საქმე №ას-396-2020 31 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - შპს ,,მ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე )
მოწინააღმდეგე მხარე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (შემდგომ - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, შემკვეთი, სამინისტრო, მოწინააღმდეგე მხარე) და შპს ,,პ–ი-..."-ს (შემდგომ - მენარდე) შორის 2016 წლის 7 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულებით, მენარდემ ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ ქალაქ ბათუმის №17 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების ვალდებულება იკისრა. სამუშაოების დასრულების ვადა 120 დღით, ხოლო ღირებულება 546 737 ლარით განისაზღვრა.
2. მოსარჩელემ მოპასუხეს სამუშაოების დაწყების თარიღად 2016 წლის 9 ივნისი განუსაზღვრა, რომელიც იმავე წლის 7 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები 5 დღის ვადაგადაცილებით, 2016 წლის 12 ოქტომბერს დასრულდა.
3. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მენარდემ ,,სპორტის განვითარების ხელშეწყობა სკოლებში“ ქვეპროგრამის ფარგლებში სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობის სამუშაოების ვალდებულებაც იკისრა, რომლის ღირებულება 303 992 ლარით, ხოლო სამუშაოს ვადა 120 კალენდარული დღით დადგინდა.
4. მენარდეს სპორტულ დარბაზზე სამუშაოების დაწყების თარიღად 2017 წლის 16 იანვარი განესაზღვრა, რომელიც იმავე წლის 15 მაისს უნდა დასრულებულიყო.
5. სპორტული დარბაზის შენობის პროექტში, სკოლის მოთხოვნის შესაბამისად, ცვლილებები შევიდა და 2017 წლის 23 თებერვალს პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებამდე შეჩერდა.
6. მხარეთა შორის, 2017 წლის 29 მაისს, შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც 2016 წლის 7 ივნისის №124 შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და მიმწოდებელს სამუშაოების განახლების ვადა 2017 წლის 1 ივნისით განესაზღვრა. მენარდეს ამ დროისათვის სამშენებლო სამუშაოებისთვის 38 დღე გამოყენებული ჰქონდა, შესაბამისად, დარჩენილი 82 დღეში - 2017 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით უნდა დაესრულებინა სამშენებლო სამუშაოები, თუმცა 2017 წლის 21 დეკემბერს დაასრულა.
7. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.1 და 9.2 პუნქტების თანახმად, მიმწოდებელს (მენარდეს) ხელშეკრულების 6.1 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში (საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევა) და 6.2 პუნქტით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.07%.
8. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველმა ვალდებულება იკისრა ანგარიში გაასწოროს ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ქვეპროგრამისათვის შემსყიდველის შესაბამისი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგნის მიღება უნდა გაფორმდეს (როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი) შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
9. სსიპ №17 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში პირველი მიღება-ჩაბარების აქტი 2016 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა და შესაბამისი ღირებულების თანხა სამინისტრომ კომპანიას 2016 წლის 31 აგვისტოს გადაურიცხა, მეორე მიღება-ჩაბარების აქტი - 2016 წლის 7 სექტემბერს, რომელიც იმავე დღეს ანაზღაურდა, ისევე, როგორც მესამე მიღება-ჩაბარების აქტი (გაფორმდა 2016 წლის 13 ოქტომბერს, თანხა იმავე დღეს ანაზღაურდა). საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა, იმავე წლის 23 დეკემბერს კი გადაირიცხა.
10. მენარდემ სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების, როგორც გეგმა-გრაფიკს, ასევე, საბოლოო მიწოდების ვადას გადააცილა. საბოლოო მიწოდების ვადაგადაცილება 5 დღეა. მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პირგასამტეხლო, როგორც გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის, ასევე - საბოლოო ვადაგადაცილებისათვის ჯამურად 6283.40 ლარი დაერიცხა.
11. სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობის შემთხვევაში კი, ვადაგადაცილებამ 122 კალენდარული დღე შეადგინა, 21.08.2017 წლიდან 21.12.2017 წლამდე. მენარდეს გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაერიცხა პირგასამტეხლო 6051.10 ლარი, ხოლო საბოლოო მიწოდების ვადაგადაცილებისათვის - 11724.85 ლარი.
12. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე უნდა დადასტურდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" (შემდგომ - ექსპერტიზის ბიურო) ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ.
13. მენარდემ 279835.24 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაო (მათ შორის - 3605 ლარი ექსპერტიზის ხარჯი) სამინისტროს 2018 წლის 16 აპრილს ჩააბარა.
14. ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 6 თებერვლის №00785418 დასკვნის თანახმად, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 276 230.24 ლარია. უდავოა, რომ მენარდეს დასახელებული თანხა მიღებული აქვს.
15. მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოებს 2 ხარვეზი დაუდგინდა, რომელიც წყლის ჩამოსვლასა და იატაკზე ფენილის უხარისხოდ დაგებას ეხებოდა. ხარვეზი აღმოფხვრილია, რაც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 აპრილის №002169518 დასკვნით დასტურდება.
16. შპს „პ–ი 2006-მა“ შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „მ–ი“ (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, კომპანია, მენარდე, კასატორი).
სასარჩელო მოთხოვნა:
17. შემკვეთმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მენარდის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელს გეგმა-გრაფიკისა და მიწოდების ვადის დარღვევისათვის დაეკისროს პირგასამტეხლო - 24059.35 ლარი.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
18. მენარდემ შეგებებული სარჩელი წარადგინა შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა 33 330 ლარის (3467.26 აშშ დოლარი შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაგვიანებით გადახდის გამო კურსის სხვაობით გამოწვეული ზიანია, ხოლო 24156.76 ლარი - შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულება) მენარდისათვის დაკისრება იმაზე მითითებით, რომ ამ უკანასკნელმა სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება დააგვიანა, რამაც კურსის ცვლილების გამო მენარდე - 3467.26 აშშ დოლარით დააზარალა. ამასთან, შემკვეთმა მენარდეს 300387.64 ლარის ნაცვლად 276230.24 ლარი აუნაზღაურა, რაც შემკვეთისათვის თანხის სხვაობის (24156.76 ლარის) დაკისრების საფუძველია.
მენარდის შესაგებელი ძირითად სარჩელზე:
19. მენარდემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან ვადაგადაცილება უმნიშვნელოა. ამასთან, სკოლის რეაბილიტაციაზე მენარდემ - 26797.60 ლარით ნაკლები დახარჯა და ინფლაციის გამო ზიანი განიცადა.
20. მენარდემ სპორტდარბაზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სამუშაოების დაწყება დააორგანიზა, კერძოდ, შეიძინა მასალა, დაიქირავა სამუშაოთა მწარმოებლები, მაგრამ შემკვეთმა სამუშაოთა გაგრძელების საშუალება არ მისცა, ვინაიდან სპორტული დარბაზის შენობის პროექტში აუცილებელი გახდა ცვლილების შეტანა. სწორედ ამის გამო, სამუშაოები 2017 წლის 23 თებერვალს შეჩერდა. დაქირავებული თანამშრომლები უსაქმოდ და ანაზღაურების გარეშე დარჩნენ, რის გამოც მათ სხვა სამუშაოზე გადაინაცვლეს.
21. შემკვეთმა სამუშაოთა განახლების თარიღად 2017 წლის 1 ივნისი დაადგინა, როდესაც, მენარდეს სამუშაოს მწარმოებელი მუშახელი აღარ ჰყავდა და სამუშაოთა ორგანიზება თავიდან დასჭირდა. სწორედ, ზემოაღნიშნულის გამო, ვერ მოახერხა სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება.
22. მენარდის მტკიცებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვა უსაფუძვლოა.
შემკვეთის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე:
23. შემკვეთმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და მიუთითა, რომ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ 276230.24 ლარი შეადგინა, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მიხედვით ანაზღაურდა, ამასთან, კურსის სხვაობით გამოწვეული ზიანის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
24. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მენარდეს 9067.01 ლარის გადახდა შემკვეთის სასარგებლოდ დაეკისრა; მენარდის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
25. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ავტორმა (მენარდემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
26. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
27. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ შემკვეთის ინტერესის, ვალდებულების დარღვევის მოცულობისა და პერიოდის, მისი გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლომ თანაზომიერად და გონივრული ოდენობით განსაზღვრა.
28. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლიდან არ შეცვლილა არც სახელმწიფო ფულის ნომინალი და არც ჰიპერინფლაცია იკვეთება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 389-ე მუხლის გამოყენებით მენარდის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.
29. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 642-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული სამართლებრივი დანაწესი გამორიცხავდა მენარდის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომლითაც ის ითხოვდა ფაქტობრივად ხარვეზის აღმოფხვის გამო გაწეული ხარჯის შემკვეთისათვის დაკისრებას.
კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:
30. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეგებებული სარჩელის ავტორმა საკასაციო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
31. კასატორის განმარტებით, სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების 5 დღით ვადაგადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოა, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოებები, რომ მენარდემ სკოლის სამუშაოები, ნაცვლად 546737 ლარისა, 519939.40 ლარად შეასრულა, ანუ შემკვეთის სასარგებლოდ 26797.60 ლარი დაზოგა. ამასთან, 2016 წლის 12 ოქტომბერს დასრულებული სამუშაოებისათვის ანგარიში 2016 წლის 26 დეკემბერს გასწორდა (54213.44 ლარით), როდესაც აშშ დოლარის კურსი 2.7507 ლარი იყო, ხოლო 12 ნოემბერს (30 დღეში) - 2.3752 ლარი, შესაბამისად, თანხის დაგვიანებით გადახდის გამო, მენარდემ 3116 აშშ დოლარის ზიანი განიცადა.
32. კასატორი წინამდებარე განჩინების 20-ე-21-ე პუნქტში მითითებულ გარემოებებზე უთითებს და დამატებით განმარტავს, რომ სპორტული დარბაზის მშენებლობის ვადაგადაცილებისათვის შემკვეთს ზიანი არ მისდგომია, შესრულებული სამუშაოების მიმართ არ ყოფილა რაიმე პრეტენზიაც, რის გამოც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მენარდისათვის დაკისრებული პირაგასამტეხლო უსაფუძვლოა.
33. კურსის სხვაობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ სამინისტროს მიერ თანხის დაგვიანებით გადახდის გამო, პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილი არ არის. თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ საკურსო სხვაობით მენარდისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები არ არსებობდა, სასამართლოს პირგასამტეხლოს ოდენობის (ხელშეკრულების 0.07%) გამოყენებით უნდა დაედგინა მენარდისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ამ გაანგარიშებით მიღებული თანხა (54213.44*0.07%*45დღე) 1708 ლარი სამინისტროს კომპანიის სასარგებლოდ მისთვის ზიანის ნაწილობრივ საკომპენსაციოდ უნდა დაჰკისრებოდა.
34. კასატორის მითითებით, შემკვეთმა შესრულებული სამუშაოსთვის მენარდეს, 300387.64 ლარის ნაცვლად, 276230.24 ლარი აუნაზღაურა. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ სადავო თანხა - 24157.4 ლარი სპორტული დარბაზის მშენებლობის დროს მენარდის მიერ დაშვებული ხარვეზის გამოსწორებაზე გაწეული ხარჯია.
35. კასატორის მითითებით, სამინისტროს განმარტება თავის დროზე ის იყო, რომ სპორტული დარბაზის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვით არ იყო გათვალისწინებული ის სამუშაოები, რომელიც ღირებულების ანაზღაურებასაც მენარდე ითხოვდა, თუმცა სასამართლო სხდომაზე სამინისტროს არ წარუდგნია დოკუმენტი, რომ ასეთი (ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი) სამუშაოების შესრულება არ იყო საჭირო და ამით შემკვეთს სიკეთე არ მიუღია.
36. ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია შესრულებული სამუშაოების სრულ ღირებულებაზე, ასევე - ხარჯთაღრიცხვით რა გათვალისწინდა, ანუ დასკვნაში ნათქვამია, რომ შესრულებულ სამუშაოებში არსებობს ორი სახის ხარვეზი. გამოვლენილი ხარვეზები ამის შემდგომ გამოსწორდა, რაზეც დამატებით წარდგენილ იქნა 2018 წლის 2 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
37. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
38. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
40. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
41. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
42. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზიის თანახმად, მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ამასთან, შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაგვიანებით გადახდის გამო განიცადა კურსის სხვაობით გამოწვეული ზიანი (3467.26 აშშ დოლარი), რომელიც შემკვეთს უნდა დაეკისროს, ისევე, როგორც შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულება - 24156.76 ლარი.
43. საკასაციო პალატა, უპირველესად, კასატორისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონიერებაზე იმსჯელებს და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება.
44. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.
46. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
47. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას (იხ. სუსგ საქმე №ას-816-767-2015, 2015 წლის 19 ნოემბერის განჩინება). პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
48. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პალატა ასევე მიუთითებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს, ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ ისაა, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებით გამოიხატება. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
49. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს დაკისრების არაკანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობდა (სსკ-ის 629-ე მუხლი). მენარდემ სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების როგორც გეგმა-გრაფიკს, ასევე საბოლოო მიწოდების ვადას გადააცილა. მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პირგასამტეხლო, გეგმა-გრაფიკის დარღვევისა და საბოლოო ვადაგადაცილებისათვის ჯამურად 6283.40 ლარის დაერიცხა. სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობის შემთხვევაში კი, ვადაგადაცილებამ 122 კალენდარული დღე შეადგინა 21.08.2017 წლიდან 21.12.2017 წლამდე. მენარდეს გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაერიცხა პირგასამტეხლო 6051.10 ლარი, ხოლო საბოლოო მიწოდების ვადაგადაცილებისათვის - 11724.85 ლარი.
50. საკასაციო პალატის მითითებით, ზემოაღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა შემკვეთს მენარდის მიმართ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოუშვა, იმდენით, რამდენითაც, მხარეთა შორის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მენარდის მიერ წინამდებარე განჩინების 19-21-ე პუნქტებში მითითებული შესაგებლის საფუძვლებიდან გამომდინარე, უფლებამოსილების ფარგლებში (სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე) სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოთა ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეამცირა (გაანახევრა) და 3141.7 ლარით განსაზღვრა, ხოლო სპორტული დარბაზის მშენებლობის ვადაგადაცილებისათვის - 5925.31 ლარით. ზემოაღნიშნული უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
51. საკასაციო პალატის შეფასებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, მენარდის მიერ მითითებული გარემოებებისა და ვალდებულების დარღვევის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო გონივრულ და სამართლიან ოდენობად სწორად განსაზღვრეს, ამასთან, არ არსებობს მენარდის პირგასამატეხლოსაგან სრულად გათავისუფლების წინაპირობები.
52. რაც შეეხება ლარის კურსის სხვაობის შემკვეთისათვის დაკისრების თაობაზე მენარდის საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და დასკვნებს სსკ-ის 389-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით და მოიხმობს ერთ-ერთ საქმეში განვითარებულ განმარტებას „ეს ნორმა ეფუძნება ნომინალიზმის პრინციპს, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვალდებული პირი კრედიტორს ფულს იმავე რაოდენობით უბრუნებს, რაც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. ფულის მსყიდველობაუნარიანობა მხედველობაში არ მიიღება. თუმცა, დასახელებული ნორმა თავისი სიტყვასიტყვითი დანიშნულებით ნომინალიზმის პრინციპისაგან განსხვავებულ წესს ადგენს და უთითებს, რომ თუ ფულის ერთეული (კურსი) შეიცვალა, ფულადი ვალდებულება იგივე რაოდენობის ნომინალით კი არ უნდა დაბრუნდეს, არამედ მისი მსყიდველობაუნარიანობის გათვალისწინებით, ანუ იმ კურსით, რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს არსებობდა. ამასთან, ნორმის ამგვარი სიტყვა-სიტყვითი განმარტება ეწინააღმდეგებოდა ნომინალიზმის პრინციპის არსს და მის დანიშნულებას, როგორც ეკონომიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. სსკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას. ასევე ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. მაგალითად, დენომინაცია განიცადა საბჭოთა კავშირის დროს მანეთმა, როდესაც მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით. რაც შეეხება ჰიპერინფლაციას, აღნიშნული თავისთავად ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომელიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუფასურებას, საგადამხდელო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას. ნორმის რეგულირების მიხედვით, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. აღნიშნული ნორმის კონტექსტში, ნომინალიზმის პრინციპის გათვალისწინებით, განმარტებას საჭიროებს, თუ რა იგულისხმება ვალდებულების შესრულების დროში. სსკ-ის 389-ე მუხლის კონტექსტის გათვალისწინებით, ვალდებულების შესრულების დროში იგულისხმება დრო, როცა ვალდებულება უნდა შესრულდეს, ანუ დრო როცა ვალდებულება ვადამოსულია ან არსებობს კრედიტორის მოთხოვნა, და შესაბამისად, მოვალე ვალდებულია, შეასრულოს ვალდებულება. შესაბამისად, მოვალემ 389-ე მუხლის მიხედვით, ფულადი ერთეულის (კურსის) შეცვლისას ვალდებულება იმ ფულადი ერთეულით (კურსით) უნდა შეასრულოს, რომელიც ვადა მოსული ვალდებულების წარმოშობის დროს არსებობდა. „ნომინალი“ გულისხმობს ფულზე აღნიშნული ფულადი ერთეულის რაოდენობას (10 ლარი, 50 ლარი და ა.შ.). ამდენად, ვალიც ამ ერთეულით უნდა დაბრუნდეს. მაშასადამე, ვალდებულების საგანია ფულადი ერთეულის ესა თუ ის რაოდენობა და არა ამ ერთეულთა მსყიდველობითუნარიანობა. „ფულის მსყიდველობითუნარიანი ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას და არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. აღნიშნული ცვლილების მიუხედავად, ფულის მსყიდველობითუნარიანობა ნომინალის მიხედვით განისაზღვრება“ (შდრ. სუსგ №ას-217-207-2016, 20.05.2016წ.) ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნების გარკვეული ოდენობა, შესაბამისად, ფულის მსყიდველობითუნარიანობის ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას და არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. ვალდებულება ნაკისრ თანხაში უნდა დაიფაროს, ვინაიდან ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნების გარკვეული თანხა. (შდრ. სუსგ-ებს: №ას-762-730-2016, 16.01.2017წ; №ას-347-323-2010, 19.07.2010წ.; №ას-130-122-2017, 24.03.17 წ.; იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელექტრონული ვერსია: http://www.gccc.ge;).
53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო შესასრულებელი ვალდებულება, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოიშვა, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულებიდან. უდავოა, რომ შემკვეთმა 2016 წლის 12 ოქტომბერს დასრულებული სამუშაოებისათვის - 54213.44 ლარი, იმავე წლის 26 დეკემბერს გადაიხადა, თუმცა ,,ნომინალიზმის“ პრინციპიდან გამომდინარე, შემკვეთი ვალდებული იყო, თანხა ფულადი ნიშნის იმავე რაოდენობით დაებრუნებინა, რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამებოდა, შესაბამისად, კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობს.
54. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას რომლის თანახმად, თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ საკურსო სხვაობით მენარდისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები არ არსებობდა, სასამართლოს პირგასამტეხლოს ოდენობის (ხელშეკრულების 0.07%) გამოყენებით უნდა დაედგინა მენარდისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება. მოპასუხის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე წინამდებარე განჩინების 54-55-ე პუნქტებში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე არ დაკმაყოფილდა, რაც შეეხება მოწინაარმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება საჭიროებს ორმხრივი ნების გამოვლენას. შეთანხმებიდან მკაფიოდ უნდა ირკვეოდეს პირგასამტეხლოს არსებითი პირობები, კერძოდ, ძირითადი ვალდებულება და მისი დარღვევისათვის დაწესებული ფულადი თანხის ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, შემკვეთისათვის სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურების დაგვიანებით ჩარიცხვისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ითვალისწინებდა, რაც კასატორის პრეტენზიას საფუძველს აცლის.
55. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელ ღირებულებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 6 თებერვლის დასკვნით, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოთა ღირებულება 276230.24 ლარით განისაზღვრა. ამავე დასკვნაში, ექსპერტი მიუთითებდა ორ ხარვეზზე, რომელიც წყლის ჩამოსვლასა და იატაკის ფენილის უხარისხოდ დაგებას ეხებოდა, რომელიც მენარდემ გაასწორა. სწორედ ამ თანხის დაკისრებას ითხოვს იგი შემკვეთისაგან.
56. სსკ-ის 642-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია, მოითხოვოს დამატებითი შესრულება, მენარდეს კი - თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გაწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალის ხარჯები. მენარდეს შეუძლია, უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს.
57. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან, ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. იმ შემთხვევაში, თუ მენარდე დაამზადებს ნივთობრივად ნაკლის მქონე ნაკეთობას (ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის (სსკ-ის 641-ე მუხლი)), შემკვეთს შეუძლია, მოითხოვოს მენარდისაგან დამატებითი შესრულება. დამატებითი შესრულების მიზნით, მენარდე უფლებამოსილია, თავისი არჩევანით: ა) აღმოფხვრას ნაკლი, ანდა ბ) დაამზადოს ახალი ნაკეთობა. დამატებითი შესრულების მიზნით, მენარდე ვალდებულია, გაწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალის ხარჯები. მენარდეს შეუძლია, უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს. არათანაზომიერი ხარჯების განმარტებას სსკ პირდაპირ არ მოიცავს, შესაბამისად, ხარჯი არის თუ არა არათანაზომიერი, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით.
58. მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთმა კანონით განსაზღვრული შესაძლებლობათაგან დამატებითი შესრულების მოთხოვნა აირჩია, რაც მენარდემ დააკმაყოფილა და არსებული ხარვეზები აღმოფხვრა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კი, სსკ-ის 642-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მენარდის მოთხოვნას, ხარვეზის აღმოფხვრისათვის მოითხოვოს თანხის დაკისრება დაუსაბუთებელს ხდის.
59. საკასაციო პალატა კასატორის წინამდებარე განჩინების 34-ე პუნქტში მითითებულ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საქმეში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, ეს უკანასკნელი შემკვეთისათვის სწორედ, ხარვეზის აღმოფხვრისათვის გაწეული ხარჯის დაკისრებას ითხოვს.
60. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
61. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-831-831-2018, 2019 წლის 22 მარტის განჩინება; №ას-249-2020, 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინება; №ას-87-83-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-589-589-2018, 2018 წლის 6 ივლისის განჩინება).
62. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
64. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მ–ი“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს ,,მ–ი“-ს (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2119.85 ლარის (საგადახდო დავალება №476, გადახდის თარიღი 20.03.2020/ გადახდილი თანხა 470 - ლარი); (საგადახდო დავალება №741, გადახდის თარიღი 07.07.2020/გადახდილი თანხა - 1649.85 ლარი)), 70% - 1483.90 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე