საქმე №ას-982-2019 18 სექტემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ხ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ა.ხ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, კომაპნია ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა დამსაქმებლის 2017 წლის 19 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობა, კომპანიის საბურთალოს ფილიალის რეალიზაციის სამსახურის არასაყოფაცხოვრებო მიმართულების აღმრიცხველის თანამდებობაზე აღდგენა, 2017 წლის 20 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის სახით თვეში 1 080 ლარის ანაზღაურება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის დარღვევით. ის ეფუძნება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტს, რაც ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების მოშლას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. ბრძანება დაუსაბუთებელია და არღვევს დასაქმებულის უფლებებს, შესაბამისად, ის ექვემდებარება ბათილად ცნობას, აღნიშნულის შედეგად კი უნდა მოხდეს მოსარჩელის აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. გარდა ამისა, დასაქმებული მოითხოვს იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 1 080 ლარის (დარიცხული) ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის შრომითი ურთიერთობის მოშლიდან სასამართლო გადაწვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა კომპანიის გენერალური დირექტორის 2017 წლის 19 დეკემბრის ბრძანების თანახმად. ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების და სამსახურეობრივი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, შესაბამისად, ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის 2017 წლის 19 დეკემბრის ბრძანება და დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 12 960 ლარის (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ანაზღაურება. მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნები უარყოფილ იქნა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2010 წლის 9 თებერვლიდან მოსარჩელე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში. 2016 წლის 1 მარტს დაიდო მხარეთა შორის ასევე დაიდო შრომითი ხელშეკრულება. უდავოა, რომ ურთიერთობა ატარებდა უვადო ხასიათს. დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1 080 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული);
1.2.2. 2017 წლის 26 ივნისს მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური, აღნიშნული ბრძანება, შრომითი ურთიერთობის მოშლის დროისათვის იყო მოქმედი;
1.2.3. 2017 წლის 19 დეკემბერს, შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. დათხოვნას საფუძვლად დაედო უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ობიექტების უსაფრთხოებისა და კონტროლის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი. დამსაქმებელი მოსარჩელეს ედავებოდა 19 სხვადასხვა დარღვევაზე, რომელთაგან 14 დარღვევას თავად აღიარებდა დასაქმებული და თავის ახსნა-განმარტებაში მიუთითებდა, რომ აბონენტების რაოდენობის სიუხვისა და დროის სიმცირის გამო მაქსიმალური კონტროლის განხორციელებას ვერ ახერხებდა, ასევე, იძლეოდა პირობას, რომ შემდგომში უფრო მეტად დაკვირვებული იქნებოდა სამუშაო პროცესისას და ეცდებოდა მის მიერ დაშვებული შეცდომების აღმოფხვრას. აღნიშნული ახსნა-განმარტებით მოსარჩელე მოითხოვდა, რომ მის მიერ ჩადენილი დარღვევები ჩათვლილიყო საპატიოდ. სააპელაციო განხილვის ეტაპზე დასაქმებულმა მიუთითა, რომ დარღვევები, რის გამოც ის გათავისუფლდა სამსახურიდან, ჩადენილი არის 2017 წლის 26 ივნისამდე, მისთვის საყვედურის გამოცხადებამდე და სწორედ აღნიშნული დარღვევები დაედო საფუძვლად საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების გამოცემას. დამსაქმებელი სადავოდ ხდიდა დასაქმებულის ხსენებულ არგუმენტებს იმ საფუძვლით, რომ საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას მას ამგვარი შედავება არ განუხორციელებია და იგი სააპელაციო განხილვისას დაგვიანებული იყო, თუმცა, თავად ამ პოზიციის წინააღმდეგ მოპასუხეს კვალიფიციური შედავება არ განუხორციელებია. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, აპელანტი უთითებდა, რომ მის მიერ ჩადენილი დარღვევები არ უნდა შეფასებულიყო „უხეშ დარღვევად“ და ის შეფასება, რომ მას უკვე დაეკისრა სახდელი საყვედურის სახით იმ დარღვევებისათვის, რაც მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა, მართალია, არ გაუკეთებია პირველი ინსტანციის სასამართლოში;
1.2.4. საქმეში წარმოდგენილი კონტროლის ჯგუფისა და მონიტორინგის სამსახურის მოკვლევის აქტების თანახმად, ა.ხ–ის მიერ ჩადენილი დარღვევები, ჩადენილი და აღმოჩენილია მისთვის ზემოაღნიშნული საყვედურის გამოცხადებამდე - 2017 წლის 26 ივნისამდე, ხოლო 2017 წლის 26 ივნისის შემდგომ, მას შემდეგ რაც გამოეცხადა საყვედური, ფიქსირდება მოკვლევის აქტებში მითითებული მხოლოდ ერთი დარღვევა, 2017 წლის 30 ივნისს, რომელიც შეეხებოდა დაურეგისტრირებელი აბონენტის მიერ წყლის მოხმარებას;
1.2.5. კომპანიაში დასაქმებულს ეკავა არასაყოფაცხოვრებო მიმართულების აღმრიცხველის თანამდებობა. დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ინსტრუქციის თანახმად, რომელსაც მოსარჩელე გაეცნო 2011 წლის 19 სექტემბერს, მის დაკავებულ თანამდებობას წარმოადგენს შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მომხმარებელთან ურთიერთობის და წყლის გაყიდვების დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის აბონირების სპეციალისტი, ხოლო 2016 წლის 1 მარტიდან მოსარჩელეს კომპანიაში ეკავა არასაყოფაცხოვრებო მიმართულების აღმრიცხველის პოზიცია. საქმეში არ არის წარმოდგენილი დასაქმებულის მიერ დაკავებული პოზიციის (არასაყოფაცხოვრებო მიმართულების აღმრიცხველის) შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქცია, სადაც ჩამოთვლილი იქნებოდა ამ პოზიციის მქონე დასაქმებულის მოვალეობები და პასუხისმგებლობები. ამდენად, შეუძლებელია განისაზღვროს მონიტორინგის სამსახურისა და კონტროლის ჯგუფის მოკვლევის აქტებში მითითებული დარღვევები წარმოადგენდა თუ არა არასაყოფაცხოვრებო მიმართულების აღმრიცხველის თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრულ დარღვევებს;
1.2.6. 2019 წლის 1 აპრილის ცნობის თანახმად, 2017 წლის 20 დეკემბრიდან მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე დასაქმებულია გ.მ–ი, რომლის დასაქმება ობიექტურმა საჭიროებამ განაპირობა და დამსაქმებელი აღნიშნული ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 44-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ შრომითი მოვალეობების დარღვევის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა დამსაქმებელს, ამ მხრივ, უდავოა, რომ დასაქმებულმა მართლაც დაარღვია ვალდებულება, თუმცა, შესაფასებელია ეს დარღვევა წარმოადგენდა თუ არა შრომითი ურთიერთობიდან გასვლისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობას _ უხეშ დარღვევას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოში დასაქმებულის მიერ გაჟღერებული პოზიცია იმის თაობაზე, რომ დარღვევათა ნაწილი, რომელიც მოსარჩელის მხრიდანაც იქნა აღიარებული, დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ზომით _ საყვედურით არის შეფასებული, ვინაიდან ამ დარღვევათა ფაქტი პირველი ინსატანციის წესით საქმის განხილვისას სადავოს არ წარმოადგენდა, ხოლო, ფაქტის სამართლებრივი შეფასება წარმოადგენს სასამართლოს ვალდებულებას და ამ საკითხზე მხარის აპელირება არ განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით განსაზღვრულ ახალ ფაქტზე მითითებად. გარდა ამისა, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა იმ ნაწილშიც, რომლის თანახმადაც ერთი დარღვევისათვის რამდენიმე სასჯელის შეფარდება არ გამომდინარეობს შრომის კოდექსის მოთხოვნებიდან, ამ ვითარებაში კი, გათავისუფლების საფუძვლის შეფასებისათვის სახეზეა მხოლოდ ერთი გადაცდომა (რომელსაც ადგილი ჰქონდა საყვედურის გამოცხადების შემდგომ პერიოდში). აღნიშნული გადაცდომა კი, ცალკე აღებული არ იძლევა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას. ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორად დაასკვნა, რომ შრომითი ურთიერთობის მოშლის თაობაზე დამსაქმებლის ცალმხრივი ნება ეწინააღმდეგებოდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნტს და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი ძალა არ გაააჩნდა. რაც შეეხება პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენას, ამ მხრივ დადგენილია, რომ დასაქმებულის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა არ იყო ვაკანტური, ის სხვა პირის მიერ კეთილსინდისიერად იქნა დაკავებული, ტოლფასი თანამდებობის არარსებობის საკითხთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარი დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, შესაბამისად, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, კომპენსაციის დამსაქმებლისათვის დაკისრება კანონიერია. ამ მხრივ სასამართლომ კომპენსაცია განსაზღვრა 1 წლის ხელფასის ოდენობით, რაც სასამართლოს დასკვნით გონივრულია, ამასთანავე, კასატორი საპირისპირო პოზიციას ვერ ამტკიცებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ კომპენსაციის დამსაქმებლისათვის დაკისრების გამო, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 408.1 მუხლების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, რომელიც, შრომით დავებში მიუღებელი ხელფასის ოდენობით ანგარიშდება და ხშირად ე.წ იძულებითი განაცდურის სახით მოიხსენიება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ხელშეკრულების მოშლის, ასევე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 16.07.2019წ. #132 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 648 ლარის 70% _ 453,6 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 16.07.2019წ. #132 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 648 ლარის 70% _ 453,6 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი