Facebook Twitter

საქმე №ას-426-2019 2 დეკემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ი.მ–სი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.თ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „გ.თ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მყიდველი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი.მ–სის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, გამყიდველი ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 88 522 ლარის, ასევე, ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 537.22 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 24 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხისაგან შეისყიდა ავტობუსი, რომელსაც, გადაცემის დღიდან აღმოაჩნდა არაერთი ტექნიკური წუნი და შეუძლებელი აღმოჩნდა ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენება. საგარანტიო პირობების შესაბამისად, ნაკლის გამოსწორება მოითხოვდა დიდ დროს და მოსარჩელე ამ პერიოდში მოკლებული იყო ნივთის გამოყენების შესაძლებლობას, მას უწევდა სხვა სატრანსპორტო საშუალების დაქირავება, რომელიც ზრდიდა ხარჯებს და აყენებდა შემსყიდველს ზიანს. საბოლოოდ მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა ნივთობრივი ნაკლის მქონე საგნის შეცვლის მოთხოვნით და 2016 წლის 13 იანვრის წერილით განუსაზღვრა ვადა 45 დღით, რაც მოპასუხემ არ შეასრულა. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე გავიდა ხელშეკრულებიდან, რის შესახებაც მოპასუხეს 2016 წლის 6 მარტის წერილით აცნობა და მოსთხოვა გადახდილი საზღაურის _ 88 522 ლარის დაბრუნება, ასევე, სხვა სატრანსპორტო საშუალების დაქირავების გამო გაწეული დამატებითი ხარჯის _ 10 537,22 ლარის ანაზღაურება. მიუხედავად ამისა, მოპასუხე არ ასრულებს ვალდებულებას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია, ხელშეკრულება შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას, შესაბამისად, არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 88 522 ლარისა და 4 000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2015 წლის 24 აპრილს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #13-240415-01 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მგზავრთა გადაყვანისათვის გათვალისწინებული საქალაქო/საქალაქთაშორისო ПАЗ-4234 ტიპის ავტობუსი. ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 88 522 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ავტობუსის სპეციფიკაციებს წარმოადგენდა მგზავრების ადგილების რაოდენობა 30+1 (მძღოლი), ძრავის მუშა მოცულობა 4.75, დიზელის, ცხენის ძალა 130, გადაცემათა კოლოფი მექანიკური ხუთსაფეხურიანი, კონდიციონერი 15 კილოვატიანი, ავტობუსი უნდა ყოფილიყო ახალი და უნდა დაეკმაყოფილებინა ტექნიკური პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები. ხელშეკრულების 2.4 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგანი მყიდველს უნდა გადასცემოდა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში, ნასყიდობის საგნის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებით გათვალისიწინებულ ვადში. 4.1 მუხლით გამყიდველი იღებდა ნასყიდობის საგნის ხარისხთან და შესაბამისობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. 6.1 მუხლით იძლეოდა გარანტიას, რომ მის მიერ მიწოდებულ საქონელს არ გააჩნდა ან საგარანტიო პეროდში არ აღმოაჩნდებოდა ნაკლი. ხელშეკრულების 6.1.1 მუხლით, საგარანტიო პერიოდში ყოველი გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრებოდა მოპასუხეს. უფასო საგარანტიო მომსახურება ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ იქნებოდა დაზიანებული შემსყიდველის დაუდევრობით ან ფიზიკური ზემოქმედებით. ამავე ხელშეკრულების 6.1.2 მუხლით, ნაკლის არსებობის შემთხვევაში შეტყობინებიდან 2 სამუშაო დღეში გამყიდველი მოახდენდა რეაგირებას. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის დაზიანებული ნაწილი იყო ადგილზე, გამყიდველი მას შეაკეთებდა/დააბრუნებდა რეაგირებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საქონლის დაზიანებული ნაწილი ექვემდებარებოდა შეკეთებას, მოპასუხე შეაკეთებდა/დააბრუნებდა რეაგირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად, ნაკლიანი საქონლის მიწოდების შემთხვევაში, მყიდველის ან მესამე მხარისათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურება ეკისრებოდა გამყიდველს. 6.4 მუხლის თანახმად, მხარეს შეეძლო მოეთხოვა მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 6.5 მუხლით საქონლის მიწოდების დაყოვნების შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებული იყო, გადაეხადა მყიდველისათვის პირგასამტეხლო. 9.3.2 მუხლით მყიდველი უფლებამოსილი იყო, შეემოწმებინა საქონელი მის მიღებამდე და უხარისხობის შემთხევაში, უარი ეთქვა მიღებაზე. 9.4 მუხლით ყოველ გამოვლენილ აღმოფხვრასთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრებოდა გამყიდველს. 12.2 მუხლით ნებისმიერ მხარეს შეეძლო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე მთლიანად ან ნაწილობრივ დაარღვევდა ხელშეკრულების პირობებს და არ/ვერ აღმოფხვრიდა აღნიშნულ დარღვევას იმ ვადაში, რა ვადაც მითითებული იყო მეორე მხარის მიერ დარღვევის აღმოფხვრის შესახებ გაგზავნილ წერილობით მოთხოვნაში. ამავე ხელშეკრულების 12.3 მუხლით მყიდველი უფლებამოსილი იყო, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე. ხელშეკრულება შეწყვეტდა მოქმედებას მყიდველის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ხელშეკრულების #4 დანართის თანახმად, საგარანტიო პირობები ვრცელდებოდა ქარხნული გარანტიით ძრავზე, ხიდზე, გადაცემათა კოლოფზე, ელექტროობასა და კონდიციონერზე სწორი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში მიღება-ჩაბარებიდან 2 წლის ან 100 000 კმ-ის განმავლობაში (რომელიც ადრე შესრულდებოდა);

1.2.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში ავტობუსის გადაცემის ვალდებულება და 2015 წლის 30 ივნისს მიაწოდა მყიდველს ნასყიდობის საგანი. ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 1 947.48 ლარი, რაც გაიქვითა მოსარჩელის მიერ გადასახდელი თანხიდან, რის გამოც მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნასყიდობის ფასის გადახდასთან დაკავშირებით სრულად შესრულდა (30.06.2015 წელს მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მათ დაადასტურეს 88 522 ლარის გადახდის სანაცვლოდ ნასყიდობის საგნის - საქალაქთაშორისო ავტობუსის ПАЗ-4.. მიწოდების ფაქტი);

1.2.3. ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის მიწოდება განხორცილედა მწარმოებელი ქარხნიდან ავტობუსის თვითსვლით საქართველოში ჩამოყვანით;

1.2.4. მოსარჩელისათვის გადაცემიდან და ექსპლუატაციის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ავტობუსს აღმოაჩნდა სხვადასხვა ტექნიკური წუნი, გაუმართაობა ვლინდებოდა სისტემატურად, დაახლოებით, კვირაში 2-ჯერ, რის შესახებაც ეცნობებოდა მოპასუხეს, რომელიც რიგი დეფექტების აღმოფხვრას ახდენდა იმავე დღეს ან მოკლე ვადაში საგარანტიო პირობების შესაბამისად, ხოლო, რაც შეეხება ძრავის შეცვლას და შეცვლის შემდეგ ძრავის შეკეთებას, აღნიშნულისათვის დასჭირდა ხანგრძლივი ვადა. ამ პერიოდში მოსარჩელე ვერ სარგებლობდა ნასყიდობის საგნით. ძრავის შეკეთებისათვის განკუთვნილ პერიოდში მოპასუხე მცირე ტევადობის სხვა ავტობუსით უზრუნველყოფდა მოსარჩელის თანამშრომლების ნაწილის ტრანსპორტირებას, ხოლო დანარჩენ თანამშრომელთა ტრანსპორტირებისათვის მოსარჩელემ რიგ შემთხევაში გამოიყენა საკუთარი მსუბუქი ავტომობილები, ხოლო ერთხელ იქირავა სხვა სატრანსპორო საშუალება, რაშიც გადაიხდა 4 000 ლარი;

1.2.5. 2016 წლის 13 იანვარს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს და განუსაზღვრა 45-დღიანი ვადა ნივთობრივი ნაკლის მქონე ავტობუსის სხვა ავტობუსით შესაცვლელად, რაც მოპასუხის მხრიდან დარჩა რეაგირების გარეშე. ანალოგიური შინაარსის წერილები ჩაბარდა მოპასუხეს 2016 წლის 25 თებერვალს;

1.2.6. 2016 წლის 29 თებერვალს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს (რომელიც მას 2016 წლის 1 მარტს ჩაბარდა) და აცნობა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, ასევე, 2016 წლის 6 მარტის ჩათვლით განუსაზღვრა ვადა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით ნასყიდობის საგნის ღირებულების _ 88 522 ლარის დასაბრუნებლად და ზიანის _ 10 537.22 ლარის ასანაზღაურებლად. შეტყობინება მოპასუხემ რეაგირების გარეშე დატოვა;

1.2.7. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ მიწოდებული პაზის მარკის ავტობუსი (მოდელი 4..., ძრავი დიზელის, სარეგისტრაციო ნომრით QG06..., გამოშვებული 2015 წელს, რეგისტრირებული 30.06.2015 წელს);

1.2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 8 აგვისტოს #5004493117 დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტობუსის ПАЗ-4.. სახ. #QG-...., ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით მოხდა ავტომობილის დინამიკაში შემოწმება მძღოლით და 22 მგზავრით გარდაბანი-თბილისი და თბილისი-გარდაბანის მიმართულებით მოძრაობის პირობებში, რა დროსაც დაგეგმილ მარშრუტზე ავტობუსის დატვირთვა შეადგენდა 46%-ს. გარდაბანი თბილისის მიმართულებით მოძრაობისას სოფ. ..... მიმდებარე საავტომობილო გზაზე, აღმართის დაძლევის მომენტში, რა დროსაც, ავტობუსი მოძრაობდა დაახლოებით 40 კმ/სთ-ით და სიჩქარეთა გადამრთველი კოლოფის ბერკეტი იმყოფებოდა მე-3 საფეხურზე, ძრავის გაგრილების სისტემის ტემპერატურის მაჩვენებელმა აჩვენა დაახლოებით 1000 ცელსიუსი, ხოლო ლილოს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე (კახეთის გზატკეცილი), საგზაო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, შეფერხებულ მოძრაობაში 30-40 კმ/სთ-ით რა დროსაც სიჩქარეთა გადამრთველი კოლოფის ბერკეტის მონაცვლეობით იმყოფებოდა მე-2 ან მე-3 საფეხურებზე, ძრავის გაგრილების სისტემის ტემპერატურის მაჩვენებელმა აჩვენა, დაახლოებით, 1 200 ცელსიუსი, რაც თავისთავად მიუთითებს, რომ ძრავის გაგრილების სისტემა ვერ უზრუნველყოფს სითხის სათანადოდ გაგრილებას დაბალი სიჩქარით მოძრაობის პირობებში, რა დროსაც აღნიშნულ სისტემას ვერ ეხმარება ჰაერით გაგრილების დაბალი ნაკადი. ექსპერიმენტის დროს განვლილმა მანძილმა 90,3 კმ. შეადგინა. რაც შეხება ავტომობილზე არსებულ გაუმართაობებს, მათი წარმოშობა არ უკავშირდება არასათანადო ექსპლუატაციის შედეგებს. დასკვნის მიხედვით, ავტომობილის ექსპლუატაცია დანიშნულებისამებრ _ თბილისიდან გარდაბანში და გარდაბნიდან თბილისში მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის, მასზე არსებული გაუმართაობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის მათი აღმოფხვრის მომენტამდე. გაუმართაობების ხარისხიანად შეკეთება გარანტია იქნება ავტობუსის ექსპლუატაციის ყოველგვარი დეფექტის გარეშე.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და ყურადღებას დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე გაამახვილებს: მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ასევე, ნასყიდობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაა, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 491-ე (1), 352-ე (1), 405-ე (1), 494-ე (1) და 408-ე (1) მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებში უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ დაადასტურა ნივთობრივი ნაკლის მქონე ქონების გადაცემის ფაქტი (სკ-ის 487-ე და 488-ე მუხლები). ამ ფაქტის გაქარწყლება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო. გარდა ამისა, მყიდველმა დაამტკიცა, რომ მან არაერთხელ მოითხოვა ნაკლის გამოსწორება და არაერთხელ განისაზღვრა მოვალეს დამატებით ვადა, თუმცა, საბოლოოდ ნაკლის გამოსწორება შეუძლებელი აღმოჩნდა. ხელშეკრულების მიმართ მყიდველის ინტერესის, ხელშეკრულების საგნის სპეციფიკისა და სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით, მოსარჩელე ცალმხრივად გავიდა ხელშეკრულებიდან და საკუთარი მიღებასავალდებულო ნება აცნობა მოპასუხეს, უდავოა, რომ ამ უკანასკნელს ნება მიუვიდა (სკ-ის 51.1 მუხლი), შესაბამისად, ის ვალდებულია გამყიდველს დაუბრუნოს ნასყიდობის ფასი. რაც შეეხება ზიანს, უდავოა, რომ ნივთის ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის განმავლობაში მყიდველს დამატებითი ხარჯის გაწევა მოუხდა, რაც თავისთავად ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ქონებრივი დანაკლისია და ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება. ამ გარემოებათა გათვალისწინებით პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც მოვალემ ვერ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. პროცესის ხარჯები:

2.1. საკასაციო პალატის 11.04.2019წ. განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახამდ (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა მიიჩნევს, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული თანხის 30%-ის _ 1 387,83 ლარის გადახდა;

2.2. გარდა ამისა, წინამდებარე განჩინებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობას პროცესის გარეშე ხარჯის კასატორისათვის დაკისრების თაობაზე და თვლის, რომ საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო სამართალწარმოებისათვის იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი თანხის _ 4 000 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი.მ–სის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ი.მ–სს“ (ს/კ #......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 11.04.2019წ. განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის _ 1 387,83 ლარის გადახდა.

3. შპს „გ.თ–ის“ შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზრაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს:

3.1. შპს „ი.მ–სს“ (ს/კ #.....) შპს „გ.თ–ის“ (ს/კ #......) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სამართალწარმოებისათვის იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი თანხის _ 4 000 ლარის ანაზღაურება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი