საქმე №ას-600-2020 1 მარტი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ა–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.თ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ თ.ც–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ.თ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ა–ისა და თ.ც–ას (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხე აგრეთვე წოდებული, როგორც აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მფლობელი) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #......) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება .
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რაგანაც კერძო საჩივრის ავტორის მიმართ დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები. პირველი მოპასუხე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით. სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის რუსთავის მე-17 დაწესებულებაში. მოპასუხე ესწრებოდა სასამართლო პროცესს, თუმცა, რადგანაც შეფარდებული ჰქონდა ცხრათვიანი აკრძალვა, არ ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაციისა და სხვასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რის გამოც, ვერ აიყვანა ადვოკატი, გარდა ამისა, სასამართლომაც არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა სახაზინო ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით. ხსენებულმა, ასევე, პატიმრობაში ყოფნის ფაქტმა განაპირობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევა, რის გამოც, სააპელაციო პალატის განჩინება უკანონოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ა–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დაცვის კანონიერება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. მოპასუხე (აპელანტი) იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და იხდის სასჯელს, ამასთანავე, არ ჰყავს ადვოკატი. შესაბამისად, ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტს წარმოადგენს, რომლის მიმართაც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა იწყება არა ზემოხსენებული ნორმის პირველი ნაწილით დადგენილი, არამედ _ ზოგადი წესის შესაბამისად;
1.2.2. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების ასლი მოპასუხეს გაუგზავნა ფოსტით და საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, პირადად ჩაბარდა 2020 წლის 17 იანვარს;
1.2.3. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო კონვერტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ფოსტას გადაეცა ამავე წლის 4 თებერვალს.
1.3. მოხმობილი გარემოებების სამართლებრივად შეფასების მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების/გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი, ნორმით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შედეგად, ხოლო, მეორე შემთხვევაში (ამ ნორმის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტებისათვის), დასაბუთებული გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარების შედეგად იწყება. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
1.5. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2. პუნქტში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას, აპელანტის მხრიდან საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის თაობაზე (სსსკ-ის 60.2 და 61.3 მუხლების თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 18 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 31 იანვარს, სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილია 2020 წლის 4 თებერვალს) და მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე მისი განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც მის დაკმაყოფილებას დაედებოდა საფუძვლად. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ პირის პატიმრობაში ყოფნის ფაქტი საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევას ვერ განაპირობებს, საპირისპირო ვითარებაშიც კი, სახეზე იქნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის დათქმა, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
1.6. რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ გასაჩივრებული განჩინების ასლს, პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უარს აცხადებს მის საქმისათვის დართვაზე, ვინაიდან ეს დოკუმენტი საქმეში დედნის სახითაა წარმოდგენილი და მისი ასლის კვლავ საქმისათვის დართვა საპროცესო მიზნებს არ ემსახურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 407-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. ნ.ა–ს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე დართული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.02.2020წ. განჩინების ასლი 3 (სამი) ფურცლად (ს.ფ. 186-188).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი