საქმე №ას-797-2019 12 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ტ.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ო–ი, ა.ც–ძე, ვ.მ–ა, მ.ტ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ტ.კ–მა (ნ.ზ–ძის უფლებამონაცვლე, შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ო–ის, ა.ც–ძის, ვ.მ–ასა და მ.ტ–ძის (შემდგომში _ მოპასუხეეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა:
i ზ.ო–ისათვის 70 000 აშშ დოლარის დაკისრება;
ii ზ.ო–სა და ა.ც–ძეს შორის 2016 წლის 27 ივლისს დადებული ჩოხატაურში, ..... ქუჩაზე მდებარე #...... უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
iii ზ.ო–სა და ვ.მ–ას შორის 2016 წლის 2 ივნისს დადებული ჩოხატაურის კურორტ ....., .... მდებარე # ...... უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
iv ვ.მ–ას და მ.ტ–ძეს შორის 2017 წლის 6 ოქტომბერს დადებული ჩოხატაურის კურორტი ....., .... ქუჩაზე მდებარე # ..... უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 25 აპრილის სესხის ხელშეკრულების თანახმად, ნ.ზ–ძემ ზ.ო–ს გადაცა 70 000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემის თაობაზე შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. გრაფიკის მიხედვით ზ.ო–ს ეტაპობრივად უნდა გადაეხადა თანხა, რაც მას არ შეუსრულებია. თანხის ამოღების მიზნით ზ.ო–ის უძრავ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციისათვის 2016 წლის 13 ივლისს ნ.ზ–ძემ მიმართა საჯარო რეესტრს. მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ზ.ო–მა მის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონება თვალთმაქცურად გააფორმა ოჯახის ახლობელ ა.ც–ძეზე. ნ.ზ–ძემ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე ტ.კ–ს დაუთმო ზ.ო–ისაგან ნასესხები 70 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. ზ.ო–მა სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა, რომელშიც უარყო ნ.ზ–ძისგან სესხის აღების ფაქტი. მან სადავო გახადა სარჩელზე დართულ სესხის ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის კუთვნილება და მიუთითა ნ.ზ–ძის მიერ დოკუმენტის გაყალბებაზე. მოწმედ მითითებული ქ.ყ–ი არის მისი მეუღლე, რომელიც მუშაობდა ლომბარდში ნ.ზ–ძესთან ერთად. ნ.ზ–ძეს აქვს ფინანსური პრობლემები, მათი ნდობა ბოროტად გამოიყენა და შექმნა არარსებული სესხის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და გრაფიკი, რომლითაც ცდილობს მოითხოვოს არარსებული სესხის თანხა;
2.2. ა.ც–ძემ ასევე არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ ის ქონების კეთილსინდისიერი შემძენია, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია;
2.3. ვ.მ–ას განმარტებით, ზ.ო–მა მას ნამდვილად მიჰყიდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ .... ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება. ამ ქონების თაობაზე ზ.ო–მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ვ.მ–ამ სრულიად კანონიერად გამოიყენა მისი როგორც მესაკუთრის უფლება და გაასხვისა ნივთი მ.ტ–ძეზე;
2.4. მ.ტ–ძეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა, სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ არის უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი.
2018 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე ზ.ო–ის და ა.ც–ძის წარმომადგენლებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, დაეთანხმნენ მე-3 და მე-4 სასარჩელო მოთხოვნებს, რომელიც ეხება ჩოხატაურის კურორტ ...... ქუჩაზე მდებარე #...... უძრავი ქონების გასხვისების კანონიერებას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2016 წლის 25 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია: „ერთის მხრივ, ინდ. მეწარმე ნ.ზ–ძე პ/ნ ....., როგორც გამსესხებელი და მეორე მხრივ, ზ.ო–ი, როგორც თანხის მიმღები, 2016 წლის 25 აპრილს, ინდ. მეწარმე ნ.ზ–ძისგან ჩავაბარე, ხოლო ზ.ო–მა მივიღე 70 000 აშშ დოლარი, 5 წლის ვადაში სესხის ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით. თანხა გავეცი: ნ.ზ–ძე. ესწრებოდა: მოწმე ქ.ყ–ი, გამსესხებელი ნ.ზ–ძე, მსესხებელი ზ.ო–ი“;
1.2.2. 2016 წლის 25 აპრილის #5 სესხის ხელშეკრულების თანახმად, ინდ. მეწარმე ნ.ზ–ძემ ზ.ო–ს ასესხა 70 000 აშშ დოლარი 5 (ხუთი) წლის ვადით. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 18%-ს. საქმეში წარმოდგენილია ასევე სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის თანახმად, ზ.ო–ს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 1 777.54 აშშ დოლარი;
1.2.3. 2016 წლის 27 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ზ.ო–მა #28.01.21.282 უძრავი ქონება 7 000 ლარად მიჰყიდა ა.ც–ძეს;
1.2.4. 2016 წლის 13 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ზ.ო–მა #.... უძრავი ქონება 13 000 აშშ დოლარად მიჰყიდა ვ.მ–ას. აღნიშნული უძრავი ქონება 2017 წლის 6 ოქტომბერს მ.ტ–ძემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ვ.მ–ასგან 11 500 აშშ დოლარად;
1.2.5. 2017 წლის 9 ოქტომბრის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებაში მითითებულია: „ერთი მხრივ - ინდ.მეწარმე ნ. ზ–ძემ, შემდგომში მოთხოვნის დამთმობმა, მეორე მხრივ, ტ.კ–მა, შემდგომში მოთხოვნის მიმღებმა, დადეს მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: 1) 2016 წლის 25 აპრილის #5 სესხის ხელშეკრულების თანახმად, ზ.ო–მა - მოვალემ აღიარა, რომ გააჩნია დავალიანება მევალე ინდ.მეწარმე ნ.ზ–ძის - 70 000 აშშ დოლარი ვალის სახით გადასახდელად, რომელიც მისი მხრიდან დაფარული იქნებოდა ხუთი წლის ვადაში. 2) მოთხოვნის დამთმობმა ინდ.მეწარმე ნესტან ზ–ძემ დაუთმო „მოთხოვნის მიმღებ“ ტ.კ–ს სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე ზ.ო–ის მიმართ - დავის საგანი მოპასუხე ზ.ო–ისგან მოითხოვოს ვალის - 70 000 აშშ დოლარის გადახდა“;
1.2.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ივნისის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა შემდეგი კითხვები:
„1. 2016 წლის 25 აპრილის თარიღით შედგენილი სესხის ხელშეკრულება #5-ზე ხელმოწერა „ზ.ო–ი“ ხელშეკრულების სამივე გვერდზე შესრულებულია თუ არა ზ.ო–ის მიერ? წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ არ შეასრულა მესამე პირმა?
2. 2016 წლის 25 აპრილის თარიღით შედგენილი სესხის ხელშეკრულება შესრულებულია თუ არა ერთი და იმავე მელნით, თუ ხელშეკრულებაში ხელმოწერა „ზ.ო–ი“ შესრულებულია სხვა მელნით?
3. 2016 წლის 25 აპრილის თარიღით შედგენილ სესხის ხელშეკრულება #5-ში ხელმოწერა კერძოდ „ზ.ო–ი“ გადატანილია თუ არა რაიმე ტექნიკური საშუალებით (დაწოლის გზით, გადასაყვანი ქაღალდის მეშვეობით და გამჭოლ შუშაზე)?
4. 2016 წლის 25 აპრილის თარიღით შედგენილი მიღება-ჩაბარების #5 აქტზე ხელმოწერა „ქ.ყ–ი“ შესრულებულია თუ არა ქ.ყ–ის მიერ? წინააღმდეგ შემთხვევაში, ხომ არ შეასრულა მესამე პირმა?
5. 2016 წლის 25 აპრილის თარიღით შედგენილი მიღება-ჩაბარების #5 აქტზე ხელმოწერა „ზ.ო–ი“ შესრულებულია თუ არა ზ.ო–ის მიერ? წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ არ შეასრულა მესამე პირმა?
6. 2016 წლის 25 აპრილის თარიღით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებულია თუ არა ერთი და იმავე მელნით, თუ ხელშეკრულებაში ხელმოწერა „ქ.ყ–ი“ და „ზ.ო–ი“ შესრულებულია სხვა მელნით?
7. 2016 წლის 25 აპრილის თარიღით შედგენილი მიღება- ჩაბარების აქტში ხელმოწერა, კერძოდ „ქ.ყ–ი“ და „ზ.ო–ი“ გადატანილია თუ არა რაიმე ტექნიკური საშუალებით (დაწოლის გზით, გადასაყვანი ქაღალდის მეშვეობით და გამჭოლ შუშაზე)?
8. 2016 წლის 25 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტზე, 2016 წლის 25 აპრილის სესხის ხელშეკრულებასა და 2016 წლის 25 აპრილის სესხის გრაფიკზე ზ.ო–ისა და ქ.ყ–ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია თუ არა ზ.ო–ის და ქ.ყ–ის მიერ?“
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
- ხელმოწერა ქ.ყ–ის სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული: მიღება-ჩაბარების აქტზე, 25.04.16 წლის თარიღით, ხელნაწერი ტექსტის ბოლოს, სიტყვების შემდეგ: „ესწრებოდა მოწმე ქ.ყ–ი“, შესრულებულია ქ.ყ–ის მიერ;
- ხელმოწერა, ზ.ო–ის სახელით, განლაგებული: #5 სესხის ხელშეკრულებაზე, 25.04.16 წლის თარიღით, პირველ გვერდზე, ნაბეჭდის ტექსტის ქვემოთ, მარჯვენა მხარეს, გრაფაში: „მსესხებელი“, სავარაუდოა, რომ შესრულებულია ზ.ო–ის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, გამოსაკვლევი ხელმოწერის შესაბამისი, თავისუფალი ნიმუშების და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.
- გადაწყვეტა საკითხისა, ხელმოწერები, ზ.ო–ის სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული შემდეგ საბუთებზე: მიღება-ჩაბარების აქტზე, 25.04.16 წლის თარიღით, საბუთის ქვედა მარჯვენა მხარეს, გრაფაში: „მსესხებელი“; #5 სესხის ხელშეკრულებაზე, 25.04.16 წლის თარიღით, პირველ გვერდზე, მარჯვენა ქვედა მხარეს, მეორე და მესამე გვერდზე, გრაფაში: „მსესხებელი“ და სესხის დაფარვის გრაფიკზე (დანართი #1), მარჯვენა ქვედა მხარეს, შესრულებულია თუ არა ზ.ო–ის მიერ, შეუძლებელია, გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნებისა და შესაბამისი ნიმუშების სიმცირის გამო;
- 1,2,3,4 გამოსაკვლევად წარმოდგენილ 2016 წლის 25 აპრილით დათარიღებულ მიღება- ჩაბარების #5 აქტზე წინადადება „მიღება-ჩაბარების #5 აქტი“, ხელნაწერი ტექსტი დაწყებული სიტყვებით „ერთის მხრივ“ და დამთავრებული სიტყვებით „25 აპრილს“ და სიტყვა „ჩოხატაური“, ჩანაწერი „25.04.2016“, რომელიც აღნიშნავს თარიღს, დაწყებული სიტყვის ნაწილით „წარმე“ სიტყვაში „ინდმეწარმე“ და დამთავრებული ხელმოწერით „ზ.ო–ი“ (ქ.ყ–ის სახელით შესრულებული ხელმოწერის ჩათვლით) შესრულებულია სხვადასხვა საწერი საშუალებით (პასტებით). ასო „ს“ -ს ბოლო ნახევაროვალი სიტყვაში „აპრილ“ და სიტყვის ნაწილი „ინდმე“ სიტყვაში „ინდმეწარმე“ შესრულებულია სხვა საწერი საშუალებით განსხვავებით დანარჩენი ტექსტისგან ე.ი ასო „ს:“ ბოლო სიტყვაში „აპრილს“ და სიტყვის ნაწილი „ინმდე“ სიტყვაში „ინდმეწარმე“ შესრულებულია მესამე საწერი საშუალებით;
- 2016 წლის 25 აპრილით დათარიღებულ სესხის #5 ხელშეკრულების პირველ და მესამე ფურცლებზე განთავსებული ხელნაწერი ტექსტი (ნ.ზ–ძის ხელმოწერის ჩათვლით) შესრულებულია მუქი იისფერი საღებავი ნივთიერებებით და მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებული ზ.ო–ის სახელით დატანილი ხელმოწერა შესრულებულია მოლურჯო-მოიისფრო საღებავი ნივთიერებით. 2016 წლის 25 აპრილის დათარიღებული სესხის #5 ხელშეკრულების #2 ფურცელზე არსებული ნ.ზ–ძის ხელმოწერა შესრულებულია მოლურჯო საღებავი ნივთიერებით;
- ზემოთ მითითებული ნიშნები მოწმობს, რომ 2016 წლის 25 აპრილით დათარიღებული სესხის #5 ხელშეკრულების პირველ და მესამე ფურცელზე განთავსებული ხელნაწერი ტექსტი (ნ.ზ–ძის ხელმოწერის ჩათვლით) და მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებული ზ.ო–ის სახელით დატანილი ხელმოწერა შესრულებულია სხვადასხვა საწერი საშუალებით. 2016 წლის 25 აპრილით დათარიღებული სესხის #5 ხელშეკრულების მეორე ფურცელზე არსებული ნ.ზ–ძის და ზ.ო–ის სახელით დატანილი ხელმოწერები შესრულებულია სხვადასხვა საწერი საშუალებით;
- 2016 წლის 25 აპრილით დათარიღებულ მიღება-ჩაბარების #5 აქტზე არსებული ქ.ყ–ის და ზ.ო–ის სახელით დატანილი ხელმოწერები არ არის გადატანილი არც გადამყვანი ქაღალდის მეშვეობით და არც დაწოლის გზით უფერო კვლების შემდგომი გარშემოვლით;
- 2016 წლის 25 აპრილით დათარიღებულ მიღება-ჩაბარების #5 აქტზე, მარჯვენა შუა ნაწილში არსებული ქ.ყ–ის სახელით შესრულებული ხელმოწერა არ არის გადატანილი გამჭოლ შუქზე არც ერთი წარმოდგენილი ქ.ყ–ის ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშებიდან, რომლებიც განთავსებულია შინაგანაწესში (სამოქალაქო #2/877-17 საქმე საქმის ფურცელი (245) 2017 წლის 07 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაზე (სამოქალაქო #2-878-17 საქმე ს.ფ 68) 2017 წლის 7 დეკემბრით დათარიღებულ სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებში (სამოქალაქო #2-878-17 ს.ფ 78) 2017 წლის 7 დეკემბრის დათარიღებულ სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებში (სამოქალაქო #2/878-17 საქმე ს.ფ 98) 2016 წლის 25 მაისის დათარიღებულ შეთანხმებაზე #2 (სამოქალაქო #2-878-17) ს.ფ 150) 2016 წლის 25 მაისის დათარიღებულ შეთანხმებაზე #1 (სამოქალაქო #2-878-17 საქმე ს.ფ 160);
- 2016 წლის 25 აპრილით დათარიღებული სესხის #5 ხელშეკრულების პირველ მეორე და მესამე ფურცლებზე მარჯვენა ქვედა კუთხეში განთავსებული ზ.ო–ის სახელით შესრულებული ხელმოწერები არ არის გადატანილი არც გადამყვანი ქაღალდის მეშვეობით და არც დაწოლის გზით უფერო კვლების შემდგომი გარშემოვლით;
- 2016 წლის 25 აპრილით დათარიღებულ მიღება-ჩაბარების №5 აქტზე, 2016 წლის 25 აპრილით დათარიღებული სესხის #5 ხელშეკრულების პირველ მე-2 და მე-3 ფურცლებზე მარჯვენა ქვედა კუთხეში განთავსებული ზ.ო–ის სახელით შესრულებული ხელმოწერები არ არის გადატანილი გამჭოლ შუქზე ერთმანეთისგან და არც ერთი წარმოდგენილი ზ.ო–ის ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშებიდან, რომლებიც განთავსებულია სესხის დაფარვის გრაფიკზე (სამოქალაქო #2-877-17 საქმე ს,ფ 195), 2011 წლის 8 სექტემბრით დათარიღებულ შემოწმების აქტზე (სადაც აღინიშნება ხელნაწერი ტექსტი), 2011 წლის 8 სექტემბრით დათარიღებულ შემოწმების აქტზე (სადაც აღინიშნება ნაბეჭდი ტექსტი) 2016 წლის 25 მაისის დათარიღებულ შეთანხმებაზე #2 (სამოქალაქო #2-878-17 საქმე ს,ფ 150), 2016 წლის 25 მაისის დათარიღებულ შეთანხმებაზე #1 (სამოქალაქო #2-878-17 საქმე , ს.ფ 160)“;
1.2.7. მოწმე ნ.ზ–ძემ სასამართლო სხდომაზე ურთიერთსაწინააღმდეგო და გამომრიცხავი ჩვენება მისცა, მან ვერ გაიხსენა კონკრეტულად რა ვითარებაში, როგორ გადასცა მსესხებელს 70 000 აშშ დოლარი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 56-ე (1) და 976-ე (1) „ა“ მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც უმთავრესი სესხის გადაცემის დადასტურებაა, სწორედ სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის წარმატებულობის შემთხვევაშია პერსპექტიული აღიარებითი მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმება იმ პირობებშიც კი, თუკი მოპასუხე აღიარებით მოთხოვნას ცნობს, რამდენადაც აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება პირდაპირ და უშუალო გავლენას უნდა ახდენდეს მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ სესხის გადაცემის ფაქტი საქმის მასალებით არ დგიდება. ამ მხრივ ხაზი უნდა გაესვას სესხის რეალურ ბუნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება დადებულად ითვლება გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემით. ამ თვალსაზრისით კი დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ თანხის გადაცემა მოპასუხის მხრიდან შედავებულია. მოსარჩელეს მართალია, წარმოდგენილი აქვს წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც, მატერიალური სამართლის მოთხოვნიდან გამომდინარე, განკუთვნადი დოკუმენტებია (სკ-ის 624-ე მუხლი), თუმცა მათი ნამდვილობა საექსპერტო კვლევითაა გაქარწყლებული. ხსენებული მტკიცებულება, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლით დადგენილი წესით შეაფასეს, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი დასაბუთებულ კრიტიკას არ შეიცავს, ხოლო სხვა განკუთვნადი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, გარდა იმისა, რომ ეს ჩვენება, ცალკე აღებული არ შეიძლება თანხის გადაცემის მტკიცების საკმარისი საფუძველი იყოს, იგი წინააღმდეგობრივიცაა, რაც მის გაზიარებას გამორიცხავს. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რა ზ.ო–ისათვის თანხის გადაცემის ფაქტი, მისი მოთხოვნა 70 000 აშშ დოლარის დაბრუნებაზე წარუმატებელია. ამ მოცემულობაში კი, როგორც ზემოთ ითქვა, აღიარებითი მოთხოვნების კანონიერების შეფასება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სესხის დაბრუნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი