Facebook Twitter

საქმე №ას-364-2021 21 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ს–ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს თ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე თ.ს–ის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე თ.ს–ს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2017 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 6319,51 ლარის (ძირითადი თანხა 5780,27 ლარი, სარგებელი - 453,84 ლარი, პირგასამტეხლო - 75,14 ლარი, დაზღვევა 10,26 ლარი), მიუღებელი შემოსავლის სახით - 2019 ივლისიდან 2021 წლის 25 იანვრამდე სესხის ძირ თანხაზე - 5780,27 ლარზე, წლიური 15,5%-ის, ხოლო 2021 წლის 25 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე სესხის ძირ თანხაზე 5 780,27 ლარზე, წლიური 6%-ის გადახდა და 2019 წლის 30 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირ თანხაზე 0,05%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის გადახდა; 2017 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 2763,53 ლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით 2019 წლის 30 ივლისიდან 2021 წლის 01 სექტემბრამდე სესხის ძირითადი თანხის 2427,73 ლარის წლიური 25,5%-ის ხოლო 2021 წლის 01 სექტემბრიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე სესხის ძირითადი თანხის - 2427,73 ლარის წლიური 6%-ის გადახდის ასევე პირგასამტეხლოს - 2019 წლის 30 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითადი თანხის 0,05%-ის გადახდა (არაუმეტეს 500 ლარის); ძირითადი თანხის - 3886,17 ლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით, 2019 წლის 30 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე - 2831,10 ლარის წლიური 33%-ის, ასევე პირგასამტეხლოს - 2019 წლის 30 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითადი თანხის 0,05%-ის გადახდა (არაუმეტეს 500 ლარის).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ს–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით თ.ს–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ს–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 345 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2021 წლის 27 აპრილს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ს–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განჩინების ასლი კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2021 წლის 27 აპრილს (ს.ფ.87). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 28 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 13 მაისს, ვინაიდან 2-12 მაისი იყო დასვენების დღეები. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს და ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. თ.ს–ს (პ/ნ №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 30 მარტს №10664948072 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი