Facebook Twitter

საქმე №ას-1145-2018 4 მარტი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ს.მ–ი, ს.ვ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარის მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ვ.მ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.მ–ისა და ს.ვ–ის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, აპელანტები ან კასატორები. პირველი მოპასუხე აგრეთვე წოდებული, როგორც დასაჩუქრებული, ხოლო მეორე მოპასუხე _ როგორც მჩუქებელი, მსესხებელი ან მოვალე) მიმართ მოპასუხეებს შორის 2010 წლის 18 იანვარს ქ.თბილისში, ..... მდებარე (ს/კ # ......, შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება) უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2008 წლის 30 მარტს მოსარჩელემ მეორე მოპასუხეს ასესხა 12 000 აშშ დოლარი, რომელიც მსეხებელს უნდა დაებრუნებინა ეტაპობრივად. გადახდის ბოლო ვადა იყო 2011 წლის მაისი. მსესხებელმა გადაიხადა მხოლოდ 4 100 აშშ დოლარი, რის შემდეგაც შეწყვიტა გადახდა და ვალდებულება არ შეასრულა. დავალიანება შეადგენს 6 900 აშშ დოლარს. სესხის აღების დროისათვის მეორე მოპასუხის საკუთრებაში ირიცხებოდა ქ.თბილისში, .... (ს/კ #......) მდებარე უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენდა ვალდებულების შესრულების ერთგვარ გარანტიას. 2013 წლის 15 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი მოვალის მიმართ დაკმაყოფილდა, მსესხებელს მის სასარგებლოდ დაეკისრა 6 900 აშშ დოლარის გადახდა. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის და სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ მსესხებელს მის საკუთრებაში არსებული სადავო ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფძველზე გადაუფორმებია შვილის _ პირველი მოპასუხის სახელზე, რომელიც ცხოვრობს მოვალესთან ერთად და მისთვის ცნობილი იყო სესხის ხელშეკრულებისა და ვალის არსებობის შესახებ.

ჩუქების ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა მოვალის წინაშე ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდება. ხელშეკრულება დადებულია მოსაჩვენებლად, ვინაიდან მისი მხარეები წარმოადგენენ დედა-შვილს, ცხოვრობენ ერთ სახლში და ორივე მათგანისათვის ცნობილი იყო, როგორც ვალის არსებობა, ისე _ სესხის დაფარვის ვადები და მისი დაკისრების შემთხვევაში ქონებაზე ზღვევინების მიქცევის შესაძლებლობა. ხელშეკრულების მხარეებისათვის ცნობილი იყო, რომ სესხის დაფარვის ბოლო ვადა იყო 2011 წლის მაისი, 2010 წელს კი, მსესხებელმა მოჩვენებითი გარიგებით საკუთარი უფლება გადასცა თავის შვილს, რასაც გარიგების ორივე მხარე აცნობიერებდა და მიზნად ისახავდა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო არა 2008 წლის 30 მარტს, არამედ _ 2010 წელს. 2008 წელს ისინი სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მას ასესხებდა 7 000 აშშ დოლარს ყოველთვიური 5%-ის სარგებლის დარიცხვის პირობით, რაც ყოველთვიურად 350 აშშ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულ თანხას მსესხებელი 10 თვის განმავლობაში პირნათლად იხდიდა. ვინაიდან შეექმნა გარკვეული პრობლემები, მოსარჩელემ მას მოაწერინა ხელი უკვე გამზადებულ წერილობით ხელშეკრულებაზე, გადაუანგარიშა 7 000 აშშ დოლარი და სარგებელი ისე, რომ არ გაითვალისწინა უკვე გადახდილი 3 500 აშშ დოლარი. ქართული წერა-კითხვის უციდინარ მხარეს ეჭვი არაფერში შეუტანია და დაუფიქრებლად მოაწერა ხელი მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ხელშეკრულებაზე. ქვითრების თანახმად, მას გადახდილი აქვს 5 100 აშშ დოლარი, ხელზე კი _ 3 500 აშშ დოლარი, მთლიანობაში _ 8 600 აშშ დოლარი, მაშინ როცა რეალურად აქვს აღებული 7 000 აშშ დოლარი და 12 000 აშშ დოლარის შესახებ ხელშეკრულება დადებულია ბუნდოვან ვითარებაში, მოტყუებით, გაურკვეველია მოწმის ხელმოწერა, დაუდგენელია ხელმოწერის ადგილი, არ არის თარგმანი ხელშემკვრელი მხარისათვის ცნობილ ენაზე და შეინიშნება ორი სხვადასხვა კალიგრაფია.

მართალია, სადავო ბინა ირიცხებოდა მსესხებლის სახელზე, მაგრამ იგი არასოდეს არ წარმოადგენდა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საგანს, რადგან მსესხებელს იმ პერიოდში ჰქონდა სტაბილური შემოსავალი, იყო უძრავი ქონების სააგენტოს თანამესაკუთრე, რაც ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. ეს დასტურდება იმითაც, რომ სესხის ხელშეკრულება არ გაფორმდა სანოტარო წესით და არ გამოუყენებია მოსარჩელეს არანაირი უზრუნველყოფის ღონისძიება.

მეორე მოპასუხემ 2011 წლის ივნისიდან ბანკის მეშვეობით განაახლა თანხის გადახდა, ვინაიდან თავად აღარ გააჩნდა ნდობა მოსარჩელის მიმართ. 2013 წლამდე გადახდილი აქვს 5 100 აშშ დოლარი. დღეისათვის გადახდა აღარ წარმოებს, რადგან მოსარჩელეს ანგარიში გაუქმებული აქვს, ხოლო სააღსრულებო ბიუროს დაწყებული აქვს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და 6 900 აშშ დოლარის გადახდის მიზნით დაყადაღებულია მისი ნივთები.

მეორე მოპასუხემ ნამდვილად აჩუქა ბინა თავის შვილს, რომელიც 2007 წლიდან ცხოვრობს ქ.თბილისში, ....... #2-ში. მას 2009 წელს შეეძინა ტყუპი ქალიშვილები და სწორედ ამ ფაქტის აღსანიშნავად გადაეცა მას საჩუქარი. დასაჩუქრებულის კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ იგი ცხოვრობდა ცალკე, დედასთან ერთად არ ეწეოდა საერთო მეურნეობას და არ ფლობდა ინფორმაციას დედის გარიგების შესახებ.

პირველმა მოპასუხემ მიიღო საკუთრებაში ბინა, ჩაატარა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, რის შედეგადაც ბინის საბაზრო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. მისი კეთილსინდისიერება იმითაც დასტურდება, რომ დღეისთვისაც სრულფასოვნად განკარგავს მის საკუთრებაში არსებულ ბინას, ამჟამად მასზე დადებულია სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება და ფაქტობრივადაც და სამართლებრივადაც დასაჩუქრებულის ოჯახი არის ბინის მესაკუთრე. ის ფაქტი, რომ დედა-შვილს შორის არ დადებულა თვალთმაქცური გარიგება, დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ მსესხებელი 2010 წლით დათარიღებული ჩუქების შემდეგ მოსარჩელეს სამი წლის განმავლობაში უხდიდა თანხას, რაც შეადგენს 5 100 აშშ დოლარს (2011-2013 წელი). მოსარჩელისათვის 2010 წლიდან ცნობილი იყო ბინის გაჩუქების შესახებ და მას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ბოლო ვადად უფიქსირდება 2011 წლის ბოლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება თარიღდება 2013 წლით, მაგრამ მოსარჩელეს ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. იგი ჩუქების ხელშეკრულების შემდეგაც იღებდა სარგებელს და დღესაც გარანტირებული აქვს დაკისრებული თანხის მიღება, რადგან დაწყებულია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს შორის 2010 წლის 18 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და სადავო უძრავი ქონება (ს/კ #......) საკუთრებაში დაუბრუნდა მსესხებელს.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩვრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის 2008 წლის 30 მარტს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელმა მოვალეს ასესხა 12 000 აშშ დოლარი. მსესხებელმა იკისრა აღნიშნული თანხის 2011 წლის მაისის ბოლომდე დაბრუნების ვალდებულება;

1.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი მოვალის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და მსესხებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6 900 აშშ დოლარის გადახდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი;

1.2.3. მოვალეს კრედიტორისათვის გადახდილი აქვს გარკვეული თანხა, კერძოდ, 2013 წლის 4 მაისს 500 აშშ დოლარი, 2013 წლის 4 მაისს 500 აშშ დოლარი, 2013 წლის 20 მარტს 500 აშშ დოლარი, 2013 წლის 4 თებერვალს 500 აშშ დოლარი, 2012 წლის 9 დეკემბერს 500 აშშ დოლარი, 2012 წლის 6 ნოემბერს 500 აშშ დოლარი, 2012 წლის 15 სექტემბერს 500 აშშ დოლარი, 2012 წლის 16 აგვისტოს 500 აშშ დოლარი, 2011 წლის 1 ივნისს 500 აშშ დოლარი, 2012 წლის 1 მარტს 600 აშშ დოლარი, 2012 წლის 8 ივნისს 500 აშშ დოლარი;

1.2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2014 წლის 24 ნოემბერს შეადგინა ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტი, სადაც კრედიტორი მოსარჩელეა, ხოლო მოვალე _ მსესხებელი. ეს უკანასკნელი შვილთან _ ლ.მ–თან და დასთან _ ს.ვ–თან ერთად წარმოადგენს შპს „ი–ის“ დამფუძნებელს. მოვალის საკუთრებას ასევე წარმოადგენს ქ.თბილისში, ...... მდებარე 4 კვ.მ სარდაფი (ს/კ #......);

1.2.5. მოპასუხეები არიან დედა-შვილი. მსესხებლის საკუთრებაში ირიცხებოდა ქ.თბილისში, .... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #.....). აღნიშნული ქონება, 2010 წლის 18 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მოვალემ საკუთრებაში გადასცა პირველ მოპასუხეს და ეს უკანასკნელი წარმოადგენს ქონების ამჟამინდელ მესაკუთრეს. ხელშეკრულების დადების შემდეგ დასაჩუქრებულს ფაქტობრივად არ უცხოვრია სადავო ბინაში, არამედ ცხოვრობს მეგობრის ბინაში, ხოლო მსესხებელს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. 2010 წლის 18 ივნისს გაფორმებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე დასაჩუქრებულმა უფლებრივად დატვირთა სადავო ნივთი;

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანს განკარგვითი ხელშეკრულების ნამდვილობა წარმოადგენს, კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს შორის გარიგება დაიდო არა საკუთრების უფლების გადაცემის/მოპოვების მიზნით, არამედ ხელშეკრულების ორივე მხარე მოქმედებდა იმ განზრახვით, რომ ქონება გამჩუქებლის ვალდებულების შესრულების საგანი არ ყოფილიყო. ამ მხრივ მხარე მიუთითებს ისეთ ფაქტებზე, როგორიცაა ჩუქების ხელშეკრულების მონაწილეთა ახლო ნათესაური ურთიერთობა, ვალდებულების არსებობა, ასევე, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კრედიტორის მოთხოვნის წარმოშობის თაობაზე მათი ინფორმირებულობა. პალატა მიიჩნევს, რომ ჩუქების გაფორმება მას შემდეგ, რაც დაიდო სესხის ხელშეკრულება, ფორმალური თვალსაზრისით იძლევა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც გარიგების მხარეები ახლო ნათესავები არიან. ასეთ ვითარებაში, მტკიცების ტვირთის მოსარჩელისათვის დაკისრება გაუმართლებელია, რამდენადაც ფორმალური თვალსაზრისით კანონის ნორმებთან შესაბამისობაში მყოფი გარიგების დადებისას მესამე პირისათვის ამ გარიგების მხარეთა სუბიექტური ნების მტკიცების დაკისრება დაუძლეველია, შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება ფაქტების მითითების ტვირთი, რომელთა ანალიზი პრეზუმირებულს გახდის გარიგების მოჩვენებით ხასიათს. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ჩუქების მონწილეთა მოჩვენებითი ქცევა, მოცემულ შემთხვევაში, სავარაუდოა, ხოლო მოპასუხეებს, როგორც გარიგების დამდებ პირებს, მით უფრო უსასყიდლო განკარგვის _ ჩუქების პირობებში ეკისრებოდათ ნამდვილი ნების გამოვლენისა და საკუთრების გადაცემის მიზნის მტკიცება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნა დაძლეული. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასარჩელო მითხოვნა განხორციელებადია, რომლის წინააღმდეგაც კასატორთა მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი წონადი არგუმენტები.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც, მოჩვენებითი გარიგების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ს.მ–ის მიერ 19.10.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 772,80 ლარის 70% _ 540,96 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.მ–ისა და ს.ვ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: ს.მ–სა (პ/#....) და ს.ვ–ს (პ/#....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ს.მ–ის მიერ 19.10.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 772,80 ლარის 70% _ 540,96 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი