Facebook Twitter

საქმე №ას-813-2020 5 მარტი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ზ–ი (მოპასუხე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ნ.ზ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, ბანკი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და ნ.ზ–ების (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხე აგრეთვე წოდებული, როგორც მსესხებელი, მოვალე ან გამჩუქებელი, ხოლო მეორე მოპასუხე _ როგორც აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დასაჩუქრებული) მიმართ და მოითხოვა: პირველი მოპასუხისათვის 2018 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 4 217,41 ლარის (ძირი თანხა _ 3 575.58 ლარი, პროცენტი _ 309.86 ლარი, ჯარიმა _ 323.45 ლარი, დაზღვევა _ 8.52 ლარი), 2019 წლის 19 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3 575.58 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15%-ის (რაც ყოველთვიურად შეადგენს - 44.69 ლარს), 2018 წლის 24 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 151.41 ლარის (ძირი თანხა_ 86.66 ლარი და ჯარიმა - 64.75 ლარი), 2018 წლის 30 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 2 371.98 ლარის (ძირი თანხა _ 1 419.95 ლარი და ჯარიმა - 952.03 ლარი), 2018 წლის 30 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 711.65 ლარის (ძირი თანხა 426.21 ლარი, სარგებელი _ 50.28 ლარი, ჯარიმა - 235.16 ლარი), საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 426.21 ლარზე, 2019 წლის 19 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36%-ის (რაც ყოველთვიურად შეადგენს - 12.78 ლარს) დაკისრება. მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხეებს შორის 2018 წლის 21 ივნისს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაც და გასხვისებული ქონების წილზე (ს/კ #.......) პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2018 წლის 19 ივნისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 3 700 ლარის ოდენობით, წლიური 15% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელს დაეკისრებოდა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 ივნისამდე. თანხა მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველი თვის 20 რიცხვში. დამატებით პირობად განისაზღვრა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა.

2018 წლის 24 ივლისს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა სწრაფი განვადების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 130 ლარი, 176 დღის ვადით.

2018 წლის 30 ივლისს სწრაფი განვადების ფარგლებში მხარეებმა ასევე გააფორმეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე 362 დღის ვადით გაიცა სესხი 1 703,93 ლარი. იმავე რიცხვში დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება და პირველ მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი „ერთგული“. ლიმიტის მოცულობა შეადგენდა 450 ლარს.

მსესხებელს არ შეუსრულებია აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება და გააჩნია დავალიანება.

2018 წლის 21 ივნისს მოპასუხეებს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად პირველმა მოპასუხემ უძრავი ქონება აჩუქა მამას. ხელშეკრულება არ შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და არის მოჩვენებითი. ვინაიდან მსესხებელმა შეწყვიტა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და მისთვის ცნობილი იყო, რომ ბანკი აუცილებლად მიმართავდა სასამართლოს დარღვეული უფლების დასაცავად, ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით გაასხვისა მან ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. ამ გარიგებას აქვს კანონსაწინააღმდეგო მიზანი და არ შეესაბამება გარეგნულად გამოხატულ ნებას.

2. მოპასუხეების პოზიცია:

დასაჩუქრებულმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, მისი განმარტებით, სადავო გარიგება ნამდვილია და არ ემსახურება საბანკო კრედიტის გადახდისაგან თავის არიდებას. ჩუქების ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 21 ივნისს, ანუ პირველი საკრედიტო ხელშეკრულების დადებიდან 2 დღეში. ჩუქების დადების შემდგომ მსესხებელმა სამჯერ გადაიხადა კრედიტის თანხა, თუმცა, ობიექტური მიზეზით ვეღარ შეძლო შემდგომი გადახდა. ფაქტია, მსესხებელს არ ჰქონდა ქონების გადამალვისა და ამ გზით სასესხო ვალდებულებისაგან თავის არიდების განზრახვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საერთოდ არ დაუბრუნებდა თანხას ბანკს. საგულისხმოა, რომ ყველა დანარჩენი სესხი დადებული იყო ჩუქების შემდგომ. მსესხებელი დაეთანხმა აღნიშნულ შედავებას და დამატებით მიუთითა, რომ საკრედიტო დავალიანების ნაწილში მოთხოვნას ცნობდა ნაწილობრივ, თუმცა ითხოვდა საჯარიმო სანქციების კორექტირებას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 3 926.30 ლარის (ძირი თანხა _ 3 575.58 ლარი, პროცენტი _ 309.86 ლარი, ჯარიმა _ 32.34 ლარი და დაზღვევა _ 8.52 ლარი), 2019 წლის 19 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე _ 3 575.58 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15%-ის (რაც ყოველთვიურად შეადგენს - 44.69 ლარს), 2018 წლის 24 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 93.13 ლარის (ძირი თანხა _ 86.66 ლარი და ჯარიმა - 6.47 ლარი), 2018 წლის 30 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 1 515.15 ლარის (ძირი თანხა _ 1 419.95 ლარი და ჯარიმა - 95.20 ლარი), 2018 წლის 30 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 500 ლარის (ძირი თანხა_ 426.21 ლარი, პროცენტი _ 50.28 ლარი და ჯარიმა _ 23.51 ლარი), 2019 წლის 19 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე _ 426.21 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36%-ის (რაც ყოველთვიურად შეადგენს - 12.78 ლარ) გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 21 ივნისს მოპასუხეებს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და გასხვისებული ქონების წილზე (მდებარე ქ.თბილისში, ......, ს/კ #.......) აღდგა პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაჩუქრებულმა, მოითხოვა გარიგების ბათილად ცნობისა და ქონების პირველი მოპასუხისათვის დაბრუნების ნაწილში მისი გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტი) გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით, კრედიტორის სარჩელი მოპასუხეებს შორის 2018 წლის 21 ივნისს დადებული ურავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე, სადავო ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე უარყოფილ იქნა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2018 წლის 19 ივნისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა სესხი 3 700 ლარის ოდენობით, წლიური 15%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით. მისი დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს უნდა გადაეხადა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 ივნისამდე;

1.2.2. ამავე მხარეებს შორის 2018 წლის 24 ივლისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 176 დღის ვადით მსესხებელზე გაიცა კრედიტი 130 ლარი. სესხი მოპასუხეს უნდა დაეფარა 6 გადახდით (ყოველი თვის 16 რიცხვში უნდა გადაეხადა 23,57 ლარი). ხელშეკრულება ითვალისწინებდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფიქსირებულ პირგასამტეხლოს – ვადაგადაცილებაზე 2 ლარს და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5%-ს;

1.2.3. ბანკსა და მსესხებელს შორის 2018 წლის 30 ივლისს ასევე გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 1 703,93 ლარი, 362 დღის ვადით. კრედიტი მსესხებელს უნდა დაეფარა ყოველი თვის 27 რიცხვში, 143,94 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში – ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 2 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5%.

1.2.4. მხარეებს შორის 2018 წლის 30 ივლისს გაფორმდა საკრედიო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი „ერთგული“ 450-ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტებში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის გამსესხებლის ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში – ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულზე 1 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%;

1.2.5. პირველ და მეორე მოპასუხეს (პირველი მოპასუხის მამა) შორის 2018 წლის 21 ივნისს გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოვალემ მეორე მოპასუხეს აჩუქა ქ.თბილისში, ..... მდებარე 220.00 კვ.მ უძრავი ქონებიდან კუთვნილი წილი (ს/კ #......);

1.2.6. ოთხივე საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება მსესხებელს ჯეროვნად არ აქვს შესრულებული და დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დროისთვის (22.04.2019 წელი) ერიცხება შემდეგი დავალიანება:

ა) 2018 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 4 217,41 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 3 575,58 ლარი, პროცენტი – 309,86 ლარი, ჯარიმა – 323.45 ლარი, დაზღვევა – 8.52 ლარი;

ბ) 2018 წლის 24 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 151.41 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 86.66 ლარი და ჯარიმა – 64.75 ლარი;

გ) 2018 წლის 30 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 2 371.978 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1 419,95 ლარი და ჯარიმა – 952.03 ლარი;

დ) 2018 წლის 30 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 711.65 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 426.21 ლარი, პროცენტი 50.28 ლარი და ჯარიმა – 235.16 ლარი.

საქმის მოსამზადებელ ეპატზე ნ.ზ–მა სარჩელი სულად ცნო, ოთხივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის, ჯამში _ 5 508,4 ლარის, პროცენტის, ჯამში – 360,14 ლარის და დაზღვევის თანხის – 8.52 ლარის ნაწილში;

1.2.7. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით, ასევე, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ჩუქებით განკარგული უძრავი ქონება საცხოვრებლად უვარგისია (რაზედაც მოპასუხე მიუთითებდა როგორც შესაგებელში, ისე სააპელაციო საჩივარში);

1.2.8. სარჩელი არ შეიცავს მითითებას და შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პირველ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ დღეში წარმოეშვა ისეთი ფინანსური სიძნელეები, ან არსებობდა სხვა ფაქტორები, რის გამოც იგი ვერ ან არ აპირებდა ვალდებულების შესრულებას.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. პალატა მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ საკასაციო საჩივრის საგანს წარმოადგენს არა სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნათა წარმატებულობა, არამედ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი. კასატორი ძირითადად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ჩუქებას ფორმალური ხასიათი ჰქონდა და მიზნად ისახავდა არა საკუთრების გადაცემას უძრავ ქონებაზე, არამედ _ მსესხებლის ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებას. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.4.1. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მოჩვენებითი გარიგების ცნება და ამგვარად კანონმდებელი მიიჩნევს ხელშემკვრელ მხარეთა იმგვარ ქმედებას, როდესაც ისინი ფორმალურად სამართლებრივი მართლწესრიგისათვის დამახასიათებელ ხელშეკრულებას აფორმებენ, თუმცა, წინასწარი განზრახვით არც ერთ მათგანს არ სურს გარიგების იურიდიული შედეგის დადგომა, ანუ მხარეთა შინაგანი ნება არ ემთხვევა გარეგანს და ეს ორივე მხარის წინასწარ განზრახვას წარმოადგენს. ამგვარი გარიგება უცილოდ ბათილია და სადავოობისას მას არ შეიძლება რაიმე მნიშვნელობა მიენიჭოს. მოჩვენებით გარიგებაზე საუბრისას უაღრესად მნიშვნელოვანია მტკიცების პროცესი, ვინაიდან თავად გარიგება ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, სამოქალაქო სამართალში მოქმედებს კეთილსინდისიერების პრეზუმფცია, საპირისპიროს დადასტურებამდე მიიჩნევა, რომ ნებისმიერი გარიგება, მათ შორის მოჩვენებითი ნამდვილია. პირი, რომელიც სადავოდ ხდის გარიგების ნამდვილობას მოჩვენებითობის თვალსაზრისით, ვალდებულია მიუთითოს იმგვარ ფაქტებზე, რომელთა ერთობლიობა გარიგების ნამდვილობის პრეზუმფციას შეარყევს და შექმნის შინაგან რწმენას იმისა, რომ ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებდნენ მოჩვენებითად, სწორედ ამის შემდგომ წარმოეშობათ გარიგების მხარეებს მტკიცების ვალდებულება, რომ მათ ნამდვილი ნება გამოავლინეს და გარიგების იურიდიული შედეგები დადგა. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ სესხის ხელშეკრულებების გაფორმებიდან დროის მცირე ინტერვალში ჩუქების ხელშეკრულების დადება, თუნდაც ეს ახლო ნათესავებს შორის მოხდეს, არ შეიძლება ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობას დაედოს საფუძვლად, რამდენადაც ჯერ არ იყო ვალდებულების შესრულების დრო დამდგარი, ამასთანავე, ბანკმა არც კი მიუთითა მსესხებლის ფინანსურ სიძნელეებზე, ისევე, როგორც სადავო გარიგების გაფორმების შემდეგ კვლავ არაერთ ფინანსურ ვალდებულებაში შევიდა მსესხებელთან. რაც შეეხება ქონების ფაქტობრივ დაუფლებას, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ იგი საცხოვრებლად უვარგისია და მხოლოდ ეს ფაქტი გარიგების ნამდვილობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის წინაპირობების მითითების ტვირთი, რის გამოც, მოპასუხის შედავების არსებითობის შემოწმება აღარ დგება დღის წესრიგში, ამ პირობებში კი, სამოქალაქო კოდექსის 56.1 და 976.1 (ა) მუხლების შესაბამისად, გამსესხებლის სარჩელი წარუმატებელია.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც, მოჩვენებითი გარიგების პირობებში ქონების უკუქცევის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. სუსგ №ას-571-879-09, 30 აპრილი, 2010 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 30.09.2020წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 405,06 ლარის 70% _ 283,542 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „თ.ბ–ს“ (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 30.09.2020წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 405,06 ლარის 70% _ 283,542 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი