საქმე №ას-285-2019 26 თებერვალი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი, შპს „T. E.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – საწარმოს დირექტორის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ს.გ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.მ–ისა და შპს „T.E-ს“ (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა მეორე მოპასუხის _ კომპანიის დირექტორად დ.გ–ძის დანიშვნა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2002 წლის 5 ივნისს მოსარჩელემ და პირველმა მოპასუხემ დააარსეს შპს „T.E“, რომელშიც დამფუძნებელ პარტნიორთა წილი განისაზღვრა 50-50%-ით. პარტნიორთა გადაწყვეტილებით, საზოგადოების დირექტორად (საზოგადოების დაფუძნების მომენტიდან), დაინიშნა 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი - პირველი მოპასუხე. მოსარჩელე კი, ამავე კომპანიაში დაინიშნა საზოგადოების გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე. მ.მ–ის, როგორც საზოგადოების დირექტორისა და ს.გ–ძის, როგორც საზოგადოების გენერალური მენეჯერის ხელფასი განისაზღვრა ყოველთვიურად 6 500 ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით. 2012 წლიდან პარტნიორთა შორის წარმოიშვა უთანხმოება, რაც დაკავშირებული იყო 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისა და საზოგადოების დირექტორის - მ.მ–ის მხრიდან საზოგადოების ინტერესების საზიანოდ და პირადი სარგებლის მიღების მოტივით, საზოგადოების მართვისას დაშვებულ უხეშ დარღვევებთან. მათ შორის: არამართლზომიერ/მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან, საზოგადოებისათვის მატერიალური ზიანის მომტან ფინანსურ დარღვევებთან, პარტნიორთა მიერ გადასაწყვეტ საკითხებზე დირექტორის მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებასთან, 50%-იანი წილის მფლობელი დამფუძნებელი პარტნიორისათვის (ს.გ–ათვის) საზოგადოების დოკუმენტებზე წვდომის აკრძალვასთან და ასევე, საზოგადოების მართვიდან მოსარჩელის ჩამოშოროების მიზნით, დირექტორის მხრიდან მიზანმიმართულად განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან, რაც დადასტურდა სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებითა და აუდიტორული შემოწმებით. 2012 წლის 28 დეკემბერს კომპანიის დირექტორის #96 ბრძანებით, მოსარჩელე მასზე დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად შესრულებისა და სამსახურში სისტემატურად გამოუცხადებლობის მოტივით, გათავისუფლდა კომპანიის გენერალური მენეჯერის თანამდებობიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.10.2014 წლის გადაწყვეტილებით, იგი აღდგენილ იქნა თანამდებობაზე. კომპანიას კი, მის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 123 500 ლარის ოდენობით. მასვე, დაევალა ს.გ–ძის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის საკითხი მხარდაჭერილი არ იქნა 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის _ მოპასუხის მიერ, მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის თავისი (საზოგადოების 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის) დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემებრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს.გ–ძის სარჩელი, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა (გაწვეულ იქნა) მ.მ–ი, ხოლო ს.გ–ძეს დირექტორად დანიშვნაზე უარი ეთქვა, გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყონებლივ აღსარსულებლად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება მხარეების მიერ გასაჩივრებულია სააპელაციო წესით. ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე ს.გ–ძემ მიმართა საჯარო რეესტრს, რომლის მიერაც მ.მ–ი ამოიშალა საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორის ჩანაწერიდან, ხოლო, ვინაიდან საწარმო დარჩა დირექტორის გარეშე, დადგინდა ხარვეზი საზოგადოების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. შექმნილი მდგომარეობის გამო, მოსარჩელემ მიმართა 50%-იანი წილის მფლობელ პარტნიორ მ.მ–ს და ითხოვა კრების მოწვევა. კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 28 დეკემბერს დღის წესრიგით: კომპანიის დროებითი დირექტორის დანიშვნა სასამართლო დავის დასრულებამდე. მ.მ–მა შესთავაზა ერთპიროვნული დირექტორის დანიშვნა, კერძოდ, კანდიდატურად დაასახელა რ.მ–ი. თავად ს.გ–ძემ შესთავაზა ორი დირექტორის თანამდებობის შემოღება, დაასახელა თავისი კანდიდატურაც დ.გ–ძის სახით. მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. დავის დასრულებამდე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში, კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ დირექტორად დანიშნულია მისი კანდიდატურა დ.გ–ძის სახით, რომელიც დღეისათვის ახორციელებს დირექტორის მოვალეობას.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს.გ–ძე 2012 წელს მართლაც იქნა გათავისუფლებული გამოგონილი (ფიქტიური) თანამდებობიდან, სადაც სასამართლო გადაწყვეტილებით ისევ იქნა აღდგენილი. შემდგომ მოსარჩელემ დაიწყო სასამართლო დავა, სადაც ითხოვდა დირექტორის გათავისუფლებას და მის დანიშვნას დირექტორად. 2018 წლის 29 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და დირექტორის თანამდებობაზე აღდგა მ.მ–ი. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, შესაბამისად, აღარ არსებობს ის საფუძვლები, რაც მოსარჩელის მიერ მითითებულია აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაში. 2017 წლის 28 დეკემბერს გამართულ პარტნიორთა კრებაზე საკითხების განხილვა მოხდა შემდეგი თანმიმდევრობით: 1) მ.მ–ის მიერ დაყენებული საკითხი _ კომპანიის დროებით დირექტორად რ.მ–ის დანიშვნა და 2) ს.გ–ძის მიერ დაყენებული საკითხი - კომპანიის დროებით დირექტორებად დ.გ–ძისა და კიდევ სხვა პირის დანიშვნა, თუმცა მეორე კანდიდატურა არც კი დასახელებულა. პირველი საკითხის დაკმაყოფილებაზე ს.გ–ძემ კატეგორიული უარი განაცხადა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ამის შემდეგ კრება გადავიდა მეორე საკითხის განხილვაზე და საკითხის ავტორმა - ს.გ–ძემ კრებას შესთავაზა მისივე ძმის - დ.გ–ძის დანიშვნა, ამასთანავე მან არ განმარტა წამოყენებული კანდიდატის უნარები ან გამოცდილება, ხოლო მეორე კანდიდატად მან შესთავაზა ნებისმიერი პირის დანიშვნა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ მოსარჩელეს არ აღელვებდა კომპანიის ბედი და მისთვის სულ ერთი იყო ვინ მართავდა მას. რა თქმა უნდა, კრება არ დაეთანხმა ამგვარი სახით დაყენებულ საკითხს და იგი უარყოფითად გადაწყდა. ვინაიდან გაუქმებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ და მ.მ–ი ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე, შესაბამისად, აღარ არსებობს ის საფუძვლები, რის გამოც მოწვეულ იქნა 2017 წლის 28 დეკემბრის პარტნიორთა კრება და ასევე აღარ არსებობს არცერთი ის გარემოება, რაც სარჩელს დაედო საფუძვლად, მაშასადამე, აღარ არსებობს დავის საგანიც, რაც სარჩელზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. გარდა ამისა, მოპასუხემ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ კომპანიის დირექტორის დანიშვნა სცდება სასამართლოს კომპეტენციას, რადგანაც ეს საკითხი საერთო კრების გადასაწყვეტია;
2.2. კომპანიას სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია. მისი წარმომადგენელი (სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში, დავის დასრულებამდე, კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ დირექტორად დანიშნული დ.გ–ძის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე) ჯ.ვ–ძე დაეთანხმა მოთხოვნას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. კომპანიის დამფუძნებლები არიან მოსარჩელე და პირველი მოპასუხე. თითოეული მათგანი ფლობს წილების 50%-ს, დირექტორი დაფუძნების დღიდან არის პირველი მოპასუხე;
1.2.2. მიმდინარე დავის გარდა, მხარეთა შორის არსებობდა არაერთი სამოქალაქო დავა. ერთ-ერთი სამოქალაქო დავა ს.გ–ძემ დაიწყო კომპანიის დირექტორ მ.მ–ის წინააღმდეგ დირექტორის თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისა და ახალ დირექტორად თავად ს.გ–ძის დანიშვნის მოთხოვნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს.გ–ძის სარჩელი, მ.მ–ი გათავისუფლდა კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან, ხოლო ს.გ–ძეს უარი ეთქვა ამავე საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე. დირექტორის განთავისუფლების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
1.2.3. გადაწყვეტილება ს.გ–ძის დანიშვნაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრდა სააპელაციო ინსტანციაში. დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ გაცემული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და სააღსრულებო ფურცელი წარედგინა საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს. სამეწარმეო რეესტრის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება #17136820/3, რომლითაც მ.მ–ი ამოიშალა კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორის თანამდებობიდან. იმავდროულად დადგენილი იქნა ხარვეზი საზოგადოების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, დირექტორის გათავისუფლების გამო მიჩნეულ იქნა, რომ საზოგადოების რეგისტრაციის მონაცემები არ შეესაბამებოდა მეწარმე სუბიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ჩაითვალა, რომ საზოგადოება არასწორად იყო რეგისტრირებული და მიეცა 30 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად, ანუ უფლებამოსილი ორგანოს (პარტნიორთა კრების ოქმი) გადაწყვეტილების წარდგენისათვის - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორის) დანიშვნაზე. სამეწარმეო რეესტრის გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემდა მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაცის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ს.გ–ძემ წერილობით მიმართა საზოგადოების 50%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორ მ.მ–ს და ითხოვა პარტნიორთა კრების მოწვევა. 19 დეკემბრის წერილობითი შეტყობინებით მ.მ–მა მოიწვია პარტნიორთა კრება 28 დეკემბერს, 11:00 სთ-ზე შემდეგი დღის წესრიგით:
- კომპანიის დროებითი დირექტორის დანიშვნა ბათუმის სასამართლოს დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებამდე და სასამართლო დავის დასრულებამდე;
1.2.4. 2017 წლის 28 დეკემბერს ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე, რომელიც სანოტარო ფორმით დადასტურდა, გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული საზოგადოების დირექტორის თანამდებობის დაკავების შესახებ პარტნიორთა ხმების გაყოფის გამო;
1.2.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ს.გ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინების თანახმად კი, ს.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. ამდენად, კომპანიას ჰყავს დირექტორი, წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი - მ.მ–ი. სწორედ საწარმოში დირექტორის არარსებობა და საზოგადოების ლიკვიდაციის საფრთხის თავიდან აცილება დაედო საფუძვლად 2018 წლის 15 იანვარს ს.გ–ძის მიერ აღძრულ წინამდებარე სარჩელს, რომლითაც მან საწარმოს დირექტორის დანიშვნა მოითხოვა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა კომპანიისა და მ.მ–ის კერძო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, ამასთან, კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გადაწყვეტილება მ.მ–ის დირექტორობიდან გათავისუფლებაზე ს.გ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით სასამართლოში მხარის მიმართვის უფლება ყოველთვის მატერიალური სამართლიდან გამომდინარეობს და იგი სამართლის კონკრეტულ ნორმას უნდა ემყარებოდეს, განსხვავებით ზოგად სამოქალაქო უფლების დარღვაზე მსჯელობისა, სამეწარმეო დავის განხილვისას ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სასამართლოს კომპეტენცია, შეაფასოს სამეწარმეო გადაწყვეტილების კანონიერება და თავად საწარმოს ავტონომიური უფლებები. განსახილველ სასარჩელო მითხოვნას კომპანიის დირექტორის სასამართლოს მიერ დანიშვნა წარმოადგენს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებულ მოთხოვნას არ გააჩნია მატერიალური საფუძველი, რამდენადაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ხსენებული საკითხი არა სასამართლოს, არამედ _ კომპანიის პარტნიორთა საერთო კრების მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა და იგი ავტონომიურობით ხასიათდება. ამასთანავე, უდავოა, რომ ამავე კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტით კომპანიის დაფუძნებისას პარტნიორებმა საკუთარი წილი 50-50%-ით განსაზღვრეს, შესაბამისად, თავადვე გახდნენ გადაწყვეტილების მიღებაუნარიანობის რისკების მატარებელი და მოგვიანებით წარმოშობილი უთანხმოების გამო, საწარმოს ნაცვლად ავტონომიური გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით ისინი სასამართლოს ვეღარ მომართავენ (წილთა თანაბარი ოდენობით განსაზღვრისას ავტონომიური გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ მიღების დაუშვებლობის საკითხზე, მრავალთა შორის იხ. სუსგ №ას-1141-2018, 30 ნოემბერი, 2018 წელი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, კასატორი ვერ ამტკიცებს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პარტნიორთა საერთო კრების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 11.03.2019წ. #552 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ს.გ–ძეს (პ/#....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 11.03.2019წ. #552 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი