპონირებული 662 704,12 ლარის კრედიტორის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში მიუღებლობისა და მოვალის მიერ უკან გამოთხოვის საფუძველზე დაუბრუნა 644 785,77 ლარი (როგორც ნოტარიუსი აცხადებს სანოტარო საქმიანობის ხარჯებისა და ბანკის საკომისიო თანხის გამოკლებით);
10.2. ნოტარიუსს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 441-ე მუხლით დადგენილი წესით კრედიტორისათვის დეპონირებული ვალდებულების მიღების სამწლიანი ვადის უშედეგოდ გასვლის გამო არ მიუმართავს მოსარჩელისთვის, როგორც მოვალისათვის დეპონირებული თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობის გაფრთხილების გამო.
11. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი, მოსარჩელე კომპანიის მოხელეებთან სატელეფონო ზარების ამსახველი ცნობები არ მიიჩნია სათანადო მტკიცებულებად, რომელიც გააქარწყლებდა მოსარჩელის მტკიცებას სსკ-ის 441-ე მუხლის თანახმად დეპონირებული თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ ნოტარიუსის მიერ მოვალის გაფრთხილების თაობაზე, რადგან სატელეფონო ზარებით ვერ მტკიცდებოდა შესაბამის პირებთან საუბრის შინაარსი, ამავე დროს, არ არსებობდა არანაირი წერილობითი დადასტურება მოსარჩელის ინფორმირების შესახებ, მაშინ როცა მოსარჩელე უარყოფდა გაფრთხილების თაობაზე ნოტარიუსის ქმედების ფაქტს.
12. სააპელაციო პალატამ მიუთითა სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ 2011 წლის 29 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №507 დადგენილების პირველ მუხლზე, მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, განისაზღვრა სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის ცნება, კერძოდ, დანაწესში მიეთითა, რომ სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაური (შემდგომში – საზღაური) არის სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, აგრეთვე სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის გადახდილი ანაზღაურება, რომელშიც არ შედის დამატებული ღირებულების გადასახადი; დადგენილების მე-5.1 მუხლზე, რომლის თანახმად, საზღაური გადაიხდევინება შესაბამისი მომსახურების გაწევისთანავე; მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ნოტარიუსი უფლებამოსილია არ გასცეს მასთან სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარდგენილი დოკუმენტები შესაბამისი მოქმედებისათვის საზღაურის გადახდამდე და გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე; დადგენილების 29-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საზღაური ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების მეოთხედი ოდენობით გადაიხდევინება შემდეგი მოქმედებების შესრულებისათვის: ა) ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტზე მიღება, მაგრამ ყოველი თვისათვის არანაკლებ 4 ლარისა; მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ფულის დეპოზიტზე მიღების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საზღაურის გარდა, ნოტარიუსის საზღაურია ასევე დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის მთლიანი ოდენობა; დადგენილების 23-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთებია: როცა გარიგების ღირებულებაა 500001 ლარიდან 1000000 ლარის ჩათვლით საზღაურის ოდენობა ლარებით არის გარიგების ღირებულების 1162,5 ლარი + 500000 ლარის ზევით თანხის 0,1%; ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული საზღაური არ უნდა იყოს 10 000 ლარზე მეტი.
13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ნოტარიუსის 2011 წლის 5 ივლისს შედგენილი სანოტარო აქტით დადასტურებული ფულადი სახსრების დეპოზიტში მიღების ოქმის თანახმად, დეპონირებულ თანხას შედგენს 662704,12 ლარი და აღნიშნა, რომ ზემოთ მითითებული დადგენილების 23-ე და 29-ე მუხლებით დადგენილი საზღაურის გაანგარიშების წესის მეთოდის თანახმად, სანოტარო საზღაური უნდა განსაზღვრულიყო შემდეგი დაანგარიშებით: დეპონირებულ თანხას 662704,12 უნდა გამოაკლდეს 500000, რაც არის 162704,12 ლარი, რომლის 0,1 პროცენტს (162704,12:100X0,1=162,70) - 162,70 ლარს უნდა დაემატოს 1162,5 ლარი - ჯამით (1325,2 ლარი). 1352,2 ლარის ერთი მეოთხედი ნაწილი შეადგენს 331,3 ლარს. სასამართლომ მიუთითა სს ,,პ.ბ–ის“ ცნობაზე, რომლის თანახმად, სს ,,პ.ბ–ში“ ტარიფების პოლიტიკის შესაბამისად ჩარიცხულ თანხაზე 2012 წლის 26 ივლისის ჩათვლით ჩარიცხულ თანხაზე გატანის საკომისიო შეადგენდა 0,2 %-ს, ხოლო 2012 წლის 27 ივლისიდან დღემდე მოქმედებს ჩარიცხულ თანხაზე გატანის საკომისიო 0,3%-ის ოდენობით (იხ. ტ. 1., ს.ფ. 161). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული ტარიფი შეადგენდა ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიოს და არა ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე გადარიცხვის საკომისიოს. შესაბამისად, აღნიშნულის დაკავება, როგორც ნოტარიუსის საზღაურისა, არ შეესაბამებოდა კანონს.
14. სააპელაციო პალატამ იმსჯელა საკითხზე, ნოტარიუსის მიერ სსკ-ის 441-ე მუხლით დადგენილ ვადაში მოვალის გაუფრთხილებლობა და სარჩელის აღძვრამდე და მას შემდეგაც სადეპოზიტო თანხების გადარიცხვის პროცესის გაგრძელება და სრულყოფილად დაუბრუნებლობა არის თუ არა სადეპოზიტო თანხების უკან დაბრუნების პროცესის გაჭიანურება, რამაც ზიანი მიაყენა მოსარჩელე მხარეს.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 441-ე მუხლზე, სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების 97-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კრედიტორი უარს აცხადებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობებს მიღებაზე, ნოტარიუსი ამის შესახებ აცნობებს მოვალეს და მოითხოვს შენატანის უკან დაბრუნებას. კრედიტორის უარი შენატანის მიღებაზე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. უარის თქმად ჩაითვლება, თუ კრედიტორი არ მიიღებს დეპოზიტის საგანს მისი შეტანიდან სამი წლის განმავლობაში. მოვალეს შენატანის დაბრუნებისათვის ნოტარიუსის მიერ განესაზღვრება ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს სამ თვეზე ნაკლები. თუ მიცემული ვადის განმავლობაში მოვალე არ დაიბრუნებს შენატანს ან თუ იგი უარს აცხადებს შენატანის დაბრუნებაზე, მაშინ ვალდებულების საგანი ჩაითვლება სახელმწიფო საკუთრებად. მოუკითხავი სადეპოზიტო თანხები ნოტარიუსის მიერ ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის დაქვითული თანხისა.
16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმატიული დანაწესების იმპერატიულობა უნდა განისაზღვროს სსკ-ის 434-ე მუხლით და კრედიტორის ჩანაცვლების სამართლებრივი რეჟიმით. კერძოდ, მოვალის მიერ ნოტარიუსის ანგარიშზე დეპონირებული ფულადი ვალდებულებით კრედიტორის წინაშე ვალდებულება წყდება, ანუ დეპონირებით ვალდებულების შესრულების ჩანაცვლებით ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი უარს განაცხადებს ვალდებულების შესრულების მიღებაზე, იგივე 3 წლის ვადაში არ მიაკითხავს ნოტარიუსს დეპონირებული თანხის მიღებისათვის, ნოტარიუსმა უნდა აცნობოს ამის შესახებ მოვალეს და დაუნიშნოს ვადა კანონქვემდებარე აქტით დადგენილი დროის მონაკვეთით განახორციელოს დეპონირებული თანხის უკან დაბრუნება ან უარი თქვას მასზე, რადგან უარის თქმის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია დეპონირებული თანხა გადასცეს სახელმწიფოს. ანუ ნოტარიუსისაგან დეპონირებული ვალდებულების უკანვე დაბრუნებისათვის ძირითადი კრედიტორის ადგილს სამართლებრივი თანმიმდევრობით იკავებს მოვალე და შემდეგ სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ დროს ნოტარიუსს წარმოეშობა კანონისმიერი ვალდებულება ჯერ ძირითადი კრედიტორის მოვალის და შემდეგ სახელმწიფოს მიმართ, რა ვალდებულებაც კანონით გაწერილი თანმიმდევრობით უნდა შეასრულოს ნოტარიუსმა. დადგენილია, რომ 2014 წლის 6 ივლისს მოსარჩელის მიმართ შეიქმნა სამართლებრივი მდგომარეობა მის მიერ დეპონირებული თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ, ხოლო ნოტარიუსს წარმოეშვა ვალდებულება აღნიშნული თანხის დაბრუნებისა მოვალის ნების შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, კანონში არ არის გაწერილი ზუსტი დრო, თუ რა ვადაში უნდა დაიწყოს ნოტარიუსმა მის მიმართ წარმოშობილი კანონისმიერი ვალდებულების შესრულების პროცედურა, რაშიც მოიაზრება უპირველესად მოვალის შეტყობინება კრედიტორის მიერ დეპონირებულ თანხებზე უარის შესახებ, თუმცა ასეთი პროცედურა არ უნდა იყოს დროში გაწელილი და არ უნდა გასცდეს დროის გონივრული შუალედის ფარგლებს.
17. სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოვალის გაფრთხილების კანონით გაწერილი პროცედურის დაწყების ინიციატორი ნოტარიუსი იყო, ანუ დადგენილი იყო, რომ მოვალე კრედიტორის მიერ კანონით დადგენილ 3-წლიან ვადაში სადეპოზიტო თანხების გატანაზე უარის შესახებ ნოტარიუსის მიერ არ იქნა გაფრთხილებული. 2014 წლის 26 დეკემბრის წერილით კი ირკვეოდა, რომ მოვალის მიერ დეპონირებული თანხის უკან გამოთხოვის პროცედურის დაწყება თავად მოვალის ინიციატივით მოხდა. შესაბამისად, დეპონირებული თანხის დაბრუნების კანონით გაწერილი პროცედურა დაიწყო 2014 წლის 6 ივლისიდან, კრედიტორის მიერ დეპონირებული თანხის გატანის ბოლო ვადიდან 5 თვის გასვლის შემდეგ მოვალის ინიციატივით, აღნიშნული გარემოება ადასტურებდა, რომ მოვალის გაფრთხილების კანონისმიერი ვალდებულების შესრულების გონივრული ვადა ნოტარიუსის მიერ დაცული არ იქნა. ამასთან, ნოტარიუსის მიერ სადეპოზიტო თანხის ნაწილის დაბრუნება მოვალისთვის განხორციელდა სარჩელის აღძვრის შემდეგ, მანამდე თანხის უკან დაბრუნების პროცედურა, მიუხედავად მოვალის თანხმობისა, დეპონირებული თანხები დაბრუნებოდა ნოტარიუსის მიერ დაანგარიშებული ხარჯების გამოქვითვით, ნოტარიუსის მიერვე გაჭიანურდა.
18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე მიუღებელი ზიანის რეალურობას ასაბუთებდა იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს ერიცხებოდა სარგებელი. მოსარჩელის ფინანსური ბრუნვა დიდი იყო და იგი ბანკებისათვის ყოველთვის სასურველ კლიენტს წარმოადგენდა. სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ 2015 წლის 1 ივლისის სს ,,ლ.ბ–ის“ ცნობაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს სს ,,ლ.ბ–ში“ გახსნილ ანგარიშზე 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით ერიცხებოდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთი ლარში არსებულ თანხას: 2014 წლის 1 ივლისიდან 2014 წლის 4 აგვისტომდე 15 მილიონ ლარამდე დღიური ნაშთის შემთხვევაში - მთლიან ნაშთზე წლიური 7%; 2014 წლის 4 აგვისტოდან 2014 წლის 24 ნოემბრამდე 20 მილიონ ლარამდე დღიური ნაშთის შემთხვევაში - მთლიან ნაშთზე 7%, 20 მილიონ ლარზე მეტი დღიური ნაშთის შემთხვევაში - წლიური 2% მთელ ნაშთზე; 2014 წლის 24 ნოემბრიდან დღემდე: 20 მილიონ ლარამდე დღიური ნაშთის შემთხვევაში - მთლიან ნაშთზე 7%, 20 მილიონ ლარზე მეტი დღიური ნაშთის შემთხვევაში - წლიური 2% 20 მლნ ლარზე მეტი ჭარბ თანხაზე (იხ. ტ.1., ს.ფ. 166). სასამართლომ მიუთითა ასევე სს ,,თ.ბ–ის“ 2015 წლის 24 ივნისის ცნობაზე, რომლის თანახმად, სს ,,თ.ბ–ი“ ადასტურებს, რომ მოსარჩელეს მის კუთვნილ ანგარიშებზე ერიცხებოდა შემდეგი საპროცენტო სარგებელი: 2014 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით ყოველი დღის ბოლოს არსებულ ნაშთებს ერიცხებოდა 8 00000000 ლარამდე ნაშთის წლიური 3%, 8 00000000 ლარის ზემოთ ნაშთის წლიური 3%, 2015 წლის 1 თებერვლიდან 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით ყოველი დღის ბოლოს დაფიქსირებულ ნაშთებს ერიცხება 10 000 000 00 ლარის ჩათვლით ნაშთის წლიური 5,5% 10 000 000 00 ლარიდან 20,000000000 ლარის ჩათვლით ნაშთს წლიური 3%, 20 000 000 00 ლარის ზემოთ ნაშთს წლიური 0% (იხ. ტ.1., ს.ფ. 168), ხოლო საქართველოს ბანკის ცნობის თანახმად, მოსარჩელეს ორგანიზაციას სს ,,პ.ბ–ის“ მიმდინარე ანგარიშზე 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 7 მაისის ჩათვლით ერიცხებოდა სარგებელი 3000000 ლარამდე წლიური 8%, 3000000 ლარს ზევით 6,5% (მთლიან თანხაზე) (იხ. ტ. 1., ს.ფ. 170-174). სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო 2014 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულება მოსარჩელის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებზე სარგებლის დარიცხვის შესახებ და 2015 წლის 30 იანვრის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების დამატება (იხ. ტ.1., ს.ფ. 177).
19. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე [ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო] და 412-ე მუხლებით [ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს]; აგრეთვე, მხედველობაში მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის №ას-307-291-2011 და 2015 წლის 7 ოქტომბრის №ას-459-438-2015 განჩინებებში არსებული განმარტებები და აღნიშნა, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა, ამასთან, მიუღებელი შემოსავლის გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია ზიანის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის კუმულატიური ხასიათის ელემენტებით შემდგარი კრიტერიუმით ზიანის გამოვლენა და დადგენა, კერძოდ, ესენია: 1) ქმედება; 2) მართლწინააღმდეგობა; 3) დამდგარი ზიანი; 4) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და 5) ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა). ასეთ კრიტერიუმთა მოცემულობაში მოსარჩელე მხარემ უნდა ამტკიცოს მოპასუხე მხარის ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის კავშირი.
20. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3.6 მუხლსა [ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის] და 22-ე მუხლზე [ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ] და აღნიშნა, რომ ნოტარიუსმა სანოტარო საქმიანობის განხორციელებისას კანონისმიერი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რამაც მოსარჩელის დეპონირებული თანხების უკან დაბრუნებით მისაღები სარგებლის დაკარგვით მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი წარმოშვა.
21. სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული თანხა: ზიანი დათვლილია 2014 წლის 6 ივლისიდან (დეპონირებული თანხის შენახვის 3-წლიანი ვადა ამოიწურა 2014 წლის 5 ივლისს); გაანგარიშება გაკეთებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, დეპოზიტებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად; 2014 წლის 6 ივლისიდან სარჩელის შეტანამდე (2015 წლის 30 იანვარი) ზიანი დათვლილია ყოველდღიურად დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით (დეპონირებული თანხა X წლიური საპროცენტო განაკვეთი/100/365=ერთი დღის სარგებელი) და ამ პერიოდზე მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 24,585.42 ლარი; ვინაიდან სარჩელის შეტანის მომენტისათვის დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 5%-ს, მოსარჩელემ მე-8 ფაქტობრივ გარემოებაში მიუთითა, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი ადგება ყოველდღიურად 5% (წლიური) ოდენობით, რაც შეადგენდა დღეში 90.78 ლარს; მოპასუხემ დეპონირებული თანხის ნაწილი (644,785.77 ლარი) მოსარჩელეს გადაუხადა 2015 წლის 5 ივნისს, შესაბამისად სარჩელის შეტანიდან აღნიშნული თანხის გადახდამდე პერიოდში თანხის გადმორიცხვა დამატებით დაყოვნებულ იქნა 125 დღე, ამ პერიოდზე მიყენებულმა ზიანმა კი შეადგინა 11,347.11 ლარი (125X90.78=11,347.11); ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2015 წლის 5 ივნისამდე მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელეს მიადგა ზიანი 35,932.92 ლარის ოდენობით (24,585.42+11,347.11=35,932.92), ხოლო 2015 წლის 5 ივნისიდან ადგება ზიანი გადმოსარიცხი/არამართლზომიერად დაკავებული თანხის წლიური 5%-ის ოდენობით ყოველდღიურად, რაც შეადგენს დღეში 2.4 ლარს; მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხემ უსაფუძვლოდ დაუკავა და არ გადმოურიცხა 17,585.05 ლარი, რისი წლიური 5% ყოველდღიურად შეადგენს 2.4 ლარს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი - საფუძვლიანი.
23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნოტარიუსმა წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
24. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
24.1. სააპელაციო სასამართლომ ნოტარიუსს არა მარტო უსაფუძვლოდ დააკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება, არამედ - ნოტარიუსი საერთოდ სანოტარო საზღაურის გარეშე დატოვა. ამასთან, მას უკანონოდ გადასახდელად დააკისრა მოსარჩელისთვის, როგორც მოვალისათვის, დეპოზიტზე განთავსებული თანხის დაბრუნებისას საბანკო გადარიცხვის მომსახურების თანხაც, ანუ თანხა, რომელიც უშუალოდ ნოტარიუსს არ მიუღია და, რომლის გადახდაც კანონით მხოლოდ სააქციო საზოგადოებას ევალება;
24.2. მოსარჩელემ 2014 წლის 26 დეკემბრის №7844 წერილით პირველმა მიმართა ნოტარიუსს, სადაც მიუთითა სსკ-ის 440-ე-441-ე მუხლებზე და მოითხოვა დეპონირებული თანხის დაბრუნება არაუგვიანეს იმავე წლის 31 დეკემბრისა. მაშასადამე, მოსარჩელის №7844 წერილით უშუალოდ და უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელეს ნოტარიუსმა ნამდვილად აცნობა იმის შესახებ, რომ შპს „ბ–ოს“ არ მიუღია რა თანხა, იგი მისთვის, როგორც მოვალისათვის, უკან დაბრუნებას კანონით დადგენილი წესისა და ვადის დაცვით ექვემდებარებოდა. ბუნებრივია, თუ ნოტარიუსს კომუნიკაცია არ ექნებოდა და არ აცნობებდა მოსარჩელეს აღნიშნულის შესახებ, ვერც მოსარჩელე იურიდიული პირის ფინანსური დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მიმართავდა პირველი წერილით მას;
24.3. სასამართლოს სანოტარო საზღაურის ოდენობის თანხა 36 თვეზე უნდა გაემრავლებინა (331,30 ლარი x 36 თვეზე = 11 926,8). უფრო მეტიც, სააპელაციო პალატა არ განმარტავს, მის მიერ საზღაურად გამოთვლილი 331,3 ლარი ერთი თვის საზღაურია თუ მთლიანი, ხოლო, თუ მთლიანია, ეს თანხა რატომ არ გაყო 36 თვეზე ყოველთვიურად დარიცხული საზღაურის დადგენის მიზნით (331,3:36=9,21);
24.4. საქმის გარემოებებით უდავოდ არის დადასტურებული, რომ: ა) ნოტარიუსის დეპოზიტზე 2011 წლის 5 ივლისს განთავსებული თანხის მიღებიდან სამწლიანი ვადა ამოიწურა 2014 წლის 5 ივლისს, შესაბამისად, ამ თარიღიდან სამი თვის განმავლობაში (2014 წლის 6 ივლისი - 6 ოქტომბრის პერიოდი) ნოტარიუსს მოსარჩელისთვის თანხის დაბრუნება კანონით არ ევალებოდა; ბ) კანონის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელე თანხას სანოტარო აქტის გარეშე (აუცილებელი შემხვედრი მოქმედება) ვერ მიიღებდა. სასამართლომ დასაბუთებაში მოსარჩელის 2015 წლის 9 თებერვლის წერილი მოიხმო და დაადგინა, რომ მოსარჩელე არ დაეთანხმა სანოტარო აქტის პროექტს დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდების გადაცემის შესახებ, ნოტარიუსს მოუწოდა პროექტის კორექტირებისათვის და მას სანოტარო აქტის გაფორმების გარეშე მოსთხოვა თანხის იმ ნაწილის გადარიცხვა, რომელიც მისი მოსაზრებისა და გაანგარიშების თანახმად, ექვემდებარებოდა გადარიცხვას, სადეპოზიტო ანგარიშიდან დაბრუნებას. ფაქტია, რომ სასამართლომ არც ამ მტკიცებულებას მისცა სათანადო შეფასება და არც მოსარჩელის ბრალეული/კანონსაწინააღმდეგო ისეთი მოქმედება შეაფასა, რაც კანონით ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებაა; გ) არც „ნოტარიატის შესახებ“ კანონი და არც ინსტრუქცია ნოტარიუსს წერილობითი ფორმით შეტყობინების გაგზავნას არ ავალებს. მოსარჩელის 2014 წლის 26 დეკემბრის №7844 წერილი თავისი შინაარსით თავისთავად ადასტურებს ნოტარიუსის მხრიდან მხარის ინფორმირებულობას კრედიტორის მიერ სადეპოზიტო თანხის მიუღებლობაზე; დ) მხარეთა შორის სანოტარო საზღაურის ოდენობაზე დავა რომ არ წარმოშობილიყო, ახალი სანოტარო მოქმედების საფუძველზე სადეპოზიტო თანხა მოვალეს დაუბრუნდებოდა; ე) მოსარჩელე იურიდიულ პირს უნდა ჰყავდეს სათანადო ცოდნით აღჭურვილი და დამქირავებლის წინაშე ვალდებულებების ჯეროვნად შემსრულებელი ისეთი პირები, რომლებიც დეპოზიტზე თანხის განთავსებიდან სამი წლის გასვლისთანავე მიმართავდნენ ნოტარიუსს თანხის მოვალისათვის დაბრუნების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია სიმბარათის ნომრების მოსარგებლეების შესახებ მაგთიკომის 2015 წლის 15 სექტემბრისა და ჯეოსელის 2015 წლის 19 ოქტომბრის №15/10-2059 წერილები და სატელეფონო ზარების ნუსხა, რომელთა შესაბამისად, ნოტარიუსის სარგებლობაში არსებული ნომრიდან პერიოდის მითითებით განხორციელებულია ზარები ოპერაციათა დეპარტამენტის უფროსთან, გრ. სამსონაძესთან, იურიდიული სამსახურის უფროსთან, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილესთან, საორგანიზაციო განყოფილების უფროსთან. მოსარჩელის სათანადო უფლებამოსილ პირებთან მითითებული საქმიანი სატელეფონო საუბრები ადასტურებს ხშირი და საქმიანი ურთიერთკომუნიკაციის შედეგად მხარეთა ინფორმირებულობას. თავის მხრივ, რომ არა მოსარჩელის კომუნიკაცია ნოტარიუსთან, იგი ვერ იქნებოდა ინფორმირებული მოსარჩელესა და შპს „ბ–ოს“ შორის მიმდინარე სამოქალაქო დავის შესახებ. რაც შეეხება საქმიან სატელეფონო საუბრებს, სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის არაერთი წერილობითი კორესპონდენცია განმარტა მათი შინაარსისაგან აშკარად განსხვავებულად, შესაბამისად, სასამართლომ ასეთი მიკერძოების გამო არცერთი მტკიცებულება კასატორის მიმართ პოზიტიურ მტკიცებულებად არ მიიჩნია;
24.5. მოსარჩელემ სარჩელში არითმეტიკულად სწორად არ მიუთითა ზიანის თანხა. კერძოდ, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელეს 35 932,92 ლარი გამოანგარიშებული ჰქონდა 662 704,12 ლარის წლიური საბანკო 5%-ის პროპორციული თანხიდან. 662 704,12 ლარის 5%-ს ერთ წელზე 33 135,206 ლარს შეადგენს, შესაბამისად, თვეზე - 2761,27 ლარია. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე 35 932,92 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა 11 თვის პერიოდზე (2014 წლის 6 ივლისი - 2015 წლის 5 ივნისი), მოთხოვნილი თანხა სწორი ჯამით 30 373,97 (2761,27x11) ლარი იქნებოდა. მაშასადამე, სასამართლომ არამარტო დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ დააკისრა ნოტარიუსს ზიანის ანაზღაურება, არამედ 5742,10 ლარით (35 932,9 – 30 190,1) მეტი თანხაც დააკისრა იმ 11-თვიან პერიოდზე, რაშიც სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 97-ე მუხლის მეორე წინადადებაში მითითებული სამთვიანი ვადაც შედის;
24.6. სასამართლომ არასწორად და სათანადო მტკიცებულებების გარეშე დაადგინა, რომ თითქოსდა ნოტარიუსმა სანოტარო საქმიანობის განხორციელებისას კანონისმიერი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. აღნიშნული სასამართლომ განახორციელა მტკიცებულების და ფაქტის არასწორი, სუბიექტური შეფასების ხარჯზე;
24.7. საქმეში წარმოდგენილია ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავენ ნოტარიუსის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობას. საქმეშია მოსარჩელის 2015 წლის 12 იანვრის №174 წერილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატისადმი მოპასუხე ნოტარიუსის მიერ შეტყობინების წესის დარღვევის შესახებ, რაზედაც პალატას დარღვევა არ დაუდგენია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, საქმეში წარმოდგენილი იქნებოდა სათანადო მტკიცებულებაც;
24.8. „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ. აღნიშნული ქმედება ყოველთვის ემყარება მართლწინააღმდეგობას - კანონის დარღვევას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის, მოსარჩელის 2015 წლის 9 თებერვლის №775 წერილით დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ თვითონ განაცხადა უარი დეპოზიტზე განთავსებული თანხის მიღებაზე სანოტარო საზღაურის გამოკლებით. ასეთ შემთხვევაში, ნოტარიუსს „ნოტარიატის შესახებ“ კანონის, სანოტარო მოქმედებათა ინსტრუქციის შესახებ 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ცალმხრივად არ შეეძლო დეპოზიტიდან მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე თანხის დაბრუნება, თუ იგი არ გამოავლენდა ნებას 2011 წლის 5 ივლისს დამოწმებული ოქმის საფუძველზე დეპოზიტში მიღებული თანხის მოვალისათვის დაბრუნებაზე. ფაქტია ისიც, რომ მოსარჩელეს დეპოზიტში განთავსებული თანხა დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც მან 2015 წლის 5 ივნისს დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდის გადაცემის შესახებ №150580869 სანოტარო აქტს მოაწერა ხელი;
24.9. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას რაოდენობრივად აფუძნებდა კრედიტორის დასაკმაყოფილებელი დეპოზიტის თანხის - 662 704,12 ლარის საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსებისას წლიური 5%-ის დარიცხვის შესაძლებლობას და სასამართლოს წარუდგინა ბანკების ელ.გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ ნოტარიუსის დეპოზიტზე თანხა განათავსა კრედიტორის დაკმაყოფილების მიზნით. შესაბამისად, მის ინტერესს არ წარმოადგენდა ბანკში ანაბარზე თანხის განთავსება და ამ გზით სარგებლის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპოზიტის ვადის გასვლის შემდეგ იგი გამოცხადდებოდა ნოტარიუსთან, სანოტარო აქტის საფუძველზე დაიბრუნებდა თანხას და სადავოდ გახდიდა მხოლოდ სანოტარო საზღაურისა და საბანკო მომსახურების საფასურის ოდენობას;
24.10. სასამართლომ ნოტარიუსს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა მაშინ, როცა მისი მხრიდან სახეზე არაა ბრალეულობა, მართლსაწინააღმდეგო მოქმედება და არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბრალეულ მოქმედებასა და ზიანს შორის. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სასამართლომ საერთოდ არ განსაზღვრა საქმის ობიექტური კრიტერიუმები და დაეყრდნო მხოლოდ ბანკების ელ.გვერდებიდან საპროცენტო განაკვეთების ინფორმაციას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ: ა) თანხა დეპოზიტზე განთავსებული იყო კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესასრულებლად და არა საბანკო ანაბარზე განთავსებით სარგებლის მიღების მიზნით; ბ) დეპოზიტის ვადის გასვლის შემდეგ და კანონით დაწესებული მომდევნო სამი თვის ვადაში მოსარჩელემ თვითონ განაცხადა უარი ნოტარიუსის წინაშე კანონისმიერი ფულადი ვალდებულების - სანოტარო საზღაურის კანონშესაბამისად გადახდაზე და მისი გამოკლებით დეპოზიტის თანხის დაბრუნებაზე; გ) დეპოზიტში მიღებული თანხის დაბრუნების შესახებ სანოტარო აქტს მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდეგ მოაწერა ხელი. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებით უსაფუძვლოდ გაამდიდრა მოსარჩელე, ვინაიდან ნოტარიუსს არათუ უსაფუძვლოდ დააკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება, არამედ ნოტარიუსი საერთოდ სანოტარო საზღაურის გარეშე დატოვა ანუ მოსარჩელის მიერ არაერთგზის უმართებულოდ მითითებული საზღაური 331 ლარიც (კანონით დეპოზიტზე განთავსებული თანხის ერთი თვის მომსახურების საზღაური) კი არ მიაკუთვნა ნოტარიუსს. სააპელაციო სასამართლომ ნოტარიუსს ასევე უკანონოდ დააკისრა მის მიერ მიუღებელი საბანკო მომსახურების თანხის გადახდაც;
24.11. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთებაში იმ სასამართლო პრაქტიკაზე მიუთითა, რომელი პრაქტიკაც სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მიმართ საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მისაღებად გამოიყენა.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2020 წლის 29 იანვარს.
27. მოცემულ საქმეზე 2020 წლის 29 იანვარს, 2020 წლის 10 თებერვალსა და 2020 წლის 12 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გაიმართა ზეპირი სხდომები.
28. მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის გამოცხადება დანიშნული იყო ზეპირ სხდომაზე, 2020 წლის 12 მარტს, კორონავირუსის („კოვიდ 19“-ის) გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
29. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების, აგრეთვე, ზეპირ სხდომებზე მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
30. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1. მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].
31. კასატორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის უმთავრესი პრეტენზია ეხება ფულის დეპოზიტზე მიღებისას ნოტარიუსის მიერ განხორციელებული სანოტარო მოქმედებების შესრულებისათვის ნოტარიუსის საზღაურის განსაზღვრის საკითხის, კერძოდ, სანოტარო მოქმედებების შესრულებისათვის საზღაურის გამოთვლისა და გადახდევინების საქართველოს მთავრობის №507-ე დადგენილებით დამტკიცებული წესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის განმარტების საკითხს და საკასაციო სასამართლოც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს უპირველესად.
ნოტარიუსის საზღაურის განსაზღვრის საკითხი
32. სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის გამოთვლისა და გადახდის პირობები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული წესით, რომლის სახელწოდებაა „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობები, მათი გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები“ (შემდგომში - „წესი“).
33. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის შესაბამისად, სანოტარო მოქმედების საზღაური არის სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, აგრეთვე სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის გადახდილი ანაზღაურება, რომელშიც არ შედის დამატებული ღირებულების გადასახადი.
34. იმავე წესის 23-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების თანახმად, ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთია - 500001 ლარიდან 1 მლნ ლარის ჩათვლით - 1162,5 ლარი + 500000 ლარს ზევით თანხის 0,1% პროცენტი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10000 ლარს.
35. წესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტზე მიღების დროს, ნოტარიუსის საზღაური ზემოაღნიშნული წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთის მეოთხედი ოდენობით გამოითვლება, მაგრამ ყოველი თვისათვის არანაკლებ 4 ლარისა. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ფულის დეპოზიტზე მიღების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საზღაურის გარდა, ნოტარიუსის საზღაურია ასევე დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის მთლიანი ოდენობა.
36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-441-ე მუხლებთან ერთად წესის ზემოაღნიშნული მუხლების სისტემური და მიზნობრივი განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ ფულის დეპოზიტზე მიღების დროს ნოტარიუსის საზღაური შედგება ორი კომპონენტისგან:
ა. წესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი თანხისგან, რომელიც გადაიხდება დეპოზიტზე ფულის განთავსებისას; და
ბ. წესის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ფულის დეპოზიტზე ყოველთვიურად დარიცხული საპროცენტო განაკვეთის მთლიანი ოდენობისგან, რომელსაც ნოტარიუსი იღებს დეპოზიტზე თანხის არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე.
37. შესაბამისად, წესის 29-ე მუხლის იმგვარი განმარტება, რომ მისი მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი თანხა დეპოზიტზე ფულის განთავსებისას არა ერთჯერად, არამედ ყოველთვიურად გადასახდელ საზღაურს წარმოადგენს, ეწინააღმდეგება ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსს, რომელიც ყოველთვიურად სწორედ დეპოზიტზე განთავსებულ ფულზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს მიიჩნევს ნოტარიუსის საზღაურის შემადგენელ ნაწილად.
38. დეპოზიტზე ფულის მიღება არის ერთჯერადი მოქმედების შესრულება, რისთვისაც ნოტარიუსი ერთჯერადად იღებს წესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საზღაურს, ხოლო დეპოზიტზე განთავსებულ ფულზე დარიცხული პროცენტი არის საზღაური იმ მოქმედებებისათვის, რომელთა შესრულების ვალდებულებაც ნოტარიუსს დეპოზიტზე თანხის მიღების შემდეგ წარმოეშობა.
39. რაც შეეხება წესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში არსებულ ჩანაწერს, რომ ნოტარიუსის საზღაური ყოველი თვისათვის არანაკლებ 4 ლარით უნდა განისაზღვროს, იგი გულისხმობს, რომ ნოტარიუსისათვის ერთჯერადად გადასახდელი საზღაური, დეპოზიტზე თანხის განთავსების მთლიან დროზე გაყოფისას ყოველი თვისთვის 4 ლარზე ნაკლები არ უნდა აღმოჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზღაურის ოდენობა 4 ლარზე შესაბამის თვეთა ნამრავლით დაანგარიშდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ეს ჩანაწერი ნოტარიუსის საზღაურის ყოველთვიურად გადახდის ვალდებულებაზე მიუთითებს.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფულის დეპოზიტზე მიღებისას წესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნოტარიუსის საზღაურის ერთჯერადი ოდენობა მოცემულ საქმეში სწორად განსაზღვრა 331, 3 ლარით. აღსანიშნავია, რომ 36 თვეზე გაყოფით მიღებული ოდენობა ყოველთვიურად აღემატება 4 ლარს (331,3:36=9,21).
ნოტარიუსის მიერ მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი ჯამური თანხის რაოდენობის დაანგარიშების მართებულობა
41. მიუხედავად იმისა, რომ არ გაიზიარა კასატორის პრეტენზია ნოტარიუსის საზღაურის არასწორად განსაზღვრის თაობაზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ნოტარიუსის მიერ დასაბრუნებელი ჯამური თანხის რაოდენობის შეცდომით გამოთვლასთან დაკავშირებით.
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის გამოთვლის საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის თანახმად, ნოტარიუსის საზღაურის გამოთვლისას 331,3 ლარს უნდა დაემატოს დამატებული ღირებულების გადასახადი 18%, ასევე სანოტარო რეგისტრაციის საზღაური, რაც ჯამში შეადგენს 392, 934 ლარს (331,3 + 18% +2 ლარი = 392, 934). შესაბამისად, სხვაობა დეპოზიტზე განთავსებულ თანხასა და ნოტარიუსის საზღაურს შორის შეადგენს 662 311, 186 ლარს (662 704,12-392,934=662 311,186).
43. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის მითითებას, რომ ნოტარიუსის მიერ დასაბრუნებელ თანხას უნდა გამოაკლდეს სადეპოზიტო ანგარიშიდან მოსარჩელის ანგარიშზე თანხის გადარიცხვისათვის გათვალისწინებული ბანკის მომსახურების საკომისიო და ბანკის მომსახურების საზღაური. სამოქალაქო კოდექსის 439-ე მუხლის შესაბამისად, დეპონირებული ქონების შენახვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება კრედიტორს. ხოლო 440-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოვალე საგანს უკან იბრუნებს, მაშინ შენახვის ხარჯებიც მასვე ეკისრება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დეპონირებული ქონების (ფულის) შენახვის ხარჯები მოიცავს ნებისმიერ ხარჯს, რომელიც აღნიშნული ქონების შენახვასთან არის დაკავშირებული, მათ შორის სადეპოზიტო ანგარიშიდან მოვალის ანგარიშზე თანხის გადარიცხვისას ბანკის მომსახურების ხარჯებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის 2015 წლის 29 ივნისის №3974 წერილის პასუხად სს პ.ბ–ის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 2015 წლის 5 ივნისის მდგომარეობით სს პ.ბ–ში მოქმედი სტანდარტული ტარიფების შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული საბანკო გადარიცხვის ოპერაციისათვის სს პ.ბ–იდან საქართველოს რეზიდენტ სხვა დაწესებულებაში დაწესებული საკომისიო შეადგენდა გადასარიცხი თანხის 0,07%-ს, მინიმუმ 1 ლარს. დამატებით, ბანკში შესრულებული საგადახდო დავალების მომზადების საკომისიო კი შეადგენდა ფიქსირებულ 2 ლარს (იხ. ტ.1., ს.ფ. 164). ამრიგად, სხვაობას დეპოზიტზე განთავსებულ თანხასა და ნოტარიუსის საზღაურს შორის დამატებით უნდა გამოაკლდეს საბანკო გადარიცხვის საკომისიო - გადასარიცხი თანხის 0.07% ოდენობით და 2 ლარი - ბანკის მომსახურების საზღაური, ჯამში - 465,62 ლარი. სხვაობა შეადგენს 661 845,57 ლარს (662 311,186 – 465,62=661 845,57).
44. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნოტარიუსმა მოსარჩელეს დაუბრუნა 644 785,77 ლარი. შესაბამისად, მის მიერ არამართლზომიერად დაკავებულ იქნა 17 059,8 ლარი (661 845,57-644 785,77=17 059,8), რომელიც ასევე ექვემდებარება მოსარჩელისათვის დაბრუნებას. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა 7461,46 ლარის ფარგლებში, არამართლზომიერად დაკავებული თანხის ოდენობას უნდა გამოაკლდეს აღნიშნული თანხა, რის შედეგადაც მოსარჩელისათვის დამატებით დასაბრუნებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება 9598,34 ლარით (17 059,8 – 7461,46=9598,34).
ნოტარიუსის ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საფუძველი
45. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
46. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
47. ნოტარიატის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. იმავე კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ.
48. წინამდებარე საქმეში შეფასების საგანია, დეპონირებული ფულის მოვალისათვის დაბრუნების პროცესში თავისი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას ბრალეულად დაარღვია თუ არა ნოტარიუსმა კანონით გათვალისწინებული მოვალეობები და გამოიწვია თუ არა აღნიშნულმა ქმედებამ ქონებრივი ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.
49. იმისათვის, რომ შეფასდეს ნოტარიუსის ქმედებები, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა პასუხი გაეცეს კითხვებს: ა) ჰქონდა თუ არა ნოტარიუსს რაიმე ვალდებულება მოვალის მიმართ დეპოზიტზე ფულის განთავსებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ამ ვადაში კრედიტორის მიერ შესრულების საგნის არმიღების შემთხვევაში და ბ) დაარღვია თუ არა მან აღნიშნული ვალდებულება.
50. სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის შესაბამისად, თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან.
51. იმავე კოდექსის 435-ე მუხლის შესაბამისად, დეპონირებული ქონება ნოტარიუსმა უნდა გადასცეს კრედიტორს. ნოტარიუსი შეარჩევს შემნახველს, დოკუმენტები კი მასთან დარჩება. სსკ-ის 438-ე მუხლის შესაბამისად, შესრულების საგნის შესანახად მიღების შესახებ ნოტარიუსი ატყობინებს კრედიტორს და მოითხოვს მისგან საგნის მიღებას.
52. სსკ-ის 441-ე მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსი შესრულების საგანს ინახავს 3 წლამდე ვადით. თუ ამ ვადის განმავლობაში კრედიტორი არ მიიღებს საგანს, ამის შესახებ ეცნობება მოვალეს და მოეთხოვება ჩაბარებული საგნის უკან დაბრუნება.
53. თუ დაბრუნებისათვის საჭირო ვადის განმავლობაში მოვალე არ მიიღებს შესრულების საგანს, სსკ-ის 441-ე მუხლის შესაბამისად იგი კარგავს ამ საგნის მიღების უფლებას და ის ჩაითვლება სახელმწიფო ქონებად.
54. კანონის აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარეობს, რომ მას შემდეგ, რაც ნოტარიუსი მიიღებს დეპონირებულ ფულს, მას ევალება გარკვეული მოქმედებების განხორციელება. კერძოდ, ის ვალდებულია დეპონირებული თანხა გადასცეს კრედიტორს. ამისათვის კი, მან კრედიტორს უნდა შეატყობინოს შესრულების საგნის შესანახად მიღების შესახებ და მოითხოვოს მისგან ამ საგნის მიღება. თუ კრედიტორმა უარი განაცხადა შესრულების საგნის მიღებაზე, ან გავიდა დეპოზიტზე ფულის შენახვის სამწლიანი ვადა, ნოტარიუსი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს მოვალეს და მოსთხოვოს მას ჩაბარებული საგნის უკან დაბრუნება.
55. აღნიშნულ ვალდებულებას უფრო კონკრეტულად აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (შემდგომში - „ინსტრუქცია“) 97-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, თუ კრედიტორი უარს აცხადებს ფულის მიღებაზე, ნოტარიუსი ამის შესახებ აცნობებს მოვალეს და მოითხოვს შენატანის უკან დაბრუნებას. უარის თქმად ჩაითვლება, თუ კრედიტორი არ მიიღებს დეპოზიტის საგანს მისი შეტანიდან სამი წლის განმავლობაში. მოვალეს შენატანის დაბრუნებისათვის ნოტარიუსის მიერ განესაზღვრება ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს სამ თვეზე ნაკლები. თუ მოცემული ვადის განმავლობაში მოვალე არ დაიბრუნებს შენატანს ან თუ იგი უარს აცხადებს შენატანის დაბრუნებაზე, მაშინ ვალდებულების საგანი ჩაითვლება სახელმწიფო საკუთრებად. მოუკითხავი სადეპოზიტო თანხები ნოტარიუსის მიერ ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის დაქვითული თანხისა.
56. ამრიგად, დეპოზიტზე ფულის განთავსებიდან სამი წლის განმავლობაში კრედიტორის მიერ მისი არმიღების შემთხვევაში, ნოტარიუსს წარმოეშობა:
ა. აღნიშნულის შესახებ მოვალისათვის შეტყობინების ვალდებულება;
ბ. მოვალისათვის თანხის დაბრუნების ვადის განსაზღვრის ვალდებულება, რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე ნაკლები;
გ. მოვალის მხრიდან თანხის დაბრუნების ნების გამოხატვის შემთხვევაში, მისთვის თანხის დაბრუნების ვალდებულება;
დ. სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადარიცხვის ვალდებულება, თუ მოვალე არ დაიბრუნებს შენატანს ნოტარიუსის მიერ განსაზღვრულ ვადაში ან უარს განაცხადებს შენატანის დაბრუნებაზე.
57. სამოქალაქო კოდექსის 441-ე და ინსტრუქციის 97-ე მუხლები პირდაპირ არ განსაზღვრავს ნოტარიუსის მიერ აღნიშნული ქმედებების განხორციელების ვადას. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ: „ეს პროცედურა . . . არ უნდა გასცდეს დროის გონივრული შუალედის ფარგლებს“ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-16 პუნქტი). საკასაციო სასამართლო ზოგადად იზიარებს კანონისა და ინსტრუქციის ზემოაღნიშნული მუხლებით ნოტარიუსის ვალდებულებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-15, მე-16 პუნქტები), თუმცა არ ეთანხმება დასკვნას „დროის გონივრული შუალედის შესახებ“ და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 441-ე და ინსტრუქციის 97-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე იგულისხმება სამწლიანი ვადის გასვლისთანავე ნოტარიუსის მხრიდან დაუყოვნებლივ მოქმედების ვალდებულება, რაც მოიცავს:
ა. სამწლიანი ვადის გასვლისთანავე მოვალისათვის შეტყობინების დაუყოვნებლივ გაგზავნას;
ბ. აღნიშნული შეტყობინებით მოვალისათვის თანხის დაბრუნების ვადის განსაზღვრას, რომელიც არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები;
გ. მოვალის მიერ თანხის დაბრუნების ნების გამოხატვის შემთხვევაში, აღნიშნული თანხის მისთვის დაუყოვნებლივ დაბრუნების ვალდებულებას, ამასთან მოვალის უფლებას, რომ თანხის დაბრუნების ნება 3 თვეზე ნაკლებ ვადაში, ნებისმიერ დროს გამოხატოს;
დ. სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის დაუყოვნებლივ გადარიცხვას, თუ მოვალე არ დაიბრუნებს შენატანს ნოტარიუსის მიერ განსაზღვრულ ვადაში ან უარს განაცხადებს შენატანის დაბრუნებაზე.
58. იმისათვის რომ პასუხი გაეცეს კითხვას ნოტარიუსის მხრიდან ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულების შესახებ, ნოტარიუსის ქმედებები უნდა შემოწმდეს რამდენიმე ეტაპად.
ნოტარიუსის ქმედებები 2014 წლის 6 ივლისიდან 2014 წლის 26 დეკემბრამდე
59. კასატორი მიუთითებს, რომ ნოტარიუსმა მოვალისათვის შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება შეასრულა, თუმცა მან ვერ მიუთითა ვერც შესაგებელში და ვერც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას, მათ შორის, საკასაციო სასამართლოს ზეპირ სხდომებზე, ზუსტად როდის შესრულდა ეს ვალდებულება. ამასთან, კასატორმა ვერ მიუთითა განუსაზღვრა თუ არა მან მოსარჩელეს თანხის დაბრუნების ვადა და ეს ვადა რამდენ თვეს შეადგენდა. კასატორმა ასევე ვერ მიუთითა, დაარღვია თუ არა მოსარჩელემ თანხის დაბრუნების ვადა, და თუ ეს ვადა დარღვეულ იქნა, რატომ არ შეასრულა მოპასუხემ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადარიცხვის ვალდებულება.
60. საკასაციო სასამართლო უბრუნდება კასატორის მითითებას, რომ ნოტარიუსმა მოვალისათვის შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება შეასრულა.
61. სადავოობისას, შეასრულა თუ არა ნოტარიუსმა შეტყობინების ვალდებულება და როდის, აღნიშნული ფაქტის დამტკიცება ევალება ნოტარიუსს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტის შესაბამისად, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „უარყოფის მტკიცება არ შეიძლება დაეკისროს მხარეს, რომელიც ფაქტის ან მოვლენის არარსებობაზე აპელირებს, არამედ ამ ფაქტისა თუ მოვლენის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვის სასარგებლოდაც მეტყველებს შედავებული ფაქტობრივი გარემოება“ (იხ. სუსგ №ას-509-509-2018, 2019 წლის 5 აპრილი, №ას-1299-2018, 2019 წლის 29 ნოემბერი); „მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“ (იხ. სუსგ №ას-773-773-2018, 2019 წლის 14 იანვარი). გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როცა იმ მატერიალურ - სამართლებრივი ნორმის შინაარსით, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებული წესია დადგენილი (იხ. სუსგ №ას-970-935-2016, 2017 წლის 18 დეკემბერი), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
62. ვალდებულების შესრულების ფაქტის დასამტკიცებლად კასატორი/მოპასუხე მიუთითებს სატელეფონო საუბრების ამონაწერებზე და მოსარჩელის წერილზე. ამასთანავე, განმარტავს, რომ კანონისა და ინსტრუქციის თანახმად, მას არ ევალებოდა შეტყობინების წერილობითი ფორმით განხორციელება და ზეპირი ფორმით შეტყობინებაც საკმარისი იყო (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 24.4 პუნქტი).
63. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას ზეპირი ფორმით ასეთი შეტყობინების შესაძლებლობის შესახებ.
64. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 441-ე და ინსტრუქციის 97-ე მუხლი ნოტარიუსის მხრიდან მოვალისათვის შეტყობინების წერილობითი ფორმით განხორციელების ვალდებულებას პირდაპირ არ ითვალისწინებს, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცალსახად გამომდინარეობს თავად ვალდებულების არსიდან.
65. სსკ-ის 441-ე მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსმა არა მხოლოდ უნდა აცნობოს მოვალეს 3-წლიანი ვადის გასვლის შესახებ, არამედ უნდა მოსთხოვოს ჩაბარებული საგნის უკან დაბრუნება და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა. ამავდროულად, ამ ვადის დაუცველობის შემთხვევაში, ქონებაზე სახელმწიფო საკუთრება წარმოიშობა. შესაბამისად, ამ შეტყობინებით, ერთი მხრივ, მოვალეს უჩნდება საკუთარი ქონების უკან დაბრუნების უფლება, ხოლო მეორე მხრივ, ნოტარიუსს უჩნდება ვალდებულება, რომ შესაბამისი ვადა განსაზღვროს და ბოლოს, სახელმწიფოს უჩნდება უფლება, რომ ქონებაზე საკუთრება მოიპოვოს. შესაბამისად, ყველა მხარეს (ნოტარიუსს, მოვალეს, სახელმწიფოს) გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი, რომ ასეთი შეტყობინება სწორედ ისეთი ფორმით განხორციელდეს, რომელიც მხარეებს საკუთარი უფლება-მოვალეობებისა და მათი განხორციელების ვადების ზუსტად და ნათლად განსაზღვრის შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული კი შეუძლებელია ზეპირი შეტყობინებით.
66. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მის მიერ ზეპირი შეტყობინების განხორციელების თაობაზე კასატორის მითითების გაზიარების შემთხვევაშიც, შეტყობინების დრო არ დგინდება, რადგან კასატორი ვერ უთითებს ზუსტად როდის შეასრულა ეს ვალდებულება (ზოგადად მიუთითებს, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში, იხ. შესაგებელი ტ.1., ს.ფ. 56). ამავე დროს ზეპირი შეტყობინების განხორციელების დასამტკიცებლად კასატორი მხოლოდ მოსარჩელე კომპანიის თანამშრომლებთან სატელეფონო ზარების განხორციელების ამონაწერებს მოიხმობს, რომლებიც მისი მითითებით მოსარჩელესთან „ხშირ და საქმიან ურთიერთკომუნიკაციას“ ასახავს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 24.4 პუნქტი). თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები სატელეფონო საუბრების შინაარსის განსაზღვრის შესაძლებლობას არ იძლევა. ისინი მხოლოდ სხვადასხვა ნომრებზე ზარების განხორციელების ფაქტს, და არა თავად საუბრის შინაარსს ადასტურებს.
67. კასატორმა მოსარჩელესთან ზეპირი შეტყობინების განხორციელების მტკიცებულებად ასევე მოიხმო მოსარჩელის 2014 წლის 26 დეკემბერის №7844 წერილი და საკუთარი მოსაზრება, რომ ეს წერილი შეტყობინების ფაქტს უშუალოდ და უტყუარად ამტკიცებს, რადგან შეტყობინების გარეშე ამ წერილს ნოტარიუსი მოვალისაგან არ მიიღებდა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 24.2 პუნქტი).
68. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ მოსარჩელის წერილი ნოტარიუსის მხრიდან შეტყობინების ვალდებულების შესრულებას თუნდაც ირიბად ადასტურებს. უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს წერილი ნოტარიუსის მხრიდან მოსარჩელის გაფრთხილების ვალდებულების შესრულებას საერთოდ არ ადასტურებს, რამდენადაც წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ იგი წარმოადგენს არა პასუხს ნოტარიუსის გაფრთხილებაზე, არამედ პირიქით, მოთხოვნას, რომ ნოტარიუსმა მოვალეს აცნობოს დეპოზიტზე განთავსებული თანხების მდგომარეობის შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ მოვალემ არა მხოლოდ სადავო კონკრეტული თანხის, არამედ დეპოზიტზე განთავსებული სხვა თანხების კრედიტორების მხრიდან მიღება-არმიღების შესახებ ინფორმაციაც არ იცის. აღნიშნული წერილის პასუხად გაგზავნილ 2014 წლის 26 დეკემბრის №38/2014 წერილს დაურთო პირველად ნოტარიუსმა ცნობა სს პ.ბ–იდან მის სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული დანაშთი თანხების საერთო ოდენობის შესახებ (იხ. ტ.1., ს.ფ. 30-32), თუმცა აღნიშნული მოსარჩელისათვის საკმარისი ინფორმაციის შემცველი არ აღმოჩნდა. მოსარჩელის 2015 წლის 6 იანვრის №27 წერილი ადასტურებს, რომ მოსარჩელისათვის ნოტარიუსის დეპოზიტზე არსებული თანხების ჯამური ოდენობის შესახებ ინფორმაცია საკმარისი არ იყო იმის განსასაზღვრად, რომელმა კრედიტორმა მიიღო ან არ მიიღო შესრულება, და აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა უფრო კონკრეტული ინფორმაცია სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებული თანხიდან კრედიტორების მიერ მიღებული და კრედიტორების მიერ მიუღებელი/სადეპოზიტო ანგარიშზე დარჩენილი თანხების თაობაზე (იხ. ტ.1., ს.ფ. 33-35). აღნიშნული კომუნიკაცია იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მოსარჩელე 2014 წლის 26 დეკემბრამდე ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე გადარიცხული თანხების კრედიტორების მხრიდან მიღება-არმიღების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
69. ამრიგად, კასატორის/მოპასუხის მიერ მითითებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ნოტარიუსის მხრიდან წერილობითი თუ ზეპირი შეტყობინების ვალდებულების შესრულება.
70. ამასთან კასატორი საერთოდ ვერ უთითებს, თანხის დაბრუნების რა ვადა განუსაზღვრა მან მოსარჩელეს. კასატორის მსჯელობის მიხედვით, სასამართლომ უნდა იგულისხმოს სამთვიანი ვადა, რადგან კანონის შესაბამისად ეს ვადა სამ თვეზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, კასატორის მითითებით, მან კანონიერად გააჩერა თანხა დეპოზიტზე 2015 წლის 6 ოქტომბრამდე. თუმცა აღნიშნული მსჯელობის გაზიარების შემთხვევაშიც კი, გაურკვეველი რჩება, ნოტარიუსის მიერ სადეპოზიტო ანგარიშზე 2015 წლის 6 ოქტომბრის შემდეგ თანხის გაჩერების სამართლებრივი საფუძველი, რადგან კანონის შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლისთანავე, მას ჰქონდა თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ვალდებულება.
71. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იგი ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას სამი თვის განმავლობაში ნოტარიუსის მიერ დეპოზიტზე თანხის გაჩერების კანონიერების თაობაზე, რადგან აღნიშნული ვადა წარმოიშობა ნოტარიუსის მიერ მოვალისათვის შეტყობინებით მისი განსაზღვრის შემთხვევაში, რაც წინამდებარე საქმეში არ დასტურდება.
72. ამრიგად, ნოტარიუსმა 2014 წლის 6 ივლისიდან 2014 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში მის მიერ კანონით გათვალისწინებული ვერცერთი ვალდებულების შესრულება დაადასტურა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ნოტარიუსს სამოქალაქო კოდექსის 441-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეუსრულებია (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-17 პუნქტი).
ნოტარიუსის ქმედებები 2014 წლის 26 დეკემბრიდან 2015 წლის 5 ივნისამდე
73. 2014 წლის 26 დეკემბრიდან 2015 წლის 5 ივნისამდე ნოტარიუსის მოქმედებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა ქვემოთ მოცემული ფაქტები.
74. 2014 წლის 26 დეკემბრის №7844 წერილით (იხ. ტ.1., ს.ფ.29) მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე 2011 წლის განმავლობაში დეპონირებული თანხების შენახვის 3-წლიანი ვადის გასვლის შესახებ და მოითხოვა დეპონირებული ფულის უკან დაბრუნება შესაბამისი ანგარიშის რეკვიზიტებზე მითითებით.
75. აღნიშნულის საპასუხოდ, ნოტარიუსმა მოსარჩელეს გაუგზავნა 2014 წლის 26 დეკემბრით დათარიღებული წერილი №38/2014, რომელიც მოსარჩელეს 2014 წლის 31 დეკემბერს ჩაბარდა (იხ. ტ. 1., ს.ფ. 30). მოპასუხემ წერილს დაურთო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან სს პ.ბ–ის მიერ 30.12.2014წ. გაცემულ №140693 ცნობასთან ერთად, სადაც ნოტარიუსის თქმით, მითითებული იყო საბანკო ოპერაციაზე (თანხის გაცემა) მომსახურებისათვის დარიცხული საკომისიოს ოდენობა. ამავე წერილით ნოტარიუსმა მოსარჩელეს აცნობა, რომ მის მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელი იყო ნოტარიუსთან სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მივლინება სანოტარო აქტზე ხელმოსაწერად, რის შემდეგაც განხორციელდებოდა თანხის გადარიცხვა ნოტარიუსის საზღაურისა და საბანკო მომსახურებისათვის დარიცხული საკომისიოს გამოკლებით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 9.5 პუნქტი).
76. აღნიშნული წერილის საპასუხოდ მოსარჩელემ 2015 წლის 6 იანვარს ნოტარიუსს კვლავ გაუგზავნა №27 წერილი, რომლითაც მოითხოვა, რომ ნოტარიუსს მისთვის გადაერიცხა დეპონირებული თანხის ის ნაწილი, რომელიც ნოტარიუსის გაანგარიშებით ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას. მხარეებს შორის განსხვავებები სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიოსთან დაკავშირებით უნდა ასახულიყო სანოტარო აქტში. ამავე წერილით მოსარჩელემ სანოტარო აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიანიჭა საკუთარ თანამშრომელს, რომელიც სანოტარო ბიუროში უნდა გამოცხადებულიყო 2015 წლის 6 იანვარს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 9.7 პუნქტი).
77. ზემოაღნიშნული კომუნიკაციით დასტურდება, რომ 2015 წლის 6 იანვარს მოსარჩელე გამოხატავდა თანხმობას დეპოზიტზე განთავსებული თანხების დაბრუნებაზე ნოტარიუსის მიერ შესაბამისი თანხების დაქვითვის შემდეგ და მოსარჩელემ შესაბამისი სანოტარო აქტის ხელმოწერის უფლებამოსილება საკუთარ წარმომადგენელს მიანიჭა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად სანოტარო აქტის გაფორმება ვერ მოხერხდა.
78. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით 2015 წლის 3 თებერვალს მიმართა, ხოლო 2015 წლის 9 თებერვლის №775 წერილით მოსარჩელემ მოითხოვა სანოტარო აქტის პროექტის კორექტირება იმგვარად, რომ მასში ასახული ყოფილიყო სადავო საკითხები (იხ. ტ.1., ს.ფ. 79-82).
79. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ თანხის დაბრუნებისათვის აუცილებელი იყო შესაბამისი სანოტარო აქტის გაფორმება, თუმცა მიიჩნევს, რომ მან ამ აქტის გაფორმებისათვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება ვერ დაადასტურა (იხ. 2015 წლის 17 თებერვლის №5 წერილი, ტ.1., ს.ფ. 84-86).
80. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 9 თებერვლის წერილით უარი განაცხადა დეპოზიტზე განთავსებული თანხის მიღებაზე სანოტარო საზღაურის გამოკლებით, რადგან წერილში პირდაპირ მითითებულია შემდეგი: „გთხოვთ უმოკლეს ვადებში უზრუნველყოთ თქვენს მიერ შემუშავებული სანოტარო აქტის პროექტის კორექტირება წინამდებარე წერილით წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ასეთი კორექტირებების განხორციელებას, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ, სანოტარო აქტის გაფორმების გარეშე გადმორიცხოთ სს „ს.რ–ის“ ზემოთ მითითებულ ანგარიშზე თანხის ის ნაწილი, რომელიც თქვენი მოსაზრებისა და გაანგარიშების თანახმად ექვემდებარება გადმორიცხვას თქვენი სადეპოზიტო ანგარიშიდან. დეპონირებული თანხების სადეპოზიტო ანგარიშიდან გატანის საკომისიოს სს „ს.რ–ის“ მიერ ანაზღაურების საფუძვლიანობის, ნოტარიუსის საზღაურის ოდენობისა და სს „ს.რ–ისათვის“ დეპონირებული თანხის დაგვიანებით დაბრუნებით მიყენებული ზიანის საკითხი შესაბამისი სარჩელის საფუძველზე განიხილება და გადაწყდება სასამართლოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით“ (იხ. ტ.1., ს.ფ. 79-82).
81. მხარეთა შორის 2015 წლის 9 და 17 თებერვალს განხორციელებული კომუნიკაციის ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად სანოტარო აქტის პროექტის კორექტირებისათვის ნოტარიუსს სათანადო ძალისხმევა არ გამოუჩენია.
82. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად თვლის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მიუხედავად მოვალის თანხმობისა დეპონირებული თანხები დაბრუნებოდა ნოტარიუსის მიერ დაანგარიშებული საზღაურისა და ხარჯების გამოქვითვით, აღნიშნული მოქმედების განხორციელება 2015 წლის 5 ივნისამდე თავად ნოტარიუსის მიერ გაჭიანურდა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-17 პუნქტი) და მოსარჩელის ბრალს ზიანის დადგომაში, სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია.
ნოტარიუსის ქმედებები 2015 წლის 5 ივნისიდან დღემდე
83. რაც შეეხება, 2015 წლის 5 ივნისის შემდგომ პერიოდს, წინამდებარე გადაწყვეტილების 32-40-ე პუნქტებში მოცემული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ 17 059,34 ლარის დაკავებას არ გააჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
84. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ნოტარიუსმა დეპონირებული ფულის მოვალისათვის დაბრუნების პროცესში თავისი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას კანონით გათვალისწინებული მოვალეობები ბრალეულად დაარღვია.
მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის დასაბუთება
85. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
86. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
87. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შემდგომი გამოკვლევის საგანია გამოიწვია თუ არა ნოტარიუსის ქმედებამ დეპონირებული ფულის მოვალისათვის დაბრუნებასთან დაკავშირებით ქონებრივი ზიანი მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით და იყო თუ არა აღნიშნული ზიანი ნოტარიუსისათვის წინასწარ სავარაუდო.
88. აღნიშნულ საკითხზე საკასაციო პრეტენზია ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის არსებობის ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
89. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის არსებობის ფაქტის დადგენისა და მისი ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების შესრულების მიმართ (სსკ-ის 408-ე მუხლი). ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ უნდა განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ, უპირველესად, ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა უნდა შეაფასოს (შედ. იხ. სუსგ №ას-54-54-2018, 2018 წლის 13 თებერვალი; №ას-167-163-2016, 2016 წლის 1 ივლისი).
90. წინამდებარე საქმეში მოთხოვნა ეხება ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მიყენებულ ზიანს. მოსარჩელე აცხადებს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების წარმოშობის დროიდან მას შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო შემოსავალი, რადგან მის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს სხვადასხვა კომერციულ ბანკებში მუდმივად ერიცხება სარგებელი (აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელემ მომსახურე კომერციული ბანკებიდან შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინა (იხ. ტ.1., ს.ფ. 166, 168, 170-174, 177).
91. ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს გააჩნია მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად: „განსახილველი კატეგორიის დავაში მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, თუმცა ფულადი ვალდებულებიდან გამომდინარე აბსტრაქტული ზიანის არსებობის მტკიცებას მოსარჩელეს უადვილებს ის, რომ თავად ფული წარმოადგენს მიმოქცევად საშუალებას და საყოველთაოდ ცნობილია, რომ მის ბრუნვას შეუძლია გარკვეული მოგების მიღება“ (იხ. სუსგ №ას-1067-1026-2016, 2017 წლის 23 ივნისი). უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად: „ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას“ (იხ. სუსგ №ას-929-869-2017, 2017 წლის 27 დეკემბერი; №ას-254-241-2015, 2015 წლის 6 მაისი; №ას-992-950-2013, 2014 წლის 4 მარტი).
92. უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად: „სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss)… იმისათვის რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ. სუსგ №ას-929-869-2017, 2017 წლის 27 დეკემბერი; №ას-459-438-2015, 2015 წლის 7 ოქტომბერი; №ას-307-291-2011, 2011 წლის 24 ოქტომბერი).
93. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, იმ ვითარებაში, როდესაც დგინდება მოპასუხის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის წინაპირობების დარღვევა და ეს დარღვევა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხის დაუბრუნებლობას შეეხება, არსებობს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში არ ჩნდება კითხვა არც ზიანის წინასწარ სავარაუდოობის შესახებ, რადგან ნათელია, რომ თანხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობისას, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ალბათობა მოპასუხისათვის წინასწარ სავარაუდო იყო.
94. ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე საქმეში სწორად განმარტა როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ისე თავად მიუღებელი შემოსავლის წყაროს - ფულის ყიდვაუნარიანობის საკითხი და მართებულად დააკისრა მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის არამართებულობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 18-21 პუნქტები) სრულად შეესაბამება აღნიშნულ საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ №ას-374-355-2015, 2016 წლის 25 მარტი; №ას-477-451-2015, 2016 წლის 12 თებერვალი; №ას-459-438-2015, 2015 წლის 7 ოქტომბერი; №ას-1067-1026-2016, 2017 წლის 23 ივნისი; №ას-54-54-2018, 2018 წლის 13 თებერვალი).
95. რაც შეეხება ზიანის ოდენობის განსაზღვრას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაბრუნებელი თანხის ოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, უნდა შეიცვალოს 2015 წლის 05 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა და განისაზღვროს 17 059,18 ლარის წლიური 5%-ით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.34 ლარს; ხოლო 2015 წლის 5 ივნისამდე მიუღებელი შემოსავლის სახით 35 932,92 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს.
სასამართლო ხარჯები
96. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
97. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე.
98. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხისათვის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული და კრედიტორის მიერ მიუღებელი თანხის - 17 585,05 ლარის გადახდის დაკისრებას მოითხოვდა, იგი ასევე მოითხოვდა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 2015 წლის 5 ივნისამდე 35 932,92 ლარის და 2015 წლის 5 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში დანაკლისი თანხის 17 585,05 ლარის წლიური 5%-ის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,40 ლარს, გადახდის დაკისრებას. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. სსსკ-ის მე-40 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. გამომდინარე აქედან, სარჩელის ფასი განისაზღვრება 56155,72 ლარით (17585,05 + 35932,92 + 2637,75 (3 x 879,25 (17585,05 x 5%)).
99. საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, სარჩელი 55551,69 ლარის ფარგლებში (7461,46 + 48 090,23 (9 598,34 + 35932,92 + 2558,97 (3 x 852,99 (17059,8 x 5%)), ანუ 98,92%-ით (55551,69 x 100 : 56155,72) დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1631,81 ლარის (მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 5000 ლარი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 48), თუმცა, ვინაიდან პირველი ინტანციის სასამართლომ მოსარჩელეს დაუბრუნა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 3368,19 ლარი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება მხარეთა შორის განაწილებას, შეადგენს 1631,81 ლარს) 98,92% ანუ 1614,19 ლარის გადახდა. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების - 48694,26 ლარისა (56155,72 - 7461,46) და მოთხოვნის მოგებული ნაწილის - 48 090,23 ლარის (9 598,34 + 35932,92 + 2558,97 (3 x 852,99 (17059,8 x 5%) პროპორციის შესაბამისად, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი 98,76%-ით (48 090,23 x 100 : 48694,26) დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1947,38 ლარის (იხ. ტ. 1. ს.ფ. 324) 98,76% ანუ 1923,23 ლარის გადახდა. საერთო ჯამში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3537,42 ლარის (1614,19 + 1923,23) ანაზღაურება. ვინაიდან საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დავის საგნის - 7461,46 ლარის ნაწილში არ შეცვლილა, მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 298,45 ლარი (მოპასუხემ სააპელაციო საჩივარზე გადაიხადა 400 ლარი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 338), თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს დაუბრუნა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 101,55 ლარი) დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში. რაც შეეხება საკასაციო სამართალწარმოებას, საკასაციო საჩივარი 1,07%-ით (604,03 x 100 : 56155,72) დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2790,90 ლარის (იხ. ტ. 2. ს.ფ. 179) 1,07% ანუ 29,86 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. სს „ს.რ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. მოპასუხე მ.გ–ძეს სს „ს.რ–ის“ სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. ქვეპუნქტით დაკისრებულ თანხასთან - 7461,46 ლართან ერთად, დამატებით დაეკისროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული და კრედიტორის მიერ მიუღებელი თანხა 9 598,34 ლარის ოდენობით;
5. მოპასუხე მ.გ–ძეს სს „ს.რ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 2015 წლის 05 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 17 059,8 ლარის წლიური 5%, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,34 ლარს;
6. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე მ.გ–ძეს სს „ს.რ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 2015 წლის 05 ივნისამდე პერიოდის განმავლობაში 35 932,92 ლარი;
7. სს „ს.რ–ას“ (ს/კ: ......) მ.გ–ძის (პ/ნ ......) სასარგებლოდ დაეკისროს 29 (ოცდაცხრა) ლარისა და 86 თეთრის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
8. მ.გ–ძეს (პ/ნ .....) სს „ს.რ–ის“ (ს/კ: ......) სასარგებლოდ დაეკისროს 3 537 (სამი ათას ხუთას ოცდაჩვიდმეტი) ლარისა და 42 თეთრის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
9. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე