Facebook Twitter

საქმე №ას-884-2019 30 მარტი, 2021წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - საექსპერტო მომსახურების ღირებულების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა (შემდგომ - მოსარჩელე, მენარდე, ექსპერტიზის ბიურო, მოწინააღმდეგე მხარე) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომ - შემკვეთი) შორის, 2016 წლის 4 იანვარს გაფორმდა საექსპერტო მომსახურების შესახებ ე.წ. „ჩარჩო“ ხელშეკრულება (შემდგომ - ხელშეკრულება), რომლითაც მიმწოდებელი (მოსარჩელე) კისრულობდა საექსპერტო მომსახურების გაწევის ვალდებულებას, ხოლო შემსყიდველს (მოპასუხეს) უნდა მიეღო შესრულებული სამუშაო და გადაეხადა შესაბამისი საფასური.

2. ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიმწოდებელს საექსპერტო კვლევა/გამოკვლევა უნდა დაეწყო შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის საჭირო მასალის/ობიექტის წარმოდგენის დღიდან. დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ დასკვნა/აქტი გაიცემოდა 30 სამუშაო დღეში. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება საორიენტაციოდ განისაზღვრა 700 000 ლარით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.

3. შემკვეთმა 2016 წლის 22 ივნისს წერილობით მიმართა ექსპერტიზის ბიუროს ქ. ხაშურში, ….. მდებარე შენობაზე საინჟინრო ექსპერტიზის მიზნით.

4. 2016 წლის 23 სექტემბერს ექსპერტიზის დასკვნა მომზადდა, რომელიც იმავე წლის 27 სექტემბერს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემკვეთის უფლებამოსილ წარმომადგენელს ჩაჰბარდა. საექსპერტო მომსახურების საფასური 2 600 ლარია.

5. შემკვეთმა 2016 წლის 24 აგვისტოს წერილობით მიმართა ექსპერტიზის ბიუროს ქ. ქუთაისში, ...... მდებარე შენობაზე ჰიდროგეოლოგიური კვლევის მიზნით, ასევე - სარდაფისა და ცენტრალური სანიაღვრე ქსელის ნიშნულების, შემდგომ სადრენაჟე ქსელის პროექტირების საკითხის გადასაწყვეტად.

6. ზემოაღნინულ საკითხზე ექსპერტიზის დასკვნა 2017 წლის 15 ივნისს მომზადდა, რომელიც იმავე წლის 16 ივნისს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემკვეთის უფლებამოსილ წარმომადგენელს ჩაჰბარდა. საექსპერტო მომსახურების საფასური 700 ლარია.

7. ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულება ჯამურად 3300 ლარია, რომელიც შემკვეთს არ გადაუხდია.

სარჩელის საფუძვლები:

8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომ - მოპასუხე, სამინისტრო, აპელანტი, კასატორი) მიმართ და საექსპერტო მომსახურების თანხის - 3300 ლარის დაკისრება მოითხოვა.

9. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა.

მოპასუხის პოზიცია:

10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ორივე საექსპერტო ხელშეკრულება არაჯეროვნად შეასრულა. ამასთან, „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილების (შემდგომ - დადგენილება) მე-3 მუხლის შესაბამისად, ექსპერტიზის ბიუროს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება მოპასუხე სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე, შესაბამისად, მოსარჩელე საზღაურის გარეშე უნდა მომსახურებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 3300 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა;

12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული დადგენილების მე-3 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებზეც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის დამტკიცებული მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება და ამ ჩამონათვალში ერთ-ერთი მოპასუხე სამინისტროს ცენტრალური აპარატია. ამასთან, აღნიშნული ჩამონათვალი დახურულია და მისი განვრცობა დაუშვებელია.

15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში საექსპერტო მომსახურება გაეწია არა მოპასუხე სამინისტროს ცენტრალური აპარატს, არამედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ იმ სუბიექტთა წრეს, რომლებზეც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება.

16. იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ამ უკანასკნელი სამინისტროს უფლებამონაცვლეს ამჟამად მოპასუხე სამინისტრო წარმოადგენს, სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აშკარაა კანონისმიერი უფლებამონაცვლეობა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოპასუხეზე სრულად გადავიდა წინამორბედის უფლებები და მოვალეობები. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის შემსყიდველი არ ყოფილა გათავისუფლებული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასურის გადახდისაგან, აპელანტის მხრიდან მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების კანონისმიერ საფუძველზე მითითება საფუძველს მოკლებულია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სამინისტრომ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

18. კასატორის მითითებით, ვინაიდან დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, მოპასუხე სამინისტრო გათავისუფლებულია მომსახურების საფასურის გადახდისაგან და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებების გამო, მოხდა უფლებამონაცვლეობა, შემკვეთიც უნდა გათავისუფლდეს მომსახურების გადასახადებისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება გამოიკვლია.

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მხარეთა შორის არსებული ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა და სწორედ იმსჯელა სამინისტროსათვის საექსპერტო მომსახურების თანხის დაკისრების შესახებ, შესაბამისად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მიიღო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება.

25. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს შემკვეთის მიერ მიღებული საექსპერტო მომსახურების საფასურის ანაზღაურებას, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური). მითითებული ნორმის მიხედვით, მენარდე უფლებამოსილია, შემკვეთისაგან მოითხოვოს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება.

26. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ამ სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.

27. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მენარდემ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3300 ლარის ღირებულების სამუშაო, რომელიც შემკვეთს არ გადაუხდია. ამ უკანასკნელის შესაგებელი თანხის გადაუხდელობის თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შემკვეთის უფლებამონაცვლეა და წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული დადგენილებიდან გამომდინარე გათავისუფლებულია საექსპერტო მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

28. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან იყო გაფორმებული, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ იმ სუბიექტს არ წარმოადგენდა, რომელზეც ექსპერტიზის ბიუროს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდებოდა, შესაბამისად, ვინაიდან ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის შემკვეთისათვის ექსპერტიზის ბიუროს მომსახურების ტარიფები ვრცელდებოდა, მისი უფლებამონაცვლისათვის საექსპერტო მომსახურების საფასურის დაკისრება კანონიერია.

29. პალატა განმარტავს, რომ მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების შემთხვევაში შემკვეთს ევალებოდა შეთანხმებული საფასურის გადახდა, ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის შემკვეთის ადგილი დაიკავა მისმა უფლებამონაცვლე - მოპასუხე სამინისტრომ (სსსკ-ის 92-ე მუხლი), მასზე სრულად გადავიდა წინამორბედის უფლებები და მოვალეობები, შესაბამისად, მოსარჩელეს შესრულების საფასურის მიღების უფლება წარმოეშვა მოპასუხისაგან და მიღებული შესრულების საფასურის ამ უკანასკნელისათვის დაკისრება საფუძვლიანია.

30. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორის საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი, მისი დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მართებულია.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1522-2019, 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება; №ას-764-2019, 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინება; №ას-866-808-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება).

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე