Facebook Twitter

საქმე №ას-948-2020 2 დეკემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ.ჯ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ს.გ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ჯ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მფლობელი) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #......, შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელემ სს „ხ.ბ.ს–გან“ შეიძინა სადავო უძრავი ქონება, რომელსაც კვლავ ფლობს მოპასუხე და მესაკუთრის მოთხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებს მის გათავისუფლებაზე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მარტივი შედავება წარადგინა, შესაგებლით უარყოფილია მხოლოდ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული ნივთი გადაეცა მოსარჩელეს.

3.2. ამავე სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 16 სექტემბერს, 13:00 საათზე, რის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ მხარეებს, თუმცა მოპასუხის განცხადების საფუძველზე იგი გადაიდო ამავე წლის 27 ნოემბერს. სასამართლოს სხდომის შესახებ მხარეებს ეცნობა ამავე კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. მოპასუხის განცხადებას ერთვის სამედიცინო ცნობა _ ფორმა #IV-100/ა სადაც მითითებულია, რომ მოპასუხე ექიმთან გამოცხადდა 2019 წლის 11 სექტემბერს და დაუდგინდა დიაგნოზი _ პნევმონია, ავადმყოფობის მიმდინარეობა _ მწვავე. დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა და მიეცა რეკომენდაცია ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობისა და წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე;

1.2.2. 2019 წლის 25 ნოემბერს მოპასუხემ კვლავ მიმართა განცხადებით სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე, კვლავ წარადგინა სამედიცინო ცნობა _ ფორმა #IV-100/ა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტს კვლავ მწვავე პნევმონია აქვს, ესაჭიროება მკურნალობა, განმეორებითი კონსულტაცია და წოლითი რეჟიმი;

1.2.3. საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებით გაიზიარა მფლობელის შუამდგომლობა და საქმის განხილვა გადაიდო 2019 წლის 11 დეკემბერს, 17:00 საათზე. უდავოა, რომ ხსენებულის შესახებ ეცნობა მოპასუხეს;

1.2.4. 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა მოპასუხე და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. გამოცხადებულმა მესაკუთრემ კი, მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა;

1.2.5. დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის ძირითად არგუმენტებს წარმოადგენს მხარის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რაც გამოიწვია უსახლკაროდ დარჩენამ, აღნიშნულის გამო, მხარეს მიაჩნია, რომ საქმის განხილვა უნდა გადადებულიყო. სასამართლოს სხდომის ჩატარების დროისათვის მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის განმსაზღვრელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. არსებითად ამავე პრეტენზიას ემყარება მოპასუხის სააპელაციო და საკასაციო საჩივრები.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), მხარის მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების განკარგვა სწორედ ამ პრინციპების ჭრილში ფასდება სასამართლოს მხრიდანაც. სასამართლოში მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა სწორედ მისი მხრიდან ამ საპროცესო წესების განკარგვაზე მიანიშნებს. საპროცესო კანონმდებლობის ამგვარი თავისებურება ამართლებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის არსებობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი განსაზღვრავს მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებს და ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სწორედ ზემოხსენებული საპროცესო წესით ეცნობა სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობისა და გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე, ხოლო, გამოცხადებული მოსარჩელე შუამდგომლობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. უდავოა ისიც, რომ სახეზე გვაქვს ვინდიკაციური სარჩელი, რომლის საფუძვლიანობაც სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით დადგენილ წინაპირობებთან შესაბამისობაში მოწმდება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დადგენილად მიიჩნევა სარჩელში მითითებული (მათ შორის, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებული) მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით განსაზღვრული შემდეგი წინაპირობები:

- მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელსაც საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში;

- მოპასუხე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას;

- მოპასუხეს არ გააჩნია ნივთის ფლობის მართლზომიერი საფუძველი.

ამ გარემოებათა ანალიზის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

რაც შეეხება მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, ამ საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები), ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ-ის 215.3 მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე). კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზად მიიჩნევს ავადმყოფობას, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, არ წარმოუდგენია ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შეეხება საქმეში უკვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას, ფორმა #IV-100/ა-ს, ისინი სასამართლოს სხდომის დღისათვის მოპასუხის საპატიო მიზეზით გამოცხადების შეუძლებლობას ვერ ადასტურებენ.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც, მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 12.10.2020წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ლ.ჯ–ს (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 12.10.2020წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი