საქმე №ას-820-2020 5 თებერვალი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ს–, ა.მ–ი, გ.ბ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. დ.ს–მა, ა.მ–მა და გ.ბ–ამ (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელე, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები ან დასაქმებულები, პირველი და მეორე მოსარჩელე აგრეთვე წოდებული, როგორც მეორე აპელანტები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის (შემდგომში _ მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2018 წლის 18 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობის, პირველი და მეორე მოსარჩელის ოპერატორის თანამდებობაზე, ხოლო მესამე მოსარჩელის _ სერვის ოპერატორის თანამდებობაზე აღდგენის, ასევე 2018 წლის 18 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის (პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ თვეში 1 155 ლარი (დარიცხული), მეორე მოსარჩელის _ 1 271 ლარი (დარიცხული), მესამე მოსარჩელის შემთხვევაში _ 1 200 ლარი (დარიცხული)) მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
პირველი და მეორე მოსარჩელე მოპასუხე საწარმოში დასაქმებულები იყვნენ ოპერატორის პოზიციაზე, ხოლო მესამე მოსარჩელე _ სერვის ოპერატორის თანამდებობაზე. დასაქმებულები დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდნენ 2018 წლის 18 სექტემბერს. მათი განმარტებით, სადავო ბრძანება გამოცემულია შრომის კანონმდებლობის დარღვევით. ის ეფუძნება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტს (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას). რაც არასწორია, რადგანაც შრომითი ურთიერთობა მათთან კანონის უხეში დარღვევითაა მოშლილი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოიშალა, სადავო ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2018 წლის 18 სექტემბრის #264-კ ბრძანება და მოპასუხეს დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაციის (პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ _ 13 860 ლარი (დარიცხული), მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ _ 15 252 ლარი (დარიცხული), მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ _ 14 400 ლარი (დარიცხული)) გადახდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პირველმა აპელანტმა (მოპასუხე), მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა, ხოლო მეორე აპელანტმა (პირველი და მეორე მოსარჩელე) _ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის მოთხოვნა უარყოფილ იქნა, მეორე სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით პირველი და მეორე მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი პირველ და მეორე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლის ნაწილში დამსაქმებლის 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანება და დასაქმებულები აღდგენილ იქნენ ოპერატორის პოზიციაზე. მოპასუხეს იძულებითი განაცდურის სახით 2018 წლის 18 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 1 155 ლარის (დარიცხული), ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ _ 1 271 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელები დასაქმებული იყვნენ მოპასუხე კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ, პირველ და მეორე მოსარჩელეს, განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ეკავათ ოპერატორის პოზიცია, ხოლო მესამე მოსარჩელეს, რომელთანაც რამდენჯერმე მიმდევრობით გაგრძელდა შრომითი ხელშეკრულება და მათი საერთო ვადა აღემატებოდა 30 თვეს _ სერვის ოპერატორის;
1.2.2. პირველი მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1 155 ლარს (დარიცხული), მეორე მოსარჩელის _ 1 271 ლარს (დარიცხული), ხოლო მესამე მოსარჩელის _ 1 200 ლარს (დარიცხული);
1.2.3. 2018 წლის აგვისტოში მოპასუხემ დასაქმებულებს გაუგზავნა შეტყობინება და შესთავაზა საათობრივი ანაზღაურების სამუშაო რეჟიმი, რომლის პირობებშიც შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. შეთავაზება ძალაში იყო 2018 წლის 4 სექტემბრამდე. შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დასაქმებულებთან მოიშლებოდა შრომითი ურთიერთობა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
1.2.4. მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს შეთავაზებაზე, ხოლო დამსაქმებელმა, ზემოხსენებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, 2018 წლის 18 სექტემბერს გამოსცა ბრძანება შრომითი ურთიერთობიდან გასვლის თაობაზე;
1.2.5. სააპელაციო საჩივარზე მესამე მოსარჩელის მიერ უარის თქმის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მის მოთხოვნაზე შეწყვიტა საქმის წარმოება;
1.2.6. პირველი და მეორე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის არარსებობა ან მათზე სხვა პირთა კანონიერად დანიშვნის ფაქტი საქმის მასალებით არ დადასტურებულა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შრომის კოდექსით განსაზღვრული „სხვა ობიექტური გარემოების“ საფუძვლით შრომითი ურთიერთობის მოშლის მართლზომიერება, თავის მხრივ, სასარჩელო მოთხოვნათა დამფუძნებელ ნორმებს თავად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 408.1 მუხლები წარმოადგენს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის მოშლის კონკრეტულ საფუძვლებს ადგენს რა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე ნორმის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ გარდა ზემოხსენებული საფუძვლებისა, სხვა საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლა დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დამსაქმებლის პოზიციაზე. მისი განმარტებით, მოსარჩელეების სამუშაოდან დათხოვნა განპირობებული იყო მათი დატვირთულობით, კერძოდ, სამსახურში გამოცხადების სააღრიცხვო სისტემამ დაადასტურა, რომ დამსაქმებელი არ საჭიროებდა მოსარჩელეთა პოზიციებს სრული დატვირთვით, სწორედ ამ მიზნით შეეთავაზათ მათ შრომის ანაზღაურების განსხვავებულ რეჟიმზე გადასვლა. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, რომ ხსენებული ცვლილება წარმოადგენდა ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლას და შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ორმხრივ შეთანხმებას საჭიროებდა. ამგვარი შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, რის გამოც, დამსაქმებელს დასახული მიზნის სხვა გზით მიღწევის (ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა) ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნდა, ამასთანავე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხეს ბიუჯეტი არ შემცირებია და 2018 წლის ახალ სეზონს ინარჩუნებდა ყველა არსებული გადაცემა, იგეგმებოდა რამდენიმე მასშტაბური პროექტი. ამ პირობებში, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა ობიექტური გარემოების არსებობა, რომელიც შრომითი ურთიერთობის მოშლას გაამართლებდა, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, მისი ცალმხრივი ნება ბათილია. ასეთ პირობებში, დღის წესრიგში დგება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხი. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ პირველი და მეორე მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციები ვაკანტურია, შესაბამისად, გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე მათი აღდგენა გონივრული და სამართლიანია, რაც შეეხება მესამე მოსარჩელეს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მას მიაკუთვნა კომპანსაცია, რაც გაასაჩივრა კიდევაც დასაქმებულმა, თუმცა, მოგვიანებით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულის მიმართ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, შესაბამისად, მის მიმართ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის განმარტების კანონიერებას საკასაციო პალატა არ შემოწმებს. გარდა ამისა, სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას ზიანის (ე.წ განაცდურის) დამსაქმებლისათვის დაკისრების თაობაზე. ვინაიდან მან არამართლზომიერად მოშალა შრომითი ხელშეკრულება, მოპასუხე ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს წარმოადგენს, რომელიც ვალდებულია, აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებობდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად მოშლის შემთხვევაში, დასაქმებულისათვის მიყენებული ზიანის მიუღებელი ხელფასის ოდენობით კომპენსირება, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის კონტექსტში გონივრული, მოვალისათვის სავარაუდო და სამართლიანია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის არსებით შედავებაზე, რომელიც აფერხებს მოთხოვნას. კასატორი მიუთითებს ხანდაზმულობის საკითხზე, თუმცა, საკასაციო პალატა აღნშნავს, რომ ხსენებული შესაგებელი მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დააყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.4 და 219.1 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, ამასთანავე, საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მას ამ შესაგებლისათვის მხარი არ დაუჭერია, შესაბამისად, არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია მოთხოვნათა იძულებითი განხორციელების ვადები, რის გამოც, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მიიღოს და შეაფასოს მხარის ხსენებული შედავება.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც, შრომითი ურთიერთობის მოშლის კანონიერების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 19.06.2020წ. #12095 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 458 ლარის 70% _ 3 820,6 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ (ს/კ #.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 19.06.2020წ. #12095 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 458 ლარის 70% _ 3 820,6 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი