საქმე №ას-1957-2018 5 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „გ.ჰ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „გ.ჰ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.რ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ გადაცემული 12 289 აშშ დოლარისა და 2 538 აშშ დოლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2012 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა შპს „გ.ჰ–ი“, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კერძო საკუთრებაში არსებული სარკინიგზო ვაგონებით ოპერირება და მათი მეშვეობით ტვირთის გადაზიდვა, რასაც იგი ახორციელებს სს „ს.რ–ის“ მეშვეობით და შედიოდა მასთან სარკინიგზო-გადაზიდვით ურთიერთობაში. სს „ს.რ–ასა“ და „ს.კ.უ–ს“ შორის 2013 წელს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ფოთის პორტიდან თურქეთის პორტ დ–ეს მიმართულებით დაინიშნა საბორნე მიმოსვლა, რის ფარგლებშიც ფოთის პორტიდან ბორანზე ხდებოდა ცარიელი ვაგონების მიწოდება (აგორება), რომლებიც შემდგომ ბორნით გადაჰყავთ დ–ეს პორტში, სადაც ხდებოდა მათი დატვირთვა და უკან - ფოთის პორტში დატვირთული ვაგონების ჩამოყვანა, შემდგომ, სს „ს.რ–ის“ მეშვეობით მათი სხვადასხვა დანიშნულებით ტრანსპორტირების მიზნით. „ს.კ.უ–ს“ საქართველოში ჰყავს ოფიციალური წარმომდგენელი - შპს „იუ ბი ჯი“. სს „ს.რ–ასა“ და „ს.კ.უ–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია „უკრფერრის“ წარმომადგენელი შპს „ი.ბ.ჯ.“ ახდენს ფოთის პორტში არსებულ ვაგონებზე რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით განსაზღვრული სადგურის მომსახურების საფასურის გადახდას სს „ს.რ–ისათვის“.
შპს „გ.ჰ–ს“ სურდა პორტში მდგარი თავისი ცარიელი ვაგონების აგორება ბორანზე, შესაბამისად, სს „ს.რ–აში“ გამოიწერა რკინიგზის მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის დოკუმენტი, რომლიდანაც ნათლად ჩანს, რომ ვაგონები უკვე იმყოფებიან ფოთის პორტში და ვაგონები გადაეცემა „ს.კ.უ–ის“ საქართველოს წარმომადგენელ შპს „ი.ბ.ჯ.ე–ს“ (U.B.G. A.), აქვე მითითებულია, რომ ვაგონები ტოვებენ საქართველოს, რადგან სპეციალურ გრაფაში აღნიშნულია სიტყვა „ექსპორტი“. ამასთან, მხარეთა შორის ყველა ვაგონზე გაფორმებულ იქნა საგზაო უწყისი, რომელიც წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულებას, მათში ყველგან მოცემულია ანალოგიური ინფორმაცია. ის ფაქტი, რომ ზემოთ დასახელებული ვაგონები ფოთის პორტში იდგნენ და შპს „გ.ჰ–ის“ ერთადერთ სურვილს წარმოადგენდა მათი ბორანზე აგორება, გარდა საგზაო უწყისისა და გადაზიდვის დავალებისა, დასტურდება ასევე, სს „ს.რ–ის“ მიერ შედგენილი საერთო ფორმის აქტებიდანაც, სადაც აღნიშნულია, რომ ვაგონები იმყოფებოდნენ ფოთის პორტში ბორნის მოლოდინში.
სს „ს.რ–ამ“ განახორციელა შპს „გ.ჰ–ის“ სარგებლობაში არსებული ვაგონების აგორება ბორანზე, რისთვისაც შპს „გ.ჰ–ს“ ყოველ აგორებულ ვაგონზე დაარიცხა და ბილინგიდან ჩამოჭრა - ა) ორი სადგურის მომსახურება ბ) ე.წ. „შიდასასადგურო გადაზიდვის“ ღირებულება, რაც არ ყოფილა გაწერილი სს „ ს.რ–ის“ სატარიფო პოლიტიკით და გაუგებარია, რის საფუძველზე მოხდა როგორც შპს „ი.ბ.ჯ-სგან“, ასევე შპს „გ.ჰ–ისგან“ აღნიშნული საფასურის მიღება, მაშინ, როდესაც სტანდარტულ (და არა ექსპერიმენტული) შემთხვევებში მსგავსი მომსახურებისთვის სს „ს.რ–ა“ იღებს მხოლოდ გადაზიდვის მომსახურების საფასურს. მოპასუხის მიერ შპს „გ.ჰ–ისთვის“ 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით დარიცხული და ჩამოჭრილი თანხების ჯამმა შეადგინა 12 289 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის თებერვლიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით _ 2 538 აშშ დოლარი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა გადაცემული და ექვემდებარება მოსარჩელისათვის დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი/მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ საქართველოს სარკინიგზო კოდექსის შესაბამისად, დეტალურადაა რეგლამენტირებული სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები, მხარეთა უფლება- მოვალეობები და პასუხისმგებლობა. აღნიშნული ნორმატიული აქტი ასევე ითვალისწინებს მოპასუხის, როგორც ტვირთმფლობელის (ტვირთმიმღების) მოვალეობებსა და პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძვლებს. სს „ს.რ–ის“ მიერ დაცულ იქნა ყველა პირობა სარკინიგზო გადაზიდვის დოკუმენტების შესაბამისად, განხორციელებულ იქნა დაგეგმილი გადაზიდვა, შესრულებულ იქნა მომსახურება მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ჯეროვნად და სრულად, რაც გამორიცხავს შპს „გ.ჰ–ისთვის“ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი 14 779 აშშ დოლარის უკან დაბრუნების საფუძვლის არსებობას, რამდენადაც მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება სახელშეკრულებო მოთხოვნას, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის შესაბამისად, იგი ხანდაზმულია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს შპს „გ.ჰ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 14 827 აშშ დოლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უარყოფილ იქნა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2012 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა შპს „გ.ჰ–ი“, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კერძო საკუთრებაში არსებული სარკინიგზო ვაგონებით ოპერირება და მათი მეშვეობით ტვირთის გადაზიდვა, რასაც იგი ახორციელებს სს „ს.რ–ის“ მეშვეობით და შედის მასთან სარკინიგზო-გადაზიდვით ურთიერთობაში;
1.2.2. სს „ს.რ–ასა“ და „ს.კ.უ–ს“ შორის 2013 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ფოთის პორტიდან თურქეთის პორტ დ–ეს მიმართულებით დაინიშნა საბორნე მიმოსვლა, რის ფარგლებშიც ფოთის პორტიდან ბორანზე ხდება ცარიელი ვაგონების მიწოდება (აგორება), რომლებიც შემდგომ ბორნით გადაჰყავთ დ–ეს პორტში, სადაც ხდება მათი დატვირთვა და უკან _ ფოთის პორტში დატვირთული ვაგონების ჩამოყვანა, შემდგომ, რკინიგზის მეშვეობით მათი სხვადასხვა დანიშნულებით ტრანსპორტირების მიზნით;
1.2.3. „ს.კ.უ–ს“ საქართველოში ჰყავს ოფიციალური წარმომდგენელი _ შპს „ი.ბ.ჯ“. სს „ს.რ–ასა“ და „ს.კ.უ–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია „უ–ის“ წარმომადგენელი შპს „ი.ბ.ჯ“ ახდენს ფოთის პორტში არსებულ ვაგონებზე რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით განსაზღვრული „სადგურის მომსახურების საფასურის“ გადახდას სს „ს.რ–ისათვის“;
1.2.4. შპს „გ.ჰ–ს“ სურდა პორტში მდგარი თავისი ცარიელი ვაგონების აგორება ბორანზე, შესაბამისად, სს „ს.რ–აში“ გამოიწერა რკინიგზის მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის დოკუმენტი, რომლიდანაც ნათლად ჩანს, რომ ვაგონები უკვე იმყოფებიან ფოთის პორტში და ვაგონები გადაეცემა „ს.კ.უ–ის“ საქართველოს წარმომადგენელს - შპს „ი.ბ.ჯ.ე–ს“ (U.B.G A.), აქვე მითითებულია, რომ ვაგონები ტოვებენ საქართველოს, რადგან სპეციალურ გრაფაში აღნიშნულია სიტყვა „ექსპორტი“. მხარეთა შორის ყველა ვაგონზე გაფორმდა საგზაო უწყისი, რომელიც წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულებას, მათში ყველგან მოცემულია ანალოგიური ინფორმაცია. ის ფაქტი, რომ ზემოთ დასახელებული ვაგონები ფოთის პორტში იდგნენ და შპს „გ.ჰ–ის“ ერთადერთ სურვილს წარმოადგენდა მათი ბორანზე აგორება, გარდა საგზაო უწყისისა და გადაზიდვის დავალებისა, დასტურდება ასევე, სს „ს.რ–ის“ მიერ შედგენილ საერთო ფორმის აქტებიდანაც, სადაც აღნიშნულია რომ ვაგონები იმყოფებოდნენ ფოთის პორტში ბორნის მოლოდინში;
1.2.5. სს „ს.რ–ამ“ განახორციელა შპს „გ.ჰ–ის“ სარგებლობაში არსებული ვაგონების აგორება ბორანზე, რისთვისაც შპს „გ.ჰ–ს“ ყოველ აგორებულ ვაგონზე დაარიცხა და ბილინგიდან ჩამოჭრა ა) 2 სადგურის მომსახურება ბ) ე.წ. „შიდასასადგურო გადაზიდვის“ ღირებულება, ამასთან, სს „ს.რ–ა“ ადასტურებს, რომ აღნიშნული ვაგონების ბორანზე აგორებისათვის შპს „ი.ბ.ჯ.ე–გან“ მიღებული აქვს 1 სადგურის მომსახურების ღირებულება;
1.2.6. სტანდარტულ (და არა საექსპერიმენტო) შემთხვევაში ფოთში მდგარი ვაგონის ბორანზე აგორებისათვის კომპანია იღებს მხოლოდ ერთი სადგურის მომსახურების ღირებულებას.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მის კონდიქციურ მოთხოვნასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის _ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის წინაპირობები, ამ მხრივ საკასაციო საჩივარი არ არის დასაბუთებული. საქმეზე დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, საფუძვლიანია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმადაც, სს „ს.რ–ას“ ფაქტობრივად ორი დამოუკიდებელი სახელშეკრულებო ურთოერთობიდან გამომდინარე უწევდა მოვალეობათა შესრულება:
- სარკინიგზო-გადაზიდვითი ურთიერთობები შპს „გ.ჰ–თან“ აღნიშნული კომპანიის განაცხადის, გაზიდვის დავალების საფუძველზე;
- სარკინიგზო-გადაზიდვითი ურთიერთობები „ს.კომპანია „უ–თან“ (წარმომადგენელი შპს „U.B.G. A.“) 2013 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე.
„ს.კ. „უ–თან“ სარკინიგზო-გადაზიდვითი ურთიერთობა იწყებოდა შპს „გ.ჰ–თან“ სარკინიგზო გადაზიდვითი ურთიერთობის დასრულების შემდეგ. ამდენად, სს „ს.რ–ის“ მიმართ მის მიერ გაწეული მომსახურებისთვის „ს.კ.„უ–სა“ და შპს „გ.ჰ–ს“ ფულადი ვალდებულების შესრულების ვალდებულება წარმოეშვათ განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლით სხვადასხვა მომსახურებისთვის.
გარდა ზემოხსენებულისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სარკინიგზო კოდექსის ნორმათა სისტემური ანალიზიდან გამომდინარე, მართებულად განმარტა ამავე კოდექსის 64-ე მუხლი, ასევე, მე-16 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მიმართ გაწეული მომსახურება იყო სასყიდლიანი და ფულად მიმოქცევას გააჩნდა სახელშეკრულებო საფუძველი, რაც სავსებით გამორიცხავდა კონდიქციური მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც კონდიქციური მოთხოვნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 14.12.2018წ. #1544787530 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 975 ლარის 70% _ 1 382,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „გ.ჰ–ს“ (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 14.12.2018წ. #1544787530 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 975 ლარის 70% _ 1 382,5 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი