Facebook Twitter

საქმე №ას-644-2020 11 თებერვალი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ი (მოსარჩელე)

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ისტორიის კოლექციების ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ასევე, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტლების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ნ.ა–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, პირველი კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, მეორე კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა:

- ბათილად იქნეს ცნობილი თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მოპასუხის გენერალური დირექტორის 2017 წლის 1 თებერვლის #67/კ ბრძანება;

- მოსარჩელე აღდგენილ იქნას ს.ჯ–ას სახელობის საქართველოს მუზეუმის ისტორიის კოლექციების ექსპერტის ან ტოლფას თანამდებობაზე;

- დამსაქმებელს მის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2017 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 600 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელე 1977 წლიდან უწყვეტად მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემაში. გათავისუფლებამდე იგი დასაქმებული იყო ისტორიის კოლექციების ექსპერტის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 600 ლარს (დარიცხული). 2017 წლის 1 თებერვალს, შტატების შემცირების საფუძვლით, დასაქმებული დაითხოვეს სამუშაოდან. ვინაიდან იგი ერთადერთი ექსპერტი იყო მუზეუმის 743-კაციან შტატში, მისთვის მოულოდნელი იყო გათავისუფლება. მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა მიკერძოებულ, დისკრიმინაციულ მიდგომას, რის გამოც დამსაქმებლის ცალმხრივი ნება უკანონოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. დასაქმებულს, შრომის კოდექსის შესაბამისად, 2016 წლის 29 დეკემბერს ეცნობა სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციისა და საშტატო ერთეულების შემცირების შესახებ. ამასთან, ის საქმიანობა, რომელსაც ახორციელებდა მოსარჩელე, როგორც ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არ არის პირდაპირ დაკავშირებული მუზეუმის გლობალურ ამოცანასთან, მოახდინოს კულტურულ ფასეულობათა ექსპერტიზის უზრუნველყოფა. მუზეუმის ადმინისტრაციამ ისე, როგორც ყველა სხვა თანამშრომელს, ნ.ა–საც შესთავაზა ალტერნატიული სამუშაო ხელშეკრულების საფუძველზე, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. გარდა ამისა, უსაფუძვლოა მოსარჩელის განმარტება მის მიმართ მუზეუმის მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის 2017 წლის 1 თებერვლის ბრძანება #67/კ, ნ. ა–თან შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ და სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაციის _ 21 600 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) გადახდა. სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პირველმა კასატორმა (მოსარჩელე) მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ისტორიის კოლექციების ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ასევე, ზიანის ანაზღაურება, ხოლო მეორე კასატორმა (მოპასუხე) _ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტლების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელე 1977 წლიდან უწყვეტად მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემაში, სხვადასხვა პოზიციაზე. გათავისუფლებამდე იგი დასაქმებული იყო ისტორიის კოლექციების ექსპერტის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 600 ლარს (დარიცხული). მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა. დაკისრებულ მოვალეობებს ყოველთვის ასრულებდა პირნათლად და მის მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან შენიშვნები არასდროს გამოთქმულა;

1.2.2. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის 2016 წლის 28 დეკემბრის #1528 ბრძანების პირველი პუნქტით დაიგეგმა რეორგანიზაციული ცვლილებები და დადგინდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდში 2017 წლის 30 იანვრამდე საშტატო რიცხოვნების შემცირება. ბრძანების შესაბამისად, ორგანიზაციული ცვლილებები შეეხო მუზეუმის ყველა სტრუქტურულ ერთეულსა და ქვედანაყოფს;

1.2.3. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სტრუქტურული ერთეულებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების დასაქმებულებს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციამ გააცნო გაფრთხილება, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ 2017 წლის კანონით საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის საბიუჯეტო ასიგნების მნიშვნელოვნად შემცირებაზე და ამ მიზეზით გამოწვეულ აუცილებლობაზე განხორციელებულიყო ორგანიზაციული ცვლილებები (გაფრთხილების მიხედვით დასაქმებულებს ეცნობათ, რომ სშკ-ის 37-38-ე მუხლებისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის 28.12.2016წ. #1528 ბრძანების შესაბამისად, მუზეუმში დაგეგმილი ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია ცალკეულ პოზიციებზე სახელფასო განაკვეთების ცვლილება და საშტატო ერთეულების შემცირება). გაფრთხილებას მოსარჩელე დასაქმებული გაეცნო 2016 წლის 29 დეკემბერს, რაც დაადასტურა ხელმოწერით;

1.2.4. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის 2017 წლის 1 თებერვლის #67/კ ბრძანებით, 2017 წლის 1 თებერვლიდან შრომითი ურთიერთობა მოიშალა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს.ჯ–ას სახელობის საქართველოს მუზეუმის ისტორიის კოლექციების ექსპერტთან - მოსარჩელესთან. შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

1.2.5. სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული რეორგანიზაცია არ იყო ნაკარნახები ფინანსური სახსრების დაზოგვის საფუძვლით, რამეთუ ორგანიზაცია დამოუკიდებლად უზრუნველყოფდა შემოსავლის მიღების შესაძლებლობას და მისი საქმიანობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე, შესაბამისად სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ რეორგანიზაციის განხორციელების საჭიროების პირობებშიც კი არ დასტურდება, რომ აუცილებლობას წარმოადგენდა საშტატო ერთეულის შემცირება, რასაც ამყარებს ის გარემოებაც, რომ წლის დასაწყისში, გასულ წელთან შედარებით შემცირებული სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების პირობებში, დაწესებულება სახელფასო ფონდის შევსებას უზრუნველყოფდა საკუთარი შემოსავლებიდან, რომელიც წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამასთან, წლის განმავლობაში გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელფასო ფონდში გადმორიცხული თანხები და საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის წილი სახელფასო ფონდში თითქმის გაუტოლდა წინა წლის მაჩვენებელს (2016 წელს იყო 4 811 280 ლარი, ხოლო 2017 წელს 4 733 928 ლარი). ამას დამატებული საკუთარი შემოსავლებიდან სახელფასო ფონდში გადარიცხული თანხები და საბოლოო ჯამში დადასტურებულია ის გარემოება, რომ მთლიანი სახელფასო ფონდის შემცირებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ის გარემოება, რომ ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული საშტატო ერთეულის შემცირების შემდგომ ორგანიზაციამ საკუთარი შემოსავლებით 90 თანამშრომელს გაუფორმა ინდივიდულაური შრომითი ხელშეკრულება, რასაც, დამსაქმებლის მითითებით, ასევე სთავაზობდა მოსარჩელეს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შემცირებით სახელფასო ფონდი არ შემცირებულა. ბიუჯეტიდან დაფინანსების ნაცვლად, 90 თანამშრომელი გადაყვანილი იქნა მუზეუმის დამოუკიდებელი შემოსავლების დაფინანსებაზე. ამდენად, მხოლოდ ახალი და ძველი საშტატო ნუსხის შედარებით, რომლის შესაბამისადაც 93-ით ნაკლები საშტატო ერთეული არის განსაზღვრული, ვერ დადასტურდება, ორგანიზაციის მხრიდან სახელფასო სახსრების შემცირება, რადგანაც თავად მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ რეორგანიზაციის განხორციელების შემდგომ 90 შემცირებული მუშაკი მუზეუმის შემოსავლების დაფინანსებით დაასაქმეს. სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა მოცულობით აისახა ექსპერტის პოზიციის გაუქმების შემდეგ, ექსპერტისათვის გადასახდელი ხელფასის დაზოგვა მუზეუმის ფინანსურ მდგომარეობაზე და ამჟამად რა რესურსი იხარჯება იმავე ფუნქცია-მოვალეობის შესრულებისათვის მოწვეული კომისიის მიერ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა ასევე ის გარემოება, რომ ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა სხვა თანამშრომელთა გათავისუფლებაც, დამსაქმებელმა ვერ დაასახელა ნ.ა–ის გარდა სხვა პირი, რომელთანაც რეორგანიზაციის საფუძველზე შეწყდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, რაც დამატებით ამყარებს დასაქმებულის მტკიცებას, სამუშაო ძალის შემცირების საჭიროების არ არსებობასთან დაკავშირებით;

1.2.6. საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაციის განხორციელების შემდგომ დასაქმებულს შეეთავაზა შრომითი ხელშეკრულების დადების გზით ალტერნატიული სამუშაო ადგილი. ის ფაქტი, რომ გაფრთხილების წერილით თანამშრომლებს განემარტათ, რომ ადმინისტრაცია ეცდება შესაძლებლობის ფარგლებში გამონახოს თანამშრომლობის სხვა ალტერნატიული ფორმები, ალტერნატიულ შეთავაზებას არ წარმოადგენს, ისევე, როგორც ამგვარ ნებად არ მიიჩნევა მოპასუხის 2017 წლის 15 თებერვლის მიწერილობა, რომლის ფარგლებში მუზეუმმა გამოხატა მზაობა, ორგანიზაციული ცვლილებების დასრულების შემდგომ, შრომის ხელშეკრულებების საფუძველზე, განახლებულიყო ინდივიდუალური ხასიათის შრომითი ურთიერთობები და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განხორციელებულიყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემოსავლებიდან. ამავე მიწერილობით მოსარჩელეს განემარტა, რომ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მუზეუმის ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენელმა სიტყვიერად შესთავაზა შრომითი ურთიერთობის განახლების პერსპექტივა მუზეუმის სრული რეორგანიზაციის შემდეგ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. კონკრეტული შეთავაზება, რაზეც მოსარჩელემ განაცხადა უარი, საქმეში არ მოიპოვება;

1.2.7. არსებულ ვითარებაში არ დგინდება დისკრიმინაციული საფუძვლით (მის მიერ მწვავე განცხადებების გაკეთების გამო) მოსარჩელის გათავისუფლება, რამეთუ თავად მოსარჩელის მითითების შესაბამისად, იგი 2011 წლიდან ახორციელებდა მწვავე კრიტიკას მუზეუმის საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად 2017 წელს რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად მისი საშტატო ერთეულის შემცირება ვერ განიხილება მის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებად;

1.2.8. ორგანიზაციის მოქმედი საშტატო ნუსხით გაუქმებულია ექსპერტის პოზიცია, რომელიც ნ.ა–ს ეკავა, გარდა ამისა, არ იკვეთება ტოლფასი თანამდებობის არსებობა და მასზე დასაქმებულის აღდგენის წინაპირობები.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და განმარტავს, რომ ვინაიდან რეორგანიზაციის მოტივით პირის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება წარმოადგენს სარჩელის საფუძველს, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408.1 მუხლები და შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის წარმოადგენს. ამ ნორმათა ფარგლებში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ცვლილებები, რამაც რეორგანიზაცია განაპირობა, შტატების შემცირებას არ იწვევდა, შესაბამისად, სავსებით კანონიერად ცნო ბათილად შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის ცალმხრივი ნება. მეორე კასატორი საკასაციო საჩივარში გამოთქმული შედავებებით ვერ აბათილებს სააპელაციო პალატის შეფასებებსა და დასკვნებს. გარდა ამისა, პირველი კასატორის პრეტენზიათა ფარლებში ვერ დასტურდება განსხვავებული მოპყრობის საფუძვლით დამსაქმებლის მხრიდან ცალმხრივი ნების გამოვლენა. ამ მხრივ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია დისკრიმინაციული მიდგომის წინაპირობების მითითების ტვირთი, შესაბამისად, მოპასუხის სტადიის შემოწმება სამართლებრივად გაუმართლებელია, გარდა ამისა, დადგენილია და პირველი კასატორი ვერ აბათილებს მის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის/მისი ტოლფასი თანამდებობის არსებობის თაობაზე სააპელაციო პალატის შეფასებებსა და დასკვნებს, რის გამოც, გასაჩირებული გადაწყვეტილების დასკვნა კომპენსაციის მიკუთვნების შესახებ საფუძვლიანია. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ დასაქმებულის ასაკის, ბაზარზე დასაქმების შანსისა და მისი სოციალური საჭიროებების გათვალისწინებით ხელფასის 36-მაგი ოდენობით კომპენსაციის განსაზღვრა სრულად შეესაბამება შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული კომპენსაციის მიზნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო კასატორები ვერ ამტკიცებენ მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ურთიერთობის მოშლის კანონიერების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია, რაც შეეხება საქმეში უკვე არსებულ დოკუმენტებს, მათი განმეორებით წარდგენა არ ემსახურება კანონის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა საკასაციო სასამართლოს წარუდგინეს დოკუმენტები, თუმცა, მათი საქმისათვის დართვა, ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, გაუმართელებელია. ამ გარემოების გათვალისწინებით კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა უარს აცხადებს მტკიცებულებათა მიღებაზე და უბრუნებს ამ დოკუმენტებს მხარეებს.

3. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, კერძოდ, ნ.ა–ს _ ა.ა–ის მიერ 24.02.2020წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი, ხოლო, სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს _ მის მიერ 24.02.2020წ. #02081 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 080 ლარის 70% _ 756 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. ნ.ა–ს (პ#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ა.ა–ის მიერ 24.02.2020წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

4. სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს (ს/კ #204468..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 24.02.2020წ. #02081 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 080 ლარის 70% _ 756 ლარი.

5. ნ.ა–ს ასევე დაუბრუნდეს საკასაციო საჩვარზე დართული მტკიცებულებები 2 (ორი) ფურცლად, 10.03.2020 წლის განცხადებაზე დართული 2 (ორი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ.91-92; 97-98), ხოლო, სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს _ საკასაციო პასუხზე დართული მტკიცებულებები 7 (შვიდი) ფურცლად.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი