Facebook Twitter

საქმე №ას-1003-2020 17 მაისი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ.ზ–ძის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ.ჭ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ზ–ძის მიმართ, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 23 917,4 ლარის, 9 000 აშშ დოლარისა და მხარეთა შორის 2017 წლის 9 ნოემბერს დადებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ (იმ პუნქტის, რომლის თანახმადაც ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მყიდველი კარგავდა უკვე გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას) ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ლ.ზ–ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს გ.ჭ–ძის მიმართ, ლ.ზ–ძის კუთვნილი, ქ.თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #......) თავდაპირველი მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და შეგებებული მოსარჩელისათვის გადაცემის, გ.ჭ–ისათვის 26 016,42 ლარის, ასევე, 2017 წლის 1 დეკემბრიდან უძრავი ქონების მესაკუთრისათვის გადაცემამდე ყოველთვიურად 974 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ჭ–ძის მოთხოვნა 23 917,4 ლარის ლ.ზ–ძისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ლ.ზ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ლ.ზ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გამოთავისუფლდა გ.ჭ–ძის მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული ნივთი გადაეცა მესაკუთრე ლ.ზ–ძეს; დაეკისრა გ.ჭ–ძეს ლ.ზ–ძის სასარგებლოდ 26 016,42 ლარის, ასევე, 2019 წლის 6 ივლისიდან ბინით სარგებლობისათვის ყოველთვიურად 630 აშშ დოლარის გადახდა ბინის გამოთავისუფლებამდე. ნივთის ვინდიცირების ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამავე გადაწყვეტილებით გ.ჭ–ძეს ლ.ზ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 1 970,1 ლარის, ასევე, იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 1 000 ლარის ანაზღაურება, ხოლო, ლ.ზ–ძეს მის მიერ 2019 წლის 25 აპრილს სს „თ.ბ–ში“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1 946.00 ლარიდან დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი 1 086 ლარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ჭ–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და თავდაპირველი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, შეგებებული სარჩელის უარყოფა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინებით გ.ჭ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ამავე სასამართლოს მიერ 2020 წლის 13 აპრილის განჩინებით გადავადებული ბაჟის _ 2 155 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ჭ–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, შეგებებული სარჩელის უარყოფა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი 2019 წლის 6 ივლისიდან უძრავი ქონების დაბრუნებამდე ლ.ზ–ძისათვის ყოველთვიურად 630 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის მოთხოვნის ნაწილში, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად, ხოლო, დანარჩენ ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით კი, გ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინების ნაწილობრივ (პროცესის ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში) შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ზ–ძის შეგებებული სარჩელი 52 653,72 ლარის გ.ჭ–ძისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ლ.ზ–ძეს გ.ჭ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 9 000 აშშ დოლარის გადახდა, გ.ჭ–ძეს ლ.ზ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 136,22 ლარის გადახდა, ლ.ზ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 546,9 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ლ.ზ–ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა, ასევე, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. განცხადების თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გ.ჭ–ძისათვის დაკისრებული ყოველთვიური 630 აშშ დოლარი შეადგენს 13 860 აშშ დოლარს, ამასთანავე, ვინაიდან ლ.ზ–ძეს ასევე დაკისრებული აქვს 9 000 აშშ დოლარის გადახდა გ.ჭ–ძის სასამარგებლოდ, მხარემ მოითხოვა ამ თანხების გაქვითვა და საბოლოოდ გ.ჭ–ძისათვის 4 860 აშშ დოლარის, ასევე, 2021 წლის 6 მაისიდან ბინის გამოთავისუფლებამდე ყოველთვიურად 630 აშშ დოლარის დაკისრება. გარდა ამისა, განმცხადებელმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი 1 089 ლარი. ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს ჯერ არ ჩაბარებია, ხოლო, სარეზოლუციო ნაწილიდან უცნობი დარჩა რა ბედი ეწია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაბრუნებულ ზედმეტად გადახდილ თანხას, შესაბამისად, მხარემ მოითხოვა ამ ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ლ.ზ–ძის განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.

განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფძველზე, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების და/ან წესის შეცლასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება მაგ: ნივთის გადაცემა შეიძლება შეიცვალოს მისი ღირებულების ანაზღაურებით, ხოლო, რაც შეეხება აღსრულების წესის შეცვლას, აღნიშნული სახეზეა მაშინ, როდესაც მაგ: ნივთის აუქციონზე რეალიზაცია შეიცვლება სხვაგვარი რეალიზაციით.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს თავდაპირველი და შეგებებული სარჩელის ფარგლებში დაკმაყოფილებული მოთხოვნების გაქვითვას, რაც არც აღსრულების საშუალების და არც წესის შეცვლას არ წარმოადგენს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს მხარის მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნას და რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით. ამავე კოდექსის 442-ე მუხლის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წინაპირობები შემდეგია: ორ პირს შორის უნდა არსებობდეს ურთიერთმოთხოვნები და დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მოთხოვნის ვადა არ დამდგარა, ურთიერთმოთხოვნათა გასაქვითად სახეზე უნდა იყოს ორმხრივი თანხმობა, კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით ვადამოსულ მოთხოვნაში შეიძლება გაიქვითოს ის მოთხოვნა, რომლის შესრულების ვადაც არ არის დამდგარი, თუმცა ამ მოთხოვნის უფლების მქონე პირი მხარს უჭერს გაქვითვას. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 447-ე მუხლით დადგენილია მოთხოვნათა გაქვითვის გამომრიცხველი წინაპირობები, კერძოდ, მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია: ა) თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით წინასწარ იყო გამორიცხული; ბ) თუ ვალდებულების საგანზე არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა, ან ვალდებულების საგანს შეადგენს სარჩო; გ) თუ ვალდებულება ითვალისწინებს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით ან სიკვდილით; დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 444-ე მუხლზე, რომლითაც წესრიგდება იმგვარი მოთხოვნების გაქვითვის შესაძლებლობა, როდესაც თავად ეს მოთხოვნები ვერ ფარავენ ერთმანეთს, ასეთ დროს იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე.

მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც თავდაპირველ, ისე _ შეგებებულ მოსარჩელეს გააჩნიათ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (სსსკ-ის 264-ე მუხლი) დადასტურებული მოთხოვნები, რომელთაგან არც ერთი სამოქალაქო კოდექსის 447-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას არ წარმოადგენს. ორივე მოთხოვნის შესრულება ვადამოსულია, რაც არ გამორიცხავს მათ ურთიერთგაქვითვას მხარის ცალმხრივი ნების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა არა გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების და/ან წესის შეცვლა, არამედ მეორე მხარის მიმართ ნების გამოვლენა.

რაც შეეხება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 261-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია, თუკი სასამართლოს არ უმსჯელია პროცესის ხარჯების საკითხზე. საკასაციო პალატას, ამავე ნორმის 31 ნაწილის შესაბამისად, მიაჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტა დასაშვებია ზეპირი მოსმენის გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ნორმის წინაპირობები არ არის სახეზე, რადგანაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას საკასაციო სასამართლომ გაითვალისწინა მათ შორის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ.ზ–ძისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების საკითხი. ამ მხრივ საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის პირველი-მე-3 ნაწილების თანახმადაც, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, გ.ჭ–ძის სარჩელის საგნის ღირებულება შეადგენს 50 554,3 ლარს (ეროვნული ბანკის, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, იხ. www.nbg.ge), ხოლო, ლ.ზ–ძის სარჩელისა _ 202 253,42 ლარს. საკასაციო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, გ.ჭ–ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 52%-ით, ხოლო, ლ.ზ–ძისა _ 21%-ით. გასათვალისწინებელია, რომ გ.ჭ–ძეს პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 718 ლარი, სააპელაციო სასამართლოში _ 2 155 ლარი, ხოლო, გადავადებული აქვს 1 512,9 ლარი, საკასაციო საჩვარზე კი, მის მიერ გადახდილია 1 396 ლარი. რაც შეეხება ლ.ზ–ძეს, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მას შეგებებულ სარჩელზე გადახდილი აქვს ჯამში 3 966 ლარი.

საკასაციო პალატა, შეგებებული სარჩელის საგნის ღირებულებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, ასევე, ამ ნორმის მე-3 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ლ.ზ–ძეს ზედმეტად გადახდილი აქვს 966 და არა 1 089 ლარი, თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად ლ.ზ–ძეს გ.ჭ–ძის სასარგებლოდ სულ უნდა დაეკისროს 1 493,74 ლარი, ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ამგარიშში) _ 1 512,9 ლარი, გ.ჭ–ძეს კი, ლ.ზ–ძის სასარგებლოდ უნდა დეკისროს 630 ლარი (3 000*21%), ასევე, იურიდიული მომსახურების ხარჯი _ 1 000 ლარი, ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 966 ლარი, ამ თანხების, როგორც მხარეთა შორის, ისე _ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გაქვითვის შემთხვევაში, საბოლოოდ გ.ჭ–ძეს ლ.ზ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 136,22 ლარის გადახდა, ხოლო, ლ.ზ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ _ 546,9 ლარის გადახდა.

ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლომ იმსჯელა მათ შორის ლ.ზ–ძის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხზე და არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 263-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ზ–ძის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი