Facebook Twitter

საქმე №ას-168-2021 19 მაისი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ.ყ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საბანკო ხელშკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, დაზღვევის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, ასევე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სს „თ.ბ–ის“ სარჩელი საბანკო ხელშკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, დაზღვევის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების, ასევე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ყ–ძის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მარტის განჩინებით, დ.ყ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, 2021 წლის 17 მაისს საკასაციო პალატას ერთობლივი განცხადებით მომართეს კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა ს.კ–ძემ, რომელთა განმარტებით, კასატორსა და სს „თ.ბ–ს“ შორის შედგა მოლაპარაკება, დ.ყ–ძემ სრულად დაფარა ბანკის მიმართ არსებული დავალიანება, რის გამოც, მხარე უარს ამბობდა საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სსსკ-ის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მოხელე დამატებით დაუკავშირდა კასატორ დ.ყ–ძეს და განუმარტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. თავის მხრივ, მხარემ დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია ამ შედეგების შესახებ, ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას და უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს წარმოებაშია მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რომელმაც უარი განაცხადა მის მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ დ.ყ–ძისა და მისი წარმომადენელ ს.კ–ძის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლების თანახმად კი საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დ.ყ–ძეს უნდა დაუბრუნდეს ს.კ–ძის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 585 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ყ–ძისა და მისი წარმომადენელ ს.კ–ძის განცხადება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს საქმის წარმოება დ.ყ–ძის საკასაციო საჩივარზე სს „თ.ბ–ის“ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე;

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები;

4. დ.ყ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.კ–ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი (საგადახდო დავალება №0 / გადახდის თარიღი 09.03.2021) და 285 ლარი (საგადახდო დავალება №0 / გადახდის თარიღი 11.03.2021) ჯამში 585 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე