Facebook Twitter

საქმე #ას-209-2019 19 აპრილი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ., მ., გ. და თ. მ–ების განცხადება საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით თ., მ., გ. და თ. მ–ების სარჩელი თ. მ–ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუს ლ.ღ–ის მიერ 2011 წლის 19 დეკემბერს, ც. და თ. მ–ებზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, მ. მ–ის დანაშთი ქონების 1/5 ნაწილზე, თ. მ–ის სასარგებლოდ, ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის ჩანაწერში და თ. მ–ის საკუთრებად აღირიცხა ქ.ახმეტაში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 1/5 ნაწილი (ს/კ: #...... და #.....). ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს: მ. მ–ს, გ. მ–სა და თ. მ–ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მ. მ–ის, თ. მ–ის, გ. მ–ისა და თ. მ–ის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის გამო, შესაბამისად, თ. მ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და თ. მ–ის, მ. მ–ის, გ. მ–ისა და თ. მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით კი, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს მათი გაუქმება.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე საკასაციო პალატას განცხადებით მომართა თ. მ–მა და განმარტა, რომ მისი მამიდა, მოპასუხე თ. მ–ი გარდაიცვალა, ხოლო სამკვიდრო მიიღო განმცხადებლის ბებიამ, ც. მ–მა, რომელთანაც მხარეებს სადავო არაფერი აქვთ, შესაბამისად, მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. განცხადებაზე დართული სამკვიდრო მოწმობის შესწავლით ირკვევა, რომ გარდაცვლილი თ. მ–ის სამკვიდრო ქონება სრულად მიიღო მისი პირველი რიგის მემკვიდრემ, დედამ _ ც. მ–მა. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტის შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოს მოხელესთან გასაუბრების შედეგად თ. მ–მა დააზუსტა მოთხოვნა, მისი განმარტებით, აღარ არსებობს დავის საგანი, რის გამოც უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე და მისთვის ცნობილია ხსენებული საპროცესო მოქმედების შედეგები. მოგვიანებით სასამართლოს ერთობლივი განმცხადებით მომართეს კასატორებმა და მხარი დაუჭირეს განსახილველ მოთხოვნას.

საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი შინაარსობრივად საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობას წარმოადგენს, რომელიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ხსენებული დათქმა წარმოადგენს დისპოზიციურობის საპროცესო პრინციპის გამოხატულებას და მხარეებს აღჭურავს უფლებით, თავად განსაზღვრონ მათ მიერ ან მათ წინააღმდეგ წარდგენილი მოთხოვნის ბედი. დისპოზიციურობის პრინციპი, როგორც საპროცესო სამართლის ქვაკუთხედი, საქმის წარმოების -ყველა ეტაპზე გამოიყენება და მისი ფარგლები არ არის შეზღუდული, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლი განამტკიცებს არა მარტო სარჩელზე, არამედ _ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის შესაძლებლობას (სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 378-ე მუხლის გამოყენება დასაშვებია საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაშიც, რამდენადაც საკასაციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი საპროცესო ნორმები ამ ურთიერთობას სხვაგვარად არ აწესრიგებენ). ხსენებული ნორმის თანახმად, სააპელაციო (საკასაციო) საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო (საკასაციო) სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო (საკასაციო) საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო (საკასაციო) წესით.

ხსენებული ნორმიდან, ასევე, საქმეში წარმოდგენილი კასატორთა განცხადებების შინაარსიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება თ., გ., მ. და თ. მ–ების საკასაციო საჩივარზე, ხოლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება უნდა დარჩეს ძალაში, რომელსაც მხარეები საკასაციო წესით ვეღარ გაასაჩივრებენ.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმა არ არსებობს, საპროცესო ანალოგიის პრინციპით (სსსკ-ის მე-7 მუხლი), პალატა მიიჩნევს, რომ გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები, რომელთა თანახმადაც, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ვინაიდან საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე კასატორებმა უარი განაცხადეს მათ მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-7, 49-ე, 284-ე, 285-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ., მ., გ. და თ. მ–ების შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება თ., მ., გ. და თ. მ–ების საკასაციო საჩივარზე.

3. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინება.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და/ან განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრება დაუშვებელია.

5. თ. მ–ს (პ/#......), მ. მ–ს (პ/#......), გ. მ–სა (პ/#.....) და თ. მ–ს (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ 05.07.2019წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით უ.ქ–ას მიერ თ. მ–ის სახელით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი