საქმე №ას-384-2021 23 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ც–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინება
დავის საგანი – სამსახურიდან გადაყვანის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ.ც–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიმართ სამსახურიდან გადაყვანის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით მ.ც–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2018 წლის 18 ივლისის №1545/კ ბრძანება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის – მ.ც–ძის ბორჯომის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე გადფაყვანის შესახებ. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თოაბზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტომ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოეკემბრის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტომ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2020 წლის 3 ნოემბერს მ.ც–ძემ განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების განმარტება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მ.ც–ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ც–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინებით მ.ც–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინება გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება განიმარტა იმდაგვარად, რომ მ.ც–ძე აღდგენილ იქნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტომ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასაამრთლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია სასამართლოს მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, (შდრ: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005 წ. გვ.533), ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. (შდრ: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005 წ. გვ. 536; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2007 წ, გვ.740).
საკასაციო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებულ განჩინებას, რომელიც საბოლოოა და მისი კერძო ან საკასაციო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიაჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 414-ე, 284-ემუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (ს/კ №20457....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 19 მარტს №03163 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 300 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი