საქმე №ას-1325-2019 12 ნოემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – გ. და ტ. ხ–ები (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ. და ტ. ხ–ებმა (შემდგომში _ პირველი და მეორე მოსარჩელე, აპელანტები, კასატორები. პირველი მოსარჩელე აგრეთვე წოდებული, როგორც დისტრიბუტორი, ხოლო მეორე მოსარჩელე _ იპოთეკის საგნის მესაკუთრე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ვ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) მიმართ და მოითხოვეს 2012 წლის 3 სექტემბრის #120925941 იპოთეკის ხელშეკრულებისა და ნოტარიუს ბ–ძის მიერ 2017 წლის 11 ივლისს გაცემული #170776035 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2012 წლის 1 სექტემბერს პირველმა მოსარჩელემ მუშაობა დაიწყო მოპასუხე კომპანიაში დისტრიბუტორად და ამავე დღეს მხარეთა შორის გაფორმდა საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად კომპანია დისტრიბუტორს სარეალიზაციოდ გადასცემდა მის მიერ უცხო ქვეყნიდან ჩამოტანილ საკონდიტრო და საყოფაცხოვრებო (პროდუქცია) საქონელს 25 000 ლარის ფარგლებში. მოსარჩელეს კლიენტებისაგან რეალიზაციის შედეგად აღებული თანხა იმავე დღეს უნდა შეეტანა ფირმის სალაროში, ასევე, ეწარმოებინა კლიენტებთან ნარჩენი ვალის დროულად, მიწოდებიდან მაქსიმუმ 30 კალენდარული დღის ვადაში დაბრუნება (ამოღება) და გასაყიდი საქონლის აღრიცხვა. 2012 წლის 3 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა #120925941 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მეორე მოსარჩელე, როგორც მესაკუთრე, იპოთეკის საგნით უზრუნველყოფდა პირველ მოსარჩელესა და კომპანიას შორის 2012 წლის 1 სექტემბერს დადებული საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მოსარჩელეებმა არ იციან წერა-კითხვა, არ ესმით ქართული, არც ერთი ხელშეკრულების შედგენას არ დასწრებია თარჯიმანი, რის გამოც, მათთვის უცნობი იყო ხელშეკრულების შინაარსი. მოსარჩელეებმა იცოდნენ მხოლოდ ის, რომ გ. ხ–ი დასაქმდა შპს „ვ–იში“. 2017 წლის 17 აგვისტოს მესაკუთრეს ჩაბარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროდან წინადადება ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2017 წლის 11 ივლისს ნოტარიუს ბ–ძეს გაუცია #170776035 სააღსრულებო ფურცელი. იპოთეკარის წარმომადგენლის განცხადებით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა იყო 25 000 ლარი, რომლის უზრუნველსაყოფად უნდა მომხდარიყო მეორე მოსარჩელის კუთვნილი, ქ.გარდაბანში, ...... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ......) რეალიზაცია. 2012 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულება საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ შეიცავს მხოლოდ ზოგად დებულებებს და არაფერია ნათქვამი კონკრეტულად რაში მდგომარეობს პირველი მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება, არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კონკრეტული საქონლის მიწოდებიდან გამომდინარე გადაუხდელ დავალიანებაზე, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების 3.3. პუნქტით, მწარმოებელს ევალებოდა მიმწოდებლის კლიენტებთან ეწარმოებინა ნარჩენი ვალის დროულად, მიწოდებიდან მაქსიმუმ 30 კალენდარული დღის ვადაში დაბრუნება (ამოღება) და გასაყიდი საქონლის აღრიცხვა. დისტრიბუტორს კომპანიის მიმართ არ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულება, შესაბამისად, ნოტარიუსს არ უნდა გაეცა სააღსრულებო ფურცელი. რაც შეეხება იურიდიულ ინტერესს, იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შემთხვევაში, უძრავი ქონება შეზღუდვის გარეშე დარეგისტრირდება მესაკუთრის სახელზე და თავიდან იქნება აცილებული იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დისტრიბუტორს კომპანიის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება გააჩნია, რომელიც ბევრად აღემატება 25 000 ლარს. მოპასუხემ სადავოდ გახადა სარჩელში მითითებული ფაქტი მოსარჩელეთა მხრიდან სამართალწარმოების ენისა და იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსის არცოდნის თაობაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის ჩათვლით პირველი მოსარჩელე მუშაობდა კომპანიაში დისტრიბუტორად;
1.2.2. 2012 წლის 1 სექტემბერს კომპანიასა და დისტრიბუტორს შორის გაფორმდა საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე, მწარმოებელი სარეალიზაციოდ (ბრუნვაში) გადასცემდა დისტრიბუტორს მის მიერ იმპორტის სახით, უცხო ქვეყნიდან ჩამოტანილ საკონდიტრო და საყოფაცხოვრებო (პროდუქციას) საქონელს 25 000 ლარის ფარგლებში, რაც იმას გულისხმობდა, რომ დისტრიბუტორის მხრიდან დროული ფულადი ანგარიშსწორების განხორციელების შემთხვევაში (დროულ ანგარიშსწორებაში იგულისხმება, კომპანიის შეკვეთის საფუძველზე, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით კლიენტებისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების დაფარვა მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში), მას კვლავ შეეძლო იგივე ოდენობის საქონლის გატანა სისტემატიურად, ხოლო კომპანია, მისი შეკვეთის საფუძველზე, მასთან მიმაგრებულ კლიენტებთან სარეალიზაციოდ გატანილ საქონელზე იღებდა პასუხისმგებლობას და რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას გადასცემდა მწარმოებელს. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა ერთი წლის ვადით - 2013 წლის 1 სექტემბრამდე. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე კლიენტებისაგან რეალიზაციის შედეგად აღებულ თანხას იმავე დღეს არ გადასცემს კომპანიას, მაშინ მას უფლება ჰქონდა დისტრიბუტორისათვის მიეცა წერილობითი გაფრთხილება, მაქსიმუმ 2 დღის ვადაში გადაეცა თანხა კომპანიისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი იპოთეკით დატვირთული ქონებიდან, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იძულების წესით ამოიღებდა დავალიანებას;
1.2.3. საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დისტრიბუტორი აწარმოებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის გატანას შემდგომი რეალიზაციის მიზნით;
1.2.4. 2012 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და მოსარჩელეებს შორის გაფორმდა #120925941 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მეორე მოსარჩელემ იპოთეკის საგნით უზრუნველყო კომპანიასა და პირველ მოსარჩელეს შორის 2012 წლის 1 სექტემბერს დადებული მიწოდებისა და რეალიზაციის ხელშეკრულებით დისტრიბუტორის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა #81.15.23.148 უძრავი ქონება. იპოთეკის ხელშეკრულებაზე მოსარჩელეების მიერ ხელმოწერა შესრულებულია ქართულ ენაზე. იპოთეკის ხელშეკრულების შედგენას არ დასწრებია თარჯიმანი. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა მხარეების მიერ მათი ხელმოწერის სანოტარო წესით დადასტურებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან 2013 წლის 1 სექტემბრამდე. იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელეებს ნოტარიუსის წინაშე არ განუცხადებიათ სახელმწიფო ენის არცოდნის შესახებ. ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, იპოთეკის საგნის ღირებულება და მოთხოვნის მოცულობა, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის, შეადგენდა 25 000 ლარს, თანახმად 2012 წლის 1 სექტემბრის საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულებისა. იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე ნებაყოფლობით არ შეასრულებდა იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. ამავე ხელშეკრულებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ მათ ნოტარიუსისაგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ინსტიტუტის (მისი არსის და ძირითადი პრინციპების) შესახებ და მათთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი შეცვლის სასამართლოს სააღსრულებო ფურცელს, შესაბამისად, იპოთეკარს უფლება ექნებოდა სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლო საქმისწარმოების გარეშე მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მიეღო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და მოვალის მიმართ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების აღსრულების პროცესი დაეწყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ნოტარიუსმა ლ.ბ–ძემ სანოტარო აქტზე ხელმომწერთ წაუკითხა ხელშეკრულება ზუსტად, გარკვევით, გამოტოვების, შემოკლების გარეშე და განუმარტა ხელშეკრულების შინაარსი და ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგები;
1.2.5. 2013 წლის 14 სექტემბერს კომპანიასა და პირველ მოსარჩელეს შორის გაფორმდა #08-გ შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე დაინიშნა „პრესელერის“ თანამდებობაზე. აღნიშნული თანამდებობა დამსაქმებლის საზოგადოებაში მოიცავდა: დამსაქმებლის მითითებით, მის მფლობელობაში არსებულ საყოფაცხოვრებო/საკვები პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, პოტენციური მომხმარებლის (კლიენტის) მოძიებას, დამსაქმებლის სახელით პროდუქციასთან დაკავშირებული შეკვეთის მიღებას, შეკვეთის შემდგომ გადამისამართებას დამსაქმებლის მიწოდების სამსახურისათვის, მომხმარებლისათვის პროდუქციის დროული მიწოდების გაკონტროლებას, ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში დამსაქმებლის სახელით საზღაურის მიღებასა და მიღებული საზღაურის ბრალეული გაჭიანურების გარეშე არაუგვიანეს მიმდინარე სამუშაო დღისა, დამსაქმებლის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისათვის (ბუღალტერია) გადაცემას ან/და დამსაქმებლის შესაბამის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვას, ხოლო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამსაქმებლისათვის წარდგენას. შრომითი ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდა ერთი წლის ვადით;
1.2.6. 2012 წლის 3 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 11 ივლისს ნოტარიუს ბ–ძემ გასცა #170776035 სააღსრულებო ფურცელი (კრედიტორი - შპს „ვ–ი“, მოვალე - გ. ხ–ი, მესაკუთრე - ტ. ხ–ი), რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 25 000 ლარით და დადგინდა მეორე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია;
1.2.7. 2017 წლის 17 აგვისტოს მოსარჩელეებს ჩაბარდათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ასრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 15 აგვისტოს #A17092405-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;
1.2.8. მოსარჩელეებმა ვერ წარადგინეს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ნოტარიუსის მიერ ჯეროვნად არ იქნა შესრულებული სანოტარო მოქმედებების შესასრულებლად კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები;
1.2.9. დისტრიბუტორმა ასევე ვერ წარადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას 2012 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული საქონლის მიწოდებისა და რეალიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები კომპანიის მიმართ შესრულებული აქვს და არავითარი დავალიანება არ ერიცხება.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი აღიარებითი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი წარმოადგენს. აღიარებითი მოთხოვნის კანონიერება კი, ამა თუ იმ იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების სამართლის კონკრეტულ ნორმასთან შესაბამისობაში უნდა შემოწმდეს. სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი გარიგების ნამდვილობის წესები ვრცელდება, როგორც სანივთო _ აბსოლუტური, ისე _ სახელშეკრულებო _ რელატიური ურთიერთობების მიმართ სპეციალური ნორმებით გათვალისწინებული წესების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები იპოთეკის ხელშკერულების ბათილად ცნობას მოითხოვენ იმ საფუძვლით, რომ მათთვის უცნობია ქართული ენა, არ იციან წერა-კითხვა და ვერ ისარგებლეს თარჯიმნის დახმარებით, შესაბამისად, მათთვის უცნობი იყო ხელშეკრულების შინაარსი. ხსენებული გარემოება, საქმის მასალებით არ დგინდება, კერძოდ, იპოთეკის ხელშეკრულება შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მოთხოვნებს, დადებულია სანოტარო წესით, რომელსაც მოსარჩელეებმა ხელი ქართულ ენაზე მოაწერეს, ხოლო ნოტარიუსმა გააცნო, როგორც გარიგების შინაარსი, ისე _ მისი სამართლებრივი შედეგები და წაუკითხა ხელშეკრულება. ამგვარი ქმედება სრულად შეესაბამება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მოთხოვნებს, გარდა ამისა, უდავოა, რომ წერა-კითხვის, ასევე, ქართული ენის არცოდნის თაობაზე მოსარჩელეებს ნოტარიუსისათვის არ განუცხადებით, შესაბამისად, არ არსებობდა გარიგების დამოწმებისას „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტით, ასევე, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საშუალებების განკარგვის წინაპირობები. გარდა ამისა, უდავოა, რომ დისტრიბუტორმა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაამტკიცა კომპანიის მიმართ ვალდებულების შესრულების ფაქტი, რაც ვალდებულების შეწყვეტას და მოთხოვნის იძულებით განხორციელებას გამორიცხავდა, ასეთ ვითარებაში, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.1 და 40.1 მუხლების, ასევე, თავად იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსის გათვასლიწინებით, სააღსრულებო ფურცელი გაცემულ იქნა კანონიერად, ხოლო მოსარჩელეები ვერ ადასტურებენ, ვერც იპოთეკის ხელშეკრულების და ვერც სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობას. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც გარიგების ნამდვილობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ ტ. ხ–ის მიერ 28.10.2019წ. #21940603 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 400 ლარისა და მის მიერვე 06.12.2019წ. #22451464 საგადახდო დავალებით გადახდილი 850 ლარის, სულ _ 1 250 ლარის 70% _ 875 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. და ტ. ხ–ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: გ. ხ–სა (პ/#.......) და ტ. ხ–ს (პ/#........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ტ. ხ–ის მიერ 28.10.2019წ. #21940603 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400 ლარისა და მის მიერვე 06.12.2019წ. #22451464 საგადახდო დავალებით გადახდილი 850 ლარის, სულ _ 1 250 ლარის 70% _ 875 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი