საქმე №ას-1749-2019 12 ნოემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ს.ს.გ.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.რ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ო.რ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია ან მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ს.ს.გ.დ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან დეპარტამენტი) მიმართ, მოპასუხისათვის 22 765,75 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 30 აპრილს, მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ე.ტ.#61-18, რომელიც ითვალისწინებდა წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე-92-ე კმ-ის მონაკვეთზე მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების სამუშაოების ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელებას. ხელშეკრულების მოქმედების ვადა თავდაპირველად განისაზღვრა 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა _ 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. 2018 წლის 26 ნოემბერს, მოსარჩელემ #33/18 წერილით მიმართა მოპასუხეს და მიუთითა უამინდობის გამო სამუშაოების შესრულების შეუძლებლობაზე, ამასთან, ითხოვა ხელშეკრულებით შეთანხმებული მოქმედების ვადის გაგრძელება. 2018 წლის 30 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულების #4 დანართი, რომლის თანახმადაც, სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით. აღნიშნულ ვადაში მენარდემ შეასრულა სამუშაოები. 2018 წლის 6 დეკემბრის #2/-07 14411 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მან ვერ დაასრულა სამუშაოების დამთავრება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (2018 წლის 30 ნოემბერი), რის გამოც იგი ვალდებული იყო, გადაეხადა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ფასის - 2 276 575,05 ლარის 1% _ 22 765 ლარი. მოპასუხემ სამუშაოთა ღირებულების თანხიდან, რომელმაც შეადგინა 1 060 755.76 ლარი, მოსარჩელეს გამოუქვითა 22 765.75 ლარი. მენარდემ ხელშეკრულების შესაბამისად, სრულად და ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც მიიღო მოპასუხემ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანიას პირგასამტეხლო დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დათქმულ ვადაში დაუსრულებლობის გამო. მოსარჩელის მიერ სამუშაოების წარმოების ხელისშემშლელ მიზეზად დასახელებული კლიმატური პირობები არ იქნა გაზიარებული შემკვეთის მხრიდან. მოსარჩელეს შეეძლო, შესაბამისი ძალების სრული მობილიზაციის პირობებში, სამუშაოები დაესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მართალია, მოსარჩელემ სამუშაოები დაასრულა დამატებით განსაზღვრულ ვადაში, თუმცა, ეს ვადა განესაზღვრა იმის გამო, რომ არ მომხდარიყო ხელშეკრულების შეწყვეტა და ობიექტი დროულად დასრულებულიყო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა 22 765,75 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2018 წლის 30 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ე.ტ.#61-18, წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 91-კმ92 მონაკვეთზე მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების სამუშაოების ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ;
1.2.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2 276 575.00 ლარით, მოქმედების ვადა თავდაპირველად 2018 წლის 30 დეკემბრის, ხოლო, სამუშაოების შესრულების ვადა _ 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. 13.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, დამრღვევი მხარე ვალდებული იყო, მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაეხადა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 1%.
1.2.3. 2018 წლის 30 ნოემბერს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულების #4 დანართი, რომლითაც ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. #61-18 ხელშეკრულებაში და მენარდეს მიეცა სამუშაოთა შესრულებისათვის დამატებითი ვადა 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით;
1.2.4. მენარდემ სამუშაოები დაასრულა 2018 წლის 15 დეკემბრისათვის, რასაც ადასტურებს 2018 წლის 11-15 დეკემბრის პერიოდში შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების #16 ბარათი;
1.2.5. დეპარტამენტის 2018 წლის 6 დეკემბრის #2-07/14411 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოთა შესრულება, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო 22 765.75 ლარის ოდენობით.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტი, ამასთანავე, თუკი დადასტურდა მოვალის მხრიდან ვადის გადაცილება, მაშინ შემოწმების ობიექტად იქცევა პირგასამტეხლოს მოთხოვნის კანონიერება, ამდენად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები სამოქალაქო კოდექსის 629-ე, მე-400 და 417-ე მუხლებია. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მენარდემ ვერ შეასრულა სამუშაო დათმულ ვადაში, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოსდექსის 642-ე მუხლის შესაბამისად, მენარდეს შემკვეთმა განუსაზღვრა დამატებითი ვადა შესრულებისათვის. უდავოა, რომ ამ ვადაში ვალდებულება შესრულდა. ასეთ პირობებში კრედიტორის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრული უფლების განკარგვა განიხილება სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილითა და 115-ე მუხლებით განსაზღვრულ არაკეთილსინდისიერ ქმედებად და მის მიერ პირგასამტეხლოს ანგარიშში დაქვითული თანხა ექვემდებარება ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით ნარდობის საფასურის ანგარიშში დაბრუნებას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კნონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს.გ.დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი