28 აპრილი, 2021 წელი
საქმე №ას-284-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - ზ.გ–ის წარმომადგენელი გ.ქ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების შეწყვეტა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „კ.ბ–ის“ წარმომადგენელმა ზ.გ–ის, ზ.მ–ის, ლ.ხ–ის, მ.ი–სა და ი.გ–ის მიმართ გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა. მოპასუხისთვის მოსარჩელის მიმართ სოლიდარულად 47 789.48 ლარის დაკისრება და გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ს/კ ......, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის დადგენა მოითხოვა.
2. მოპასუხე ზ.გ–მა სარჩელი ნაწილობრივ, 27 408,48 ლარის ნაწილში ცნო, მოპასუხეებმა ზ.მ–მა, ლ.ხ–მა, მ.ი–მა და ი.გ–მა შესაგებელი არ წარმოადგინეს და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადნენ.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ზ.გ–ს, ზ.მ–ს, ლ.ხ–ს, მ.ი–სა და ი.გ–ს სს „კ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლუდარულად 47 789.48 ლარის გადახდაგა დაეკისრათ, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ს/კ ...... იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში კი, მოპასუხეთა სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა დადგინდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ზ.გ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ზ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი - ზ.გ–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 1,019.05 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
8. 2021 წლის 16 მარტს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქმის მასალების დაბრუნება მოითხოვა. წარმომადგენელმა დამატებით მომართა სასამართლოს 2021 წლის 26 და 27 აპრილის განცხადებებით, სადაც ითხოვს საქმის უკან გახმობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კასატორის წარმომადგენლის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. 2021 წლის 16 მარტს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქმის მასალების დაბრუნება მოითხოვა. წარმომადგენელმა დამატებით მომართა სასამართლოს 2021 წლის 26 და 27 აპრილის განცხადებებით, სადაც ითხოვს საქმის უკან გახმობას.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს 2021 წლის 28 აპრილის სატელოფონო აქტს (ტ. 2, ს.ფ. 105), კერძოდ აღნიშნული აქტით დასტურდება, რომ სატელეფონო კომუნიკაციის ფარგლებში, ზ.გ–მა განმარტა, რომ წარმოდგენილი განცხადებების შესაბამისად, მხარის ინტერესს წარმოადგენს საკასაციო საჩივარზე უარის თქმა და მისთვის ცნობილი იყო საკასაციო საჩივარზე უარის თქმის იურიდიული შედეგები.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
11. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, გარდა იმ ცვლილებების და დამატებებისა, რაც მოცემულია სსსკ-ის XLVI თავში. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
12. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით კასატორმა განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 272-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.გ–ის წარმომადგენლის გ.ქ–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება ზ.გ–ის საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე შპს „კ.ბ–ის“ სარჩელის გამო, ზ.გ–ის, ზ.მ–ის, ლ.ხ–ის, მ.ი–სა და ი.გ–ის მიმართ და თანხის დაკისრების თაობაზე;
3. განემარტოს კასატორს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე