Facebook Twitter

საქმე №ას-777-2020 26 თებერვალი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გ.გ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.გ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ, მხარეთა შორის 2008 წლის 14 მარტს რეგისტრირებული ქორწინების (სააქტო ჩანაწერი მნ #012610) შეწყვეტის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მხარეები 2008 წლის 14 მარტიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების რეგისტრაციის დროისთვის ორივე მხარე საქართველოს მოქალაქე იყო. დღეის მდგომარეობით მხარეთა შორის არსებული ვითარება შეუძლებელს ხდის მათ შემდგომ თანაცხოვრებას. მოსარჩელის სურვილია, სასამართლო წესით განქორწინდეს მოპასუხესთან, რადგან მოპასუხე უარს აცხადებს მეუღლეთა ერთობლივი განაცხადის საფუძველზე ქორწინების შეწყვეტაზე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის უარყოფის მიზნით აღნიშნა, რომ წინააღმდეგია ქორწინების შეწყვეტის, რადგან მხარეები შეუღლდნენ სიყვარულით, მოპასუხეს ახლაც უყვარს თავისი მეუღლე და პატივს სცემს მას. იმედი აქვს, რომ გადალახავენ წარმოშობილ გაუგებრობას და შეინარჩუნებენ ოჯახს. ვინაიდან რამდენიმე წლის წინ, მათ ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა მსგავს გაუგებრობას, როდასაც მოსარჩელე წავიდა ოჯახიდან, თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა და კვლავ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად ყოველგვარი პრობლემების გარეშე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა მხარეთა შორის 2019 წლის 26 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მხარეები დაქორწინდნენ 2008 წლის 14 მარტს;

1.2.2. ქორწინების დროისათვის ისინი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ;

1.2.3. მეუღლეები ამჟამად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათი შერიგება, ოჯახის აღდგენის მიზნით, შეუძლებელია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ძირითად პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ განსახილველი დავა შეეხება არა მხოლოდ განქორწინებას, არამედ _ მეუღლეთა ქონებას და აღნიშნულ საკითხზე საქმეს გერმანიის სასამართლო განიხილავს. პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ განსახილველი დავის საგანი მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტაა. საკასაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა მოცემულ დავაზე საერთაშორისო კომპეტენციის საკითხი და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა ეროვნული სასამართლოების მიერ განხილვას ექვემდებარება, რამდენადაც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მეუღლეები ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, შესაბამისად, არ არსებობს საქმის განხილვის დამაბრკოლებელი წინაპირობა. მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლიანობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით რეგულირდება რა ქორწინების წესი და წინაპირობები, ნორმის პირველივე წინადადებაში ხაზგასმით ადგენს კანონმდებელი, რომ იგი მხარეთა ნებაზე დამყარებული ურთიერთობაა, უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 1144-ე მუხლი ნებაზე ზემოქმედების (იძულება) შედეგს ქორწინების ბათილად ცნობას უკავშირებს. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოსარჩელეს აღარ სურს ქორწინებაში მოპასუხესთან ყოფნა, ოჯახური მეურნეობის აღდგენა და სხვა. ამ ფაქტის წინააღმდეგ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად არ გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მეუღლეთათვის შესარიგებელი ვადის მიცემის ინსტიტუტი. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და სამართლიანად დააკმაყოფილა სარჩელი. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ქორწინების შეწყვეტის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის საფუძვლიანობა:

საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორმა შუამდგომლობით, წარმოადგინა ადვოკატ ე-ბ–ის წერილობითი მიმართვა, რომლის თანახმადაც, მეუღლეთა შორის გერმანიაში მიმდინარე ქონებრივი დავის გამო, მოთხოვნილია განქორწინების პროცესის შეჩერება. საკასაციო პალატა არ იზიარებს ხსენებულ შუამდგომლობას და განმარტავს, რომ ქონებრივი დავის გადაწყვეტა განქორწინების საქმეზე რაიმე გავლენას ვერ იქონიებს, შესაბამისად, სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე ან 280-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე წინაპირობა. პალატა დამატებით მოიშველიებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ერთი და იმავე სარჩელის თაობაზე ერთსა და იმავე მხარეებს შორის მიმდინარეობს სამართალწარმოება საქართველოსა და უცხო ქვეყანაში და ეს სარჩელი პირველად უცხო ქვეყნის სასამართლოს ექვემდებარებოდა, საქართველოს სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას. საქმის წარმოება არ შეჩერდება, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო შესაბამის ვადაში გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან საქართველოში ასეთი გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სპეციალური ნორმით გათვალიწინებული უმთავრესი საფუძველი _ სარჩელთა იგივეობა, რამდენადაც გერმანიაში, როგორც მხარეები ადასტურებენ, იხილება ქონებრივი დავა, ხოლო საქართველოში _ განქორწინების საკითხი. ამდენად, შუამდგომლობა ამ კუთხითაც დაუსაბუთებელია.

3 საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ და წარმოადგინა გერმანიის ბუკებურგის რაიონული სასამართლოს 05.01.2021წ. გადაწყვეტილება და მისი ქართულენოვანი თარგმანი. საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განუმარტავს მხარეს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიიღოს ახალი მტკიცებულებები, არამედ იგი საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობას ამოწმებს საქმეში უკვე წარმოდგენილი, საპროცესო წესების დაცვით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ჭრილში. ამ გარემოებიდან გამომდინარე, პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილით და კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს უბრუნებს 05.02.2021წ. #ა-442-21 განცხადებაზე დართულ გერმანიის ბუკებურგის რაიონული სასამართლოს 05.01.2021წ. გადაწყვეტილებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის ასლს 7 (შვიდი) ფურცლად.

4. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს დ.ფ–ის მიერ 05.10.2020წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 279-ე, 280-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.გ–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. კასატორ ნ.გ–ძეს (პ/#....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს დ.ფ–ის მიერ 05.10.2020წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

4. გ.გ–ძეს დაუბრუნდეს 05.02.2021 წლის #ა-442-21 განცხადებაზე დართული გერმანიის ბუკებურგის რაიონული სასამართლოს 05.01.2021წ. გადაწყვეტილებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის ასლი 7 (შვიდი) ფურცლად.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი