საქმე №ას-590-2020 30 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ე–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა (შემდგომ - მოსარჩელე, მყიდველი, კასატორი) და შპს ,,ე–ს“ (შემდგომ - მოპასუხე, გამყიდველი, აპელანტი) შორის, 2017 წლის 2 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №4/3-78), რომლის საგანს წარმოადგენდა დანართი №1-ით განსაზღვრული სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების (ხილი, ბოსტენული და მონათესავე პროდუქტები - ტომატპასტა) შესყიდვა (2.1. მუხლი). ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 24066.00 ლარით (3.1. მუხლი).
2. ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვოს ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით, დანართი №1-ით (ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოთხოვნიდან 7 კალენდარულ დღეში პირველ ეტაპზე 2000 კგ; შემდეგი მიწოდება 3 თვეში ერთხელ შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მოთხოვნის მიხედვით) განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
3. ხელშეკრულების 10.1 მუხლით განისაზღვრა, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისად, ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, გამყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, დადგინდა საჯარიმო სანქციების გამოყენება, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედეპის პირობები და ვადები ხელშეკრულებით განისაზღვრა.
5. ხელშეკრულების 10.4. მუხლის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებდა (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევდა კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო: ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება; ბ) ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებლისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებინა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0.15%. ხოლო, ხელშეკრულების 10.5 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%.
6. გამყიდველმა 2017 წლის 11 ნოემბერს წერილობით მიმართა მყიდველს და აცნობა, რომ მზად ჰქონდა ხელშეკრულების თანახმად მისაწოდებელი 1549 კგ. ტომატპასტა და პროდუქციის მისაწოდებლად მათ ნებართვას ითხოვდნენ. იგივე შინაარსისაა მოპასუხის 2017 წლის 6 დეკემბრის წერილიც.
7. მყიდველის 2017 წლის 8 დეკემბრის წერილით მოთხოვნილია იმავე წლის 14 დეკემბრის ჩათვლით 1549.600 კგ. ტომატპასტის მიწოდება.
8. გამყიდველს 2017 წლის 8 დეკემბრის წერილი არ მიუღია, შესაბამისად, 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით არც პროდუქცია არ მიუწოდებია მყიდველისათვის.
9. 2017 წლის 30 დეკემბერის №3 შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხა - 5327.52 ლარი 2018 წლის ასიგნებებიდან ანაზღაურებოდა. მითითებულ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი შემსყიდველის წერილსა და 1549.600 კგ. ტომატპასტის მიმწოდებლის ბრალით მიუწოდებლობაზე.
10. 2018 წლის 28 მაისს მყიდველმა წერილობით მიმართა გამყიდველს და აცნობა, რომ ხელშეკრულების 10.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ უკანასკნელს ჯარიმა ხელშეკრულების საერთო თანხის 10% ეკისრებოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში - 2406.60 ლარს შეადგენდა. ამავე წერილით ირკვევა, რომ ჯარიმის დაკისრების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების პირობებისა და 2017 წლის 8 დეკემბრის წერილის თანახმად, 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით მიმწოდებლის მიერ 5327.52 ლარის ღირებულების 1549.600 კგ. ტომატპასტის მიუწოდებლობა. ამასთან, წერილის ავტორი ადრესატს ატყობინებდა, რომ ხელშეკრულებით პროდუქციის მიწოდების ბოლო ვადა 2018 წლის 31 იანვარი იყო.
11. გამყიდველს მყიდველის 2018 წლის 28 მაისის წერილი იმავე წლის 21 ივნისს ჩაჰბარდა და წერილის პასუხად ამ უკანასკნელს მისწერა, რომ მოთხოვნა 5327.52 ლარის ღირებულების 1549.600 კგ. ტომატპასტის მიწოდებაზე არ მიუღია. წერილში ასევე მიუთითა, რომ მყიდველს წერილობით ეცნობა პროდუქციის გასაგზავნად მზაობის თაობაზე და გამყიდველი მყიდველის მოთხოვნას ელოდებოდა, რომელიც დღემდე არ მიუღია და გაუგებარი იყო, ხელშეკრულების ვადის გასვლიდან - 4 თვის შემდეგ რატომ აჯარიმებდნენ.
სარჩელის საფუძვლები:
12. მოსარჩელემ აღძრა სარჩელი მოპასუხის მიმართ, პირგასამტეხლოს - 2406.6 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხის პოზიცია:
13. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ წერილი, რომლითაც მოსარჩელე პროდუქციიის მიწოდებას ითხოვდა, არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, წერილის შინაარსი მისთვის უცნობი იყო. ეს გარემოება კი, მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევას გამორიცხავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 2406.6 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
15. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეებს შორის არსებობდა პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმად, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%.
18. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ცალკეული პუნქტების ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული პირგასამტეხლოს დასაკისრებლად კუმულაციურად ორი წინაპირობის არსებობა უნდა დადასტურებულიყო. ერთი მხრივ, ეს იყო მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ბრალეულად დარღვევა, ხოლო, მეორე მხრივ - ამ საფუძვლით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა.
19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ბრალეულად დარღვევა არ იკვეთებოდა (სსკ-ის მე-400, 401-ე მუხლები). ამასთან, არ ვლინდებოდა მეორე წინაპირობაც, კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ხალშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტი.
20. სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების დანართი №1-ის მიხედვით, სადავო პროდუქცია მოპასუხეს მხოლოდ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე უნდა მიეწოდებინა. ასეთი მოთხოვნის არსებობა კი, მიუხედავად მოპასუხის არაერთი შეხსენებისა, რომ მზად იყო მოსარჩელისათვის მიეწოდებინა პროდუქცია, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
21. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხისათვის პროდუქციის მიწოდების შესახებ შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნისა და ჩაბარების ფაქტი, რისი მტკიცების ტვირთიც მას ეკისრებოდა, შესაბამისად, მოპასუხის ბრალი არ იკვეთებოდა, რაც გამორიცხავდა პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივ საფუძველს. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
22. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ხელშეკრულების ვადამდე, ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტი. ამ გარემოების დასადასტურებლად ვერ გამოდგებოდა 2018 წლის 28 მაისის წერილი, ვინაიდან ამ დროისათვის ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილი იყო (ხელშეკრულების 11.1 მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2018 წლის პირველი მარტის ჩათვლით).
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
24. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის მიერ განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მოპასუხის ბრალეულობა მხოლოდ 2017 წლის 8 დეკემბრის წერილის მოპასუხისათვის ჩაბარების დასტურის არქონის გამო გამორიცხა.
25. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველს ქმნის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
26. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
29. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება გამოიკვლია.
31. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
32. დადგენილია, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მხარეებს უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ. მათ შორის, გამყიდველის მოვალეობას წარმოადგენდა მყიდველისათვის გარკვეული საქონლის მიწოდება ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული პერიოდულობით, რომლის თანახმად, გამყიდველს მყიდველისათვის საქონელი უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოთხოვნიდან 7 კალენდარულ დღეში პირველ ეტაპზე 2000 კგ., შემდეგ კი - 3 თვეში ერთხელ (შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მოთხოვნის მიხედვით). ამავე ხელშეკრულებით მხარეები, სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების შესაბამისად, შეთანხმდნენ მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებაზე.
33. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს 2017 წლის 8 დეკემბრის წერილით იმავე წლის 14 დეკემბრის ჩათვლით 1549.600 კგ. ტომატპასტის მიწოდება მოსთხოვა, რაც ამ უკანასკნელს არ შეუსრულებია და ხელშეკრულების 10.5 მუხლის შესაბამისად, გამყიდველისათვის პირგასამტეხლოს - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის დაკისრების საფუძველია. გამყიდველის შესაგებელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული წერილი არ ჩაჰბარებია, რაც ხელშეკრულების დარღვევასა და პირგასამტეხლოს დაკისრებას გამორიცხავს.
34. პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.
36. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოების უმიშვნელოვანესი პრინციპია მხარეთა შეჯიბრებითობა და დისპოზიციურობა. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, რაც პროცესის მონაწილე ყოველ მხარეს აკისრებს მისთვის ხელსაყრელი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა თუ უარყოფის (გაქარწყლების) პროცესუალურ ვალდებულებას.
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრებოდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტის მტკიცების ტვირთი, თუმცა მან საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება.
39. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამყიდველი მზაობას გამოთქვამდა პროდუქციის მყიდველისათვის მიწოდების შესახებ, ამასთან, გამყიდველს ნასყიდობის საგანი მყიდველისათვის მისი მოთხოვნის საფუძველზე უნდა მიეწოდებინა და საქმეში არ არის წარმოდგენილი გამყიდველისათვის საქონლის მიწოდების შესახებ მყიდველის მოთხოვნის გაგზავნისა და მისი ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაზე მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, ანუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
40. საკასაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მყიდველის მიერ გამყიდველისათვის მოთხოვნის ჩაბარების ფაქტი, ვალდებულების დარღვევაში - ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებაში მოპასუხის ბრალი გამოირიცხება, რაც თავისთავად გამორიცხავს ამ უკანასკნელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.5 პუნქტი მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ამოქმედდებოდა, თუმცა საქმის მასალებით, ხელშეკრულების ვადამდე, ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტიც არ დასტურდება.
41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
44. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-704-2019, 2019 წლის 4 ივლისის განჩინება; №ას-158-2019, 2019 წლის 6 მაისის განჩინება).
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე