Facebook Twitter

საქმე №ას-1074-2020 3 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,თ.ზ.ჰ–ი’’ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1.სასარჩელო მოთხოვნა

მ.ს–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ.ზ.ჰ–ის“ (შემდგომში „მოპასუხე“, „კლინიკა“, „კომპანია“, „ორგანიზაცია“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს სარჩელზე შესაგებლი არ წარუდგენია.

3.საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება

შესაგებლის წარუდგენლობის გამო 2019 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.

4.მოპასუხის საჩივარი

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5.საქალაქო სასამართლოს განჩინება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

7.სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

7.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.2.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით;

7.2.2. სარჩელი თანდართული დოკუმენტებით მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა მისამართზე ქ. თბილისი, .....მიმდებარე ნაკ. ....;

7.2.3. ზემოაღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი კორესპოდენცია 2019 წლის 1 აგვისტოს ჩაიბარა ი.ჭ–ძემ, როგორც კომპანიის თანამშრომელმა, „ეიჩარმა“;

7.2.4. სარჩელზე წერილობითი პასუხი (შესაგებელი) მოპასუხეს სასამართლოში უნდა წარედგინა დოკუმენტების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში;

7.2.5. დადგენილ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

7.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 72-73-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხისთვის გაგზავნილი კორესპოდენციის მიღებაზე ი.ჭ–ძეს უარი არ განუცხადებია. მართალია, მოპასუხე საჩივარში მიუთითებდა, რომ ი. ჭ–ძე არ იყო გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილი პირი, თუმცა მას არც იმ გარემოებაზე მიუთითებია, თუ ვინ იყო მსგავსი უფლებით აღჭურვილი პირი ანდა სტრუქტურული ერთეული. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ სააპელაციო პალატის მიერ გაგზავნილი ყველა დოკუმენტი ჩაბარებული აქვს იმავე პირს - ი.ჭ–ძეს, როგორც კომპანიის იურისტს.

7.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოპასუხე წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, ანუ მეწარმე სუბიექტს, მან ორგანიზებულად უნდა აწარმოოს თავისი საქმიანობა, მათ შორის, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პირების გამოყოფა-ინფორმირება, ასევე უფლებამოსილი პირის განსაზღვრა, ვინც მიიღებს კომპანიის სახელზე გაგზავნილ კორესპოდენციას. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კომპანიისთვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაიბარა ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტმა, „ეიჩარმა“, მას ჰქონდა ვალდებულება გადაეცა იგი მოპასუხისთვის. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები ორგანიზაციას ჩაბარდა სსსკ 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო მან შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაადასტურა.

7.5. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 230-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას. კერძოდ, სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2017 წლიდან მუშაობს მოპასუხე ორგანიზაციაში და მის მიმართ კომპანიას გააჩნია სახელფასო დავალიანება (2017 წლის ივნისის თვის, 672 ლარი, აგვისტოს თვის - 336 ლარი, სექტემბრის თვის - 570 ლარი, ოქტომბრის თვის - 672 ლარი, ასევე საშვებულებო თანხა - 336 ლარი. სულ დავალიანება 2586 ლარს შეადგენს (დასაბეგრი 3232.50 ლარი)). სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მოპასუხე არ უარყოფს მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტს, თუმცა აცხადებს, რომ ვინაიდან სახელფასო დავალიანების წარმოშობა განაპირობა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ სახელმწიფო პროგრამიდან გამომდინარე თანხების გვიან ჩარიცხვამ, იგი არ არის დავალიანების ანაზღაურებაზე ვალდებული პირი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის აღნიშნული მითითება და განმარტა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომითი ურთიერთობიდან, შესაბამისად, დასაფინანსებელი თანხების არადროული ჩარიცხვა არ ათავისუფლებს დამსაქმებელს დასაქმებულისთვის ხელფასისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდისაგან.

8. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

8.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, მოპასუხისთვის არ იყო ცნობილი მის მიმართ აღძრული სარჩელის თაობაზე. ამის შესახებ მან მხოლოდ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიტყო. სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტს, რომელიც არ იყო მსგავსი დოკუმენტების მიღებაზე უფლებამოსილი პირი. ამასთან, იგი არ იყო ინფორმირებული სარჩელის მიღების შემდგომ განსახორციელებელი მოქმედებების თაობაზე, რამაც განაპირობა გზავნილის ადრესატისთვის (უფლებამოსილი პირისთვის) მიუწოდებლობა. ამდენად, ვინაიდან მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა დაკავშირებულია მცირედ შეცდომასთან, არ არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.

8.3. ამასთან, გადაწყვეტილებით მოპასუხეს უსაფუძვლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, კლინიკისთვის შემოსავლის წყაროა მხოლოდ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან მიღებული თანხები. მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა კი განაპირობა სწორედ აღნიშნული თანხების სახელმწიფოსგან მიუღებლობამ, რაშიც მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის. შესაბამისად, არ არსებობდა მისთვის თანხის დაკისრების საფუძველი.

9.საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

13. მოცემულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც უცვლელი დარჩა როგორც იმავე, ასევე ზემდგომი სასამართლოს მიერ. სწორედ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებების კანონიერებაა სადავო.

14. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსსკ-ის 2321 მუხლის (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით) საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი:

ა) მოპასუხეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;

ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა;

გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე (სუსგ საქმე #ას-ას-538-511-2014 , 24 დეკემბერი, 2015 წელი).

17. ამასთანავე, ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლება გარკვეული სანქცია იყოს მხარისათვის, რათა დაუსაბუთებლად, საქმის ვითარების გაურკვევლად არ დაეკისროს მოპასუხეს ის, რის წინააღმდეგაც კონსტიტუციით გარანტირებული შედავებისა თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც გააჩნია (იხ. სუსგ საქმე #ას№ას-1453-1371-2012, 25 დეკემბერი, 2012 წელი).

18. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის

19. განსახილველ დავაში კასატორი მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებებს სადავოდ ხდის ძირითადად იმ საფუძვლით, რომ სასამართლოებმა სარჩელისა და თანდართული მასალების „ეიჩარისთვის“ ჩაბარება არასწორად მიიჩნიეს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარებად. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას.

20. კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომელიც გზავნილის ორგანიზაციისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესს არეგულირებს. კერძოდ, ნორმის დისპოზიციის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზეპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

21. დასახელებული ნორმის ანალიზით ჩანს, რომ კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩაიბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად, გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-1289-1309-2011, 14 ნოემბერი, 2011 წელი).

22. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გაგზავნილი სარჩელი თანდართული მასალებით ჩაიბარა ი.ჭ–ძემ, როგორც ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტმა („ეიჩარმა“) და გზავნილის მიღება დაადასტურა გზავნილზე საკუთარი ხელმოწერით (იხ. ს.ფ 33). საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ პირს, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელს, არაერთხელ აქვს ჩაბარებული სასამართლოს მიერ სხვადასხვა დროს გაგზავნილი კორესპოდენცია (იხ. ს.ფ 53, 75, 101), რაც მოპასუხეს სადავოდ არასდროს გაუხდია.

23. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ მიუხედავად გზავნილის მიმღები პირის თანამდებობისა, ის ფაქტი, რომ იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფება მოპასუხესთან, სწორედ მისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის სუბიექტად მიჩნევის წინაპირობაა და სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ბარათზე ამ პირის მიერ ხელის მოწერა სასამართლოს აძლევს სრულ შესაძლებლობას, მხარე ჩათვალოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება (შდრ. იხ. სუსგ № ას-1082-1032-2014, 30 ივლისი, 2015 წელი;. სუსგ № ას-697-668-2016, 9 თებერვალი, 2017 წელი).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია და არც კასატორი უარყოფს იმ ფაქტს, რომ გზავნილის მიღებისას, გზავნილის მიმღები პირი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან (იგი იყო ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი („ეიჩარი“)), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს იგი გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ პირად და მართებულად არ გაიზიარეს მოპასუხის მსჯელობა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოობის თაობაზე.

25. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევა მოპასუხის მითითება, რომ გზავნილის მიმღები არ იყო ინფორმირებული სარჩელის მიღების შემდგომ განსახორციელებელი მოქმედებების თაობაზე, რამაც განაპირობა გზავნილის ადრესატისთვის (უფლებამოსილი პირისთვის) მიუწოდებლობა. სასამართლო საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გზავნილში, რომელიც ჩაბარდა მოპასუხეს, ნათლად და გარკვევით არის განმარტებული სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები (იხ. ს.ფ. 29). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისად დადგენილია, რომ კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხის (კასატორის) ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და არ შეიძლება გახდეს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.

27. კასატორის მეორე პრეტენზია სარჩელის უსაფუძვლობას შეეხება. კერძოდ, კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა განაპირობა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან თანხის მიუღებლობამ. კლინიკის შემოსავლის წყარო სწორედ მითითებული პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან მიღებული თანხებია და მის მიუღებლობაში კლინიკას ბრალი არ მიუძღვის. შესაბამისად, არ არსებობდა მოპასუხისთვის დავალიანების ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

28. კასატორის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკითხი იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოპასუხეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე მოსარჩელისთვის უარის თქმის უფლება და მოსარჩელის მიმართ გასაცემი თანხები ერიცხებოდა თუ არა კლინიკას სახელმწიფოსგან შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, წარმოადგენს არსებითი მსჯელობის ეტაპზე და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს, ვინაიდან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

29. მოცემულ შემთხვევაში წარდგენილ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე კლინიკაში მუშაობდა 2017 წლიდან და მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია 2017 წლის ივნისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვის სახელფასო, ასევე საშვებულებო დავალიანება საერთო ჯამში 2586 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული თანხის მოპასუხისთვის დაკისრება, ასევე თანხის დაყოვნების კომპენსაცია ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 0.07% (იხ. ს.ფ 2-13).

30. როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელში მითითებული გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა და ისინი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან სახეზეა ყველა ის მოცემულობა, რაც განსახილველ დავაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

31. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თავად მოპასუხე არ უარყოფს მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტს (იხ. მოპასუხის სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, ს.ფ 79-89, 147-155). იგი მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ დავალიანების დაფარვა შეუძლებელია სახელმწიფოსგან შესაბამისი თანხების დროულად მიუღებლობის გამო. ამრიგად, მოპასუხის მითითება, რომ იგი არ არის ვალდებული აუნაზღაუროს მოსარჩელეს სახელფასო დავალიანება, ეწინააღმდეგება მის მიერვე საჩივრებში მითითებულ პოზიციას და უსაფუძვლოს ხდის განცხადებას, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ,,თ.ზ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს ,,თ.ზ.ჰ–ს“ (......), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 238.05 ლარის (ელ. საგადახდო დავალება N2045, გადახდის თარიღი 2020 წლის 17 ივლისი), 70% – 166.63 ლარი და მის მიერვე გადახდილი 300 ლარიდან (ელ. საგადახდო დავალება N3197, გადახდის თარიღი 2020 წლის 5 ნოემბერი), 61.95 ლარის 70% - 43.36, ხოლო კასატორის მიერ გადახდილი 300 ლარიდან (ელ. საგადახდო დავალება N3197, გადახდის თარიღი 2020 წლის 5 ნოემბერი) დარჩენილი 238.05 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, სრულად დაუბრუნდეს კასატორს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე